აფხაზეთში უცხოური აგენტების კანონის შესახებ | ომის ვეტერანი ასლან კობახია

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინტერვიუ ასლან კობახიასთან

აფხაზ ჟურნალისტთან ინალ ხაშიგთან ინტერვიუში, აფხაზი ომი ვეტერანი ასლან კობახია აფხაზეთისა და რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორობასა და უცხო ქვეყნის აგენტების კანონზე საუბრობს.

კობახიას აზრით, რუსეთის კანონმდებლობის ბრმად გადმოტანა აფხაზეთში შეუძლებელია. განსაკუთრებულად ეს შეეხება უცხო ქვეყნის აგენტების კანონს, რომელიც მას აფხაზეთისთვის შეუფერებლად მიაჩნია.

სრული ინტერვიუ წერილობითი ფორმით:

ინალ ხაშიგი:  გამარჯობა, ეთერშია“ ჩეგემსკაია პრავდა“. გასული კვირა საკმაოდ საინტერესო იყო. ინარ გიცბა რატომღაც მოულოდნელად გადადგა და საპარლამენტო მანდატი დატოვა. ჯანსუხ ადლეიბა კიდევ ერთხელ გამოთქვამს პროტესტს. ახლა ის შიმშილობს და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.  აჩგუარას მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის გარშემო სასამართლო ეპოპეა უკვე მესამე წრეზე წავიდა, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებაა.

საღამო მშვიდობისა. დღეს ვისაუბრებთ იმ  პრობლემების  შესახებ, რაც მუდმივად გვაქვს.  ჩვენი სტუმარია აფხაზეთის გმირი, ასლან კობახია.

თქვენ მრავალი წელი იყავით ხელისუფლებაში, მუშაობდით ოპოზიციაშიც. ახლა ხართ ყველა ამ პროცესის რიგითი დამკვირვებელი. თუმცა აფხაზეთში ალბათ ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელიც ცოტათი მაინც არ არის მიკერძოებული.

ჩვენ ძალიან დიდხანს, ბევრი წლის განმავლობაში როდესაც უკვე არჩევნები გვქონდა, ვსაუბრობდით მოდერნიზაციაზე, რეფორმებზე, მართვის სისტემაზე, ყველაფერზე, ახლა აღარ ვსაუბრობთ ამაზე. ახლა გვაქვს დღის წესრიგი, რთულია დაარქვა რუსულ-აფხაზური, რადგან ზოგადად აქ უფრო მეტია საუბარი რუსულ დღის წესრიგზე. ჩვენს საშინაო დღის წესრიგზე არ ვსაუბრობთ.

ვფიქრობ, რომ ამ კონტექსტში საინტერესოა დეპუტატ ინარ გიცბას გადადგომის ფაქტი, რომელიც თავად არაფერს ამბობს და ჩვენ გვიწევს ვარაუდების გამოთქმა.

მან ასევე დატოვა  “აფხაზ-აბაზა ხალხთა კონგრესი”,  რომელსაც მუსა ეკზეკოვი ხელმძღვანელობს. ზოგადად,  ეს მოვლენები ამ პროცესის მონაწილეთა მხრიდან ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიმდინარეობს.  მაგრამ რაღაცებზე  გვიწევს დაფიქრება. თქვენი მოსაზრება ამის შესახებ?

მე მჯერა, რომ ინარ გიცბა და მისნაირი ადამიანები არიან აფხაზეთის მომავალი, ნამდვილი მომავალი

ასლან კობახია: აქ  დაფიქრება არ არის საჭირო, რადგან თუ გამოცდილებიდან ვიმსჯელებთ, ის რაც ინარმა გააკეთა,  განაცხადა, მოდი დავარქვათ ყველაფერს საკუთარი სახელი,  არც ისე ადვილია ატარო  დეპუტატის მანდატი. მე ვიყავი პარლამენტის წევრი, არის გარკვეული პროცედურა. მაგრამ ეს არის ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება.

მოდი, ბოლოდან დავიწყოთ. დეპუტატის მანდატი ხალხის მანდატია. ეს არ არის თანამდებობა. აფხაზეთში ხალხის სახელით 37 მანდატია, ესენი არიან პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი და 35 პარლამენტის წევრი. ეს ის სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკოსები არიან, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმუშაონ, იმოქმედონ და მიიღონ გადაწყვეტილებები ხალხის სახელით. ამ  ემოციურ კომპონენტს, არ ველოდი მისგან. ეს არის უაღრესად განათლებული, კარგად აღზრდილი ბიჭი.

მესმის, რომ არ გვინდა ამ საკითხის გახსნა. ოდესმე ის ალბათ ახსნის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასე არ შეიძლება. ჯერ ნახევარი გზაც არ გაგვივლია იმის, რაც უნდა გავიაროთ. თუ ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც ასე აქტიურად წავიდა ხელისუფლებაში, იქნებიან ასეთ ემოციურ პოზიციებზე, მაშინ შეგვიძლია სწრაფად დავასრულოთ.  ვფიქრობ,  ინარმა კიდევ ასჯერ უნდა აწონოს. მან დაინახა ყველა, გარდა იმ ამომრჩევლისა, ვინ მას გულწრფელად ენდობოდა.

მე მას მივწერე კიდეც, როცა ადამიანი დეპუტატად იყრის კენჭს, მას ბევრი ადამიანი ეხმარება. ეხმარებიან მეგობრები, ნათესავები პოლიტიკური თანამებრძოლები. ყველა, ვისაც მისდამი სიმპათია აქვს, მაგრამ იმარჯვებს კანდიდატი. როგორც არ უნდა დაეხმარო მისგან კანდიდატს ვერ გამოძერწავ. მაგრამ თუ  თავად კანდიდატი არაკონკურენტუნარიანია, არჩევნების მოგება შეუძლებელია. ეს ვიცით პრაქტიკიდან.

ზოგი ფიქრობს, როგორ შეიძლება აირჩიო  გაუნათლებელი  კანდიდატი, მაგრამ გარემო ასეთია, ამომრჩეველი ასეთია. მან იპოვა სწორი სიტყვები, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამომრჩეველს მისი გაეგო. თუმცა არის უარყოფითი ასპექტები, რომლებიც ვიცით, რომ ასევე ხდება.

მაგრამ ეს არ შეიძლება გაკეთდეს მთელს რაიონში. შესაბამისად, ის საუბრობდა ისე, რომ ამომრჩევლისთვის გასაგები იყო. მითუმეტეს ინარი, რომელიც დიდი ხანია მომწონს, პატრიოტი ბიჭია. მე მჯერა, რომ ინარი და მისნაირი ადამიანები არიან აფხაზეთის მომავალი, ნამდვილი მომავალი. მაგრამ თუ ჩვენ  მანდატებზე ასე ვიტყვით უარს, წარმატებას ვერ მივაღწევთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

პოლიტიკაში ყოველთვის ბევრი პრობლემაა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს მანდატი ჯიბეში ხალხმა ჩაგიდო. თუ ვინმე დაგეხმარა, მადლობას ეუბნები და ემშვიდობები, თუ პასუხისმგებელი პოლიტიკოსი ხარ საკუთარი ხალხის წინაშე. მოდი აქ დავსვათ წერტილი. მე მას ჯერ არ შევხვედრივარ. ვფიქრობ, რომ შევხვდები და აუცილებლად ვიპოვი სიტყვებს, რასაც ის გაიგებს.

ინალ ხაშიგი:  ყოველ შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება აქ იყო, რომ დიახ, არ არის კარგი, როცა ადამიანს ირჩევენ და მერე უცებ მიდის. მხოლოდ ორი წელი გავიდა. მე მესმის და მგონია, რომ თავად ინარსაც ესმის ეს სიტუაცია. მაგრამ ვფიქრობ, აქ არის გარემოებები, რომლებიც არ შეეძლო არ გაეთვალისწინებინა.

ყოველ შემთხვევაში, ჩვენი არჩევნები არ არის მხოლოდ  კანდიდატების პროგრამებს შორის შეჯიბრი და ა.შ. არჩევნები ძვირადღირებული სიამოვნებაა.  დიახ, საკმაოდ სერიოზული ფინანსებია საჭირო და ვიცი, რომ ინარი არც ბიზნესმენი არ არის, თანამდებობის პირი იყო და მაშინაც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობდა. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, საარჩევნო კამპანია მისთვის საკმაოდ სერიოზული თანხაა.

ასლან კობახია: დამიჯერეთ, არა მგონია, ინარს დიდი თანხა დაეხარჯა საარჩევნო კამპანიაში. მე გეტყვი რაზე იხარჯება თანხა, მაგალითად როცა ინარისნაირები იყრიან კენჭს.  ეს არის სააგიტაციო გამოცემა, ძირითადად შტაბი მუშაობს, დაახლოებით ოცი ადამიანი. მათ სჭირდებათ შენახვა.

გადის ეს თვენახევარი, მთელი ეს საარჩევნო კამპანია, როცა ბოლოს ითვლი, ესა და ეს თანხა ღირს. ოღონდ, მოდი, საგნებს საკუთარი სახელები დავარქვათ, რადგან ასე ღრმად მიდიხართ. მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი “აფხაზურ-აბაზური კონგრესის” წარმომადგენელი, ამ კონგრესის ლიდერი, ცნობილი ბიზნესმენი მუსა ეკზეკოვია.

ყველამ იცის, რომ მუსა ეკზეკოვმა ოთხი-ხუთი ადამიანი წარადგინა, მათი საარჩევნო კამპანია რომ დააფინანსა. ეს გასაგებია, ბოლოს და ბოლოს,  ის ვალდებული იყო, რადგან ამ კონგრესიდან იყვნენ წარდგენილი ჩვენი ახალგაზრდა, ძალიან საინტერესო, ძალიან წიგნიერი მოქალაქეები. მაშინ, რა თქმა უნდა, ყველა ეს ხარჯი ბიზნესმენმა გაიღო. რა არის შემდეგ?

შემდეგ ინარმა უნდა ახსნას რა მოხდა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რადგან მან დააფინანსა საარჩევნო კამპანია,  უფლება აქვს მიუთითოს, რა გააკეთოს, მაშინ ძალიან ცდება. მაშინ შეგიძლია მარიონეტი წარადგინო, რომელიც შენს ნებაზე შეგიძლია ატარო. თუმცა, მუსა ასეთი არ არის. მე მას კარგად ვიცნობ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. თუ ასეთი პოზიციით მიუდგა, ისეთ, ძალიან ამბიციურ პოლიტიკოსს, როგორიც ინარ გიცბაა, მაშინ ეს ჩემთვის გაუგებარია.

მე ერთხელ ვუთხარი პრეზიდენტსაც და ახლანდელ პრეზიდენტსაც, ჩვენთან ასე ხდება ხოლმე, როცა საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებენ ადამიანს და ყველა, ვინც მის გუნდშია, დაწყებული,  ფინანსისტებიდან, დამთავრებული აგიტატორით, თითოეულ მათგანს სჯერა, რომ არა ის, კანდიდატი ვერასოდეს გახდებოდა პრეზიდენტი და თითოეული მათგანი პრეზიდენტის კაბინეტში შესვლისას ფიქრობს, რომ ის ამ კაბინეტში არის ადამიანი ვისაც  განსაკუთრებული დამსახურება აქვს და თავისუფლად შეუძლია იჯდეს ამ ოფისში. ეს ჩვენი ხალხის ძალიან დიდი შეცდომაა.

ხშირად ხდება ასე, შემდეგ ხდება კონფლიქტები პრეზიდენტის გუნდში და ა.შ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც არ უნდა ეცადო, ხალხი პრეზიდენტად ვერასოდეს აირჩევს არაკონკურენტუნარიან კანდიდატს. მაგრამ თუ ადამიანი აირჩიეს პრეზიდენტად, ზოგადად, მთავარი დამსახურება ყოველთვის არის მისი, ვინც აირჩიეს და რა თქმა უნდა, მადლობელია იმ გუნდის, რომელიც  მას დაეხმარა, მაგრამ თუ რამე არ გამოუვიდა, ეს გუნდის ბრალი არ არის. ეს ნიშნავს, რომ მან სადღაც რაღაც ვერ შეასრულა. ეს ხდება პოლიტიკაში. დიდ პოლიტიკაში.

არაერთ საარჩევნო ბრძოლაში მიმიღია მონაწილეობა, არის ტაქტიკური, სტრატეგიული შეცდომები, რომლებიც  საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩნდება ხოლმე როგორც წესი, ეს იწვევს დამარცხებას, მაგრამ კანდიდატის კომპეტენტურ პოლიტიკას,  მხოლოდ წარმატების მოტანა შეუძლია, ეს ფაქტია.

ინალ ხაშიგი: ყოველ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ვითარება, მეჩვენება, რომ გადადგომა რეალურად დაკავშირებულია ინარ გიცბას პრინციპულობასთან, რომელმაც ხმა ისე მისცა, როგორც ფიქრობს, რადგან ბევრი კითხვა, მაგალითად, მე ვუყურე, ის იყო იმ სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელმაც ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხის რატიფიცირების წინააღმდეგ მისცა.

გარდა ამისა, იგი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებას, ეწინააღმდეგებოდა აპარტამენტების  შესახებ კანონის მიღებას, ანუ ასეთი რაღაცების მიღებისას, მას ჰქონდა საკუთარი პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ოპოზიციონერი დეპუტატი. ის არ არის არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ნაწილი. არის რიგითი დამოუკიდებელი დეპუტატი, მკაფიოდ გამოხატული საკუთარი პოზიციით.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა თეორიულად, უნდა ეფუძნებოდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი დამოუკიდებელი შეხედულებები, ანუ ისინი არ არიან დამოკიდებულნი რაიმე პოლიტიკურ კონიუქტურაზე და ა.შ. მაგრამ ახლა ინარ გიცბა გადადგა, თუმცა ამას ჯერ კიდევ გარკვეული ფორმალობები სჭირდება და ა.შ. მაგრამ მაინც გვაქვს ასეთი მოცემულობა.

მესმის, რომ გარკვეული ზეწოლაა და მას, ალბათ, არ სურდა ხმის მიცემა იმ საკითხებზე, რაც მომავალში იქნება. არ არის ლამაზი, როცა ადამიანზე ვსაუბრობთ, მაშინ როცა ის აქ არ არის, მაგრამ ჩვენ ამაზე მაინც ვმსჯელობთ, რადგან ეს პოლიტიკაა, ის პარლამენტის დეპუტატია, რომელიც ხალხმა აირჩია და ჩვენ გვაქვს უფლება ამ თემაზე ვისაუბროთ.

ასლან კობახია: ბევრ ადამიანს შეუძლია რამე თქვას, მაგრამ ვის დაუტოვეთ მანდატები?  რომ ვიღაც მოვიდეს, რომელიც მერე მოახსენოს,  ვის როგორ გადაუარა და ვინ დათმო? რას თმობთ? ჩვენი ხალხის ინტერესებს?

მე იგივე მინდა ვუთხრა, მათ შორის  ინარს  და  მათაც და ვინც იქ წავიდა.  მათ უნდა ესმოდეთ, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა აფხაზეთში საპასუხისმგებლო თანამდებობაა. რადგან აფხაზეთი პატარაა, ლამაზი. აფხაზები  ძალიან თავისებური, არც ისე დამყოლი, მჩხვლეტავი ხალხია. ძნელია მათი წარმომადგენელი იყო და რადგან აირჩიეს ეს გზა, შენც ასეთი უნდა იყო. იქ უნდა იდგე, დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული დეპუტატებით.

თამაში დასრულდა, აი, თქვენ მანდატი, მე სახლში მივდივარ”. თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება ამ გზით. ეს პოლიტიკაა, ომივითაა. ომში ვერ დაწერ განცხადებას და ვერ დატოვებ ფრონტს.

რა არის პარლამენტი, ბევრმა ჩვენგანმა არ იცის. პარლამენტი  ის ერთადერთი ორგანოა ქვეყანაში, რომელიც ომს აცხადებს, პრეზიდენტს არ შეუძლია გამოაცხადოს ომი, მხოლოდ პარლამენტს. პარლამენტის უფლებამოსილებები უზარმაზარია, თუ სწორად იყენებთ უფლებამოსილებებს, მაშინ პარლამენტის უფლებამოსილებები ბევრად მეტია, ვიდრე პრეზიდენტის უფლებამოსილებები. აფხაზეთში არცერთ სხვა ორგანოს არ აქვს ისეთი( კონტროლის ისეთი საშუალებები) საკონტროლო  ფუნქციები, როგორიც პარლამენტს აქვს.

შესაბამისად, იქ არის უზარმაზარი სამუშაო, უმძიმესი სამუშაო. ხანდახან მახსენდება ახალგაზრდა კოლეგები, მათზე უფროსი ვიყავი და ჩემი  ნაციონალური/ეროვნული ხასიათითაც კი მიწევდა მათი, ახალგაზრდა, ემოციური ბიჭების, შეჩერება. თუმცა ხანდახან მე თვითონ ვიყავი ასეთი ხმაურიანი. მაგრამ ასეც ხდება, თუმცა იქ არცერთი მათგანი ერთმანეთის მტერი არ გამხდარა, ყველანი კარგ მეგობრებად დარჩნენ.

ყველას თავისი პოზიცია ჰქონდა და პოლიტიკაში მთავარია, ყოველთვის გქონდეს უფლება დაუშვა საკუთარი შეცდომები, არ უნდა დაუშვა სხვისი შეცდომები. რადგან ვინმე დამეხმარა, უნდათ, რომ ისე მოვიქცე, როგორც მათ სურთ? რა არის ეს? მარიონეტად დამიქირავე? მხარი რომ დამიჭირა, თუ მოვიდა და გვერდით დამიდგა. თუ მას სურს ჩემგან მარიონეტის შექმნა, არა, ეს არ გამოდგება, არც ერთი პატივსაცემი აფხაზი არასოდეს მისცემს თავს ამის უფლებას.

არ მჯერა, რომ ისეთი კომპეტენტური, ინტელექტუალური ბიჭი, როგორიც ინარია, როგორ უნდა აუხსნას აფხაზურ საზოგადოებას, რატომ გააკეთა ეს, თუ ეს რაღაც საარჩევნო საკითხებთან არის დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ სადღაც კულუარულ თამაშებს თამაშობდა თურმე ხალხი.

მოატყუე, ხალხმა დაგიჯერა, ტაში დაგიკრა, თქვენ ადექით და თქვით: “თამაში დასრულდა, აი, თქვენ მანდატი, მე სახლში მივდივარ”. თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება ამ გზით. ეს პოლიტიკაა, ომივითაა. ომში ვერ დაწერ განცხადებას და ვერ დატოვებ ფრონტს. თუ ჩაები ბრძოლაში, ბოლომდე უნდა წახვიდე.

ინალ ხაშიგი: გადავიდეთ სხვა თემაზე, ასევე ძალიან აქტუალურ თემაზე, რომელიც  ზოგადად, აბსოლუტურად არ არის აფხაზური. ეს არის კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ, რომელსაც ამჟამად პარლამენტი ამუშავებს და  ჩვენი სახალხო კრება განიხილავს რუსეთის და აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გეგმის საფუძველზე. რას ფიქრობთ ამ საკითხზე? ახლა ვსაუბრობდით, რომ აგირჩიეს, მხარი დაგიჭირეს და ა.შ.

მაგრამ შენ ხომ  მარიონეტად და სხვისი ნების აღმასრულებლად არ აგირჩიეს? დიახ, ჩვენ ვართ რუსეთის მოკავშირეები, რაღაც საკითხებში, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარდაჭერას ვუცხადებთ. ბუნებრივია აფხაზეთის და რუსეთის მასშტაბები შეუთავსებელია, მაგრამ რუსეთისთვის უფრო სანდო პარტნიორის მოძებნა, როგორიც აფხაზეთია, რთულია.

ჩვენი მთავრობა, პრეზიდენტი და ა.შ. სულ ამ თემაზე  საუბრობს. რუსულ-აფხაზური ურთიერთობების თემით სპეკულირებს. უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაში ანტირუსული განწყობების ელემენტი ხარ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის თემა ძალიან კარგად ჯდება ამ მონახაზში, მაგრამ ამავე დროს მაქვს განცდა, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაშიც, მათ კარგად არ ესმით, როგორ განვაგრძობთ ამით ცხოვრებას. როგორ ფიქრობთ?

ბატალ კობახია, ალხას თხაგუშევი, არზადინ აგრბა – ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც მთელი ომი გაიარეს, დაშავდნენ. როგორ ვუწოდოთ მათ „უცხოური აგენტები“? სად  წავიღოთ მერე აფხაზეთის გმირის ორდენი?

ასლან კობახია: ფრაზა  “უცხოური აგენტი” აფხაზისთვის საშინლად ჟღერს. მე დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ და ვმუშაობდი ჯერ კიდევ  პირველ პრეზიდენტთან, ვლადისლავ არძინბასთან.  ჩვენ ურთიერთობა გვქონდა ჩვენს რუს კოლეგებთან ჩვენი დამოუკიდებლობის ურთულეს პერიოდში. ეს არის ომის შემდეგ პირველი წლები. ბევრ სხვადასხვა ადამიანთან გვიწევდა კონტაქტი. პოლიტიკოსებიდან დაწყებული, სამხედრო პირებამდე. შემდეგ ვიყავი პარლამენტის დეპუტატი, ვიცე-პრემიერი.

გულწრფელად გეტყვით, ნურავის ეწყინება, მე კარგად ვიცნობ აფხაზურ-რუსულ „სამზარეულოს“. ყველა ეს მომენტი იწყება იმის გამო, რომ ჩვენ ვიწყებთ ისეთი რაღაცების გამოგონებას, რისი გამოგონებაც არ არის საჭირო. ის ადამიანები, რომლებსაც დღეს  „უცხოური აგენტები“ უნდათ უწოდონ, არიან გამოცდილი ადამიანები, არასამთავრობო სექტორის ლიდერები. ყველას ვიცნობთ, დაწყებული ჩემი ძმიდან, ბატალ კობახიადან, არდა ინალ-იპა, ლიანა კვარჩელია თუ ალხას თხაგუშევიდან, რომელმაც ჯანმრთელობა ბრძოლის ველზე დატოვა. ბატალ კობახია, ალხას თხაგუშევი, არზადინ აგრბა – ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც მთელი ომი გაიარეს, დაშავდნენ.

როგორ ვუწოდოთ მათ „უცხოური აგენტები“? სად  წავიღოთ მერე აფხაზეთის გმირის ორდენი?ვარსკვლავი? სად წავიღოთ მათი ბიოგრაფია? როგორც კობახიას გვარის წარმომადგენელმა, როგორ ავუხსნა ახალგაზრდებს, რომ ბატალი „აგენტი“ გახდა? ჩემთვის, ადამიანისთვის „აგენტის“ დარქმევა ნიშნავს მოღალატეს, ჯაშუშს. ჩვენ ხომ ვხედავთ, როგორი „უცხოური აგენტები“ არიან რუსეთში.

გინახავთ თუნდაც ერთ აფხაზი, რომელიც მუშაობდა არასამთავრობო სექტორში და ამბობდა, რომ აფხაზეთი უნდა დაიბომბოს და განადგურდესო. ჩვენ სრულიად განსხვავებულ პოლუსებზე ვართ. ის არის დიდი ქვეყანა, დიდი შესაძლებლობებით, უზარმაზარი ერია, იქ მოხდა ეს და პატარა აფხაზმა ერმა, რომელმაც შექმნა სასწაული, მოახერხა საზოგადოების ყველა ფენის მობილიზება, გამარჯვება და დამოუკიდებლობის გამოცხადება და 30 წლის განმავლობაში ამ გზის ავად თუ კარგად გავლა. და ახლა, 30 წლის შემდეგ, ჩვენ ვიღებთ რაღაც ნიმუშებს, რომლებიც აბსოლუტურად არ არის ჩვენი და გვინდა, რომ ეს აფხაზეთს მოვარგოთ.

ღმერთმა არ ქნას, როდესაც ჩვენი ხალხი ჭკუას კარგავს, შესაძლოა ჩაიდინოს ყველაფერი. ასე იყო მუჰაჯირობისას. ემოციები აქ აბსოლუტურად ზედმეტია. მესმის ხოლმე, რომ ამდენი და ამდენი ფული მიიღეს, მილიონი თუ მილიარდი. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, ნებისმიერ აფხაზს, რომელსაც ერთი რუბლი მოჰქონდა აფხაზეთში, გმირად მივიჩნიეთ. რატომ დავივიწყეთ ეს ყველაფერი?

ახლა, რომელ ნორმალურ ადამიანს არ აღუძრავს დადებით ემოციებს. МВО და  ПВО (სანატორიუმები) რა მდგომარეობაში იყო. ჯილდოები უნდა გადავცეთ იმ ადამიანებს, ვინც ინვესტორების შემოყვანა შეძლო. მესმის ხოლმე, რომ ბევრი ობიექტი იყიდეს აფხაზეთში. აფხაზებმა, რომლებმაც გამონახეს ფინანსები, ძმები სიჭინავები, ძმები შონიები, ხვალ თუ ისინი არ მოგვეწონებიან, რუსეთს უნდა მივწეროთ, შეამოწმონ საიდან აქვთ მათ ფინანსები? ჭკუიდან შევიშალეთ. მახსოვს ამავე არასამთავრობო სექტორშიც ბევრი რამე ხდებოდა.   

რომელი ქვეყანა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას აფხაზებზე? საქართველო. რატომ ვიტყუებთ თავს. რუსეთი, მშობლიურია, მოგვინდება, წავალთ-მოვალთ. მაგრამ როცა გვიჭირს, როცა ვინმე ავად არის ან კვდება, სად მიჰყავთ?

მე ისიც კი მახსოვს, როდესაც სოროსის ფონდი მუშაობდა აფხაზეთში, არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სოროსს მიწერა წერილი, რომ სოხუმის ოფისი აფინანსებს აფხაზ ნაციონალისტებს. ასეთი შემთხვევაც გვქონდა ისტორიაში. ამიტომ ასეთი მომენტები ჩემთვის გაუგებარია. მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამაზე ღიად საუბრობდა.

გახსოვს იყო პერიოდი, როდესაც ახალგაზრდები გამოდიოდნენ, თითქოს დაგვავიწყდა, აი, საქართველოში  ფეხბურთის ბოლო მატჩი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ აფხაზებს არაფერი არ უნდა დაავიწყდეთ. ჩვენი საზოგადოების ნაწილმა მათ წინა დღეს მიულოცეს, შემდეგ კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ფეხბურთელები მთელ სტადიონზე ყვიროდნენ, რომ აფხაზეთი საქართველოა, სამხრეთ ოსეთი საქართველოა.

გასაგებია, ისინი ამ რიტორიკას ვერ შორდებიან. ახლა კი ეს კანონი მოვიფიქრეთ, გამოგვიგზავნეს. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. მე ვხვდები ბევრ ადამიანს ვესაუბრები, ვინც პოლიტიკაშია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ისინი ამბობენ რომ აი, რა ვქნათ… ასე არ შეიძლება. ჩვენ ხომ ფინანსებზე ვსაუბრობთ, რომელიც გამოყოფილია აფხაზი საზოგადოებისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოვიდა. გაეროს ხაზით რაც ფინანსდება მთავარი დონორები  უშიშროების საბჭოს ხუთი წევრი  ქვეყანა, მათ შორის რუსეთი. მეორე, ვინმე თუ ჩაატარა ანალიზი, რომელი ქვეყანა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას აფხაზებზე?

ინალ ხაშიგი: რუსეთი?

ასლან კობახია: საქართველო. რატომ ვიტყუებთ თავს. რუსეთი, მშობლიურია, მოგვინდება, წავალთ-მოვალთ. მაგრამ როცა გვიჭირს, როცა ვინმე ავად არის ან კვდება, სად მიჰყავთ? ოპერატიულად, ვინ არის ჩვენთან მორიგე. ჩვენ ხომ გავლენებზე ვსაუბრობთ, მოდით ვისაუბროთ ღიად. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივიღეთ 100 მილიარდი რუბლის რუსული დახმარება. და რამდენი  იყო საჭირო აფხაზეთში სერიოზული დიაგნოსტიკური ცენტრის მშენებლობისთვის, ან კლინიკური საავადმყოფოს ასაშენებლად, რომ ჩვენი პაციენტები  საქართველოში არ მიჰყავდეთ.  

როგორ წარმოგიდგენიათ, აფხაზეთიდან საქართველოში წაყვანილი სასიკვდილოდ ავადმყოფი ადამიანი, რომელიც გამოჯანმრთელებული დაბრუნდება, გგონიათ მშვიდად დაჯდება და გაჩუმდება? არა. ბევრი შემთხვევა ვიცი, როცა ისინი ღიად საუბრობენ. როგორ გააჩუმებთ მათ?  აი აქ ხდება უცხოური გავლენა. ისინი ხომ საკუთარი ფულით არ მკურნალობენ. ეს არის ევროკავშირის ფული. მთელი პროგრამაა შემუშავებული. ამისთვის საქართველოს ბიუჯეტს ყოველწლიურად გამოუყოფენ ფულს. სხვათა შორის, უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე  მკურნალობს რუსეთის ფედერაციაში.

მე ვმუშაობდი სამართალდამცავ უწყებებში. იქ ბევრმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ეს ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონს, ამიტომ, თუ ასეთი ადამიანები არიან, ამ ადამიანებთან  უნდა გავარკვიოთ.

მე ხშირად მივმართავ  დახმარებისთვის ჩვენს მინისტრს, რადგან ვეტერანები მიმართავენ, დაღუპულთა ოჯახის წევრები. საჭიროა ორი, სამი დღე, კვირა, ზოგჯერ 10 დღე და ყოველთვის ყველაფერი გვარდება. ძალიან ყოჩაღია. ვაფასებ.  მაგრამ მე რამდენჯერმე შემხვედრია, რომ მეზობლები, ნათესავები იღებენ, გადაწყვეტილებას და საქართველოში მიჰყავთ. ორ-სამ საათში სასწრაფო დახმარება უკვე საზღვარზეა, ჩვენი სასწრაფო დახმარებაც მივა და მორჩა. წავიდა საქართველოში.

ინალ ხაშიგი: ეს ნიშნავს რომ ჩვენ ცუდად გამოვიყენეთ ის გამოყოფილი 100 მილიარდი თანხა?

ასლან კობახია: მე ამ რუსულ ფულთან არანაირი შეხება არ მქონია. ჩვეულებრივ, ძალიან მოაზროვნე, ჭკვიანი ხალხი ტრიალებს ამ ფულის გარშემო, ღმერთმა იცის რას აკეთებენ ისინი, მაგრამ არა იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. და ვიღაცები იქ სისულელეებს ლაპარაკობდნენ, რომ იქ რუსები იყვნენ. რუსებისთვის აბსოლუტურად სულერთია, რა დაფინანსდება. უბრალოდ თქვით რა და როგორ და აჩვენე პროექტი. მზად არიან დააფინანსონ. თუ საქართველოში მკურნალობენ, იმკურნალონ, ნაკლები თავის ტკივილია ჩვენთვის.

მოდი, ასფალტი დავაგოთ ისეთ სოფელში, სადაც ბევრი ამომრჩეველია. აი, როგორ მივუდექით ამ ყველაფერს. დღეს კი, თუ ვსაუბრობთ საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენებზე, აფხაზეთის მოქალაქეებზე ყველაზე დიდ გავლენას საქართველო ახდენს, სადაც მკურნალობენ ჩვენს მოქალაქეებს. ისინი არა მარტო პაციენტებს მკურნალობენ, არამედ მათ თანმხლებ ორ-სამ ადამიანს.

მე ვმუშაობდი სამართალდამცავ უწყებებში. იქ ბევრმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. ეს ეწინააღმდეგება აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონს, ამიტომ, თუ ასეთი ადამიანები არიან, ამ ადამიანებთან  უნდა გავარკვიოთ. გულწრფელად გეტყვით, რომ არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბატალ კობახიას მტრის ბეჭედი დაადოს. ან არდა ინალ-იპას, ლიანა კვარჩელიას თუ ალხას თხაგუშევს? მათ ამ იარლიყს არავინ მიაკრავს. ეს იქნება მახვილი, რომელიც ახალგაზრდების თავზე იქნება ჩამოკიდებული.

აფხაზები, ზოგადად, ცუდი ჯარისკაცები არიან, მათ ვერ დააყენებ მწკრივში და ვერ აიძულებ გუნდურ სიმღერას. აფხაზები ცოტა ხისტი ხალხია. საკუთარი აზრის მქონე ადამიანები, ხანდახან შეიძლება არ მომეწონოს, მაგრამ ეს მათი აზრია და ამის გამო „ხალხის მტრები“ ვერ გახდებიან. ეს შტამპი ახალგაზრდებზეა, მერე დაიწყება დევნა და რას გამოიწვევს ეს ყველაფერი?

ჩვენ  ისედაც  ამდენი წელია ქარიშხალში ვართ და თუ ახალგაზრდებიც დაიწყებენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ დამშვიდებას შევძლებთ. ამ გარემოში, ისინი ჯერ ერთმანეთს უყურებენ.  ვინც ხელისუფლებაშია, ისინი ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ ყოველთვის არ მიდიან სწორი მიმართულებით.

ასევე ჰარმონიზაციის საკითხი. ეს პირველად ხომ არ ხდება. ყველა პრეზიდენტის დროს იყო ამის მცდელობა. ეს კარგად იცის ანქვაბმაც, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. ახლა ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ყველაფერზე ხომ არ გავიყიდებით? აზარტულ თამაშებში ხომ არ წავაგეთ?

ბოლოს და ბოლოს უნდა შეხვდნენ აფხაზ მოსახლეობას. არა ისხდნენ და საუბრობდნენ რუს ჟურნალისტებთან, კარგი, გასაგებია, რომ აფხაზ ჟურნალისტებთან არ უნდათ საუბარი, გავიდნენ მოსახლეობასთან, ამომრჩეველთან.  ისედაც რამდენიმე თვეში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ყველა ამ რთულ კითხვაზე პასუხის უნდა გაეცემა მოუწევთ.  ჩვენ ეს არ გვჭირდება. მე სულ ვამბობდი და ვლადისლავ არძინბაც ამბობდა, აფხაზების მთავარი ამოცანა რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობისას,  არის იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არასოდეს შექმნილიყო  საფრთხე აფხაზეთის ტერიტორიიდან.

მითუმეტეს ახლა, როცა რუსეთი ასეთ მძიმე მდგომარეობაშია. ზოგი ფიქრობს, რომ იქ ომებია, ყურადღებით უნდა მოუსმინო რას ამბობს პუტინი. კი, ხანდახან ძალიან უხეშ რაღაცებს ​​ამბობს, მაგრამ ეს მისი ტკივილია, ეს მისი ხალხის ტკივილია. ამბობენ, რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩვენ ერთი სისხლის ხალხი ვართ, ძირითადად, 80%, ვინც ამ სამხედრო დაპირისპირებაშია ჩართული, ადრე თუ გვიან უნდა დაბრუნდნენ რაღაც ადგილზე, რაღაც მშვიდობიან პლატფორმაზე. როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ რთულ ვითარებაშია, ჩვენ უფრო მშვიდად უნდა ვიქცეოდეთ, მაგრამ ისე ვღელავთ, თითქოს დონბასი აფხაზეთი იყოს.

ასევე ჰარმონიზაციის საკითხი. ეს პირველად ხომ არ ხდება. ყველა პრეზიდენტის დროს იყო ამის მცდელობა. ეს კარგად იცის ანქვაბმაც, როდესაც ის პრეზიდენტი იყო. ახლა ხელი მოვაწერეთ, მაგრამ ყველაფერზე ხომ არ გავიყიდებით? აზარტულ თამაშებში ხომ არ წავაგეთ?  როგორც ბიჭვინთის თემაზე. არ გამოვიდა. უკვე გასაგებია. ჩემი აღქმით, დავიწყებულია.  

დარჩა 1995 წლის შეთანხმება, ის მუშაობს, დაე, განაგრძოს მუშაობა. არ უნდათ, მაშინ იქნება ასე და არაფერი საგანგაშო არ მომხდარა. არავინ არ გაქცეულა. ხალხი მუშაობს. ატეხეს ამხელა ხმაური. რატომ იყო ეს საჭირო? თავიდანვე, გამოუცდელმა ადამიანებმა, რომლებიც მაღალ თანამდებობებს იკავებენ, კოორდინატების გადამოწმების გარეშე მოაწერეს ხელი. ასე არ ხდება. ეს არ არის კოლმეურნეობა.  ხალხმა ხელი მოაწერა შეთანხმებას აფხაზეთის სახელმწიფოს სახელით, მაგრამ კოორდინატებს არ შეხედა. 

ინალ ხაშიგი: ეს  პირველი შემთხვევა არ არის.

თუ ადამიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ნამდვილად მუშაობს აფხაზეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ან სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ, ამისთვის არსებობს სახელმწიფო ორგანო.

ასლან კობახია:  აეროპორტის საკითხი? რა პირობებია? საშინელია პირობებია. შესაძლებელია თუ არა ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება? ნურავის ეწყინება, ეს არის კოლონიური ხელშეკრულება, ასე არ აწერენ ხელს, ასეთი ხელშეკრულებები არ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებში, მაგრამ ერთი რამ უნდა გვესმოდეს: არავინ არაფერს გვაიძულებს თუ ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება.

მე გეტყვით, რა მდგომარეობაა ახლა აფხაზეთში,  რა მოხდა ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ჩვენ, ახალგაზრდები მოვედით ხელისუფლებაში. ვლადისლავ არძინბა ომმა კი არ გაანადგურა, არამედ აფხაზეთის ომისშემდგომმა პერიოდმა გაანადგურა. მას შეეძლო ყველაფერს დათანხმებოდა, მაგრამ აფხაზეთის პრეზიდენტის თანამდებობა სასიკვდილოდ საშიშია. ვლადისლავ არძინბამ  გვიამბო ასეთი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთში აწარმოებდნენ მონიტორინგს პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის,  ყველამ მიუთითა ვლადისლავ არძინბაზე, როგორც ის  ამბობს, ისე იქნება.

გახსოვთ, ოთხმოცდაათიანი წლები,  ერთიანი კონფედერაციული სახელმწიფო, ა.შ, რასაც  ჩვენ ვთავაზობდით ომამდე. ისინი ომის შემდეგ მომწიფდნენ ამისთვის. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვართ ისეთი იდიოტები, რომ ამდენი ადამიანი  გავწიროთ და მერე მათთან რაიმე სახის კონფედერაცია ავაშენოთ. მოკლედ,  აქ  მონიტორინგს ატარებდნენ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის და ყველამ მიუთითა ვლადისლავ არძინბაზე. ისე იქნება, როგორც ის იტყვისო. შემდეგ, ჟენევაში თუ რომელიღაც ქვეყანაში,  მას უთხრეს რომ რამდენიმე თვე აწარმოებდნენ მონიტორინგს და აჩვენეს ვინ რა თქვა. ფაქტობრივად კედელთან მიაყენეს.

გვიამბობდა, ვცდილობდი გამოსავლის მოძებნას, მაგრამ ვერ  ვახერხებდიო. გასაგებია, რვა ქვეყნის წარმომადგენლობა საგარეო საქმეთა მინისტრების. შვიდეული და მერვე – რუსეთი. მოადგილეების დონეზე.  იძულება გრძელდებოდა. გვიამბობდა: „გინდათ ხელი მოვაწერო? მოვაწერ, მხოლოდ ერთი პირობით,  აქ დავრჩები. თქვენ ფიქრობთ, რომ ყოვლისშემძლე ვარ? ჩემს დამსახურებებს ნუ უყურებთ. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია. თუ მოვაწერ ხელს ჩემი ხალხი არ მაპატიებს. აფხაზეთი არასდროს ამაზე არ წავა.”

ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი წითელი ხაზის გადაკვეთა შესაძლებელია, მაგრამ სად არის წითელი ხაზი,  ამას ნათლად უნდა ვხედავდეთ. აფხაზები, როცა  ბრაზდებიან, ძალიან სახიფათო და ძალიან არაპროგნოზირებადი ხალხი  ხდება.  ვლადისლავ არძინბამ დაინახა ეს და მიხვდა, და როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს რაღაც გამოიყვანოს მისი გამონათქვამებიდან, რაიმე  ციტატა, არძინბას  შეეძლო ეთქვა ერთი სიტყვა, რომელიც ათი წლით შემდეგ დაგაფიქრებს.

ინალ ხაშიგი: რა წითელი ხაზები აქვთ ახლა აფხაზ პოლიტიკოსებს?

ასლან კობახია: მისთვის იმ დროს ეს იყო ომის შედეგების შენარჩუნება და მან ამას მიაღწია, მაშინ საშინელი მდგომარეობა იყო. რა არის ახლანდელი წითელი ხაზები?  ჩვენ ზუსტად ამ წითელ ხაზებს მივყვებით, აპარტამენტების საკითხიც. მიხარია, როცა ქვეყანაში რაღაც შენდება, მაგრამ აქ არის რისკი, ახლავე გეტყვით რისკს. ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც ჩვენ გავაკეთეთ. შეხედეთ, როგორც კი ეს გამოვაცხადეთ, რა გახდა საცხოვრებელი ბინების ფასები აფხაზეთში, ჩვენი ახალი რაიონი თითქმის  სავსეა ახალდაქორწინებულებით.

ახალგაზრდები დაქორწინდნენ, ბინები იყიდეს, ნახევრად ცარიელი სადარბაზოები შეივსო.  როგორც კი გამოაცხადეს აპარტამენტების შესახებ მაშინვე,  ჯანსუხი ამბობს,  60 000 კაცს მოვიყვანთ. ვთქვათ, შენ აფხაზეთის პრეზიდენტი ხარ, მე – რუსეთის. შენთან  ჩემი 60 ათასი მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ ყველა შენი მოქალაქე, ჩემი მოქალაქეა, ჩემი დოკუმენტები.

მე გეკითხებით, რატომ აქვთ ჩემს მოქალაქეებს აფხაზეთში მეორეხარისხოვანი  მოქალაქის სტატუსი? რას უპასუხებ? რომ აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონი ამის საშუალებას არ იძლევა. და დიდი ქვეყნის პრეზიდენტი რას ეტყვის აფხაზეთის ამ საწყალ პრეზიდენტს? ეტყვის: „იცი რა, ჩემო ძვირფასო, არავის ეწყინოს. აიღეთ ეს თქვენი მოქალაქეობის  შესახებ კანონი და წაიღეთ სადმე. მაგრამ ჩემი ხალხი  მეორეხარისხოვანი არ იქნება. ეს არის დიდი წითელი ხაზი. დღეს  რუსეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, დიდი პატივისცემით ეპყრობა აფხაზეთს. ისინი ჩვენგან ნამდვილად არ მოითხოვენ არაფერს, თუ ჩვენ  თვითონ არ წამოვაყენებთ ასეთ ინიციატივებს.”

მე ვფიქრობ, რომ უნდა დავმშვიდდეთ, უბრალოდ უნდა დავსხდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ  ეს და ეს შეგვიძლია,  ჩვენ ჩვენი ტერიტორიით ვიქნებით კლდესავით. თუ ადამიანი აფხაზეთის ტერიტორიაზე ნამდვილად მუშაობს აფხაზეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ან სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ, ამისთვის არსებობს სახელმწიფო ორგანო. ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ ჩვენ აფხაზეთში უცხოელების შესახებ კანონი გავიტანეთ. კარგი, მივიღეთ  კანონი უცხოური აგენტების შესახებ, ვინ განსაზღვრავს მათ როგორც უცხოელ აგენტებს, იგივე აფხაზები? ასე ხომ შიდააფხაზურ კონფლიქტები დაიწყება. თუ ჩემს ძმას მტრად შერაცხავ, ხვალ შენს სახლში მოვალ. ასე იქნება.

ინალ ხაშიგი: ჩვენ უნდა დავასრულოთ გადაცემა ალბათ, ისევ რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების კონტექსტში; ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პრინციპული პოზიცია, რომელიც დღეს არ ჩამოყალიბებულა. ის ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ  ოთხმოცდაათიან წლებში, როცა, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან ბლოკადაში ვიყავით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხედვა იყო ისეთი, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთი, როგორც მეგობარი ქვეყანა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს მეგობრობა შენარჩუნებულია, მაგრამ ამავდროულად ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია  როგორმე გავაერთიანოთ  ორი რამ, ეს არის სუვერენიტეტის შენარჩუნება და ამავდროულად, რუსეთთან კარგი საკავშირო მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება.

ჩვენ ამაყად უნდა მოვიქცეთ. სადაც ვთქვით არა, ბოლომდე უნდა იყო არა! სადაც ვთქვით კი, შენს ხალთანაც უნდა თქვა, რატომ.

ეს არის ფორმულა, რომელიც ალბათ უნდა იყოს და მეჩვენება, რომ აქ, ამ ფორმულაში ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გარკვეული ნაწილის გაწირვას. იცით ეს სენდვიჩივითაა. კარაქის გარეშე პური ვერ იქნება სენდვიჩი და პირიქით. ეს ორი კომპონენტია ჩვენი მომავლის საფუძველი, ჩვენი სახელმწიფოს განვითარების და ა.შ. თუ ამ ნაწილებიდან თუნდაც ერთ ნაწილს გავწირავთ, ჩვენი მომავალი იქნება არასტაბილური და პერსპექტივის გარეშე.

ასლან კობახია:  ნება მომეცით გაგიზიაროთ ჩემი  შეხედულება პუტინის შესახებ. ჩვენ მას დიდი ხანია ვიცნობთ. მასთან ერთად დავბერდებით. არავის ეწყინოს, მაგრამ აფხაზეთი მხოლოდ აფხაზებს სჭირდებათ. ის, ყოველთვის პატივს სცემს ამაყ და სასოწარკვეთილ ადამიანებს, როგორებიც არიან აფხაზები. ის ჩვენ ძლიერ და ღირსეულ ხალხად გვხედავს.  გვხედავდა ყოველ შემთხვევაში, თუ ჩვენ თვითონ არ გავაფუჭებთ.

ჩვენ ამაყად უნდა მოვიქცეთ. სადაც ვთქვით არა, ბოლომდე უნდა იყო არა! სადაც ვთქვით კი, შენს ხალთანაც უნდა თქვა, რატომ. არ არის საჭირო გარშემო ტრიალი, როცა ერთი დეპუტატი ერთ რამეს ამბობს და მეორე-მეორეს. ეს უნდა დამთავრდეს, თუ ჩვენ არ გვინდა გადავიხვიოთ ვლადისლავ არძინბას ხაზს. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გარდა სხვა პირობებში ვერ გადარჩება. მაგრამ თუ ჩვენ თვითონ არ დავკარგავთ მის ნდობას, მაშინ უნდა მოვიქცეთ ამაყად და შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები.

ინალ ხაშიგი:  ჩვენ აქ დავასრულებთ გადაცემას. დამოუკიდებელი აფხაზეთის შესახებ მძიმე გეოპოლიტიკური სიტუაციის კონტექსტში ვსაუბრობდით ასლან კობახიასთან, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მომავალ შეხვედრამდე!

მსგავსი სტატიები