დისკუსია აფხაზეთის ისტორიაზე, რუსული ფლოტი ოჩამჩირეში, ყარაბაღის შედეგები | ინტერვიუ დათო ბრაგვაძესთან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინტერვიუ დათო ბრაგვაძესთან

ისტორიკოს დათო ბრაგვაძესთან ინტერვიუში საუბარია ბექა კობახიძის პოსტზე აფხაზეთის ისტორიასთან დაკავშირებით, რომელსაც საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ისტორიკოსი აანალიზებს დისკუსიას ამ თემის გარშემო და ასევე საუბრობს მწვავე პრობლემებზე ქართულ მეცნიერებაში.

“ბექა კობახიძემ ისეთი საკითხები წამოჭრა, რომლებზეც, პრინციპში, ქართულ ისტორიოგრაფიას პასუხები არ აქვს,” ამბობს ბრაგვაძე და ამატებს, რომ “არ შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა აფხაზეთი თუ ცხინვალის რეგიონი მხოლოდ სექტემბრის მიწურულის თემა იყოს”.

კობახიძის პოსტთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე ბრაგვაძე აღნიშნავს, რომ “ჩვენ უნდა შეგვეძლოს ცივილური კამათი და ეს შეურაცხყოფაში არ უნდა გადაიზარდოს”. ისტორიკოსი ასევე აკრიტიკებს ნარატივებს, რომ “აფხაზები ნამდვილი აფხაზები არ არიან” და ხაზს უსვამს, რომ ის არ არის ადამიანი, რომელიც აფხაზეთს “მხოლოდ რუსული ოკუპაციის ჭრილში უყურებს”. “მიმაჩნია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ბევრი რამ არის გასარკვევი, მაგრამ ამ პრობლემების მიუხედავად, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის იდენტობას,” ასკვნის ისტორიკოსი.

“ქართულ არქივებზე მეტი მასალა ევროპულ არქივებშია დაცული ჩვენ შესახებ. ჩვენ თუ ჩავიკეტებით, ეს ვერ დაგვიცავს იმისგან, რომ განსხვავებული აზრი არ ისმოდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით”

ბრაგვაძე ასევე ეხება ქართულ ისტორიოგრაფიას აფხაზეთთან მიმართებაში და ამბობს, რომ ისეთი გავლენიანი მეცნიერების ნაშრომებიც კი, როგორებიც პავლე ინგოროყვა არიან, შესაძლებელია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. “ქართულ არქივებზე მეტი მასალა ევროპულ არქივებშია დაცული ჩვენ შესახებ. ჩვენ თუ ჩავიკეტებით, ეს ვერ დაგვიცავს იმისგან, რომ განსხვავებული აზრი არ ისმოდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით”, ფიქრობს ისტორიკოსი.

“რაოდენ პრობლემურიც და მიუღებელიც არ უნდა იყოს ამ ფილმის შინაარსი ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მე მგონია, რომ ასეთი წინააღმდეგორივი შინაარსის ფილმების გადაღება ჩვენს ქვეყანაში რომ შესაძლებელია, ეს უკვე არის რაღაცა მიღწევა”

ბრაგვაძე ასევე ეხება ნანა ჯანელიძის ფილმის “იარე, ლიზას” გარშემო წარმართულ დისკუსიას, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ შესამჩნევი ვნებათაღელვით მიიღო. ბრაგვაძე თვლის, რომ მსგავსი ფილმების არსებობა, მიუხედავად მის მიმართ კრიტიკისა, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ “თავისუფალი საზოგადოება” ვართ.

“რაოდენ პრობლემურიც და მიუღებელიც არ უნდა იყოს ამ ფილმის შინაარსი ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, მე მგონია, რომ ასეთი წინააღმდეგორივი შინაარსის ფილმების გადაღება ჩვენს ქვეყანაში რომ შესაძლებელია, ეს უკვე არის რაღაცა მიღწევა,” ამბობს ბრაგვაძე.

“ოჩამჩირე უკრაინის არმიისთვის ხელმიუწვდომელი არ არის”.

აფხაზეთის გარშემო სხვა აქტუალურ თემებს შორის, ბრაგვაძე ასევე ეხმაურება ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ჩამოყალიბებას. ექსპერტის აზრით, ეს ფლოტი ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის საქართველოსთვის, ხოლო აფხაზებთან მიმართებაში, რუსეთი “უხეში ძალით” ცდილობს მათ დამორჩილებას, მათი “ნებისა და ინტერესების დათრგუნვას”.

ფლოტთან დაკავშირებით, ბრაგვაძე ასევე საუბრობს საფრთხეზე ოჩამჩირე უნებლიედ მოექცეს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში. “ოჩამჩირე უკრაინის არმიისთვის ხელმიუწვდომელი არ არის”, ამბობს ბრაგვაძე.

“ეს ქმედება, თეორიულად, რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე მოხდება, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინის აგრესიულ ქმედებად საქართველოს წინააღმდეგ, რთული საკითხია. მე ვთვლი, რომ არ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც ჩვენ ამ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლი არ გვაქვს,” ფიქრობს ისტორიკოსი.

“მე ძნელად წარმომიდგენია საქართველოს ხელისუფალი, ვისთვისაც ადვილი იქნება სამხედრო გზით სწრაფად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა და ის ამ ცდუნებაზე უარს იტყვის”

ინტერვიუში ასევე საუბარია ყარაბაღის საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტაზე და თუ რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს კონფლიქტებზე. ბრაგვაძის აზრით, კონფლიქტის მსგავსი გადაწყვეტა ერთგვარად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების მაგალითიცაა, რადგანაც “სომხეთი საკმაოდ გაჯიუტებული იყო თავის პოზიციებში – მათ არა თუ ყარაბაღის, ყარაბაღის მიღმა ოკუპირებული ტერიტორიების დათმობაც არ სურდათ.”

“ჩვენ სულ სხვა გზით უნდა წავიდეთ”, ფიქრობს ისტორიკოსი. “შეუძლებელია მიდიოდე ევროკავშირისკენ და ამავდროულად გინდოდეს ომი”, ამბობს ბრაგვაძე, თუმცა შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარების შექმნის შემთხვევაში, ძალისმიერი გზით კონფლიქტების მოგვარების ალბათობას ბოლომდე არ გამორიცხავს.

“მე ძნელად წარმომიდგენია საქართველოს ხელისუფალი, ვისთვისაც ადვილი იქნება სამხედრო გზით სწრაფად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრა და ის ამ ცდუნებაზე უარს იტყვის,” ასკვნის ბრაგვაძე.

მსგავსი სტატიები

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია აფხაზეთის თვითიზოლაციის უარყოფით ტენდენციასა და მის მავნე შედეგებზე წერს.