რუსეთი ისეთ შიდააფხაზურ საკითხებში შევიდა, რომლებზეც მანამდე თავს იკავებდა | გიორგი შაიშმელაშვილი

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინტერვიუ გიორგი შაიშმელაშვილთან

უსაფრთხოებისა და კონფლიქტების ექსპერტი გიორგი შაიშმელაშვილი თვლის, რომ აფხაზეთში “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონის მიღების შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც კერძო პირებს, ასევე ორგანიზაციებს “მნიშვნელოვნად შეეზღუდება მუშაობა”.

“ამ ორგანიზაციებზე საზოგადოებრივი წნეხი გაიზრდება, მოხდება მათი დისკრედიტაცია, გამოცხადდებიან უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფ ადამიანებად, აფხაზური ინტერესების მოწინააღმდეგეებად”, ამბობს შაიშმელაშვილი.

საქართველოსთვის ყველაზე ნიშანდობლივად “უცხო ქვეყნის აგენტის” კანონთან მიმართებაში შაიშმელაშვილს ის მიაჩნია, რომ “რუსეთი ცვლის აფხაზეთისადმი დამოკიდებულებას”. შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ რუსეთი წინა წლებში უფრო დამთმობი იყო და ითვალისწინებდა აფხაზურ საზოგადოებრივ აზრს, რაც აფხაზებს გარკვეული “ავტონომიურობის აღქმას” უძლიერებდა.

თუმცა, ექსპერტის აზრით, რუსეთი ახლა ამ მიმართულებას ცვლის და იწყება “აფხაზეთის ცხინვალიზაციის” პროცესი, რითაც აფხაზურ ნაციონალურ პროექტსა და მათ დამოუკიდებლობის სურვილს ექმნება საფრთხე. “ჩემი აზრით, საერთოდ მოკვდება აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე საუბარი”, ამბობს მკვლევარი “უცხო ქვეყნის აგენტის” კანონთან დაკავშირებულ შესაძლო განვითარებაზე.

შაიშმელაშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რა საფრთხე შეიძლება შეექმნას სამოქალაქო დიალოგს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის “უცხო ქვეყნის აგენტის” კანონის მიღების შემთხვევაში. “ამ პროცესში ჩართული აფხაზების დიდი ნაწილი, რომლებიც ძალიან სერიოზულად იცავენ აფხაზურ ინტერესებს ამ ტიპის შეხვედრებზე, სწორედ ეს ხალხი აღმოჩნდება დარტყმის ქვეშ”, ფიქრობს შაიშმელაშვილი.

ექსპერტი განავრცობს, რომ აფხაზური საზოგადოების ეს სეგმენტია, რომელიც “დამოუკიდებლობის პერსპექტივებს” უსვამს ხაზს, აფხაზური იდენტობის გადარჩენაზე საუბრობს და ნაციონალურ ინტერესებს ხედავს დამოუკიდებლად, არა რუსეთთან ერთად.

“უკრაინის ომის ფონზე, რუსეთი შევიდა ისეთ შიდა აფხაზურ საკითხებში, რომლებზეც მანამდე თავს იკავებდა”, ამბობს მკვლევარი. შაიშმელაშვილის აზრით, ამ კანონის შედეგად, აფხაზურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა განიცადონ ისეთივე წნეხი, როგორსაც ასეთი ტიპის ორგანიზაციები რუსეთში განიცდიან.

ექსპერტი შეეხო ასევე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბრძოლის ავანგარდშია. შაიშმელაშვილი ფიქრობს, რომ არძინბა რუსეთის მოსაზრებებს ახმოვანებს, რომელთა მიხედვით, დასავლეთი რუსეთსა და მის პარტნიორ საზოგადოებებში “ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა”.

“არძინბა ჯდება სრულად იმ რიტორიკაში, რომელიც რუსეთში არსებობს. აფხაზეთში, მოსკოვისთვის პერიფერიაზე, ის ცდილობს, რომ იყოს მთავარი რუპორი და ინტერესების მთავარი დამცველი,” ფიქრობს შაიშმელაშვილი.

“ამას ორი რამე განაპირობებს: მას აქვს თავისი მერკანტილური ინტერესები, მაგალითად, თანამდებობა და მეორე, არძინბა არასოდეს ყოფილა აფხაზი ერის წარმომადგენელი”, ამბობს ექსპერტი და ასკვნის, რომ ინალ არძინბა “ეს არის აფხაზური გვარის რუსი ჩინოვნიკი, რომელიც აფხაზეთში მიავლინეს რუსებმა”. შაიშმელაშვილის აზრით, არძინბას მთავარი მიზანი რუსეთში თავისი ადგილის გამონახვა, საკუთარ კარიერაზე და ფინანსებზე ზრუნვაა.

შაიშმელაშვილმა ასევე ისაუბრა ბიჭვინთის გასხვისებასა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გამოგზავნილ დიპლომატიურ ნოტაზე, სადაც მოსკოვი უკმაყოფილებას გამოთქვამს “ბიჭვინთის გადაცემის კანონპროექტის” იმ ნაწილზე, რომელიც რუსეთს აგარაკების მესამე პირისთვის გადაცემას უკრძალავს. “ნებისმიერი გამოსავალი ამ ვითარებიდან ძალიან დამამცირებელი იქნება აფხაზური მხარისთვის”, ფიქრობს შაიშმელაშვილი.

შაიშმელაშვილის აზრით, ამ დოკუმენტის “ხელახლა დატრიალება” ფეხის დაჭერა იქნება ისევ და ისევ იმ ადამიანების ღირსებაზე, რომელთაც აფხაზური ინტერესები აღელვებთ. ექსპერტი ასევე პროგნოზირებს, რომ ხელისუფლება ეცდება, “უცხო ქვეყნის აგენტების” კანონთან მიმართებაში აღარ გაიმეოროს იგივე შეცდომა, რაც ბიჭვინთასთან დაკავშირებით მოუვიდა, როდესაც კანონპროექტს საზოგადოებრივი წნეხის შედეგად რუსეთისთვის არასასურველი პუნქტი დაუმატა. “სწორედ ისეთ ვარიანტს მიიღებენ კანონის, რომელიც ახლა განიხილება”, ამბობს შაიშმელაშვილი.

ექსპერტმა ასევე ოჩამჩირეში მშენებარე რუსული სამხედრო საზღვაო ბაზა საქართველოს უსაფრთხოების კუთხით შეაფასა. შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბაზას აქტიურად გამოიყენებს და მხოლოდ პასიური დისცლორების ფუნქციას არ დააკისრებს, ამან შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ომში პირდაპირი ჩართულობა გამოიწვიოს.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის, უკრაინელებისთვის, არ იქნება რთული ასახსნელი, რომ ჩვენ არ გვაქვს ეფექტური კონტროლი ამ ტერიტორიაზე და იქ რაც ხდება ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”, ამბობს შაიშმელაშვილი და ამატებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მას საქართველოს ხელისუფლების პასიურობა აღელვებს, თუნდაც რიტორიკის დონეზე.

იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზაზე აზრი აფხაზური საზოგადოებისთვის არავის უკითხავს, შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ “აფხაზებისთვის ეს ბაზა არის თავის ტკივილი.” “აფხაზებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს ბაზა არ კეთდება მათი უსაფრთხოების გასაძლიერებლად”, ამბობს ექსპერტი.

შაიშმელაშვილმა ასევე ისაუბრა ე.წ. “სამოკავშირეო სახელმწიფოზე”, სადაც, თითქოს, აფხაზეთი რუსეთთან და ბელარუსთან ერთად უნდა შევიდეს. მკვლევარი აღნიშნავს, რომ “ამ წუთას არ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ აფხაზეთის სტატუსს იქამდე აწევენ რუსები და ბელარუსები, რომ ის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნში მათთან ტოლ-სწორ სუბიექტად გაერთიანდეს”.

“როგორ დასრულდება უკრაინის ომი დიდწილად განაპირობებს ამ საერთო სახელმწიფოს იდეას რუსეთსა და ბელარუსს შორის. თუ რუსეთი ახერხებს დომინაციის შენარჩუნებას კონტინენტის ამ ნაწილზე უკრაინის ომის შემდეგ, მაშინ მას აფხაზეთი უბრალოდ მიაქვს და მას თანაბარ სტატუსს არ მიანიჭებს”, აანალიზებს შაიშმელაშვილი.

შაიშმელაშვილი ასევე გამოეხმაურა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და იმ შესაძლო პერსპექტივებს, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზით გააჩინოს.

“თუ ჩვენ გავხდით ევროკავშირის წევრი, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად განსხვავებული სახელმწიფო ვხდებით ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც უმცირესობების მიმართ, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართ და კონფლიქტების შესაძლო სამხედრო გადაწყვეტის მიმართ”, ამბობს შაიშმელაშვილი.

“მე დღესაც ვგრძნობ ამას, რომ საქართველოს სახელმწიფო არ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარებას სამხედრო გზით (ამის ვალდებულება საერთაშორისო დონეზეც გვაქვს აღებული), თუმცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტი დანამდვილებით არ მოახდენს კონფლიქტებზე ზემოქმედებას ხისტი ძალის გამოყენებით,” ფიქრობს მკვლევარი.

“ამასთან, საქართველოს ექნება უფრო დიდი პოტენციალი გაზარდოს თავისი მიზიდულობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის თვალში,” ამბობს შაიშმელაშვილი. “ჩვენ ვაკვირდებით, სად გარბიან ადამიანები მთელი მსოფლიოდან, სად მიდიან ლტოლვილები და დევნილები, სად მიდის შრომითი მიგრაცია – ეს არის სწორედ ის ინსტიტუტები, შრომითი და ეკონომიკური ის ბაზარი, რომელსაც ევროკავშირი ქმნის”, ასკვნის ექსპერტი. მისი აზრით, ეს აფხაზებსაც აძლევს შანსს, რომ ერთიანი ევროპული ნორმატიული ძალის სივრცეში კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდეთ ახალ სახელმწიფოებრივ ერთეულზე.

“თუ წარმოვიდგენთ ვითარებას, რომ რუსეთი სუსტდება და ამ სივრცეში დასავლეთი შემოდის, განსხვავება 90-იანებთან შედარებით იქნება ის, რომ როგორც ჩვენ, ისე აფხაზურ ელიტას, ბევრად მეტი მოწიფულობა და რაციონალიზმი ექნება, ვიდრე მაშინ”, ასკვნის შაიშმელაშვილი.

დასკვნით კითხვაზე, თუ რა შეცვალა უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ქართულ-აფხაზურ პრიზმაში, შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ “უკრაინის ომის შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესი დასრულებულია”.

“მე მგონია, როგორც ყარაბაღის ომის, ისე უკრაინაში მიმდინარე ომის მაგალითებზე, აფხაზური საზოგადოებაც იაზრებს იმას, რომ რუსეთი არ მოქმედებს საკუთარი პარტნიორების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთშიც იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ვერ იქნება მათი უსაფრთხოების საბოლოო გარანტი”, ასკვნის მკვლევარი და ამატებს, რომ ამ შემთხვევაში, თბილისმა უფრო ხმამაღლა უნდა გააგონოს აფხაზურ საზოგადოებას თავისი სრულმასშტაბიანი ხედვა.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.