“ასეთი რამ აფხაზეთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა” | ეკონომისტი ახრა არისტავა ბიუჯეტის დეფიციტზე

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთის ბიუჯეტის დეფიციტი

აფხაზეთის 2024 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 1.4 მილიარდი რუბლია. “ბიუჯეტი მძიმე მდგომარეობაშია”, ამბობს ეკონომისტი ახრა არისტავა, რომელიც ჟურნალისტ ინალ ხაშიგს ონლაინ-გადაცემა “საუბარში” ეწვია.

“ასეთი რამ აფხაზეთის ისტორიაში არასოდეს მომხდარა და მსოფლიო ისტორიაშიც ასეთი დიდი თანხები მიუღებელია”, ამტკიცებს არისტავა.

ეკონომისტი ვარაუდობს, რომ 2024 წელს აფხაზეთს “ბიუჯეტური კრიზისი” ელის. “სერიოზული დანაკლისია ფინანსური რესურსების. არისტავა განსაკუთრებულ პრობლემებს ენერგეტიკის სფეროში ვარაუდობს.

მისი თქმით, ენერგეტიკაში მიღებული სატარიფო პოლიტიკა “ეფექტს არ გვაჩვენებს”.

“ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას ფაქტობრივად ყველაფერზე – წამლებზე, საკვებზე, ბენზინზე, მაგრამ მოსახლეობის შემოსავლების ზრდა არ აჭარბებს ინფლაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხის რეალური შემოსავლები მცირდება”, ამბობს არისტავა.

არისტავა ფიქრობს, რომ დადებითი ეკონომიკური ძვრებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიცაა საჭირო.

ეკონომისტის აზრით, ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუციები ახლა რასაც აღწევენ, თუნდაც გეგმის გადაჭარბების თვალსაზრისით, საკმარისი არ არის, რომ სახელმწიფო ხარჯების მინიმალური დონე იყოს უზრუნველყოფილი. არისტავა ამბობს, რომ ეს პირდაპირ ეხება “ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასაც”.

არისტავა ასევე საუბრობს ადგილობრივი მწარმოებლების დაცვაზე, რაც იმპორტირებულ პროდუქტებზე დამატებითი გადასახადის დაწესებასაც გულისხმობს.

ამ მხრივ, მისი აზრით, კომპლექსური ზომების მიღებაა საჭირო, რომელიც მრავალი მიმართულებით დაეხმარება ადგილობრივ მწარმოებელს.

ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტად არისტავას “ხანგრძლივი კრედიტები” ესახება, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

“სახელმწიფომ ყველანაირად უნდა წაახალისოს და დაიცვას [ადგილობრივი მწარმოებელი]. რესურსები ამ პროექტებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმეა. აუცილებელია საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტურად დახარჯვა”, ასკვნის არისტავა.

არისტავა ასევე საუბრობს აფხაზეთის სატრანზიტო პოტენციალზე, მათ შორის, აფხაზეთის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო ხაზზე.

ამ მხრივ, არისტავა ფიქრობს, რომ მთავარი შემაფერხებელი თბილისის პოზიცია და “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონია”.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.