თენგიზ ჯოპუა: „თბილისის მიერ გატარებული პოლიტიკა ხელს უშლის აფხაზეთის ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებას და მის ინტეგრაციას საერთაშორისო თანამეგობრობაში“

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

Abkhazia-Inform-ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუების სერიას მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებთან აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მის განვითარებაზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების შესახებ, საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს აფხაზეთისთვის, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პოლიტიკური პოზიციების დათმობის გარეშე გარე სამყაროსთან კონტაქტისთვის გზების განბლოკვა.

მანანა გურგულიას კითხვებს საზოგადო მოღვაწე თენგიზ ჯოპუამ უპასუხა.

– თენგიზ, როგორ ფიქრობთ, რამდენად თავისუფლად ვითარდება აფხაზეთი? რა ფაქტორები უშლის ხელს მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და კულტურულ განვითარებას?

თენგიზ ჯოპუა: ძირითადი ფაქტორი – ეს არის აფხაზეთის რესპუბლიკის ნაწილობრივი აღიარება. ამ ფაქტორს ასევე ემატება პოლიტიკა, რომელსაც საქართველო აწარმოებს აფხაზეთთან მიმართებით. საუბარია ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო დგამს გარესამყაროსგან აფხაზეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული იზოლაციის მიზნით. ფაქტობრივად იზოლაცია მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს, დაწყებული კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, დასრულებული საგარეო-პოლიტიკური და საგარეო-ეკონომიკური კავშირებით.

ეს არის ძირითადი, საკვანძო ფაქტორები, რომლებიც აფერხებს რესპუბლიკის განვითარებას. ერთმნიშვნელოვნად! მაგრამ შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებიც ასევე. ახალგაზრდა რესპუბლიკაა, ჯერჯერობით მისი ჩამოყალიბების, პოლიტიკური კულტურის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს. ისე ჩანს, რომ უკვე 25 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ მაინც, ეს ჯერ კიდევ არ არის ის ასაკი სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ისტორიული გზა გაიარეს საუკუნეების განმავლობაში. ჩვენ ასეთი დროის რეზერვი არ გვაქვს. თანამედროვე მსოფლიოში ყველაფერი ძალიან სწრაფად, დინამიკურად იცვლება და ჩვენთვის აუცილებელია დაჩქარებული ტემპებით განვითარება.

რატომ იგვიანებს ჩვენთან მოდერნიზაციის პროცესი?

– მიმაჩნია, რომ მოდერნიზაციის პროცესს ხელს უშლის როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორები. იზოლაციონისტური პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს, ხელს უშლის ჩვენს საგარეო კონტაქტებს, ხელს არ უწყობს მოდერნიზაციას, ხელს უშლის ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებასა და საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციას.

თანამედროვე მსოფლიოში არის იმის მაგალითები, რომ სახელმწიფოთაშორისი, საგარეო-პოლიტიკური პრობლემების არსებობისას ქვეყნები ურთიერთქმედებენ ეკონომიკურ სფეროში. არის პოსტკონფლიქტური ზონის ქვეყნები, სადაც პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხები ერთმანეთისგან გამოყოფილია და სახელმწიფო ვითარდება. მათ შორის სხვადასხვა წინააღმდეგობის არსებობის მიუხედავად, ეკონომიკური განვითარება მაინც მიმდინარეობს. ჩვენთან კი ყველაფერი პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. საქართველო ყველაფერს პოლიტიკას უკავშირებს, ისეთ საკითხებსაც კი, რომლებიც, თითქოს, შორს არის პოლიტიკისგან – ჩვენი ბავშვთა სახელოვნებო კოლექტივების გასტროლები საზღვარგარეთ ან ახალგაზრდა სპორტსმენების გამოსვლები საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ის ყველანაირ დაბრკოლებას უქმნის აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე. საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა ჩვენ პრობლემები შეგვიქმნას. გვიზღუდავენ მსოფლიოში თავისუფალ გადაადგილებას. საქართველო ამ დისკრიმინაციულ პოლიტიკას აფხაზეთთან მიმართებით მთელი ომისშემდგომი პერიოდის განმავლობაში ატარებს.

და თუ პრაგმატული მიდგომით ვიხელმძღვანელებთ, მსგავსი პოლიტიკა თვითონ საქართველოსაც უშლის ხელს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში იმყოფება, ამიტომ, ჩვენ რომ თავისუფლება გვქონდეს, არ გვქონდეს დაწესებული შეზღუდვები სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ კავშირებზე, ეს, ჩემი წარმოდგენით, ხელს შეუწყობდა დიდ სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენი გავლით გადის სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჩვენი მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური კავშირების დამყარება უზარმაზარ გაყიდვის ბაზრებთან. რუსეთი – ეს არის გაყიდვების კოლოსალური ბაზარი. ჩვენ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი ვართ ამიერკავკასიის რესპუბლიკებისთვისაც. მაგრამ, ამის მიუხედავად, საქართველო ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა დაგვბლოკოს ყველა მიმართულებით, ნაკლებად მნიშვნელოვანი მიმართულებითაც კი.

არცთუ ისე იშვიათად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენს ბიზნესმენებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზოგიერთ კომპანიას შორის კავშირების დამყარების შედეგად მცირე საცალო ობიექტების გახსნაც კი აღშფოთების ქარიშხალს იწვევს საქართველოში, ყველანაირი გაბრაზებული განცხადებები მოდის ოფიციალური თბილისის მხრიდან. საქართველო ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს აფხაზეთის მიერ ეკონომიკური კავშირების დამყარებას გარესამყაროსთან, როგორც სახელმწიფო დონეზე, ისე ცალკეული ბიზნესმენების დონეზე.

– არ შემიძლია არ დაგისვათ კითხვა: როგორ ფიქრობთ, შეგვიძლია, როგორც ომში გამარჯვებულ ქვეყანას, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველოსთან კონფლიქტი დარეგულირებულია? რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩვენს საზოგადოებაში ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებებია.

– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომელი მხრიდან შევხედავთ. მთავარი ამოცანა გადავჭერით – ომში გავიმარჯვეთ, დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ვაშენებთ სახელმწიფოს, თუნდაც სირთულეებით. ამასთან ერთად, ეს კონფლიქტი არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, აისახება სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ხომ ჩაკეტილი სახელმწიფო არ ვართ, ჩვენთვის აუცილებელია გადავჭრათ შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა სახის პრობლემები, მაგრამ ასევე დავამყაროთ სხვადასხვა სახით, მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური კავშირები გარესამყაროსთან. კონფლიქტი ხელს უშლის ჩვენს განვითარებას, აკავებს გარკვეულ პროცესებს. პრობლემა არსებობს და ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ.

კონკრეტულად რაში ვლინდება ეკონომიკაში არსებული შეზღუდვები?

– უპირველეს ყოვლისა – ეკონომიკურ და საგარეო ვაჭრობის სფეროებში. ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ ჩაკეტილი ვართ კაპიტალისთვის, ტექნოლოგიებზე წვდომაზე ჩვენს ქვეყანაში. არ შეგვიძლია ვისარგებლოთ უცხოური ინვესტიციებით იმ დოზით, რომელიც ხელმისაწვდომია სხვა სახელმწიფოებისთვის. ეს აჩერებს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენი ეკონომიკის საკვანძო სფეროები – ეს არის ტურისტული და აგრარული სექტორი. მაგრამ ყველაზე მეტად, ვფიქრობ, ამ სიტუაციისგან ზარალდება საკურორტო-ტურისტული სფერო, იმიტომ რომ, ბაზრის შესაძლებლობები შეზღუდულია. გასასვლელი მხოლოდ რუსულ ბაზარზე გვაქვს. მართალია, რუსული ბაზარი საკმაოდ დიდია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბაზრის დივერსიფიკაცია გაზრდიდა ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს.

ზარალდება აგრარული სექტორიც, რადგან ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის სფეროში გვაქვს პოტენციალი. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია ევროპაში. ჩვენ რომ მისი გატანის შესაძლებლობა გვქონდეს ამ ქვეყნებში, იქ კი საკმაოდ მაღალი ფასებია ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე, მაშინ მისი წარმოება საკმაოდ რენტაბელური გახდებოდა. ამ სფეროში დიდი უპირატესობა გვექნებოდა. მაგალითად, იმავე თხილეულზე: საქართველო სერიოზული მონაწილეა ამ ბაზრის, ჩვენ კი ყველანაირად გვბლოკავს. და ასეა ფაქტობრივად ყველა სფეროში.

– როგორ შეაფასებთ აფხაზეთის დანაკარგებს მსგავს შეზღუდვებთან დაკავშირებით?

– არის რიცხვი – 11.5-12 მილიარდი ამერიკული დოლარი. ეს არის ზარალი, რომელიც ომმა მოგვაყენა. და როგორ შევაფასოთ ხელიდან გაშვებული სარგებელი? ეს ძალიან რთულია.

რამდენად არსებითია ჩვენს ქვეყანაზე გამავალი კომუნიკაციების დაბლოკვის გამო, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების დანაკარგები? 

– ყველაზე მეტად სომხეთი ზარალდება გაყიდვების ბაზარზე გასვლის შესაძლებლობის ნაკლებობის გამო, სადაც კარგად არის განვითარებული აგრარული სექტორი. მთელი პროდუქცია, პირველ რიგში, გათვლილია რუსეთის ბაზარზე. სომხეთს კი ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან, სატრანსპორტო დერეფნის არარსებობა კი მთლიანობაში ნეგატიურად აისახება, რომ არ ვთქვათ – კრიტიკულადაც კი, ამ ქვეყნის ეკონომიკაზე.

სხვა რესპუბლიკებისთვის, მაგალითად, აზერბაიჯანისთვის, ეს დერეფანი ნაკლებად საინტერესოა. მას სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფანი ჩვენი ქვეყნის გვერდის ავლით აქვს. სომხეთისთვის კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რკინიგზას და საავტომობილო გზას, ზღვაზე გასასვლელით. სომხეთში ნამყოფი ვარ, ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი.

– ჩვენთან გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე, აზრი არ აქვს მასთან გარკვეული მოლაპარაკებების წარმოებას.

– ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი მაქვს. მიმაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, თუკი ეს მოხერხდება. პოლიტიკურ საკითხებზე შეხების გარეშე, საქართველოს შეეძლო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აფხაზეთთან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული კავშირების ბლოკირების პოლიტიკის დასასრულებლად.

თუ საქართველოს მიერ განბლოკვის შედეგად ჩვენ გვექნება შეუფერხებელი წვდომა მსოფლიო ეკონომიკაზე, როგორც ეს სხვა პოსტკონფლიქტურ ზონებშია, ეს შექმნის წინაპირობებს თავად საქართველოსთან ეკონომიკური კავშირებისთვის.

ვერ ვიტყვი, რომ ეს მომწონს, მაგრამ იძულებულები ვართ და ვალდებულებიც კი, გამოვიყენოთ ნებისმიერი საშუალება გარესამყაროსთან ჩვენი ურთიერთკავშირის გასაფართოებლად. ჩვენ ძალიან რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში ვართ. ჩვენთვის აუცილებელია მოვძებნოთ დამატებითი შესაძლებლობები იმისათვის, რომ განვავითაროთ შიდა ბაზარი. მუდმივად რომელიღაც სახელმწიფოზე დამოკიდებული ყოფნა – არასწორია. ეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეკონომიკის დივერსიფიკაცია უნდა მოვახდინოთ, უნდა განვავითაროთ სხვადასხვა სფერო.

ახლა, დღევანდელ სიტუაციაში, საქართველოსთან ვაჭრობის წინააღმდეგი ვარ. რატომ მიმაჩნია ასე? დიახ, იმიტომ რომ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას ქართულმა მხარემ, ის ყველაფერს ჩვენ საზიანოდ აკეთებს. არანაირი პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ ჩანს. აიღეთ იგივე კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“…

როდესაც იმაზე საუბრობთ, რომ საქართველომ უნდა განბლოკოს აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების გზები, რა გაქვთ მხედველობაში?

– საქართველომ არ უნდა დაბლოკოს სხვა ქვეყნებთან აფხაზეთის ეკონომიკის სხვადასხვა სუბიექტის ეკონომიკური კავშირები, იქნება ეს სახელმწიფო თუ ცალკეული ბიზნესმენები. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მიღებით და სხვა შემზღუდავი მექანიზმებით, საქართველომ ჩვენი ტერიტორია ჩაკეტა ბევრი მსხვილი კომპანიისთვის, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებენ. ის არა მხოლოდ კაპიტალის ექსპორტს კრძალავს აფხაზეთში, არამედ ტექნოლოგიების ექსპორტსაც. ჩვეულებრივი საოფისე აღჭურვილობის ოფიციალურად შემოტანაც კი არ შეგვიძლია აფხაზეთში. ჩვენს ქვეყანაში შემოტანილი მაღალტექნოლოგიური საქონლის უმეტესი ნაწილი იმპორტირებულია „ნაცრისფერი სქემებით“, გამონაკლისია მხოლოდ რუსეთში წარმოებული. ჩვენი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეები ვერ აფორმებენ კონტრაქტებს მსხვილ მწარმოებლებთან ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამის გამო ზარალდება მომხმარებელი ქვეყანაში, იმპორტირებული საქონლის საფასური, რომელიც ქვეყანაში რთული სატრანსპორტო-ლოგისტიკური სქემებით შემოდის, იზრდება, ჩვენს ბანკებს არ აქვთ პირდაპირი წვდომა საერთაშორისო საფინანსო სისტემაზე, კაპიტალის ბაზარზე, უმოქმედოა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ა.შ.

მაგალითად, კოსოვოსა და სერბეთის ურთიერთობებში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მათ მოახერხეს პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების გამიჯვნა. სერბეთი არა მხოლოდ ხელს არ უშლის კოსოვოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გარკვეულწილად ეხმარება კიდეც.

საქართველომ რომ აფხაზეთისთვის დაწესებული შემზღუდავი ზომები მოხსნას, გამოჩნდებოდა საფუძველი იმისათვის, რომ ვისაუბროთ ჩვენ შორის გარკვეულ ვაჭრობაზე. მაგრამ ამ მომენტამდე, პერსპექტივებს ვერ ვხედავ.

საქართველოსთან ტრანსნაციონალური ვაჭრობის საკითხების ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებას აზრი არ აქვს. საქართველო არასოდეს დათანხმდება ჩვენს აღიარებას საგარეო ზეწოლის გარეშე. ამის ლოდინს და არსებობას ავტარკიულ მდგომარეობაში აზრი არ აქვს. ეს არის დამაზიანებელი პოლიტიკა ჩვენს ქვეყანასა და ხალხთან მიმართებით და ფაქტობრივად ხელს უწყობს ჩვენს იზოლაციას.

იმ პირობით, რომ ქართული მხარე შეწყვეტს აფხაზეთის ბლოკირების სახელმწიფო პოლიტიკას ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით, ჩემი აზრით, შესაძლებელია, განვიხილოთ სავაჭრო თანამშრომლობის საკითხი. მანამდე კი საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ტვირთის გადაადგილებაზე აკრძალვა უნდა მოქმედებდეს. ერთადერთი, რაც არ მომწონს, რა ფორმით ხორციელდება ეს შეზღუდვა. მაგალითად, მე ძალიან მინდა, რომ აფხაზეთის საქართველოსთან საზღვრის სტატუსი მკაფიოდ იყოს აღნიშნული. თუკი ეს ფრონტის ხაზია, მოდი, მოვაშოროთ იქ არსებული ყველა სამსახური, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ იქ და განვათავსოთ თავდაცვის სამინისტროს ძალები და საშუალებები.

თუკი ეს სახელმწიფო საზღვარია, მაშინ ჩვენთან, აფხაზეთის რესპუბლიკაში მოქმედებს ერთიანი საბაჟო კანონმდებლობა, ერთიანი ეკონომიკური სივრცე გვაქვს და არ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც ანკლავები, იმისგან დამოუკიდებლად, რომელ სახელმწიფოს ვესაზღვრებით.

მიმაჩნია, რომ აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე უნდა იდგეს ისეთივე გამშვები პუნქტი, როგორიც არის „ფსოუს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ გამშვები პუნქტის დადგმა სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ვალდებული ვართ ვივაჭროთ. მსოფლიოში არსებობს ცივილიზებული, საერთაშორისო ვაჭრობის გასაგები საშუალებები. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სავაჭრო-პოლიტიკური რეჟიმი ამ სახელმწიფოსთან თქვენი ურთიერთობების გათვალისწინებით და ნებისმიერი სხვა ქვეყანა მიხვდება, რატომ მიმართავთ გარკვეულ ზომებს. ის კი, რასაც ახლა ვაკეთებთ, სულ მცირე, უცნაურად გამოიყურება. საზღვარი დაკეტილიც არის და ღიაც, ის ხან იკეტება, ხან იხსნება. თუკი ეს ვინმესთვის სასარგებლოა, თუ ვინმეს პირად, ჯგუფურ ან სახელმწიფო ინტერესებს შეესაბამება, მაშინ იხსნება და მისი საშუალებით შეიძლება გარკვეული საქონლის ტრანსპორტირება. თუ გახსოვთ, გვქონდა ასეთი სიტუაცია თხილეულის ექსპორტთან დაკავშირებით. ეს არასწორია, ამის გაკეთება არ შეიძლება.

ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი ხნის განმავლობაში აფხაზეთ-საქართველოს საზღვარზე უზარმაზარი ჩრდილოვანი ტვირთბრუნვა იყო. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ტვირთბრუნვა დიდწილად შეაჩერა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა, რომელმაც გადაკეტა გადასასვლელები საკონტროლო ზონის გარეთ. რუსი მესაზღვრეების წყალობით, ჩრდილოვანი ტვირთბრუნვის მოცულობა მკვეთრად შემცირდა. უკვე რუსი მესაზღვრეების პირობებში, ტვირთბრუნვა წავიდა ოფიციალური გამშვები პუნქტის გავლით, თუმცა, პანდემიის გამო, ბოლო პერიოდში ასევე შემცირდა.

მიმაჩნია, რომ წესრიგი უნდა დავამყაროთ საზღვრის ამ მონაკვეთზე. ყველაფერი უნდა იყოს გასაგები და გამჭვირვალე. ჩვენ საზღვრის ამ მონაკვეთზე ჰუმანიტარულ და ტექნიკურ ტვირთს ვატარებთ. მაგრამ ხანდახან სახელმწიფოს უჩნდება აუცილებლობები გარკვეული აღჭურვილობის, რაღაც სხვა საქონლის შემოტანის, რომლის შემოტანაც შეუძლებელია რუსეთის ფედერაციის გავლით. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, მათ შორის, საზღვრის ეს მონაკვეთი, ეს დერეფანი, სატრანსპორტო კავშირი საქართველოს გავლით. დიახ, არ გვაქვს სამშვიდობო შეთანხმება დადებული, მაგრამ მოქალაქეების კეთილდღეობა, სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიც ასევე მნიშვნელოვანია. იმით, რომ გარკვეული საქონელი შემოდის საქართველოს გავლით, თუკი ეს აფხაზეთისთვის აუცილებელია, არ ნიშნავს, რომ ამით ზიანი ადგება სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

სახელმწიფო უსაფრთხოება იმ შემთხვევაში დაზარალდება, თუკი ახლანდელ ვითარებაში საქართველოსთან ვაჭრობა მასობრივ ხასიათს მიიღებს, გაიზრდება სავაჭრო პროცესის მონაწილეთა რიცხვი. მონაწილეთა რიცხვის გაზრდა გამოიწვევს ეკონომიკური კავშირების გაზრდასაც. ამის გარეშეც, საზღვრისპირა გალის რაიონი ეკონომიკურად, სოციალურად და კულტურულად გაუცხოებულია დანარჩენი აფხაზეთისგან. იქ ადგილი აქვს სახელმწიფოს ეკონომიკური სივრცის დარღვევას. და ეს სახელმწიფოს ეკონომიკური სივრცის დარღვევა ჩვენი ხელით მოხდა, იმიტომ რომ, ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდით ამ რეგიონს. თავიდანვე არასწორად მოვიქეცით, ვაქციეთ ის ერთგვარ ანკლავად, შეგნებულად გამოვყავით ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილისგან.

– რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ ეს რაიონი ქვეყნის ძირითადი ნაწილისგან გამოვყავით?

– თუ გახსოვთ, იყო პერიოდი, როდესაც არხზე გავლებული იყო ერთგვარი ვირტუალური საზღვარი. საბაჟოც კი არხის ხაზზე იყო. ჩვენ ფაქტობრივად საბაჟო საზღვარი სახელმწიფო საზღვრიდან ქვეყნის შიგნით გადმოვიტანეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საზღვრისპირა ტერიტორია ეკონომიკურად მოვწყვიტეთ ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიიდან, რითაც ხელი შევუწყვეთ საზღვრისპირა რეგიონის ეკონომიკური და სოციალური კავშირების გაძლიერებას მეზობელ მხარესთან. არსებობს ასეთი წესი: როდესაც იწყება ვაჭრობა, ომი მთავრდება. ადამიანებმა ვაჭრობა დაიწყეს, კავშირები გაიზარდა, ურთიერთობები გაფართოვდა.

ჩვენ, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტრუქტურაში გვაქვს გალის საბაჟო სამმართველო, როგორც ცალკე სტრუქტურა. ის ჩამოყალიბებულია ტერიტორიული ნიშნით, განსხვავებით ყველა სხვა სამმართველოსგან. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. გალის რაიონის ტერიტორია უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი. იქ უნდა გატარდეს სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნები, რათა იქ მცხოვრები ადამიანები მოვწყვიტოთ საქართველოს ან, თუნდაც, ჩვენს მხარეს შემოვაბრუნოთ. მაგრამ ამ პოლიტიკას არავინ არ ატარებს, არავის არ სჭირდება.

ამ რაიონში უკვე კონკურენციაში შესვლა მოგვიწევს მეზობელ მხარესთან. იქ ეკონომიკური, სოციალური კონკურენცია უნდა იყოს. ამ რაიონის მცხოვრებლები „მიბმულები“ არიან საავადმყოფოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს საქართველოში.

იქ საერთოდ ძალიან ბევრი პრობლემაა. არ მომწონს, როდესაც ყოველთვის ცდილობენ ისპეკულირონ საზღვრის თემით. მთელი ეს პოლიტიკური სპეკულაცია უნდა შეწყდეს. იქ წესრიგი უნდა დამყარდეს. იქ ისეთივე საკანონმდებლო პროცედურები უნდა მოქმედებდეს, ისეთივე კონტროლის ნორმები, როგორიც აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

და რაც შეეხება საქართველოდან შემოსულ საქონელს, გვაქვს კანონი საბაჟო ტარიფის შესახებ, არსებობს არასატარიფო ღონისძიებების სისტემა, შეგვიძლია ამოვირჩიოთ ჩვენთვის მისაღები სავაჭრო-პოლიტიკური რეჟიმი. ასეთი ფორმა უფრო ცივილიზებული და გასაგებია მთელი მსოფლიოსთვის. ერთადერთი, რაც მსურს, მინდა, რომ ვითარება საზღვარზე იყოს გასაგები და გამჭვირვალე, რათა ყველას ესმოდეს, იქ რა ხდება, რათა სიტუაცია არ იცვლებოდეს პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე ან სხვა კონიუნქტურაზე დამოკიდებულებით.

– რომელი ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთისთვის გარღვევა სანქციების მოხსნის პირობებში?

– ამის განსჯა ძალიან რთულია.

– და საერთოდ, რომელიმე პროექტი შესაძლებელია? პერიოდულად საუბრობენ სატრანსპორტო დერეფნის იდეაზე.

– თუკი საუბარია ტვირთის ტრანზიტზე რკინიგზის საშუალებით, აქედან განსაკუთრებით დიდ ეკონომიკურ დივიდენდებს ვერ მივიღებთ, მაგრამ შეიძლება იყოს პოლიტიკური დივიდენდები, იმიტომ რომ, ამ დერეფნით ძალიან არიან დაინტერესებული რუსეთი და სომხეთი.

მსოფლიო ბაზრებზე აფხაზეთის შეუფერხებელი დაშვების შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს უცხოური ფინანსების მოცულობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, მისცემს მულტიპლიკატორულ ეფექტს, აისახება სოციალურ სფეროსა და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

რაც შეეხება ენერგეტიკულ პროექტებს, რამდენადაც ჩვენს ქვეყანას დიდი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი აქვს, შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, აქ შეიძლება ინვესტიციები შემოვიდეს. იმის გათვალისწინებით, როგორ ვითარდება მაინინგის ბაზარი და იზრდება კრიპტოვალუტის კურსი, ინვესტორებისთვის შეიძლება საინტერესო ყოფილიყო აქ არსებული პოტენციალის გამოყენება სიმძლავრეების გენერირების ობიექტების მშენებლობისთვის. ისევ და ისევ, ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ეკონომიკური შეზღუდვები საქართველოს მხრიდან. 

კონკრეტულად რაღაც პროექტებზე საუბარი არ შემიძლია. ეს ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში აფხაზეთის მსოფლიო ბაზრებზე სრული წვდომის შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობაც კი არ გაუანალიზებია არავის, მით უფრო, გათვლები გაეკეთებინოს.

– ვინ შეიძლება იყოს აფხაზეთის მოკავშირე ეკონომიკური განვითარების გზების განბლოკვის პროცესში?

– რუსეთს საქართველოსთან ძალიან რთული ურთიერთობები აქვს, სომხეთის ურთიერთობაც არ არის მარტივი საქართველოსთან. და მაინც, რუსეთს ესაჭიროება სატრანსპორტო დერეფანი აფხაზეთის გავლით სომხეთთან დასაკავშირებლად, რომელიც მისი საკვანძო პარტნიორია ამიერკავკასიაში. რაც შეეხება საავტომობილო დერეფანს, მისი გამტარუნარიანობა სარკინიგზოზე გაცილებით დაბალია, და საავტომობილო გზა გაყვანილია რთულად გადასაადგილებელ რელიეფზე.

რკინიგზა აუცილებელია რუსეთისთვის, რათა ეკონომიკურად მხარი დაუჭიროს თავის მოკავშირეს ამიერკავკასიაში. საერთო-ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის აუცილებელია სატრანსპორტო კავშირი. გარდა ამისა, სატრანსპორტო დერეფანმა რუსეთს შეიძლება ირანზე გასასვლელი მისცეს, რომელიც ასევე მისი საკვანძო პარტნიორია. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთის ინტერესებშია და მას შეეძლო მოკავშირე გამხდარიყო ამ პრობლემის გადაჭრაში.

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ძალიან არასტაბილურია, გაუგებარია, რა მოხდება მათ შორის ხვალ, ზეგ. მეეჭვება, რომ უახლოეს მომავალში საკითხი მოგვარდეს.

– უშვებთ თუ არა დღეს საქართველოსთან გარკვეული ეკონომიკური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას? რა დამოკიდებულება ექნება ასეთ ინიციატივასთან ჩვენს საზოგადოებას?

– ვფიქრობ, რა ვარიანტებზე ან პროექტებზეც არ უნდა იყოს საუბარია, განხილვა უნდა მოხდეს, პირველ რიგში, სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფოს კონტროლის პირობებში.

არ უნდა დავივიწყოთ, მით უმეტეს, ყარაბაღის მაგალითის გათვალისწინებით, რომ ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის პრიორიტეტულ ამოცანად უნდა დარჩეს. პირველ რიგში უსაფრთხოება, შემდეგ კეთილდღეობა.

სწორედ სახელმწიფომ, თუკი ამას საჭიროდ და სასარგებლოდ ჩათვლის, უნდა დაიწყოს ეს პროცესი, გარკვეული პირობების ჩამოყალიბებით, რომელიც მოგებიანია აფხაზეთისთვის, პირობების, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებზე.

თუკი თუნდაც დავუშვებთ, აფხაზეთი და საქართველო ურთიერთქმედებენ ეკონომიკის სფეროში, სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ეს პროცესი, შეიძლება მისი მონოპოლიზაციაც კი მოახდინოს, რათა შეზღუდოს იმ სუბიექტების რაოდენობა, რომელთაც ამ პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ.

შეიძლება მოისმინოთ მოსაზრება, რომ მოლაპარაკებების წარმოება დასაშვებია რაღაც სხვა დონეზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ აფხაზური საზოგადოება ამას დადებითად არ შეხვდება. მოლაპარაკებების პროცესს უნდა აწარმოებდეს და აკონტროლებდეს სახელმწიფო. მას უნდა ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა ამ პროცესში.

თუკი სახელმწიფო, ქვეყანაში არსებული პრობლემის მასშტაბებისა და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით იმაზე წავა, რომ გარკვეული ურთიერთობები დაალაგოს ეკონომიკის სფეროში, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მიერ აფხაზეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის მოხსნის პირობით.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.