შიშისა და პირმოთნეობის სინდრომი | მოსაზრება

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

პოლიტიკა აფხაზეთში

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “ეხო კავკაზას” ვებგვერდზე. სტატიის ტექსტი და ტერმინოლოგია გადატანილია ცვლილებების გარეშე. ყველა უფლება ეკუთვნის ეხო კავკასუსს. გამოქვეყნების თარიღი: 2024 წლის 04 მარტი.

„ნუჟნაია გაზეტას“ რედაქტორი იზიდა ჭანია პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის აუცილებლობაზე და აფხაზეთის ხელისუფლების ამჟამინდელ პრობლემებზე წერს.

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის აუცილებლობაზე თითქმის თანამედროვე აფხაზური სახელმწიფოს შექმნის დღიდან ვსაუბრობთ. ეს იდეა პირველად ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთმა შემქმნელმა ზურაბ აჩბამ გააჟღერა. კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მან აღიარა, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ჩვენი სახელმწიფოს არსებობას. მაგრამ არა იმიტომ, რომ ის ნათელმხილველი იყო, არამედ იმიტომ, რომ გააცნობიერა – პრეზიდენტის უფლებამოსილებები საზოგადოების კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო.

თვალსაჩინოებისთვის, უფლებადამცველ ზურაბ აჩბას მიერ გაზეთ „ნუჟნაიასთვის“ მიცემულ 1999 წლის ინტერვიუდან ნაწყვეტს მეასედ მოვიყვან:

„თუ ძალაუფლებას დამშეული და ეგოისტი ავაზაკი მოახერხებს ხელისუფლებაში მოსვლას, ის შეძლებს, ისე გამოიყენოს ბოროტად ძალაუფლება, რომ ერთი ნაბიჯითაც კი არ გასცდეს თავის გამოკვეთილ უფლებამოსილებებს. მას შეეძლება, როგორც მოესურვება, ისე გამოიყენოს და გაძარცვოს ხალხი. კანონიერი მართლმსაჯულება მას ვერც კი შეეხება“.

და ყველაფერი როგორც ითქვა, სწორედ ისე მოხდა ჩვენთან. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ზურაბ აჩბამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება პრეზიდენტის მეფური უფლებამოსილებების მიმართ, საზოგადოება, საპრეზიდენტო კანდიდატები ხელისუფლების გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულის აუცილებლობაზე საუბრობდნენ – იმაზე, რომ სახელმწიფოს მეთაურის ქმედებები უნდა გაკონტროლდეს, უნდა გადანაწილდეს უფლებამოსილებები პარლამენტსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს შორის და ხელისუფლების სამივე შტოს ნამდვილი დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოს.

მაგრამ ყველაფერი იმაზე შორს არ წასულა, ვიდრე უბრალოდ საუბარი და ცვლილებებისთვის მზადყოფნის იმიტაცია – შეიქმნა და დაიშალა საკონსტიტუციო რეფორმის კომისიები, დეპუტატობისა და პრეზიდენტობის კანდიდატებმა ფიცულობდნენ, რომ მზად არიან სისტემის რეფორმირებისთვის. მაგრამ მათ ან იცრუეს, ან „უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს“. სინამდვილეში კი დარჩა ავტორიტარული რეჟიმი, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, მაღალი ღობეები, განსხვავებული აზრის მქონეთა დევნა, კორუფცია და „სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი“, რომელიც ხელისუფლებისა და მათი დაცვის წევრების შენახვას ძლივს ჰყოფნის.

პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების ნაწილის ჩამორთმევის მიმართ სურვილის ნაკლებობის სადემონსტრაციოდ, მე დავუბრუნდები პარლამენტის ბოლო სესიას 28 თებერვალს, რომელიც შესანიშნავად მეტყველებს იმაზე, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ პარლამენტიც კი არ არის მზად სახელმწიფოს მეთაურს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საშუალება წაართვას.

პარლამენტის დღის წესრიგში სასამართლო სისტემის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი იდგა. კანონი კონსტიტუციურ ცვლილებას გულისხმობს, შესაბამისად მასში ცვლილებების მისაღებად კვალიფიციური უმრავლესობა იყო საჭირო.

ჩვენ ვსაუბრობდით წვრილმან ცვლილებებზე – არა პრეზიდენტის გავლენის შეზღუდვაზე სასამართლო სისტემაზე, არამედ მის ქმედებებში ერთგვარი დასაბუთებულობის შემოტანაზე, რადგანაც კანონი პრეზიდენტს მოსამართლეების საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლის კანდიდატურის უარყოფის უფლებას აძლევს. არავისთვის, მათ შორის არც მოსამართლეებისთვის არ არის გასაგებია (ან სრულიად გასაგებია), რით ხელმძღვანელობს სახელმწიფოს მეთაური, როდესაც სპეციალისტების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურაზე უარს ამბობს.

მოსამართლეს ან არ აღმოაჩნდა სწორი პოლიტიკური ორიენტაცია, ან არ იყო საკმარისად მოქნილი პრეზიდენტისთვის, ან არ იყო დაკავშირებული ოჯახთან ან სხვა ნეპოტისტურ რგოლებთან. სწორედ ამიტომ, პროექტის ავტორმა დეპუტატმა გიცბამ თავის კოლეგებს კანონში მცირედი შესწორებისა და გარკვეული სიცხადე შეტანა შესთავაზა, რომელიც დაკავშირებულია საერთო იურისდიქციის სასამართლოებსა და საარბიტრაჟო სასამართლოებში მოსამართლეთა თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევასთან. მისი მიხედვით, პრეზიდენტმა უნდა დაასაბუთოს თავისი უარი შემოთავაზებულ მოსამართლესთან დაკავშირებით.

სინამდვილეში, ეს ცვლილება პრეზიდენტის სრულფასოვან გავლენას მოსამართლეებზე არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა, რადგანაც გარანტიები ისედაც ჩაშენებულია ККС-ის (Квалификационная коллегия – საკვალიფიკაციო კოლეგია) ფორმირების სისტემაში (მთავრობის ექვსი წარმომადგენელი და ერთი უნივერსიტეტიდან). ცვლილებები შეთავაზებული იყო დასამუშავებლად (პირველი მოსმენით), ხოლო ავტორებს არ გააჩნდათ სურვილი „პირველ, მეორე და ბოლო მოსმენაზე“ ერთბაშად, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას უყვარს თავისი კანონპროექტების წარდგენისას. თუმცა, ამ ინიციატივის „დაკრძალვა“ დიდი ხნით ადრე დაიწყო, სანამ პროექტი დეპუტატებს საერთოდ განსახილველად წარედგინებოდა. მას შემდეგ, რაც კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განსახილველად წარადგინეს, პარლამენტის იურიდიულ-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის „არ შეესაბამება სამართლებრივი და ტექნიკური გაფორმების წესებს“.

ამ ფონზე დისკუსია სწრაფად წარიმართა: პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა, როგორც დეპუტატებმა, ასევე პრეზიდენტის წარმომადგენლებმა პარლამენტში (მათ შორის გენპროკურორსაც ვთვლი) სწრაფად გამოთქვეს ძალიან ბუნდოვანი უთანხმოება ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანურ ენაზე ასე ჟღერს: არავის აქვს უფლება შეზღუდოს ჩვენი მონარქის ძალაუფლება. ამ სხდომას არ ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ეს გასაგებიცაა – პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა მისგან დაცულ საიდა ბუტბას არ შეეძლო, კანონპროექტზე დათანხმების საშუალებას კი “მადლიერების გრძნობა” ვერ მისცემდა. შესაბამისად, ამ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლის ადგილი ცარიელი იყო.

შედეგად, პარლამენტმა, რომელიც არაფრად აგდებს კანონებს და რეგულაციებს, შუაღამისას კი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემას, სასამართლოს შესახებ ცვლილებაში კანონთან ერთგვარ შეუსაბამობა დაინახა და ერთხმად თქვა უარი მის მიღებაზე. უარი თქვა სასამართლო სისტემის სულ მცირედ დამოუკიდებლობაზე ხელისუფლებისგან.

მოსამართლეთა შესახებ კანონში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილება მიზნად ისახავდა იმის უზრუნველყოფას, რომ ККС-ში ვინმე მაინც არ წარმოადგენდეს ხელისუფლებას. ККС-ს ჰყავს ექვსი მთავრობის წარმომადგენელი და ერთი სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენელი. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ККС-ს ეს ერთადერთი წევრი დამოუკიდებელი იყოს, ცვლილებების პროექტის ავტორებმა წესი შემოგვთავაზეს, რომელიც კრძალავს ККС-სა და სამთავრობო სტრუქტურაში საქმიანობის შეთავსებას. საპარლამენტო კომიტეტის არგუმენტი საერთოდ სცდება ყველანაირ არგუმენტირების ლოგიკას. გამოდის, რომ ჩვენი ყველა მეცნიერი სახელმწიფო თანამდებობას იკავებს. ახსნაც არ სჭირდება, რომ არც ეს ცვლილება არ გავიდა. კანონში ამ ცვლილებებს სულ შვიდმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

და ეს მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო, რადგან ავტორიტარული სინდრომის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ძალაუფლებისგან დაშორების შიში და მზადყოფნა, საკუთარი პირმოთნეობის დემონსტრირებისთვის. ამ დაავადების მკურნალობა კი მხოლოდ მკვეთრი ზომებით შეიძლება, რისი უნარიც, როგორც ჩანს, პარლამენტის ამჟამინდელ, არც ისე „ოქროს“ თაობას არ შესწევს.

მსგავსი სტატიები