პუბლიკა

ზოგადად ყველა თანხმდება, რომ მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურაში ბევრი რამ შეცვალა. მიუხედავად ამისა, ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსები არ ახსენებენ საქართველოს კონფლიქტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (ცხინვალის რეგიონში). ეს უცნაურია: შევეჩვიეთ, რომ სამივე ტერიტორიული კონფლიქტი რეგიონული უსაფრთხოების ერთი დიდი სურათის ნაწილია.

ამას იმ ანალიტიკოსების გასაკრიტიკებლად არ ვამბობ, რომლებიც მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო შექმნილ ახალ ვითარებას საქართველოს პრობლემებს არ უკავშირებენ. მეც ვფიქრობ, რომ ყარაბაღის მეორე ომს ამ უკანასკნელებზე თვალსაჩინო გავლენა არ მოუხდენია. მაგრამ ეს რომ ასეა, თავისთავად ერთგვარი გამოცანაა.

სულ მცირე, ყარაბაღის მეორე ომის მოტანილმა დრამატულმა ცვლილებებმა უნდა გვიბიძგოს, ახალი თვალით შევხედოთ უფრო დიდ სურათს, რომელიც ზოგადად სამხრეთი კავკასიის ტერიტორიული კონფლიქტების, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ვითარებას მოიცავს.

ის ზოგადი ჩარჩო, რომელშიც ეს უნდა გავაკეთოთ, ახალი არაა. სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის საქართველოში და დე ფაქტო სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანები შეჩვეული არიან, რეგიონის ყველა მთავარ პოლიტიკურ პრობლემას, მათ შორის ტერიტორიულ კონფლიქტებს, რუსეთსა და დასავლეთს შორის შეჯიბრის ჭრილში უყურონ.

ზოგი ანალიტიკოსი ამ მიდგომას ზედმეტ გამარტივებად ჩათვლის. პრობლემების ყველა ასპექტს ეს მართლაც ვერ გაგვაგებინებს. მაგრამ მას გვერდს მაინც ვერ ავუქცევთ, განსაკუთრებით, თუ გვინდა, რეგიონის ერთიანი სურათი დავინახოთ.

თუ ყარაბაღის მეორე ომს ამ კუთხით შევხედავთ, ცხადია, რომ არა მხოლოდ აზერბაიჯანმა იმძლავრა სომხეთზე, არამედ რუსეთმა აჯობა დასავლეთს. ომის შედეგად დამყარებული ახალი მშვიდობა „რუსული მშვიდობაა“, დასავლეთი კი კიდევ უფრო გამოიდევნა კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროდან.

ბრიტანელი ანალიტიკოსის ნახმარი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, ევროკავშირი (ეს ზოგადად დასავლეთზე შეიძლება გავავრცელოთ) „როლის ძიებაშია“ – რაც გულისხმობს, რომ ამჟამად მას ასეთი რამ არ გააჩნია.

ცხადია, შეიძლება ვილაპარაკოთ თურქეთის როლის გაზრდაზე და ეს ანგარიშგასაწევი საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანამ მართლაც საგრძნობი გავლენა მოახდინა პროცესების წმინდა სამხედრო ასპექტზე, აზერბაიჯანის არმიის გაწვრთნასა და აღჭურვაში თავისი მონაწილეობით, ომისშემდგომ სამშვიდობო განლაგებაში მისი ადგილი საკმაოდ მოკრძალებულია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რა ფუნქციაც არ უნდა ჰქონდეს თურქეთს რეგიონულ ძალთა განაწილებაში, ის აქ დამოუკიდებელ რეგიონულ მოთამაშედ გვევლინება და არა დასავლური ალიანსის ნაწილად.

საქართველო, დეკლარაციულად მაინც, დასავლეთთან ინტეგრაციაზე ამყარებს იმედებს. ამიტომ ის თავის უშუალო სამეზობლოში ამგვარ პროცესებს გულგრილად ვერ შეხედავს. სავარაუდოდ, მომხდარი ცვლილებები საკმაო გავლენას მოახდენს რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე მთლიანად. მაგრამ აქ მხოლოდ იმაზე გავჩერდები, თუ რას მოასწავებს ეს ცვლილებები არსებული ტერიტორიული კონფლიქტებისთვის.

რუსული და დასავლური მიდგომები კონფლიქტების მოგვარების მიმართ

რუსეთსა და დასავლეთს შორის დიქოტომია არ დაიყვანება მე-19 საუკუნის სტილის კონკურენციაზე ტერიტორიული კონტროლისა და „გავლენის ზონების“ გასანაწილებლად.

თვალსაჩინოა, რომ მეტოქეობა მოიცავს აგრეთვე ღირებულებებსა და ნორმებს, რაც პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს უნდა არეგულირებდეს. მათ შორისაა ის ღირებულებები და ნორმებიც, რომლებსაც მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მსგავსი კონფლიქტების მოსაგვარებლად გამოყენებული მიდგომები ემყარება.

კონკრეტულად, რაშია ეს განსხვავება? დასავლური მიდგომა კონფლიქტების მოგვარების მიმართ ემყარება მანტრას: „სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“. ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტები მხარეებს შორის მოლაპარაკებით უნდა გადაწყდეს. სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, ამ მოლაპარაკებებს დასავლელი შუამავლები წარმართავდნენ. ამ უკანასკნელთა ფუნქციაა, მხარეებს უბიძგონ, უფრო პრაგმატული და რაციონალური გახდნენ ყავლგასული პრინციპებითა და ემოციებით ხელმძღვანელობის ნაცვლად.

ამ შემთხვევაში ისინი უფრო შეძლებენ, საპირისპირო მოთხოვნებს შორის შუალედური პოზიციის გამონახვას. გარდა ამისა, შუამავლებს შეუძლიათ, მონაწილეებს გარკვეული პოლიტიკური და ეკონომიკური სტიმული შესთავაზონ, რათა მათ უფრო გაუადვილდეთ გარდაუვალ დათმობებზე წასვლა და, ამავე დროს, ერთხელ მიღწეულ შეთანხმებებს აღარ გადაუხვიონ.

პრაქტიკაში ყველაფერი მთლად ასე მარტივი არ არის. როდესაც დასავლეთს მართლა ძლიერი ინტერესი ჰქონდა კონკრეტული კონფლიქტების დარეგულირებისა, ის აღიარებდა, რომ ხანდახან „თამაშის ჩამშლელის“ მიმართ პირდაპირი სამხედრო ზეწოლის განხორციელება მოუხდებოდა: ასე მოექცა დასავლეთი, ნატოს სახით, 1999 წელს სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმს.

მაგრამ ზოგადი ფილოსოფია ისაა, რომ ამგვარი მეთოდები მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში უნდა იყოს გამოყენებული და ასეთ შემთხვევებშიც კი კონფლიქტის მოგვარების საბოლოო ფორმულა მხარეების მოთხოვნებს შორის, სადღაც შუაში უნდა იყოს.

რუსეთის მიდგომა (რომელსაც მისი საქმეებიდან უფრო გამოვიყვანთ, ვიდრე მისი სიტყვებიდან), იქიდან ამოდის, რომ კონფლიქტები საბოლოოდ ყოველთვის სამხედრო ძალით გვარდება. ამიტომ მათი შედეგი დამოკიდებულია სამხედრო ძალების შეფარდებაზე და საკუთარი რესურსების უფრო მარჯვედ გამოყენებაზე.

აქ იგულისხმება არა მხოლოდ კონფლიქტის უშუალო მონაწილეთა რესურსები, ვისაც ბრძოლა და მსხვერპლის  გაღება უხდება, არამედ მათი გავლენიანი სპონსორებისაც. ათადან-ბაბადან ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. ლაპარაკი, რომ ახლა დრო შეიცვალა და კონფლიქტებსაც სხვაგვარად უნდა მივუდგეთ, სხვა არაფერია, თუ არა დასავლეთის ფარისევლობა.

როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომში დასავლეთზე გაიმარჯვა, ეს ნიშნავს არა მხოლოდ იმას, რომ, მანამდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, რუსეთის ჯარი უშუალოდ ჩადგება კონფლიქტის მხარეებს შორის, როგორც მშვიდობისმყოფელი, არამედ იმასაც, რომ ამ ეტაპზე მიღწეული მშვიდობა (რაც გინდა „დროებითად“ თუ „ნაკლულად“ ჩავთვალოთ ის) რუსულ და არა დასავლურ პოლიტიკურ ფილოსოფიას ემყარება.

სამხრეთ-კავკასიური კონფლიქტების მენეჯმენტის სტადიები

თუ ამ ორ მიდგომას შორის განსხვავების აღწერას მართებულად მივიჩნევთ, აზრსმოკლებული არ იქნება, გადავხედოთ, თუ როგორ შეეფარდებოდა სხვადასხვა დროს დასავლეთისა და რუსეთის გავლენები რეგიონში ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების განვითარებაზე. სამხრეთ-კავკასიური სამი კონფლიქტის დაწყებიდან გასულ დროს უხეშად სამ ეტაპად დავყოფ. სავარაუდოდ, ახლა მეოთხე ეტაპის დასაწყისში ვიმყოფებით.

პირველი – საბჭოთა/რუსული ეტაპი (1988-94)

სამივე სამხრეთ-კავკასიური კონფლიქტი საბჭოთა კავშირში დაიწყო. მათი მონაწილეები ვარაუდობდნენ, რომ საბოლოო არბიტრი მოსკოვი იქნებოდა და მის მიმხრობას ცდილობდნენ. დასავლეთს ამაში არანაირი როლი არ ჰქონია. სხვა რეგიონულ ძალებს, თურქეთსა და ირანს, თავისი ფავორიტები შეიძლებოდა ჰყოლოდა, მაგრამ ისინიც ძირითად მოთამაშედ საბჭოთა კავშირს/რუსეთს აღიარებდნენ.

ეს ვითარება, არსებითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. თუმცა რუსეთის შიდა სიტუაცია აჭრილი იყო და ის, თავისი გავლენით, საბჭოთა წინამორბედის აჩრდილსღა წარმოადგენდა, თავის სამხრეთელ მეზობლებთან შედარებით მაინც უფრო ძლიერი და დალაგებული რჩებოდა. კერძოდ, საქართველოში, ვითარება გაცილებით უფრო აიმღვრა, ვიდრე რუსეთში.

ასე რომ, თუმცა კონფლიქტის უშუალო მონაწილეების რესურსებზე, ორგანიზებულობაზე, შემართებასა და სიმამაცეზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული, საბოლოო გამარჯვება იმათ დარჩათ, ვისაც რუსეთისგან მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ყველა შეთანხმება, რომლითაც კონფლიქტები დასრულდა, რუსეთის შუამავლობით მიღებული თუ მისგან თავსმოხვეული იყო. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში, თუმცა არა მთიან ყარაბაღში, რუსეთის სამშვიდობო ძალები ჩადგა.

თუმცა დასავლეთი, პირველ რიგში შეერთებული შტატები, სამხრეთ კავკასიაში გავლენიან მოთამაშედ ყალიბდებოდა. ამ პერიოდში ეს გავლენა კონფლიქტების დარეგულირებაზე ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა. ერთადერთ გამონაკლისად შეგვიძლია ჩავთვალოთ 1993 წლის ივლისში, ომის დასასრულამდე რამდენიმე თვით ადრე, კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის განთავსება. მაგრამ ძნელია თქმა, რომ ამან ომის შემდგომ მსვლელობაზე რაიმე გავლენა მოახდინა.

მეორე, გეოპოლიტიკური მეტოქეობის სტადია (დაახლ. 1995-2008)

მიუხედავად ამისა, თუ უფრო ფართო სურათს შევხედავთ, ამ ეტაპზე რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლაში ცალსახად არ გაუმარჯვია. მისი ზოგადი პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რესურსები დაკნინების გზაზე იდგა. ის ვერც „რბილი ძალის“ სფეროში გაუწევდა კონკურენციას დასავლეთს.

მან სომხეთის მხრიდან ლოიალობის გარკვეული  დონე დაიმსახურა და ის რეგიონში თავის ძირითად მოკავშირედ აქცია, სამაგიეროდ, გაიუცხოვა საქართველო და აზერბაიჯანი, რომლებიც მას ტერიტორიების დაკარგვას აბრალებდნენ.

პოლიტიკურად გაცილებით უფრო ძლიერ და ეკონომიკურად მდიდარ დასავლეთთან პარტნიორობა უფრო იმედისმომცემად გამოიყურებოდა. მშვიდობიანობის პერიოდში რუსეთთან სიახლოვეს დიდი ვერაფერი სარგებელი მოჰქონდა.

რუსეთი თავის სისუსტეს გეოგრაფიული სიახლოვითა და უფრო გამოკვეთილი ინტერესებით აკომპენსირებდა, მაგრამ მას მაინც უხდებოდა აღიარება, რომ დასავლეთთან, უპირველეს ყოვლისა შეერთებულ შტატებთან, გავლენისთვის ბრძოლაში იყო ჩართული (თუმცა დასავლელი პოლიტიკოსებისა და კომენტატორების უმრავლესობა შეჯიბრის ენას მაქსიმალურად გაურბოდა). ზოგადი ტენდენციებიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი საბოლოო გამარჯვებულად დასავლეთს წარმოისახავდა.

დასავლეთის მზარდი გავლენის ყველაზე ცხად გამოხატულებად იქცა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც ამერიკის პოლიტიკური სპონსორობით განხორციელდა.

მან საშუალება მისცა აზერბაიჯანს, თავისი ნავთობის რესურსები რუსეთისგან დამოუკიდებლად გამოეყენებინა. ამ პროექტმა, მოგვიანებით კი აგრეთვე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენმა, ხელი შეუწყო აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ღერძის ჩამოყალიბებას, რომელიც რეგიონში რუსეთის პრეტენზიებს აწონასწორებდა.

აზერბაიჯანმა და საქართველომ შეძლეს, საკუთარი ტერიტორიებიდან (სეპარატისტული რეჟიმების გაკონტროლებულ ნაწილებს თუ არ ჩავთვლით) დარჩენილი რუსული სამხედრო შენაერთები გამოეყვანა (მაგალითად, საქართველოში მყოფი რუსეთის ბაზები).

საქართველო ყველაზე ღიად გამოხატავდა დასავლეთთან პარტნიორობის სურვილს. აზერბაიჯანი მის მაგალითს უფრო ფრთხილად მისდევდა, ხოლო სომხეთმა „კომპლემენტარობის“ პოლიტიკა შეიმუშავა, რაც ნიშნავდა, რომ ის მაქსიმალურად იყენებდა დასავლეთთან თანამშრომლობის შანსებს, იმდენად, რამდენადაც ის რუსეთთან უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას არ ეწინააღმდეგებოდა.

კონკურენცია კონფლიქტების მოგვარების სფეროსაც მოიცავდა. დასავლეთის როლი უფრო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამოიკვეთა, სადაც უმთავრეს შუამავლად შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და რუსეთისგან შემდგარი ეუთოს „მინსკის ჯგუფი“ აღიარეს. ფაქტობრივად, ლიდერის როლი თავის თავზე შეერთებულმა შტატებმა აიღო.

ისინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ერთმანეთს ახვედრებდნენ ჩიხიდან გამოსავლის მოსაძებნად. ორჯერ, 1998 და 2001 წლებში, გარღვევა რეალისტური ჩანდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში შეთანხმება ბოლო მომენტში ჩაიშალა, რადგან ის ადგილობრივი ელიტისა და საზოგადოებისთვის მიუღებელ დათმობებს გულისხმობდა.

1998 წელს სომხეთის პრეზიდენტს, ტერ-პეტროსიანს წარმოდგენილი სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერის გამო გადადგომა მოუხდა. ამის შემდეგ, მისმა პარტნიორმა, ჰეიდარ ალიევმაც, თავი აარიდა ზედმეტ რისკს.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში დასავლეთი მსგავს როლს ვერ ითამაშებდა, რადგან აქ რუსეთის ჯარი იდგა და დე ფაქტო მთავრობები მასზე იყვნენ დამოკიდებული. დასავლეთი აფხაზეთში წარმოდგენილი იყო უკვე ნახსენები გაეროს მისიით, ხოლო სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში – ეუთოს მისიით.

მაგრამ ამ ორგანიზაციებს ბევრის გაკეთება არ შეეძლოთ, სხვა მიზეზებთან ერთად იმიტომაც, რომ რუსეთს ორივე მათგანში ვეტოს უფლება ჰქონდა. ამის მიუხედავად, დასავლეთი აქაც ცდილობდა, მხარეები კონფლიქტის მოგვარების თავისი ფილოსოფიის სისწორეში დაერწმუნებინა. აქაც შეიქმნა მოლოდინი, რომ რაღაც შეთანხმებების მიღწევა შესაძლებელი გახდებოდა.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მხარეების პოზიციები მეტისმეტად დაშორებული იყო ერთმანეთისგან. მეტიც, რაკი დასავლეთს შედარებით ნაკლები ინტერესი ჰქონდა რეგიონის მიმართ, რუსეთს კი სტატუს კვოს შეცვლა ხელს არ აძლევდა, დასავლურ მიდგომებზე აგებული მოლაპარაკების პროცესები უნაყოფო აღმოჩნდა. ამან საბოლოოდ „კონფლიქტების მოგვარების პროცესის მიმართ ერთგვარი „დაღლილობის“ მდგომარეობა მოიტანა.

ადგილობრივ საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას არ უნდოდა, იმგვარად „რაციონალური“ გამხდარიყო, როგორც ეს დასავლელებს უნდოდათ, და თავიანთ მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე უარს არ ამბობდნენ. გამოვიდა, რომ კონფლიქტების მოგვარების ზემოაღწერილმა დასავლურმა მიდგომებმა მარცხი განიცადა.

ცხადი გახდა, რომ თუ ხისტი ძალა რაიმე ფორმით არ იქნებოდა გამოყენებული, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერების თვალში კომპრომისზე წასვლის ფასი გაცილებით ძვირი იყო, ვიდრე არამყარი მშვიდობისგან მიღებული ზარალი. მით უმეტეს, რომ  მაინც არსებობდა დე ფაქტო მშვიდობა, თუნდაც არამდგრადი.

მესამე, რუსეთის მიერ მისი პოზიციების დაბრუნების ეტაპი (2008-2020)

მესამე სტადია მოიტანა დასავლეთის იმედგაცრუებამ და მერყეობამ, რის ფონზე რუსეთს საკუთარი ძალების რწმენა და გამბედაობა შეემატა. თუ კონკრეტული წყალგამყოფი გვჭირდება, ასეთად 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და მისი უშუალო შედეგები გამოგვადგება.

ამ ომით და მის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებებით რუსეთმა დასავლეთს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა: „აქ უფროსი მე ვარ!“. დასავლეთი ამას ფარულად, ნაწილობრივ მაინც, შეეგუა. სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართული რაიმე მნიშვნელოვანი ინიციატივები მისგან ამის შემდეგ აღარ წამოსულა.

თვით გამოთქმა „კონფლიქტების მოგვარება“ თანდათან ჩანაცვლდა უფრო ბუნდოვანი და, ამის გამო, უფრო მოხერხებული ტერმინით „კონფლიქტების ტრანსფორმაცია“.

როგორც არ უნდა განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს და 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომები, მათი საბოლოო შედეგები ერთი თვალსაზრისით მსგავსია: ყველა საკონფლიქტო ზონაში „რუსული მშვიდობის“ ახალი ვერსია დამყარდა და ეს მხოლოდ ხისტი ძალის გამოყენებით მოხდა.

რით განსხვავდება ახალი რუსული მშვიდობა?

რა თქმა უნდა, მშვიდობის (სხვა სიტყვებით, „გაყინული კონფლიქტების“) წინამორბედი ფორმულები, რომლებიც 1992-94 წლებში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს ეყრდნობოდა, ასევე „რუსული“ იყო. მაგრამ ამ პერიოდში რუსეთი მაინც შედარებით სუსტი და დაბნეული იყო საიმისოდ, რომ მხარეებისთვის მისი ინტერესების სრულად შესატყვისი გადაწყვეტა მოეხვია თავს.

ახლა კი სამივე საკონფლიქტო ზონაში რუსეთის კონტროლი გაცილებით მყარია და მშვიდობა კიდევ უფრო „რუსული“ გახდა იმ აზრით, რომ დასავლეთს კიდევ უფრო ნაკლები შანსი რჩება, მათ მოგვარებაში რაიმე როლი ითამაშოს. როგორც უკვე აღვნიშნე, ყარაბაღის კონფლიქტის შემთხვევაში თურქეთს გარკვეული სამშვიდობო როლი აქვს, მაგრამ ეს მთლიან სურათს დიდად არ ცვლის.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ცვლილებებში შეიძლება ის იყოს, რომ „დროებითი“ მშვიდობის ახალი ფორმულები, წინამორბედ ვითარებებთან შედარებით, გაცილებით უფრო მეტად აღიქმება საბოლოო გადაწყვეტებად.

ამის საპირისპიროდ, მხარეები, ისევე როგორც დასავლელი დამკვირვებლები, ხშირად იმეორებენ,  რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმებები საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებებს არ შეადგენს. ასე რომ, ნამდვილი მშვიდობა ჯერ მისაღწევია. მართლაც, საქართველოსა და აზერბაიჯანის ფაქტობრივი იურისდიქციის სივრცე ისევ არ თანხვდება მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და ისინი არ აპირებენ, ამ ვითარებას ოფიციალურად შეურიგდნენ.

აქედან გამომდინარე, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებს კვლავ შეგვიძლია ვუწოდოთ „გაყინული“ ან „ხელახლა გაყინული“ კონფლიქტების ზონები.

ყოველივე ეს, ცხადია, ასეა. მაგრამ აქ თავს უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოს კონფლიქტების შემთხვევაში, 1990-იანი წლების ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმებების პირობები, შესაბამისად, 15 და 16 წელი დარჩა ძალაში, ხოლო მთიანი ყარაბაღის მიმართ ამგვარმა შეთანხმებამ მთელი 26 წლით განსაზღვრა ტერიტორიული კონტროლის რეჟიმი.

შედარებისთვის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადებული 1919 წლის ვერსალის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ყველა მონაწილე მხარემ მოაწერა, როგორც გრძელვადიანი მშვიდობის საფუძველს, გაცილებით დღემოკლე აღმოჩნდა.

მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, დოკუმენტს ფორმალურად „საბოლოო“ სამშვიდობო ხელშეკრულება ჰქვია, თუ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, არამედ იმას, რეალურად რა ვითარებაა მოცემულ ტერიტორიებზე და როგორია მხარეების განწყობა და მოლოდინი.

თუმცა 1992-94 წლების შეთანხმებებით განსაზღვრულმა სამშვიდობო პირობებმა შედარებით დიდ ხანს გაძლო, მათ გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადად არ განიხილავდნენ. საქართველო კვლავ აკონტროლებდა მნიშვნელოვან ტერიტორიებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის შიგნით, რაც მეტად ანერვიულებდა დე ფაქტო ხელისუფლებებს.

სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლს მხოლოდ იმისთვის ინარჩუნებდა, რომ ისინი მოლაპარაკების პროცესში სავაჭროდ გამოეყენებინა – მას შემდეგაც კი, რაც ყველანაირი მოლაპარაკება შეწყდა. ცხადი არ იყო, როგორ შეეფარდებოდა ერთმანეთს კონფლიქტების დინამიკაზე რუსეთისა და დასავლეთის გავლენები.

ამ ფონზე, მეორე ომებამდე, საქართველოც და აზერბაიჯანიც (თუმცა, მისდა სამწუხაროდ, არა სომხეთი) კონფლიქტების მოგვარებას მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთ ცენტრალურ ამოცანად მიიჩნევდნენ.

მიხეილ სააკაშვილი როგორც 2004, ისე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მათ შემდეგაც მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამ კონფლიქტების მოგვარების დაპირებებს იძლეოდა. ცხადია, ეს მისი სერიოზული შეცდომა იყო. მაგრამ აქედან ისიც ჩანდა, რომ საზოგადოება მისგან რეალურად ელოდა კონფლიქტების მოგვარებას და მას სწამდა, თუმცა არასწორად, რომ ის ამას შეძლებდა (დასავლეთის მხარდაჭერით).

აზერბაიჯანს ამ საკითხზე სრულიად ცხადი პოზიცია ჰქონდა: ის სტატუს კვოს მიუღებლად მიიჩნევდა და მზად იყო, თუ ცვლილების პერსპექტივა არ გამოჩნდებოდა, პრობლემა სამხედრო გზით გადაეწყვიტა. ყველა მხარე საომარ მზადებაში იყო.

მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, რუსეთმა ეს ღიად ჩათვალა პრეცედენტად, რამაც ტაბუ მოხსნა საზღვრების ურღვეობის პრინციპს. ამიერიდან ის თავის სამეზობლოში არასტანდარტული გადაწყვეტილებებისთვის ემზადებოდა.

მეორე ომებმა ეს ყველაფერი შეცვალა. ეს შეიძლება უფრო ნათელი იყოს საქართველოს შემთხვევაში, რადგან 2008 წლის აგვისტოდან მეტი დრო გავიდა, ვიდრე 2020 წლის ნოემბრიდან.

მეორე ომმა ფაქტობრივად მოხსნა კონფლიქტების მოგვარება საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ამ მხრივ, არსებითი განსხვავება არ არის 2008 წლის შემდგომი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასა და 2012 წლის შემდგომ „ქართულ ოცნებას“ შორის.

რაც არ უნდა იყოს ოფიციალური რიტორიკა, რეალურად ერთგვარმა ბედთან შეგუების განცდამ დაისადგურა: „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონი აწ უკვე რუსეთისაა და ჩვენ ამას, ჯერჯერობით მაინც, ვერაფერს ვუშველით“. დასავლეთისგან მომდინარე მოწოდებები „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ სხვა არაფერია, თუ არა ამ განწყობის დიპლომატიის ენაზე დადასტურება

„ქართული ოცნების“ ახალ ხელისუფლებას უნდოდა, ეჩვენებინა, რომ განსხვავდება წინამორბედისგან იმით, რომ მზადაა სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირი დიალოგისთვის – მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, რადგან ამ უკანასკნელებს საამისო ინტერესი არ გამოუჩენიათ.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმის ახალმა ხელისუფლებამ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით დიალოგის მზაობა გამოთქვა, უკვე თბილისმა მოახდინა მისი იგნორირება. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამგვარი დიალოგის აზრს ვეღარ ხედავდა. აფხაზური და რუსული ოფიციალური პოზიციების თანახმად, კონფლიქტი უკვე გადაწყვეტილია. თუ ასეა, რაღაზე უნდა მოილაპარაკო?

მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული სიტუაცია უფრო რთულია. აქ რუსეთს ორ საერთაშორისო აღიარების მქონე სუვერენულ სახელმწიფოსთან აქვს საქმე, რომელთაგან ერთ-ერთს, თურქეთის სახით, გავლენიანი პოლიტიკური მფარველი ჰყავს.

მეორე ომის შემდეგ შექმნილი სამშვიდობო ფორმულაც ტექნიკურად უფრო რთულია: რუსეთი იცავს გზებს, ერთის მხრივ, სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ნაწილს, მეორეს მხრივ კი – აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და ნახიჭევანის ოლქს შორის. ამ ფორმულის იმპლემენტაციას საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია, მანამდე კი ამ ზონაში მცირემასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები ხდება.

მიუხედავად ამისა, პრობლემის ზოგადი გადაწყვეტა შეიძლება წინანდელზე უფრო მყარი აღმოჩნდეს. რუსეთის წამყვან როლს ორივე მხარე აღიარებს. სრულიად კმაყოფილი არცერთი მათგანი არ არის, მაგრამ ორივეს შეუძლია, ახალ ვითარებას შეეგუოს – მეორე ომამდე ასე არ იყო.

სომხეთმა ამჯერად მტკივნეული მარცხი იწვნია, მაგრამ თუ ათვლის წერტილად კონფლიქტის დასაწყისს (გვიან საბჭოთა პერიოდს) ავიღებთ, მან მთიანი ყარაბაღის უდიდესი ნაწილი მოიპოვა. რუსეთის სამხედრო ყოფნა, რომელსაც არც აზერბაიჯანი და არც თურქეთი არ ეწინააღმდეგება, ამ ტერიტორიაზე სომხეთის კონტროლს მეტ სიმყარეს სძენს, ვიდრე ეს მეორე ომამდე იყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანმა მეოთხედი საუკუნის წინ დაკარგული საკმაოდ დიდი მიწები დაიბრუნა, ხოლო იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობას, თუ მოისურვებს, სახლში დაბრუნება შეუძლია. თუმცა ფორმალურად აზერბაიჯანი კვლავ ინარჩუნებს პრეტენზიას მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე. ახალი სტატუს კვოს პირობებში ცხოვრება მისთვის გაცილებით მისაღებია.

რა შეიძლება გაკეთდეს რუსული მშვიდობის პირობებში?

შევაჯამოთ: მეორე ომების შედეგად, სამხრეთ კავკასიის სამივე ტერიტორიულ კონფლიქტში „რუსული მშვიდობა“ დამყარდა. მართალია, ახალი სამშვიდობო ფორმულები კვლავ „დროებით“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს ემყარება და არა სრულფასოვან სამშვიდობო ხელშეკრულებებს, ისინი უფრო მდგრადი ჩანს, ვიდრე ადრეული 1990-იანი წლების მსგავს ხელშეკრულებებზე დამყარებული ვითარებები. ეს ნიშნავს, რომ მოხილვად მომავალში კონფლიქტის მხარეები ვითარების შეცვლას ნაკლებად შეეცდებიან.

ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსეთს სტატუს კვოს შენარჩუნების კიდევ უფრო ძლიერი ინტერესი აქვს და მას მოცემულ ტერიტორიებზე თავისი სამხედრო დანაყოფებით იცავს (ყარაბაღის შემთხვევაში ეს პირველად ახლა მოხდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში კი მისი სამხედრო ყოფნის მასშტაბი გაცილებით გაიზარდა). აქედან გამომდინარე, ვითარების შეცვლის ნებისმიერი მცდელობა რუსეთთან პირდაპირ შეჯახებას ნიშნავს. დასავლეთი ცდილობს, ამ კონფიგურაციაშიც იპოვოს რაღაც როლი, მაგრამ არსებითად ვითარებას ისიც შეეგუა.

ჰიპოთეზურად, მოხილვად მომავალში მაინც, ცვლილებები შესაძლებელია, თუ ისინი რუსეთის ინტერესებში აღმოჩნდა. მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესაძლებლობა (ანუ „ყირიმის სცენარი“).

მოვლენათა ასეთი განვითარება უფრო ადვილი წარმოსადგენია სამხრეთ ოსეთისთვის, სადაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს საამისო თხოვნით უკვე რამდენჯერმე მიმართა. ეს პროექტი ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერითაც სარგებლობს, რადგან ის რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას გულისხმობს.

თუ რუსეთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, საქართველო მას ვერაფრით შეაჩერებს, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვებს – მაგრამ, როგორც ყირიმის მაგალითმა აჩვენა, ეს შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს.

აქ არ ჩავუღრმავდები, რამდენად რეალურია ეს სცენარი (ჩემი აზრით, მისი ალბათობა დაბალია), მაგრამ ეს რომც მოხდეს, ამით ამ ტერიტორიების მხოლოდ ფორმალური სტატუსი შეიცვლება, რეალური ვითარება კი არსებითად იგივე დარჩება: ამ ტერიტორიებზე (განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთზე/ცხინვალის რეგიონზე) რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ხარისხი ისედაც საკმაოდ მაღალია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ვეღარაფერი შეიცვლება? ამის თქმა გაზვიადება იქნებოდა. მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლებელია. თუ ისტორიისგან რამე შეიძლება ვისწავლოთ, ეს ისაა, რომ სრულიად მყარად და შეუვალად მიჩნეული ვითარებები გაცილებით უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ვინმეს ამის წარმოდგენა შეუძლია (საბჭოთა კავშირის უეცარი ჩამოშლა ამის ერთ-ერთი მაგალითია).

მაგრამ მაინც მაღალი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის (ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის) შემთხვევაში ნაკლებ მოსალოდნელია, ადგილობრივმა და თანდათანობითმა პროცესებმა რამე არსებითი ცვლილებები მოიტანოს.

ასეთი რამ მხოლოდ რეგიონული, თუ არა გლობალური, უსაფრთხოების არქიტექტურის ზოგად დრამატულ გარდაქმნას შეიძლება მოჰყვეს. ამ დონის ცვლილების გამომწვევი მიზეზი იმ რიგის ფაქტორებს მიეკუთვნება, რასაც ამერიკელმა პოლიტიკოსმა დონალდ რამსფელდმა „უცნობი უცნობები“ უწოდა, ცნობილმა ანალიტიკოსმა ნასიბ თალებმა კი „შავი გედები“ შეარქვა. ეს იმგვარი პროცესებია, რასაც წინასწარ არავინ ელის.

მაგრამ ძალიან ძნელია, ადამიანებმა თავისი ქმედებები „უცნობ უცნობებზე“ დააფუძნონ. მხოლოდ ისეთი მიზნების დასახვაა აზრიანი, რომელთა მიღწევის მცირე შანსი მაინც არსებობს. მოგვწონს თუ არა ამის აღიარება, გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც კონფლიქტის ყველა მხარე (ამ შემთხვევაში, ქართველები, აფხაზები და ოსები) ლეგიტიმურად ჩათვლის, ახლა შეუძლებელი ჩანს.

მხარეები იმაზეც კი ვერ შეთანხმებულან, რომ კონფლიქტს გადაწყვეტა კიდევ სჭირდება: აფხაზებისა და ოსების, ისევე როგორც მათი რუსი მფარველების აზრით, კონფლიქტები უკვე მოგვარებულია, საჭიროა მხოლოდ, ქართველებმაც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც „ახალი რეალობა“ აღიარონ.

ეს არ ნიშნავს, რომ ამ „ახალ რეალობას“ ძვრას ვერასდროს ვერავინ უყოფს. თუმცა მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება, რა გზით უნდა მივიდეთ მდგომარეობამდე, როცა ქართულ მხარეს შეეძლება, თქვას: აი, ახლა კონფლიქტი მოგვარებულია.

მოგვარების ერთი ჰიპოთეზური სცენარი ისაა, რომ საქართველო მართლაც შეეგუოს „ახალ რეალობას“, ანუ ამ ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას, და დე ფაქტო სახელმწიფოების ლეგიტიმურობა ფორმალურად აღიაროს. ამით პრობლემა მართლაც გადაიჭრება. ამაში არალოგიკური არაფერია და არ გამოვრიცხავ, რომ ზოგმა მეგობარმა საქართველოს ასეთი ნაბიჯი გონივრულად ჩაუთვალოს.

ამ სტრიქონების წერისას, თითქმის სამი ათწლეულია გასული მას შემდეგ, რაც საქართველომ ამ ტერიტორიების კონტროლისთვის გაჩაღებული ომები წააგო. ცამეტი წლის წინ, მეორე ომის შედეგად, მათზე რუსული/სეპარატისტული კონტროლი კიდევ უფრო სრული და მყარი გახდა. ეს საკმაოდ დიდი დროა, ამასობაში ქართველთა და აფხაზთა ახალი თაობები გაიზარდნენ, რომელთათვის „ახალი რეალობა“ ერთადერთია, რაც მათ იციან.

მიუხედავად ამისა, შესაძლებლობაც კი იმის ფორმალური აღიარებისა, რომ ეს ტერიტორიული დანაკარგები საბოლოოა და საქართველომ უფრო შემცირებულ საზღვრებში უნდა იარსებოს, სერიოზული დისკუსიის საგანი არასოდეს გამხდარა და ის არცერთ პოლიტიკურ მოთამაშეს არ განუხილავს. არსებობს მყარი კონსენსუსი, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პოლიტიკურად სრულიად მიუღებელია, მის ხსენებასაც კი ტაბუ ადევს.

ეს საქართველოს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აყენებს: მას არ შეუძლია კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გააზრებული ნაბიჯების გადადგმა („მოგვარებაში“ იგულისხმება კონფლიქტის იმგვარი დასრულება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ლეგიტიმურად შეიძლება ჩათვალოს), მაგრამ ვერც პრობლემის გვერდზე გადადების უფლებას მისცემს თავს.

მას უნდა ჰქონდეს რაღაც პოლიტიკა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართ. რა კონკრეტული მიზნების მისაღწევადაა ის გამიზნული?

ეს პოლიტიკა ვერ შემოისაზღვრება მხოლოდ რეაგირებით პრობლემებსა და ინციდენტებზე, რაც ორივე რეგიონთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ხდება, როგორიცაა, ე.წ. „ბორდერიზაცია“, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევ საქართველოს მოქალაქეთა დაპატიმრება, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ ქართველთა უფლებების დაცვა და ა. შ. თუმცა ეს პრობლემები მეტად მწვავე და რეალურია და მათი იგნორირება შეუძლებელია.

ამის გარდა, საქართველოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაღაც გრძელვადიანი პერსპექტივა, რომელიც, კერძოდ, „რეინტეგრაციის“ ცნებით გამოიხატება, თუნდაც ის მეტ-ნაკლებად ბუნდოვანი იყოს.

მაგრამ რა არის ეს გრძელვადიანი პოლიტიკა? არსებობს საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც 2010 წელს ჩამოყალიბდა და ორ ძირითად პრინციპს ემყარება: ესაა დიპლომატიური მუშაობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო აღიარების თავიდან ასაცილებლად და ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობასთან ადამიანური კონტაქტების შენარჩუნება.

თუმცა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლისას „ქართულმა ოცნებამ“ საკონფლიქტო რეგიონების მიმართ პოლიტიკის არსებითი ცვლილების დაპირება გასცა, სინამდვილეში მას მნიშვნელოვნად არაფერი შეუცვლია.

მეტიც, ეს პრინციპები პოლიტიკურ წინააღმდეგობას არ იწვევს: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც და პოლიტიკური ელიტებიც თანხმდებიან, რომ ამის მეტს საქართველო ვერაფერს გააკეთებს. ნებისმიერი წარმოშობის აფხაზეთის მცხოვრებლისთვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევის პროგრამა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო, გაგრძელდა და, ძირითადად, წარმატებულად მიიჩნევა.

მაგრამ თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება აფხაზებს საბოლოოდ იქითკენ უბიძგებს, საქართველოში რეინტეგრაციას დაუჭირონ მხარი, ამის მოლოდინი შეიძლება გადაჭარბებული იყოს.

ბუნებრივია, რომ მთავრობები ყველანაირად თავს არიდებენ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას. არსებობს მოლოდინი, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო გამბედავი იქნება და მოსინჯავს იდეებსა და მიდგომებს, რაც ხალხის უმრავლესობისთვის მისაღები შეიძლება არც იყოს. მაგრამ მოცემულ ვითარებაში მათთვისაც ძნელი აღმოჩნდა ისეთი ახალი იდეების წინ წამოწევა, რომელიც ბედთან შეგუების ზოგად განწყობას შეცვლის.

აფხაზ და ოს კოლეგებთან კონტაქტების განვითარება და დისკუსიების წარმოება, რასაც სამოქალაქო საზოგადოება ჩვეულებრივ აკეთებს, თავისთავად კარგი საქმეა, მაგრამ რაკი ამგვარ აქტივობებს თვალსაჩინო პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე შედეგები არ მოაქვს, მათ მიმართაც ერთგვარი მობეზრების განწყობა ჩამოყალიბდა.

რის გაკეთება იქნებოდა სწორი ამ ვითარებაში? ალბათ,  კარგი დასაწყისია, პატიოსანი ვიყოთ და ყალბი იმედები და ილუზიები არ წავახალისოთ.

ყველას გვინდა, მივაღწიოთ იმას, რასაც გულწრფელად ვუწოდებთ პრობლემის ლეგიტიმურ გადაწყვეტას და ამით დავასრულებთ გაურკვეველ და უკიდურესად არაკომფორტულ ვითარებას, რომელშიც ვიმყოფებით. მაგრამ მშვენიერი (ან არც ისე მშვენიერი) შავი გედის გამოჩენამდე გულზე ხელს ვერ დავიდებთ და ვერ ვიტყვით, რომ ვიცით გზა, რომელიც ასეთ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს.

ამის აღიარება არაფრის კეთებას არ ნიშნავს. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, საქართველოს მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს, უკეთესი ქვეყანა გახდეს, რაც ამჟამად არ ხდება. დასაკარგი აქ არაფერია: თუ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებთ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგი იქნება.

გარდა ამისა, თუ მოგვარების რაღაც ჯერ გაურკვეველი შანსი გაჩნდა, უკეთესი ქვეყანა უფრო ადვილად შეძლებს იმ რეგიონების რეინტეგრაციას, რომლის მცხოვრებლებსაც დღეს არ უნდათ, საქართველოსთან რაიმე საერთო ჰქონდეთ.

მეორეც, არ შეიძლება ხელი ავიღოთ კონტაქტებზე ადამიანებთან, ვინც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობს, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის ჩათვლით. თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ ავაგოთ ლოგიკური სქემები, რომლის თანახმადაც ამგვარი კონტაქტები საბოლოო ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის ეტაპია. ჰიპოთეზურად, ეს შეიძლება მართალიც აღმოჩნდეს, მაგრამ შეიძლება არც აღმოჩნდეს.

თუ უეცრად გაჩნდა რეალური პრობლემის რეალური გადაწყვეტის შანსი, მას უკეთესად გამოიყენებენ ის საზოგადოებები, რომლებიც ერთმანეთს უფრო იცნობენ და ენდობიან. თანაც, როგორც არ უნდა განვითარდეს პოლიტიკური ურთიერთობები ქართულ და აფხაზურ ან ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის, ისინი მეზობლებად დარჩებიან, ხოლო მეზობლებს შორის კეთილი ნების და ნდობის სოციალური კაპიტალი ყოველთვის გამოსადეგი იქნება.

საბოლოოდ, საქართველომ რეალურად უნდა გაუსწოროს თვალი საკუთარ თავს და კონფლიქტებთან დაკავშირებულ რეალობას. მათ შესახებ მეტისმეტად ბევრი მითოლოგიური წარმოდგენა დაგროვდა: მაგალითად, ის, რომ არ არსებობს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, არსებობს მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტი; ან უფრო „პოლიტკორექტული“ მითი – თუ რაც შეიძლება ბევრი ქართველი და რაც შეიძლება ბევრი აფხაზი (ან ოსი) ერთმანეთთან ნდობაზე აგებულ ურთიერთობას დაამყარებს, კონფლიქტები რაღაცნაირად გაქრება.

აქაც იგივე ლოგიკაა: საკუთარი პრობლემების უფრო ადეკვატური გაგება თავისთავად საკმარისი არაა მათ გადასაწყვეტად, მაგრამ ის შეიძლება დაგვეხმაროს იმის გადააზრებაში, რას ნიშნავს საკუთრივ პრობლემის „გადაწყვეტა“.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.