Apsnypress- ქართულ-აფხაზური ომიდან უკვე თითქმის ოცდაათი წელი გავიდა, მაგრამ ბრძოლის შედეგად გამოწვეული განადგურება ამ დრომდე არ არის გადალახული და ქვეყნის ეკონომიკა საერთო ჯამში ძალიან ნელა ვითარდება. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სტაბილური განვითარების შემდეგ, როდესაც აფხაზეთი სოციალიზმის ფასადის ვიტრინა იყო, ქვეყანა განადგურებისა და განუვითარებლობის ხაფანგში მოხვდა და ვერანაირად ვერ აღწევს თავს.

აფხაზეთს აშკარა კონკურენტული უპირატესობა აქვს – საზღვაო საკურორტო სანაპირო, შესანიშნავი ბუნება და კომპაქტურად განლაგებული სხვადასხვა კლიმატური ზონა, სუბტროპიკებიდან ალპურ მინდვრებამდე, მდიდარი ბუნებრივი რესურსები, მაღალი ხარისხის მტკნარი წყლის სიმრავლე (ქვეყანა უზრუნველყოფს შავი ზღვის მტკნარი წყლის 6 პროცენტს), რუსეთის ფედერაციასთან მეზობლობა, რომლის მოქალაქეებიც აფხაზეთის ძირითად ტურისტულ ნაკადს შეადგენენ, დიდი, ტევადი ბაზარი, რომელსაც შეუძლია სრულად აითვისოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

თითქოს, ამ ყველაფერს ბიძგი უნდა მიეცა ქვეყნის რეალური განვითარებისთვის. ამასთან, ამ ათწლეულების განმავლობაში შემუშავდა ქვეყნის განვითარების რამდენიმე გეგმა, რომლებიც სრულად პასუხობდა განვითარების საერთაშორისო სტანდარტებს და გათვალისწინებული იყო დაბალი სასტარტო პოზიციები, მაგრამ არცერთი მათგანის განხორციელება არ დაწყებულა. ამ ნელ განვითარებას შიდა და გარე მიზეზები აქვს.

შიდა მიზეზები

ომისშემდგომმა ბლოკადამ და მრავალწლიანმა იზოლაციამ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების შენელება გამოიწვია, მაგრამ აქვს არსებითი თავისებურებებიც. 

პირველი და ძირითადი მიზეზი – მოსახლეობისა და პოლიტიკური ელიტის მენტალური მოუმზადებლობა, ააშენონ თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო, თავისი რთული სტრუქტურით, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებები დაბალანსებულია, სასამართლო ხელისუფლება ავტონომიური და დამოუკიდებელი, მოქალაქეები კი არა მხოლოდ კანონით არიან დაცული თავნებობისა და ძალადობისგან, არამედ თავადაც მიისწრაფვიან ცხოვრების კანონმორჩილი სტილისა და გადასახადების გადახდისკენ, ესმით რა, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს შეგნებული ურთიერთობის გარეშე, შეუძლებელია, სახელმწიფოს მდგრად განვითარებას მიაღწიო.

ამის ნაცვლად, ორი, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი ტენდენცია დომინირებს – ერთი მხრივ, აშკარა საბჭოთა ინერცია და იმის იმედი, რომ სახელმწიფო ვალდებულია მოსახლეობა ყველა საჭირო რამით უზრუნველყოს; მეორე მხრივ, დაუფარავი ანარქია გადასახადების გადახდის მიმართულებით, კომუნალური და ელექტროენერგიის მომსახურების საფასურის გადახდაში, ელექტრომომარაგებაში ჩართვის საფასურის გადახდაში, ბანკისა და სხვა სესხების დაბრუნებაში და ა.შ. ანუ მოქალაქეები ცუდად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას სახელმწიფოსთან მიმართებით, არ ესმით, რომ თავად უთხრიან ძირს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.

თავად სახელმწიფოს ფენომენის მნიშვნელობის ვერგაგებამ გამოიწვია ის, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ორი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომელზეც მოსახლეობის ძირითად ნაწილს პრაქტიკულად არ ჰქონია რაიმე მკაფიო რეაქცია, რაც ადასტურებს ხელისუფლების ცვლილების აბსოლუტურ უმნიშვნელობას მოქალაქეთა უმრავლესობისათვის – მათ მდგომარეობაში ეს არაფერს ცვლის.

ამ ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება არ ეფუძნება სოციალურ-პოლიტიკურ პროგრამებსა და შეხედულებებს შორის განსხვავებას, რაც ასახავს ქვეყანაში რაიმე იდეოლოგიური ბრძოლის რეალურ არარსებობას – არ გვყავს რეალური მემარცხენეები და მემარჯვენეები, არ გვყავს ნამდვილი პოლიტიკური პარტიები მკაფიო იდეოლოგიური პროგრამებითა და იდეებით, მიდის უბრალოდ ბანალური ბრძოლა რესურსებზე წვდომისათვის.

ხელისუფლებაში მოსვლისას, თითოეული მხარე მოსახლეობას ჰპირდება ერთსა და იმავე თავის მომაბეზრებელ ჯენტლმენური რეფორმების პაკეტს, რომელიც არ ხორციელდება და მოკრძალებულად გადაედინება ხელისუფლების შემდგომ ტალღაში.

განსაკუთრებული პრობლემა – არ გვყავს პოლიტიკური ელიტის მოსამზადებელი გარკვეულწილად მაინც გასაგები სისტემა, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია ახლა, როდესაც თანდათანობით თაობათა ცვლა მიმდინარეობს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში. ისეთი ტიპის პროექტები, როგორებიც არის „ახალგაზრდა ლიდერები“ და „აფხაზეთის სიამაყე“ – ეს ყველაფერი საწყისი ეტაპია, რომლის ეფექტიც ჯერჯერობით გაურკვეველია.

ოპტიმიზმს არ გვიჩენს ამომრჩეველთა პოზიციაც, რომელიც ხელმძღვანელობს არა კანდიდატის პოლიტიკური წიგნიერებითა და პროფესიული კომპეტენციით, არამედ ნათესაურ-კლანური და მეზობლური ურთიერთობებით, ასევე, კანდიდატების დაპირებებით, რომ მოაწესრიგებენ გზებს, განათებებს და გადაჭრიან სხვა პატარა წმინდა სამეურნეო პრობლემებს.

ვლადიმირ ლენინის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, არც ზევით, არც ქვევით არ არიან მზად რეალური თანამედროვე ცხოვრების საფუძვლების ასაშენებლად; ამ ყველაფრის შედეგი – ქვეყანაში მოდერნიზაციის შეგნებული შინაგანი მოთხოვნილება არ არსებობს და ფაქტობრივად ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული.

ბარიერები მდგრადი განვითარებისთვის

მოსახლეობის დიდი ნაწილის ძალიან სუსტი სამართლებრივი და ეკონომიკური წიგნიერება აშკარად აფერხებს სამუშაო ძალებსა და კაპიტალს შორის ურთიერთობების სტრუქტურირებული სისტემის შექმნას. წარსულის იდეალიზაცია და მეოცე საუკუნეში ვერდასრულებული სოფლიდან ქალაქურ მენტალიტეტზე საბოლოო გადასვლა, ხელს უშლის წესებისა და კანონების მკაცრი დაცვის პირობებში მოქმედი თანამედროვე კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

საჯარო სფეროშიც კი კანონები ცუდად მუშაობს – არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა, რომლის ფარგლებშიც დიდი ოდენობით თანხების მიტაცებისთვის თუნდაც ერთ მაღალჩინოსანს დასჯიდნენ. ეს დაუსჯელობის ატმოსფეროს ქმნის, რომელიც შემდგომი თანამდებობრივი დანაშაულის პროვოცირებას ახდენს. თანხის მოცულობა, რომელიც ყოველწლიურად ტოვებს ყველა დონეზე სახელმწიფო ბიუჯეტს, უკვე დიდი ხანია ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფრთხეს წარმოადგენს აფხაზური სახელმწიფოს არსებობისთვის.

საგულისხმოა საქართველოსთან საზღვარზე არსებული სიტუაცია – საყოველთაოდ ცნობილია, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ამ საზღვრის გავლით ტვირთის გაცვლა ხდებოდა: აფხაზეთის ტერიტორიაზე შეგროვებული თხილის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში მიდიოდა, იქიდან კი სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სამრეწველო საქონლის ნაკადი მოდიოდა (მაგალითად, ე.წ. აფხაზური სუვენირების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იქ იწარმოებოდა). არალეგალური საქმიანობისგან მიღებული შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტს გვერდს უვლიდა და, მცოდნე ადამიანების შეფასებით, ეს იყო ყოველწლიურად 2-3 მილიარდის მოცულობით, რაც, დაახლოებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან წამოსული ფინანსური დახმარების ტოლია.

მაგრამ ამ ტვირთბრუნვის ლეგალიზების ყველა მოკრძალებული მცდელობა, საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე საბაჟო სამსახურის დაყენებით, აქტიურად იბლოკებოდა იმ ლოზუნგით, რომ მტერთან ვაჭრობა არ შეგვიძლია. ანუ ამ ფულის ჯიბეში ჩადება შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტში გაშვება და მისი დახმარებით ჩვენი ქვეყნის ბევრი პრობლემის მოგვარება არ შეიძლება – იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ბიუჯეტში მილიარდი შემოვიდოდა, უკვე შესაძლებელი იქნებოდა ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის დახმარების მნიშვნელოვანი გაზრდა. არსებითად, ჩრდილოვანი ბიზნესი კარნახობდა სახელმწიფო დონეზე თავის პირობებს, რაც იმალებოდა პატრიოტული რიტორიკის მიღმა.

ამ დრომდე საზოგადოებაში დომინირებს, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე კეთილგანწყობილი დამოკიდებულება კერძო ინიციატივების მიმართ, არ არის გასაგები, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის საფუძველს ძირითადად შეადგენს გადასახადები, რომელსაც მეწარმეები იხდიან. ბიზნესი ცუდად არის დაცული და დუნედ იხდის გადასახადებს, რადგან ვარაუდობს, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მარცხნივ მიდის. კომპეტენტური ნდობის ნაკლებობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის, ბიზნესსა და მოსახლეობის ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ ნაწილს შორის, არ იძლევა სტაბილური საგადასახადო სისტემის შექმნის საშუალებას, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო ფინანსებს.

წესრიგის დამყარებასა და სამომავლო განვითარებას ხელს უშლის ზოგიერთი საბაზო დოკუმენტისა და ნორმის არარსებობა, მაგალითად, ამ დრომდე არ არის მიწების კადასტრი, არ არის უძრავი ქონების მფლობელთა აღრიცხვის ერთიანი სისტემა – სოფლებში მიწის ნაკვეთებისა და შენობების თითქმის არცერთ მფლობელს არ გააჩნია კანონიერი და იურიდიულად უნაკლო დოკუმენტი! საკუთრების უფლება დამყარებულია ურყევ ფორმულირებაზე – „ყველამ იცის, რომ ჩვენი ოჯახი ფლობს ამას უკვე დიდი ხანია“.

ამ დროს, ცნობილმა პერუელმა ეკონომისტმა, ერნანდო დე სოტომ თავის წიგნში „კაპიტალის ამოცანა“, მრავალწლიანი კვლევების საფუძველზე დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ წამყვანი ქვეყნების მდგრადი განვითარება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც იურიდიულად გაფორმდა საკუთრებასა და მფლობელობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

და აქ შეიძლება დავადანაშაულოთ ჩვენი ინტელიგენცია, განსაკუთრებით ეკონომისტები და სამართალმცოდნეები, რომლებიც არ ეწევიან თანმიმდევრულ საგანმანათლებლო მუშაობას ამ სფეროში, რათა დაეხმარონ მოსახლეობას, გააცნობიერონ თანამედროვე ეკონომიკური მართვისა და ყოფის, როგორც იურიდიული სფეროს სუბიექტის სპეციფიკა. 

ფიზიკურ შრომასთან დაკავშირებული პროფესიების უგულებელყოფამ, შიდა შრომის ბაზარზე სპეციალისტების ფართო სპექტრის მნიშვნელოვანი დეფიციტი გამოიწვია – ელექტრიკოსებიდან და სანტექნიკოსებიდან დაწყებული, მზარეულებით დამთავრებული. შრომითი მიგრაცია აფხაზეთში ძირითადად შუა აზიიდან შემოსული დაბალი კვალიფიკაციის კადრების ხარჯზე მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო აქვეითებს მოსახლეობის ინტელექტუალურ დონეს.

ფიქტიური ადგილობრივი თვითმმართველობა

რეალური ადგილობრივი თვითმმართველობის არარსებობამ, რომელიც შეცვალა ძალაუფლების ვერტიკალმა გამჭვირვალე კონტროლისა და ანგარიშვალდებულების გარეშე, გამოიწვია მოქალაქეების გულგრილობა და ინდივიდუალური თვითგადარჩენა – სოფლებში ამან ადგილობრივ ინფრასტრუქტურაზე ტრადიციული ერთობლივი ზრუნვის პარალიზება გამოიწვია, ქალაქებში კი ხელისუფლებისგან გაუცხოების სტიმულირება მოახდინა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ცოტა ხნის წინანდელმა არჩევნებმა ეს ნათლად აჩვენა – დედაქალაქში ოთხ საარჩევნო უბანში არჩევნები არ შედგა, რაც არასოდეს მომხდარა.

ის, რომ ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ყველა დონეზე ზევიდან ინიშნებიან, აქტიურ ადამიანებს, რომლებსაც მმართველობის სფეროში კარიერის გაკეთება სურთ, შესაძლებლობას ართმევს, დააგროვონ გამოცდილება კონკურენტულ შეჯიბრებაში – არჩევნები მათ აიძულებდათ შეემუშავებინათ რაიონების, ქალაქებისა და სოფლების განვითარების კონკრეტული პროგრამები, დებატები ჰქონოდათ კონკურენტებთან ღია ეთერში, ურთიერთობა ჰქონოდათ ამომრჩევლებთან მათი ნდობის მოსაპოვებლად და ა.შ. ანუ არ არსებობს მმართველობითი ზრდის დაწყებითი სკოლა, რომელიც საფუძველს ჩაუყრიდა პოლიტიკურ კარიერას. ადმინისტრაციების ხელმძღვანელები ხშირად ხდებიან შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პირადი პრობლემების გადაწყვეტით არიან დაკავებული.

მენეჯმენტი

კატასტროფულად აისახება თანამედროვე მენეჯმენტის არსებობა ფაქტობრივად ყველა დონეზე. ამავდროულად, ყვავის ღიად მომხმარებლური დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი საქმიანობის მცდელობების მიმართ. თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლების მრავალი ვიზიტი, ასევე, ინვესტორების სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, უმრავლეს შემთხვევაში არაფრით სრულდება, ანკი ჩვენი მხარე მიუღებელ პირობებს სთავაზობს. ჩინოვნიკები, რომლებზეც არის დამოკიდებული შემოთავაზებული პროექტის გადაწყვეტა ან განვითარება, როგორც წესი, წილში შესვლას ცდილობენ და ისეთ წილს ითხოვენ, რომ ინვესტორები დამუნჯებულები ტოვებენ ქვეყანას, რადგან მსოფლიოში უკვე დიდი ხანია მიღებულია წილობრივი მონაწილეობის სხვა პროცენტები. განხორციელებული ერთობლივი პროექტები არცთუ იშვიათად მთავრდება უცხოელი პარტნიორების შევიწროებით, რაც ჩვენს ქვეყანას არახელსაყრელ ბიზნესრეპუტაციას უქმნის, რომელიც ღრმავდება ინვესტორების უსაფრთხოების არარსებობით – ამ ყველაფერმა გამოიწვია დიდი ეკონომიკური დანაკარგები და შენელებული ზრდა.

იგივე ხდება სოფლად, როდესაც ინვესტორი მიწის იჯარით აღებას ცდილობს. ასეთი ურთიერთობების განვითარების ყველაზე მარტივი სცენარი – მიწის მესაკუთრეები მას იჯარით გასცემენ იმ პირობით, რომ წარმოების პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი შრომითი რესურსები; სწავლობენ მათთვის ახალ ტექნოლოგიებს და არენდის დასრულების შემდეგ უკვე თვითონ შეუძლიათ გააგრძელონ ეს ბიზნესი ახალ საფუძვლებზე. ამის ნაცვლად, ჩვენი მიწათმფლობელები თავიდანვე არენდის ისეთ საფასურს ითხოვენ ან ისევ, მოგების ისეთ პროცენტს, რომ ინვესტორები სწრაფადვე ქრებიან.

არ შეინიშნება სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მიზანმიმართული მცდელობა, რომ მინიმუმ ელემენტარული ეკონომიკური საგანმანათლებლო პროგრამა მაინც განახორციელოს სოფლად; გასაკვირი არ არის, რომ სხვადასხვა პროექტზე გაცემული ფული ხშირად წყალში იყრება, სახელმწიფო ფულით ნაყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა კი ხშირად ბუჩქებში ლპება.

გაკვირვებას იწვევს მრავალი წლის განმავლობაში ჯანსაღი მენეჯმენტის არარსებობა ისეთ სფეროშიც კი, როგორიც არის მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთის საზღვრის გავლით გატანა – იმის ნაცვლად, რომ დაეხმარონ იმ მეურნეობებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა თავად აწარმოონ ექსპორტი და ორგანიზება გაუწიონ ციტრუსებისა და სხვა კულტურების მიმღები პუნქტების გახსნას, საზღვრის გავლით შემდგომი ტრანსპორტირებისთვის, სახელმწიფო უბრალოდ გვერდზე გადგა.

გასული ათწლეულების განმავლობაში, ექსპორტის მისაღებ პირობებზე შეთანხმება მაინც იყო შესაძლებელი, რომელიც ამ მარტივ პროცედურას მრავალდღიან წამებად არ გადააქცევდა. რამდენიმე წლის განმავლობაში, შპს „აფხაზეთის ღვინო და წყლების“ პროდუქციის წარმატებული ექსპორტი რუსეთის ფედერაციაში აჩვენებს, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია.

რა შეუძლია გააკეთოს პროფესიონალმა შთაგონებულმა მენეჯმენტმა, ჩვენს პირობებშიც კი ნათლად ჩანს ფ. ისკანდერის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მაგალითზე. სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ხინტბამ, რომელიც ამასთან თეატრში აბსოლუტურად სხვა პროფესიული სფეროდან მოვიდა, თეატრის დონე ისეთ სიმაღლემდე გაზარდა, რომ მას გაუჩნდა მუდმივი ერთგული მაყურებელი და თანაბრად იღებენ რუსეთის ფედერაციაში, მსოფლიოში არცთუ უკანასკნელ თეატრალურ სახელმწიფოში.

ეს ადასტურებს, რომ ქვეყანას აქვს რეზერვები და შესაძლებლობები, რომელიც არ გამოიყენება გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებლად.

საბანკო სექტორი

დღეისათვის აფხაზეთის საბანკო სექტორს არ შეუძლია, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას რეალურად დაეხმაროს, რადგან „სბერბანკის“ არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური მენეჯმენტის მიერ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ფინანსური ხვრელი კიდევ დიდხანს შენარჩუნდება. აფხაზეთის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო კომერციული ბანკი ჯერჯერობით საკუთარი თავის შენახვასაც ვერ ახერხებს, მას ნულოვან შედეგზე გასვლაც კი არ შეუძლია, რომ არაფერი ვთქვათ ვინმესთვის არსებით დახმარებაზე. სინამდვილეში „სბერბანკი“ თავად გახდა ბიზნესის კონკურენტი.

დანარჩენი კომერციული ბანკები ძალიან პატარები არიან საიმისოდ, რომ აქტიური გავლენა მოახდინონ სიტუაციაზე, ამასთან, ჩვენ საკუთარი ვალუტა და საემისიო ცენტრი არ გვაქვს. ყველა ამ მიზეზის გამო რეალურია მხოლოდ პატარა კრედიტები. თუმცა, მასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანი პრობლემები არსებობს, ვინაიდან მათ ძალიან რთულად აბრუნებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსესხებელი რეალურ გირაოს წარმოადგენს, მაგალითად, უძრავი ქონების სახით, ბანკმა სასამართლო კიდევაც რომ მოიგოს, ეს ქონება გადაეცემა არა თავად ბანკს, არამედ სასამართლო აღმასრულებელს, რომელმაც ის უნდა გაყიდოს და მიღებული თანხა ბანკს გადაურიცხოს. ეს პროცესი შეიძლება წლების განმავლობაში გაიწელოს, რაც ბანკს აშკარად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. ერთადერთი, რაც არც ისე ცუდად მუშაობს, ეს არის ის შემთხვევაში, თუ კრედიტს მსხვილი ფირმის გარანტიით აძლევენ, მაშინ ბანკები უბრალოდ ჩამოწერენ მათი ანგარიშიდან დაუბრუნებელ თანხებს. ასეთ პირობებში საბანკო სისტემის განვითარება ნელა მიმდინარეობს, რაც ეკონომიკის განვითარებასაც აფერხებს.

ენერგომომარაგება

ომის შემდგომი ცხოვრების დაწყების პირველი დღეებიდან მოყოლებული, აფხაზეთი ენგურჰესიდან ელექტროენერგიას უფასოდ იღებს, რამაც როგორც სახელმწიფო აპარატს, ისე მოსახლეობას ჩამოუყალიბა დამოკიდებულება – „არ მაინტერესებს“ – ხელისუფლებას დიდად არ უფიქრია თვისი ენერგეტიკული ბაზების განვითარებაზე, დებდა რა ამას გაურკვეველი მომავლისთვის და ძირითადად ელექტროსისტემის მუშაობისთვის იმ მომენტში საჭირო რემონტით იყო დაკავებული, მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი კი საერთოდ არ იხდის ელექტროენერგიის საფასურს. ცუდ გადამხდელთა შორის ასევე არის ბევრი სახელმწიფო დაწესებულება. ასეთ სასტიკად უპასუხისმგებლო ვითარებაში, ელექტროენერგიის დაზოგვის მცდელობის მინიშნებებიც კი არ არის!

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფხაზეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც უბრალოდ წარმოდგენა არ აქვთ ბუნებრივი რესურსებისა და ელექტროენერგიის დაზოგვაზე. ამა წლის ბოლო თვეებშიც კი, როდესაც მთელი მოსახლეობა კვნესის ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო, ჩვენ კი რუსეთიდან შემოსული ნაკადის საფასურს მაღალი რუსული ფასებით ვიხდით, არ ხდება ელექტროენერგიის რაციონალურად გამოყენების მცდელობაც კი არასაჭირო მოხმარების შემცირების ხარჯზე – მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ბრდღვიალებდეს განათება დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში სტადიონებზე, გასართობ მოედნებზე და ა.შ. წლობით ანთია განათება პლაჟზე არსებულ კაფეებში. ღამით სრულად განათებულია ცენტრალური ავტომაგისტრალი ფსოუდან სოხუმამდე, თუმცა, ამაზე დიდი ხანია უარი თქვეს მდიდარ ქვეყნებშიც კი, სადაც ღამღამობით გზის ნაკლებად მოხმარებად მონაკვეთებზე განათება ამრეკლავი ელემენტებით ჩაანაცვლეს.

მთელი ომის შემდგომი წლების განმავლობაში, არ მახსოვს ხელისუფლების მხრიდან თუნდაც ერთი მკაფიო მოწოდება ელექტროენერგიის დაზოგვისკენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველ ეშელონშიც კი არ იციან, რა არის თანამედროვე ეკონომიკა. ელექტროენერგიის ასეთი უაზრო მოხმარებით, გულუბრყვილობაა იმის მოლოდინი, რომ გარემონტებული ენგურჰესი სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს. საბჭოთა დროს არსებული ადგილობრივი ელექტროსადგურების აღდგენისა და გარემონტების საშუალება ჩვენს ბიუჯეტს არ გააჩნია; მაგალითად, სოხუმიჰესის აღდგენა, დაახლოებით, ოცდახუთი მილიონი დოლარი დაჯდა, რომელიც რუსმა ინვესტორმა გამოყო, დახარჯული თანხის დაბრუნების პერსპექტივები ბუნდოვანია, თუკი თავიდანვე მაინინგზე არ იყო გათვლა.

გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ გამოვიყენეთ მთიან მდინარეებზე კერძო პატარა ჰესების მთელი ქსელის შექმნის რეალური შესაძლებლობა, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფდა, თუნდაც შორეულ მთის სოფლებს. ამისათვის საჭირო იყო საზოგადოებრივი კამპანიის ჩატარება ამ მინიჰესების დამონტაჟების სიმარტივესა (ინტერნეტში უკვე 10-15 წელზე მეტია უამრავი ინფორმაციაა მათი დამოუკიდებლად აწყობისა და დამონტაჟების შესახებ) და ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საქმიანობისთვის უნდა გაცემულიყო მცირე კრედიტები და არა მითიური პროექტებისთვის. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება აგრძელებს ადმინისტრაციულ-გუნდური გზით სვლას და აბსოლუტურად არ იყენებს საზოგადოებრივ ენერგიას შემოქმედებითი მიზნებისთვის.

„ჩერნომორენერგოს“ იმ სახით, რომლითაც მთელი ეს წლები არსებობს, არ შეუძლია არსებული ელექტროქსელის მოდერნიზაცია – როგორც ჩანს, ამ სფეროშიც აუცილებელია ეტაპობრივად გადავიდეთ საბაზრო რელსებზე, სახელმწიფოსთვის საკონტროლო პაკეტის შენარჩუნების პირობებში, რათა რაღაცნაირად მაინც შევინარჩუნოთ ელექტროენერგიაზე ფასები გონივრულ ფარგლებში. რა თქმა უნდა, ფასები უნდა გაიზარდოს, რათა ამან მაინც გვასწავლოს ეკონომია.

ელექტროენერგიის მოხმარება ეკონომიკის ყველა სფეროში გაიზრდება, მაინინგის ცივილიზებულ ფარგლებში მოქცევა ნაკლებად მოხერხდება, ელექტროქსელის მოდერნიზაცია უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ელექტრომომარაგების შემდგომი მრავალწლიანი პრობლემები, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყნის წარმატებული განვითარების შესაძლებლობას.

სოფლის მეურნეობა

ომის შემდეგ მომხდარი სოფლის მეურნეობის დეგრადაცია დიდწილად დაკავშირებულია არა მხოლოდ განადგურებასა და სამუშაო ძალის გადინებასთან, წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობის არქონასთან, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, არამედ ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის თანამედროვე მეთოდიკის არარსებობასთან. სწორედ ამიტომ, მაგალითად, აფხაზური მანდარინის თვითღირებულება ჩრდილოეთაფრიკულ მანდარინზე გაცილებით მეტია, რაც სრულიად გამორიცხავს ამ სახეობის პროდუქციის მსხვილ რუსულ სავაჭრო ცენტრებში მოხვედრას, თუმცა რუსი მომხმარებელი მრავალი თვალსაზრისით ჯერ კიდევ სწორედ აფხაზურ მანდარინს ანიჭებს უპირატესობას.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ფეხზე დამდგარი საკურორტო სექტორი სულ უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას მოიხმარს, ეს არანაირად არ აისახება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ვინაიდან პროდუქციის უდიდესი ნაწილი შეძენილია სოჭის ბაზრებში. საკურორტო ობიექტების მეპატრონეები ამას იმით ხსნიან, რომ ჩვენს მწარმოებლებს არ შეუძლიათ მუდმივი და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა. შედეგად, საკურორტო სეზონისას გამომუშავებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ქვეყნიდან ისევ გაედინება.

და აქაც ყველაფრის სათავე ისევ კომპეტენტური მენეჯმენტის არარსებობაა – ჩვენ არ გვყავს პროფესიონალი შუამავალი ფირმები, რომლებიც შეძლებდნენ მუდმივი და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფას, მწარმოებელთა ქსელის გაერთიანებით, რომლებიც ერთმანეთს დააზღვევდნენ. როგორც ჩანს, თვითონ მწარმოებლებს ეს თავში არ მოსდით, ისევ და ისევ, არასაკმარისი ეკონომიკური განათლების გამო.

თუკი უახლოეს წლებში ვერ შევძლებთ საკურორტო სფეროსა და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის მდგრადი კავშირის უზრუნველყოფას, ჩვენი სოფლის მეურნეობა ისევ ნახევრად ემბრიონულ მდგომარეობაში იქნება, რადგან რთულია გათვლის გაკეთება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სტაბილურად საზღვარგარეთ გატანაზე. სიტუაციას ართულებს ცუდი გზებიც სასოფლო-სამეურნეო ადგილებში, რომლის ასაშენებლად გამოყოფილ ფულს ხშირად იპარავენ.

ზოგადად, აფხაზეთის კლიმატური პირობები მრავალპროფილური პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა – მაგალითად, ბაბუშერას ეთერზეთების მეურნეობა საბჭოთა დროს ნედლეულს აწვდიდა მოსკოვის კოსმეტიკურ სფეროს, ტუნგის ზეთს – საავიაციო ინდუსტრიას და ა.შ. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო ამ დრომდე ვერ მოვახერხეთ ყველაზე წარმატებული მეურნეობების აღდგენაც კი.

ტურიზმი

ტურიზმი – აფხაზეთის ეკონომიკის ერთადერთი სფეროა, რომელსაც მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს და თანდათან ვითარდება, მაგრამ მის მდგრად განვითარებას ხელს უშლის ყველა სფეროში სისტემური მიდგომების არარსებობა. ბოლო ათი წლის განმავლობაში, რამდენიმე ასეული ტურისტული ადგილი აშენდა და ადაპტირდა კლიენტების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის, მცირე ზომის დაურეგისტრირებელი აპარტამენტები მრავალსართულიან შენობებსა და კერძო სახლებში. მათ დიდ ნაწილში გათვალისწინებულია თანამედროვე კომფორტის ყველა მოთხოვნა. ამ მხრივ აშკარა პროგრესი გვაქვს.

სამწუხაროდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკურორტო ობიექტების მშენებლობის სახელმწიფო კომისიის მიერ დამტკიცებული საგზაო რუკის არარსებობა ხშირად იწვევს ქაოტურ განაშენიანებას (ეს კი მომავალში აუცილებლად შექმნის კოლოსალურ პრობლემებს) და ძირითადი სანიტარიული ნორმების დარღვევას, მათ შორის კანალიზაციის არარსებობას, და, შესაბამისად, დაბინძურებული წყლის ჩაშვებას მდინარეებში ან პირდაპირ ზღვაში, რაც მკვეთრად აუარესებს ზღვის წყლის ხარისხს და სამომავლო გართულებების საფრთხეს ქმნის.

ტურისტული სფეროს განვითარებას ძალიან ზღუდავს ელექტრომომარაგების მიწოდებაში მუდმივი შეფერხებები, რომელიც ხელს უშლის მთელი წლის განმავლობაში მოქმედი ტურიზმის განვითარებას და ცხოვრების კომფორტულობის ზრდას. საერთო ნგრევა, ინდუსტრიაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, მრავალი ისტორიული და ბუნებრივი ძეგლის შესასვლელამდე კარგი გზების არარსებობა და სხვა პრობლემები ახალი ტურისტების მოზიდვას აფერხებს, რომლებიც უკვე იცნობენ განვითარებული ტურისტული ქვეყნების განვითარებულ სერვისებს.

საგარეო მიზეზები

ყველა მათგანი დაკავშირებულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოუგვარებლობასთან და, შედეგად, ქვეყნის მრავალწლიან იზოლაციასთან, რომელიც მხოლოდ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში შეარბილა რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორულმა ურთიერთობებმა.

საქართველოს თანმიმდევრული ძალისხმევის წყალობით, ქვეყანა ფაქტობრივად გარიყულია საერთაშორისო ვაჭრობის, სამეცნიერო და კულტურული გაცვლისგან, მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან – საქართველოს მიერ გაჩაღებულ ომში გამარჯვებული პატარა ქვეყანა განდევნილის მდგომარეობაში აღმოჩნდა, და ეს არაბუნებრივი პოლიტიკური ფენომენია, რომლის არსებობაც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას, რომელიც აღიარებს ხალხთა და ერების თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპს და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებს და ჩვეულებრივ საღ აზრს.

სამწუხაროდ, საქართველოს მიერ თავსმოხვეული იზოლაცია, აისახება ჩვენი ტურისტული იმიჯის ცვლილებაზეც – თუკი საბჭოთა დროს აფხაზეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კეთილმოწყობილი კურორტი იყო, ახლა, მრავალწლიანი ნგრევის შემდეგ, ჩვენ უკვე „მიტოვებულ ქვეყანას“ გვიწოდებენ; ამ უსიამოვნო სახელის მოშორება რთული იქნება, მით უფრო, რომ დედაქალაქშიც კი ომის კვალი ძალიან ნელა ქრება.

ამ არაბუნებრივი მდგომარეობის მძიმე შედეგები ბევრ რამეზე აისახება და თუკი ომისშემდგომ წლებში განვითარების ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს შევაფასებთ, მაშინ ეკონომიკური და კულტურული დანაკარგების საერთო ოდენობა, სავარაუდოდ, მრავალმილიარდიან რიცხვებში იქნება გამოსახული.

ფაქტობრივად, საქართველოს ამ არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ, მისი ხელმძღვანელების მოლოდინების საწინააღმდეგოდ, მდინარე ენგურზე გეოპოლიტიკური განხეთქილების კიდევ უფრო გაღრმავება გამოიწვია. 

იზოლაციიდან შესაძლო გამოსავლის გზები

რაც უფრო დიდხანს გრძელდება იზოლაცია, მით უფრო მეტად ჩამორჩება აფხაზეთი ეკონომიკური და სხვა ტიპის განვითარებით მეზობლებს, რაც თანდათან ახალ რისკებს აჩენს – როდესაც ჩვენსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდება, და ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, ისტორია აჩვენებს, რომ არცერთი კონფლიქტი არ გრძელდება მუდმივად, ჩვენ შეიძლება მზად არ აღმოვჩნდეთ ახალი რეალობისთვის, რადგან განვითარებული არ გვაქვს თანამედროვე საფინანსო ინსტიტუტები, ჩვენ სხვადასხვა ტიპისა და დონის საერთაშორისო კომერციული ვალდებულებების დიდი გამოცდილება არ გაგვაჩნია; ამის გამოყენებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უბრალოდ შეეძლებათ შეიძინონ აფხაზეთის ძირითადი აქტივები სხვადასხვა სქემით, რომლებიც დიდი ხანია შემუშავებული და დახვეწილია კონკურენტულ სამყაროში.

გვერდიდან რომ შევხედოთ ამ სიტუაციას, ჩვენ კი ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ ჩვენი დღევანდელი სტატუსის უფრო ობიექტური შეფასებისთვის, აფხაზეთი პოლიტიკურ და ეკონომიკურ მარგინალად გამოიყურება, რომელიც გარიცხულია ბევრი საერთო-რეგიონული პროცესიდან. ჩვენ თითქოს ერთ პოზიციაში გავიყინეთ, ვერ ვამჩნევდით, რომ სამყარო სწრაფად იცვლება და არ ვიჩენდით არანაირ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინიციატივას სიტუაციის შესაცვლელად.

კოვიდ-19-ის პანდემიამ აჩვენა, რომ ფსონის მხოლოდ ტურიზმზე გაკეთება სახიფათო და არაშორსმჭვრეტელურია – განვითარებული ტურისტული ქვეყნების კოლოსალური დანაკარგები მხოლოდ იზრდება კარანტინის თუნდაც ნაწილობრივი გაგრძელების გამო; მაგალითად, იტალიაში, სადაც სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბული იყო, განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ტრადიციული ხალხური რეწვის ისეთი დარგებიც კი, რომელიც დაკავშირებულია სააღდგომო და სხვა რელიგიური რიტუალებისთვის სუვენირების დამზადებასთან. 

აფხაზეთს უფრო საიმედო შემოსავლის წყარო უნდა ჰქონდეს, რომელიც ნაკლებად დაექვემდებარება კონიუნქტურულ რყევებს. წარმოიდგინეთ, რომ პირველადი აქტივობის ყველაზე უფრო რეალური და რაციონალური ვარიანტი, რომელიც დაიწყებს მოდერნიზაციის საერთო პროცესს, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ინტერესებთან პირდაპირ დაკავშირებული მსხვილი პროექტი იყოს.

ადრე შუა საუკუნეებში აფხაზეთზე გადიოდა დიდი აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებდა და პრინციპში, ჩვენ გვაქვს ობიექტური წინაპირობები ამ სატრანსპორტო დერეფნის აღდგენის კავკასიის ქედის გავლით.

აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირებისთვის რეგიონული კონკურენცია სულ უფრო მწვავდება, მას ახლახან აქტიურად შეუერთდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშე, ჩინეთი – მისი ექსპანსია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აქტიურად იზრდება, ჩინელები უკვე დებენ უზარმაზარ თანხებს ძირითადი იტალიური პორტების რეკონსტრუქციასა და გაფართოებაში. ძალიან მალე, ჩინეთი ნოვოროსიისკის პორტის აშკარა კონკურენტი გახდება, რომელიც ახლა ლიდერია აზიის ქვეყნებიდან დასავლეთში რუსეთის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებული საქონლის კონტეინერებით გადაზიდვაში.

რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია კიდევ ერთი პორტის ქონა, მაგრამ შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე არის მხოლოდ ორი ღრმაწყლოვანი ადგილი, რომელიც შესაფერისია დიდი პორტების ასაშენებლად, რომლებსაც შეუძლიათ უდიდესი გემების მიღება – ეს არის ანაკლია საქართველოში და სკურჩა – აფხაზეთში. ანაკლიაში სავაჭრო პორტი უკვე რამდენიმე წელია შენდება, თუმცა, არსებობს მისი მნიშვნელოვანი ნაწილის აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების სამხედრო საზღვაო ბაზად ქცევის პერსპექტივა, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს მის გამტარუნარიანობას სამოქალაქო ტვირთისთვის.

სკურჩაში დიდი სავაჭრო პორტის აშენება აფხაზეთისთვისაც სასარგებლო იქნებოდა და რუსეთისთვისაც, რადგან განტვირთავდა ნოვოროსიისკის პორტს და შექმნიდა ახალ შესაძლებლობებს რუსეთის ფედერაციისთვის ამ ტიპის სატრანსპორტო ნაკადისთვის. გასაგებია, რომ ჩვენ თვითონ ასეთი რამის აშენება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია სანაპიროს ნაწილი გრძელვადიანი არენდით მივცეთ რუსეთს პორტის ასაშენებლად, ჩვენთვის მნიშვნელოვან ასპექტებში აფხაზური მხარის მონაწილეობის გათვალისწინებით, მათ შორის, მოგების წილში და აფხაზური სამუშაო ძალის გამოყენებაში მშენებლობასა და შემდგომ ფუნქციონირებაში.

ეს იქნებოდა ერთადერთი დიდი ინდუსტრიული ზონა აფხაზეთში, მაღალტექნოლოგიური და მიმდებარე რკინიგზისა და აეროპორტის ამოქმედების საშუალებას მოგვცემდა, რომელთა ამოქმედებაც ამჟამად წაგებიანია და ამიტომ ყოვნდება.

სამხრეთის თავშესაფრისა („Южный приют“) და კოდორის ხეობის გავლით, აფხაზეთის სანაპიროს ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობა, გაზრდის სკურჩაში პორტის მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სამომავლო განვითარებას, რაც ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია. საერთო ჯამში, ამ პროექტის რეალიზაცია ჩვენს ქვეყანას ფინანსურ სარგებელს მოუტანს, რომელიც გაუთანაბრდება და შეიძლება აღემატებოდეს კიდეც ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს.

ეს თანხა აფხაზეთს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს სრულფასოვანი სახელმწიფო ბიუჯეტი, ეკონომიკის ბევრი სფეროს მოდერნიზება მოახდინოს და ფული ჩადოს კულტურის ყველა მიმართულებაში, გაზარდოს ხელფასები და პენსიები, მოდერნიზაცია კი საგრძნობლად გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესში, თანაც ჩვენი რეგიონული მნიშვნელობა მაშინვე გაიზრდება და მეზობელი ქვეყნები დაიწყებენ აფხაზეთის გათვალისწინებას სამომავლო გეგმებში. ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო არტერიის გამოყენების შეუძლებლობა, ასე თუ ისე, ობიექტურ ზიანს აყენებს მთელ რეგიონს.

არსებული სიტუაციის ანალიზი აჩვენებს, რომ ძირითად სფეროებში მოდერნიზაციის გადადება სახიფათოა – შეიძლება იმდენ ხანს ჩამოვრჩეთ განვითარებაში, რომ გაუცხოების ზონად გადავიქცეთ. სკურჩაში პორტის მეგაპროექტი – ეს მრავალი წლის საქმეა, საშინაო პრობლემების გადაწყვეტა კი უკვე ახლა შეიძლება, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და საზოგადოების დიდი ნაწილის გააზრებული გაგება იმისა, რომ ცვლილებები ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია აფხაზური სახელმწიფოს გადარჩენისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ მაგივრად ამას სხვა არავინ გააკეთებს!

მსგავსი სტატიები