ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს უარი უთხრეს აფხაზეთში შესვლაზე | ტოივო კლაარი წერილს აქვეყნებს

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ევროკავშირის წარმომადგენელი აფხაზეთში არ შეუშვეს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აღნიშნავს, რომ იანვრის ბოლოს მას აფხაზეთში ჩასვლა უნდოდა, თუმცა მისი თხოვნა აფხაზეთში ჩასვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მას უარი უთხრეს აფხაზეთში შესვლაზე.

JAMnews უცვლელად გთავაზობთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარის წერილს, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით:

„ჩემი მანდატის ფარგლებში 2024 წლის იანვრის ბოლოს ვაპირებდი აფხაზეთში ვიზიტს. სამწუხაროდ, იქ ჩვენმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია.

ბოლო ექვს თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ასეთი პასუხი მივიღეთ.

მოგეხსენებათ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არაერთხელ ვარ ნამყოფი აფხაზეთში მას შემდეგ, რაც გავხდი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ერთად, ასევე საკუთარ გუნდთან ერთად.

ევროკავშირი მთავარ როლს ასრულებს დიალოგისა და კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში მთელ სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის თბილისსა და სოხუმს შორის.

ამ კონტექსტში, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს ან აფინანსებს უამრავ ჰუმანიტარულ პროგრამას აფხაზეთში.

ეს ძირითადად ხდება ადგილზე მომუშავე პარტნიორების მეშვეობით, როგორიცაა გაეროს სააგენტოები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

● პრიმორსკში ასაფეთქებელი საბრძოლო მასალების განეიტრალება და განადგურება.

● თბილისსა და სოხუმს შორის არქივების სფეროში თანამშრომლობისა და მრავალრიცხოვანი გაცვლის ხელშეწყობა.

● ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვით პროექტებს, მათ შორის პროექტებს იმუნიზაციის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვისა და ჯანდაცვის ცენტრებისა და საავადმყოფოების განახლების მიმართულებით, ასევე COVID 19-ის წინააღმდეგ მიმართულ პროგრამას.

● ევროკავშირმა ასევე მხარი დაუჭირა სოხუმის უნივერსიტეტისთვის სახელმძღვანელოების დონაციას, ხელი შეუწყო აფხაზური ენისა და მულტილინგვური განათლების პოპულარიზაციას, მასწავლებლების მომზადებას და სკოლების აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას.

● და ბოლოს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მცირე ბიზნესს და ფერმერებს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლაში, ახალი კულტურების ჯიშებისა და ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდოლოგიების დანერგვით.

● და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საპირისპირო მხარეს მცხოვრებ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებთან თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობა.

ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებები. მაგრამ მიუხედავად ამისა, და მიუხედავად უთანხმოებისა ზოგიერთ ძირითად საკითხზე, ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით კომუნიკაციის არხების შენარჩუნებას და ინტერაქციას ყველა იმ სფეროში, რაც მე აღვნიშნე.

აფხაზეთის შედარებით ღიაობა არ უნდა გახდეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის მსხვერპლი.

პირიქით, ახლა საჭიროა მეტი, პირდაპირი პირადი კონტაქტები მიმდინარე მოვლენებზე მოსაზრებებისა და შეფასებების გასაცვლელად, აგრეთვე შემდგომი ურთიერთქმედების შესაძლებლობების განსახილველად.

მაგალითად, სოხუმის გალერეაში ხანძრის ტრაგედიის შემდეგ, მიმაჩნია, რომ არქივებთან მუშაობისას დაგროვილი ჩვენი გამოცდილება შეიძლება სასარგებლო იყოს.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ მზარდ შეზღუდვებს ჩვენს საქმიანობაზე. ასევე გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე.

როდესაც 2017 წელს შევუდექი მუშაობას ამ პოსტზე, მამხნევებდა აფხაზეთის პრაგმატიზმით და ღიაობა, მისი სამოქალაქო საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობა და ჩვენი თანამოსაუბრეების მზადყოფნა, ჩაერთონ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის იმ კონტექსტში, რომლის მხარდაჭერაც ჩვენ, როგორც ევროკავშირს შეგვეძლო.

თუმცა, დღეს მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი თითქოს იკეტება.

მე ვერ ვხედავ, რომ ეს ვინმეს ინტერესებში შედის, ყველაზე ნაკლებად აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში.

არის ბევრი პრობლემა, რომელიც გადასაწყვეტია. თუმცა, საერთაშორისო ურთიერთქმედებისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა – და, შესაბამისად, აფხაზეთისთვის დახმარების შეზღუდვაც – მხოლოდ გაამწვავებს ამ პრობლემებს.

მეტიც, ჩემი ვიზიტებისა და საერთაშორისო წვდომის შეზღუდვით, და ზოგადად, ჩაკეტვით, აფხაზეთი ხელიდან უშვებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, რათა თავისი შეხედულებები და პრობლემები უფრო ცნობილი და გასაგები გახადოს გარე სამყაროსთვის.

ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შეზღუდვები, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, დროებითია და ისინი მალე გადაილახება საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ევროკავშირი გააგრძელებს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობაში. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა აფხაზეთთან, როგორც უშუალოდ, ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

მაგრამ ეს ასევე მოითხოვს ჩვენი თანამოსაუბრეების მონაწილეობას და ღიაობას.“

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.