ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პოლიტიკის მიმოხილვა – ომიდან დღემდე

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პოლიტიკის მიმოხილვა

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რომელიც 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა, 1994 წლის 14 მაისს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულებით (მოსკოვის ხელშეკრულება) დასრულდა, თუმცა ამით არ აღკვეთილა სისხლისღვრა. კონფლიქტმა კვლავ მიაღწია უმაღლეს წერტილს 1998 და 2001 წლებში, რამაც კიდეც უფრო დააშორა საქართველო და აფხაზეთი ერთმანეთს და გაართულა შერიგების პროცესი.

ღია საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდგომ, რასაც თან სდევდა ორივე მხრიდან მრავალათასიანი მსხვერპლი და ასი ათასობით იძულებით გადაადგილებული ეთნიკური ქართველი, თბილისსა და სოხუმს შორის დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკებების სერია, რომელიც არაერთხელ შევიდა ჩიხში, რაც გამოწვეული იყო დაძაბულობის ესკალაციისა და მიღებული ხელშეკრულებების დარღვევების გამო. ამასთანავე, კონფლიქტის მოგვარების ყველა მცდელობას ხელს უშლიდა მხარეებს შორის არსებული უნდობლობა და სტატუსის თაობაზე პოზიციების პოლარული სხვადასხვაობა. ფაქტობრივად, არ არსებობდა საერთო მოსაზრება აფხაზეთის სტატუსის გადაწყვეტის თაობაზე.

სამშვიდობო პოლიტიკა 1993 წლიდან 2003 წლამდე

1993 წელს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გაეროს ინიციატივითა და ძალისხმევით საფუძველი ჩაეყარა ქართულ-აფხაზურ სამშვიდობო პროცესს. შედეგად, 1993 წლის 1 დეკემბერს ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უნდა გამხდარიყო საძირკველი სამომავლო თანამშრომლობისა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები იღებდნენ ვალდებულებას მოლაპარაკებების მიმდინარეობისას თავი შეეკავებინათ მუქარისა და ძალადობის გამოყენებისაგან. ამასთანავე, უნდა მომხდარიყო ტყვეების გაცვლა და შექმნილიყო ყველა საჭირო პირობა იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და მოკლე ვადაში დაბრუნებისთვის.

1994 წლის 4 აპრილს თბილისსა და სოხუმს შორის ხელი მოეწერა ორ ძალზედ მნიშვნელოვან შეთანხმებას.  პირველი მათგანი მიზნად ისახავდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას, რომლის საფუძველზეც მხარეები იღებდნენ ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების ზედმიწევნით შესრულებაზე და ამავე დროს კვლავ ადასტურებდნენ მზაობას ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე. ამასთანავე, აფხაზეთს უნდა ჰქონოდა საკუთარი კონსტიტუცია, კანონმდებლობა და შესაბამისი სახელმწიფო სიმბოლიკა, როგორიცაა ჰიმნი, გერბი და დროშა. გარდა ამისა, მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი მოწოდება სამშვიდობო ოპერაციაში რუსეთის სამხედრო ძალების მონაწილეობის თაობაზე გაეროს მშვიდობისმყოფელთა ძალებში. ასევე, მხარეები მოუწოდებდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს გაეფართოვებინა საქართველოში უკვე არსებული გაეროს სადამკვირვებლო მისიის (UNOMIG) მანდატი.

1994 წლის 4 აპრილს ასევე გაფორმდა ოთხმხრივი შეთანხმება ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ნებაყოფლობითი დაბრუნების თაობაზე. მხარეები აცხადებდნენ თანხმობას ეთანამშრომლათ ლტოლვილების და დევნილების უსაფრთხო დაბრუნებაზე თავიანთ საცხოვრებელ სახლებში, რომელთა დატოვებაც კონფლიქტის გამო მოუწიათ. ორივე მხარე პატივს სცემდა ადამიანის უფლებას უსაფრთხოდ, ყოველგვარი დაკავების რისკის გარეშე დაბრუნებულიყვნენ სახლებში. აღნიშნული არ ეხებოდა ადამიანებს, რომელთა შესახებაც არსებობდა სერიოზული ეჭვები ომის დანაშაულებებში და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებში მონაწილეობის თაობაზე. ამასთანავე, მხარეები თანხმდებოდნენ რომ დაბრუნებული პირები ისარგებლებდნენ გადაადგილების თავისუფლებით და დაცულები იქნებოდნენ შევიწროებისაგან, მათ შორის უკანონო გადასახადებისა და საფრთხისგან, რომელიც დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს ან ქონებას. ყოველივე აღნიშნული კი  ახლადშექმნილ ოთხმხრივ კომისიას უნდა  განეხორციელებინა.

თუმცა, მიუხედავად არაერთი ვალდებულებისა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, ადგილზე კვლავ გრძელდებოდა პარტიზანული შეტაკებები, შესაბამისად არსებული მშვიდობაც ძალზედ მყიფე იყო. 1994 წლის 14 მაისს მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე, რომელიც ადგენდა ადგილზე უსაფრთხოებას და ჯარების გაყვანის უზრუნველყოფას. აღნიშნული შეთანხმება გამორჩეული იყო პოლიტიკურადაც, რადგან კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ოპერაციას ამტკიცებდა.3 მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1994 წლის 27 ივლისს გაეროს  უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 937-ის (1994) მიღებაც, რომლის საფუძველზეც გაფართოვდა UNOMIG-ის მანდატი და რომელსაც მონიტორინგი უნდა გაეწია 14 მაისის მოსკოვის ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებაზე. ამასთანვე, უნდა დაკვირვებოდა დსთ-ს სამშვიდობო ძალების ოპერაციას აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი იყო 1995 წლის 22 ივლისს ხელმოწერილი ოქმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების თაობზე. მეორე პუნქტის თანახმად, მხარეები აცხადებდნენ თანხმობას ეცხოვრათ ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოში ყოფილი საბჭოთა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში,  მხარეებს შორის  ურთიერთობები კი უნდა დარეგულირებულიყო საკონსტიტუციო სამართლით.  დოკუმენტი პარაფირებული იქნა, მაგრამ მოგვიანებით აფხაზებმა უკან წაიღეს თავიანთი ხელმოწერა. მხარეები კვლავ ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან 1997 წლის ივნისში. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ოქმის მეორე მუხლის თანახმად, მხარეები აცხადებდნენ თანხმობას ეცხოვრათ ერთიან სახელმწიფოში ყოფილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ფარგლებში 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ამასთანავე, განსაზღვრული იყო ერთიანი სახელმწიფოს ერთობლივი ორგანოების მთავარი ფუნქციებიც, თუმცა ამჯერად ქართულმა მხარემ არ დაამოწმა შეთანხმება და კონფლიქტის მოგვარების შანსი კვლავ ხელიდან იქნა გაშვებული.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში აღსანიშნავი მოვლენა იყო 1997 წლის 14 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძისა და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა თბილისში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი პრიმაკოვის მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნულმა შეხვედრამ გააჩინა მნიშვნელოვანი მოლოდინები კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის თაობაზე, მაგრამ აღნიშნული მოლოდინები კვლავაც არ გამართლდა. შეხვედრის მიმდინარეობაზე გავლენა იქონია მედიატორის ჩრდილში ყოფნამ, რითაც მოლაპარაკებები ისევ იმ გაყინულ წერტილს დაუბრუნდა. საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა შეხვედრამ უფრო მეტი ზარალი მოიტანა, ვიდრე სიკეთე, რადგან იგი არა მხოლოდ არადამაჯარებელად დასრულდა, არამედ ორივე მხარეს მისცა ახალი საფუძველი ერთმანეთის მიმართ უნდობლობის.

აღსანიშნავია, რომ 1997 წლის ივლისში შეიმჩნეოდა გარკვეული წინსვლა პოლიტიკური გადაწყვეტილების თვალსაზრისით, რადგან გაზრდილი იყო რუსეთის ფედერაციის აქტიურობა და ამავე დროს გაეროს მიერ ივლისის ბოლოს დაგეგმილი იყო მაღალი რანგის შეხვედრა. სამწუხაროდ  ამ შემთხვევაშიც არ იქნა მიღწეული კონკრეტული შედეგები. პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენდა 1997 წლის 20 აგვისტოს ქართული და აფხაზური მხარეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკოორდინაციო კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც უნდა გამკლავებოდა პრაქტიკულ საქმეებს. აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი ზურაბ ლაკერბაია იყო, რომელიც აფხაზეთში პატარა ჰუმანიტარულ და განვითარების პროექტებს ხელმძღვანელობდა. აღნიშნული მხარეებისთვის წარმოადგენდა ერთგვარ შეხსენებას იმისა, რომ ისინი გაეროზე მეტად იყვნენ აქტორები, რომლებსაც უნდა ჰქონოდათ მნიშვნელოვანი გავლენა მშვიდობის პროცესების განვითარებაში.

17-19 ნოემბერს გაეროს ეგიდით ჟენევაში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის. შეხვედრას ფასილიტატორების როლში  ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, ეუთო და მეგობართა ჯგუფის ქვეყნები, რომლებიც დამკვირვებლებად იყვნენ წარმოდგენილნი. აღსანიშნავია, რომ მეგობართა ჯგუფის ქვეყნები გაეროს გენერალური მდივნის მიერ 1994 წელს იყო ჩამოყალიბებული და მის რიგებს მიეკუთვნებოდნენ: საფრანგეთი, გერმანია, რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ  საკოორდიანციო საბჭოს შექმნაზე, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფები იმუშავებდნენ შემდეგ სფეროებში: მტრობის არგანახლებასა და უსაფრთხოების პრობლემებზე; ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებზე და მესამე, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე. მხარეების შეხვედრები უნდა შემდგარიყო პერიოდულად, რათა განხილულიყო მოლაპარაკებების პროგრესი კონფლიქტის მოგვარების მთავარ ასპექტებზე. შეხვედრები გაიმართებოდა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის ფასილიტატორობითა და ეუთოს და მეგობართა ჯგუფის ქვეყნების მონაწილეობით.

სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული გარკვეული წარმატებები მთლიანად გადაფარა 1998 წლის გაზაფხულზე გალში ქართველ პარტიზანებსა და აფხაზებს შორის მიმდინარე ფართომასშტაბიანმა შეტაკებებმა, რასაც თან ახლდა ასეულობით მსხვერპლი და დამატებით კიდევ 30 000 დევნილი. განვითარებულმა მოვლენებმა ქართველებსა და აფხაზებს შორის უნდობლობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა.3 მართლაც, 1999 წელი აფხაზური მხარისთვის გადამწყვეტ წერტილად იქცა, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოხდა აფხაზების პოზიციის რადიკალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. შედეგად, 1999 წლის ოქტომბერში  აფხაზეთის პარლამენტმა მიიღო „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აქტი“, რის საფუძველზეც აფხაზმა ექსპერტებმა დაიწყეს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვა.

შექმნილი რთული ვითარების ფონზე გაერომ კვლავ დაისახა მიზნად სამშვიდობო პროცესის გამოცოცხლება. 1998 წლის მიწურულს „ჟენევის პროცესის“ ფარგლებში დაიწყო „ნდობის აღდგენის შეხვედრები“ გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თავმჯდომარეობით. პირველი შეხვედრა ათენში გაიმართა 1998 წლის ოქტომბერში, მეორე შეხვედრა კი 1999 წელს სტამბულში. 2001 წლის მარტში მხარეები იალტაში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს უკანასკნელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო შემდეგი ფაქტების გამო: მხარეებმა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მიმართეს თხოვნით დაეყოლიებინა გაერო, საქართველოს მეგობართა ჯგუფი, ეუთო და დსთ გამხდარიყვნენ გარანტორები შეირაღებული დაპირისპირების განუახლებლობისა და საწყის ეტაპზე გალში დევნილების უსაფრთხო დაბრუნების. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ნდობის აღდენის ზომებზეც, რაც მოიცავდა თანამშრომლობას სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში.

მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ძვრებისა, აღნიშნული ინიციატივაც უშედეგო აღმოჩნდა, რაც გამოწვეული იყი უმეტესად აფხაზეთში არსებული გახშირებული ინციდენტებით. ყოველივე ამან კი 2001 წლის იანვირდან საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის შეწყვეტა გამოიწვია. მხარეებს შორის დაძაბული ვითარების განმუხტვა ვერც მომდევნო წლებში მოხერხდა. აქედან გამომდინარე, 2000-2002 წლები შესაძლებელია ჩაითვალოს ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესის კრიზისულ პერიოდად.

აღნიშნულ პერიოდში ერთადერთ ნათელ წერტილს წარმოადგენდა 2001 წლის დეკემბერში საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის  დიტერ ბოდენის ძალისხმევით შემუშავებული გეგმა-პროექტი, რომელიც „ბოდენის დოკუმენტის“ სახელწოდებითაა ცნობილი. დოკუმენტი კონფლიქტის დარეგულირებას ისახავდა მიზნად და განსაზღვრავდა მხარეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის ძირითად პრინციპებს. „ბოდენის დოკუმენტის“ თანახმად თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა უნდა დაყრდნობოდა საკონსტიტუციო კანონის ძალის მქონე ფედერაციულ შეთანხმებას და ორივე მხარეს კეთილსინდისიერად უნდა შეესრულებინა ფედერაციული შეთანხმების დებულებები (9). „ბოდენის დოკუმენტი“ 2002 წლის 31 იანვარს ასევე მხარდაჭერილ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს #1393 რეზოლუციით, მაგრამ გაეროს არაერთი მცდელობის მიუხედავად აღნიშნული დოკუმენტი ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა განსახილველადაც კი არ მიიღეს. ნათელი იყო, რომ მხარეთა რეგულარული შეხვედრები და მიღებული დოკუმენტები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესზე  არსებით  გავლენას ვერ ახდენდა.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში არსებული პოლიტიკური და სამხედრო ვითარება მუდმივად ცვალებადი იყო. 2002 წლის აპრილში დსთ-ს ჯარებმა UNOMIG-ის გვერდის ავლით კოდორის ხეობაში მძიმე ტექნიკის შეტანა დაიწყო, რომლის უკან გამოტანაც მხოლოდ ედუარდ შევარდნაძისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდგომ გახდა შესაძლებელი. თბილისში ასევე დიდი პროტესტი გამოიწვია დეკემბერში სოჭი-სოხუმის რკინიგზის გახსნამაც. არსებული დაძაბული ვითარების ფონზე უკეთესობისაკენ ცვლილება დაიწყო თებერვალში, როდესაც ახლად დანიშნულმა გაეროს გენერალური მდივნის  სპეციალურმა წარმომადგენელმა ჰეიდი ტალიავინმა აღადგინა მაღალი დონის შეხვედრები და დაიწყო ე.წ. „ჟენევის მეორე პროცესი“. ასევე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა 2003 წლის მარტში სოჭში შევარდნაძესა და პუტინს შორის გამართული შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც შეთანხმდნენ, რომ მუშაობას დაიწყებდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნება, სოჭი-თბილისის რკინიგზის აღდგენა, გალში სამმხრივი პოლიციის შექმნა და აფხაზეთში სხვადასხვა ეკონომიკური და ენერგო პროექტების განხორციელება.

სოჭის შეხვედრა რუსული დიპლომატიისთვის ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ქართულ და აფხაზურ მხარეებს დაეხმარა პოლიტიკური დიალოგის აღდგენაში და განიმტკიცა მთავარი შუამავლის როლი. მართლია გაეროს გენერალური მდივანი ოფიციალურად მიესალმა სოჭის შეთანხმებას, მაგრამ ბევრმა დამკვირვებელმა და ოფიციალურმა პირმა აღნიშნულში ჟენევის პროცესის საქმიანობის შერყევა დაინახა „მეგობართა ჯგუფის“ ხელმძღვანელობით.

ვარდების რევოლუცია და სამშვიდობო პოლიტიკა

2003 წლის ნოემბერში განხორციელებული ვარდების რევოლუციის შედეგად საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. ქვეყანაში არნახულად გაიზარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი ნაციონალური მოძრაობის პოპულარობა. მოსახლეობაში გაჩნდა რწმენა, რომ სწორედ სააკაშვილს შეეძლო ღირსეულად გაძღოლოდა ქართველ ერს. შედეგებმაც არ დააყოვნა და ფაქტობრივად უკონკურენტო საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 96,27%-ით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა. პოლიტიკოსთა ახალ თაობას ხელახლა უნდა დაეწყო ქვეყნის მშენებლობა, ასევე გაჩნდა ახალი მოლოდინები აფხაზეთთან ურთიერთობების საკითხის გარშემოც.

2004 წლის დასაწყისში მართლაც სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა სოხუმის მიმართულებით, რომელსაც შეეძლო პოზიტიური გავლენა მოეხდინა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა გიორგი (გოგა) ხაინდრავა, რომელიც გარკვეული ნდობით სარგებლობდა აფხაზეთში. ამასთანავე, ხელისუფლებამ აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ქართული პარტიზანული დაჯგუფებების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, სადაც მან აფხაზებსა და ოსებს მშობლიურ ენაზე მიმართა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა. ასევე, გაეროს ეგიდით მხარეებმა თებერვალსა და აპრილში გამართეს ოფიციალური შეხვედრები  თბილისსა და ჟენევაში, სადაც იმსჯელეს უსაფრთხოებისა და პირველ ეტაპზე გალის რაიონში დევნილების დაბრუნების საკითხებზე.

მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა 12 მაისს გალში ხაინდრავასა და აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა პროტოკოლს, სადაც ნათქვამი იყო რომ მხარეები ერთგულნი რჩებოდნენ 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების. ასევე. ურთიერთობების გაუმჯობესებისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყო 2006 წლის 29 მარტს ირაკლი ალასანიას და სერგეი ბაღაფშის შეხვედრა სოხუმში, სადაც მხარეები ძალის არგამოყენებისა და დევნილების დაბრუნების საკითხების გარდა, ასევე შეთანხმდნენ საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე, რომელიც 2001 წლის შემდგომ აღარ შეკრებილა. აღდგენის შემდგომ საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა 2006 წლის 15 მაისს გაიმართა, სადაც სერგეი შამბამ აფხაზური სამოქმედო  გეგმა სახელწოდებით „მომავლის გასაღები“ წარადგინა.

აღნიშნული გეგმის მიზანს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საბოლოო პოლიტკური და ყოვლისმომცველი მოგვარება და კარდინალურად ახალი, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენდა ერთ დროს მტრულად განწყობილ საზოგადოებებს შორის. გეგმის საფუძველი ნდობის აღდგენა იყო, რაც უნდა გამხდარიყო გასაღები მომავალში სტაბილური მშვიდობისა. ნდობის აღდგენა კი  მიიღწეოდა მხოლოდ სამხედრო რიტორიკის დასრულებითა და სამშვიდობო ინიციატივების გაძლიერებითა და მათი პრაქტიკაში განხორციელებით. განხილული იყო რა წარსული ურთიერთობები და საქართველოს მიერ ჩადენილი შეცდომები, აფხაზები ახალი მთავრობისგან მოითხოვნენ ბოდიშის მოხდას აფხაზი ხალხისათვის ასიმილაციის, ომისა და იზოლაციის პოლიტიკის გატარებისთვის. სწორედ აღნიშნული ბოდიში და წარსული შეცდომების აღიარება იქნებოდა საფუძველი ახალი გრძელვადიანი სტაბილური ურთიერთობებისთვის. ახალი მომავლისაკენ პირველ ნაბიჯს ასევე წარმოადგენდა აფხაზეთზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირება, ეკონომიკური და საინფორმაციო ბლოკადის მოხსნა. გეგმის მიხედვით გაეროს უშიშროების საბჭო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი შუამავლი, რომელიც იქნებოდა გარანტორი უსაფრთხოებისა საქართველოსა და აფხაზეთს შორის და გაატარებდა ზომებს, რათა არ განახლებულიყო კონფლიქტი. შემოთავაზებული გეგმის მიხედვით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა უნდა ყოფილიყო. თუმცა, აქვე იყო აღნიშნული, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნებოდა უდავოდ ძალზედ რთული საქართველოსთვის, აუცილებელობას წარმოადგენდა მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. ეს იყო დაბრკოლება, რომელიც უნდა დაძლეულიყო.

„მომავლის გასაღების“ წარდგენას თბილისში შერეული რეაქციები სდევდა თან. ერთი მხრივ, აღნიშნული გეგმა აჩვენებდა აფხაზების მზაობას თანამშრომლობისთვის  და  ევროპასთან დაახლოების მცდელობას, მაგრამ ამავე დროს ისინი კვლავ ითხოვდნენ დამოუკიდებლობის აღიარებასა და თანასწორ დიალოგს. გეგმის განხილვების პარალელურად, იმ პერიოდში არსებობდა მოლოდინი, რომ თბილისში სერგეი შამბას შეხვდებოდა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა სწორედ მისი ვიზიტის დღეს იგი დემონსტრაციულად გაემგზავრა სენაკში სამხედრო ბაზის დათვალიერების მიზნით.

სერგეი შამბას ინიციატივის საპასუხოდ საქართველომ მიზნად დაისახა კონფლიქტის დარეგულირების პორცესის ჩიხიდან გამოყვანა და არსებული სტატუს-კვოს დანგრევა. შესაბამისად, შეიმუშავა გაკრვეული წინადადებები, რომელსაც ერთ დოკუმენტში – „საგზაო რუკა აფხაზეთში კონფლიქტის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი პოლიტიკური მოგვარებისთვის“ მოუყარა თავი. დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა რუსეთის როლის შემცირებას და საკოორდინაციო საბჭოსთვის პირდაპირი მოლაპარაკებების ფორუმის ფუნქციის მინიჭებას „გაეროს პატრონაჟის ქვეშ“.  ამასთანავე, საქართველო აქტიურად მუშაობდა დსთ-ის სამშვიდობო კონტიგენტის ინტერნაციონალიზციის ან მისი საერთაშორისო პოლიციური ძალებით სრული ჩანაცვლებისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოგვიანებით სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მოითხოვა „სამშვიდობო პროცესის ყველა ასპექტის ყოვლისმომცველი მიმოხილვა“, რაც მოიაზრებდა ყველა მანამდე არსებული საშუამავლო და სამშვიდობო ფორმატების ფუნდამენტურ ცვლილებებს.

აღნიშნულ პერიოდში თბილისის მხრიდან ფუნდამენდტურად შეიცვალა აფხაზეთისადმი დამოკიდებულება და მიდგომები. ივლისის ბოლოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ქართული შეირაღებული დაჯგუფება „მონადირის“ განეიტრალების მიზნით კოდორში ანტიკრიმინალისტური ოპერაცია ჩატარდა. შემდგომ კი იქ ფიზიკურად განთავსდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობა. აღნიშნული ქმედება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში წყალგამყოფი აღმოჩნდა, რადგან სოხუმმა კოდორში ქართველი სამხედროების შეყვანა აგრესიად და 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნია. შედეგად, სოხუმმა უარი განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსა და ჭუბურხინჯში ოთხმხრივი შეხვედრების გაგრძელებაზე, მანამ სანამ კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა იმყოფებოდა. ყოველივე აღნიშნულმა აქამდე მიღწეული პროგრესი სრულად დაჩრდილა, გალის რაიონში გაიზარდა სროლები და ადამიანების დაკავებები. დროთა განმვლობაში კი თბილისის ბრიუსელთან დაახლოებისა და მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ქართულ-აფზახურმა კონფლიქტმა ქართულ-რუსულ ჭრილში დაიწყო გადასვლა.

2008 წლის 29 მარტს საქართველომ აფხაზეთს და აფხაზურ პოლიტიკურ ელიტას ახალი „ძველი“ წინადადება შესთავაზა, რაც გულისხმობდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს აფხაზეთის საკითხებზე ვეტოს დადების უფლებით, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებში გარანტირებულ წარმომადგენლობას, ფართო ფედერალიზმს და განუსაზღვრელ ავტონომიას. ასევე, აფხაზეთისთვის საერთაშორისო  გარანტიებსა და კულტურის, ენისა და ეთნიკური იდენტობის დაცვის გარანტიას. ამასთანავე, შეთავაზებული იყო ერთიანი სამართლებრივი, საბაჟო და საზღვაო სივრცის ფორმირება და ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყოველივე აღნიშულს უკვე დაკარგული ჰქონდა აქტუალობა და მიმზიდველობა აფხაზეთში, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თბილისის აღნიშნულმა შეთავაზებამ სოხუმში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო მცდელობას წარმოადგენდა გერმანიის ინიციატივით 30 ივნისს გამართული მეგობართა ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც არ ესწრებოდნენ რუსეთის წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე შემუშავდა სამფაზიანი გეგმა, რომელიც „შტაინმაიერის გეგმის“ სახელწოდებითაა ცნობილი.3 გეგმის პირველი ფაზა ითვალისწინებდა ძალის არგამოყენების გარანტიას, უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის კოდორის ხეობისთვის და დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების პროცესის დაწყებას. მეორე ფაზით გათვალისწინებული იყო ნდობის აღდგენა და საერთაშორისო დონორების დახმარებით კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაცია. მესამე ფაზა კი გულისხმობდა აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის შეთანხმებულ გადაწყვეტას ორმხრივი მოლაპარაკებების ჩარჩოებში საერთაშორისო შუამავლობით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ივლისში საქართველოში ვიზიტისას ოფიციალურად გააცნო აღნიშნული ინიციატივა მხარეებს, მაგრამ სოხუმმა და თბილისმა გეგმა განსახილველადაც არ მიიღეს, რადგან იგი არ მოიცავდა იმ პერიოდისთვის აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებს, კერძოდ კი ზემო კოდორის ხეობიდან ქართული სამხედრო შენაერთების გაყვნას, მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლასა და დსთ-ის სამშვიდობო კონტიგენტის საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლებას. თუმცა მალევე, 8 აგვისტოს აფხაზეთის მოვლენები ცხინვალში მიმდინარე ომმა გადაფარა. რუსეთის ფედერაციამ მოიხსნა აქამდე არსებული აქტიური მედიატორისა და მშვიდობის მშენებელისა და დამცველის ნიღაბი და პირდაპირი სამხედრო შეტევა განახორციელა საქართველოზე. სისხლიანი კონფლიქტი ხუთ დღეს გაგრძელდა, სადაც საქართველოს სამხედრო ძალები რაოდნებრივად უპირატეს რუსეთის სამხედრო ძალებთან დამარცხნდნენ.  ქართველი მოსახლეობისგან სრულიად გაიწმინდა სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლები.

დასავლეთის აქტიური ჩარევისა და რუსეთზე ზეწოლის შედეგად 15 აგვისტოს შეწყდა საომარი მოქმედებები. მხარეებს შორის ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიან გეგმას, თუმცა რუსეთმა ხელმოწერისთანავე დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები.  იგი არ დასჯერდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო შენაერთების დატოვებას და 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც აღიარა. ამასთანავე, მათ ტერიტორიებზე განალაგა რუსული სამხედრო ბაზები. საბოლოოდ კი აღნიშნული ქმედებით რუსეთმა ამ ორი მხარის, მთლიანობაში კი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის დე ფაქტო ოკუპაცია განახორციელა.

სამშვიდობო პროცესები 2008 წლის ომის შემდგომ

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველო ოფიციალურად გამოვიდა დსთ-დან, 26 აგვისტოს კი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდგომ, საქართველოს პარლამენტმა ისინი რუსეთის მეირ ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები შეაჩერა. 29 აგვისტოს საქართველო ცალმხრივად გამოვიდა 1992 წლის სოჭის და 1994 წლის მოსკოვის ხელშეკრულებებიდან, რომელიც ჩაანაცვლა ექვსპუნქტიანამა შეთანხმებამ. ყოველივე ამან ცხადი გახადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში  კონფლიქტების დარეგულირების 16 წლიანი ბაზა წარსულს ჩაბარდა. შედეგად, თბილისმა ახალ რეალობასთან დაიწყო ადაპტაცია და სამშვიდობო პროცესი მთლიანად საქართველო-რუსეთის გარშემო ინსტიტუციონალიზდა.

შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საპასუხო ნაბიჯების გადადგმა, რათა დაეცვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაეწყო მუშაობა ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის კონფლიქტის ადამიანური განზომილების ტრანსფორმაციაზე. ამ მხრივ გარდამტეხი აღმოჩნდა 2010 წელი, როდესაც ჩამოყალიბდა ე.წ. „არაღიარების პოლიტიკა“, რომლის მიზანსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების პრევენცია წარმოადგენდა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპურებული ტერიტორიების მიმართ – „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და მისი სამოქმედო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მიდგომა მთლიანად ადამიანზე იყო ორიენტირებული. კერძოდ, სამოქმედო გეგმის მიზანს წარმოადგენდა გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის ინტენსიური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა და საქართველოში მცხოვრებთა შორის ნდობის აღდგენა. გეგმა მოიცავდა 4 განზომილებას: ჰუმანიტარულს, ადამიანურს, სოციალურს და ეკონომიკურს, რაც აერთიანებდა პროგრამებისა და პროექტების ფართო სპექტრს. ჰუმანიტარულ განზომილებაში გათვალისწინებული იყო ჰუმანიტარული დახმარება და სტიქიური უბედურებების დროს თანამშრომლობა. ადამიანზე ორიენტირებული განზომილება გულისხმობდა საზოგადოებებს შორის ურთიერთობებს, კულტურული მემკვიდრეობისა და იდნეტურობის შენარჩუნებას, ინფორმაციის დაუბრკოლებლად გავრცელებას, ადამიანის უფლებებსა და ახალგაზრდულ აქტივობებს. რაც შეეხება სოციალურ განზომილებას, აქ მოიაზრდებოდა განათლება, ჯანდაცვა და გარემოს დაცვა. რიგით მეოთხე ეკონომიკური განზომილება გულისხმობდა ვაჭრობას, ერთობლივ წარმოებას, კომუნიკაციასა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ყოველივე ამის გათვალისინებით სამოქმედო გეგმა წარმოადგენდა ყოვლისმომცველ, მრავალმხრივ დოკუმენტს და სამომავლო განვითარების ერთგვარ საფუძველს.

აღნიშნულმა გეგმამ სოხუმისა და ცხინვალის ანტიპათიური განწყობები დაიმსახურა, შესაბამისად ინიციატივების უდიდესი ნაწილი რთულად განსახორციელებელი აღმოჩნდა. რამდენიმე წელში კი უკვე ცხადი გახდა, რომ ჩართულობის სამოქმედო გეგმის მხოლოდ რამდენიმე ასპექტი მუშაობდა. კერძოდ კი გაეროს ქოლგის ქვეშ თბილისსა და სოხუმს შორის მუშაობა დაიწყო საკოორდინაციო მექანიზმმა, რომლის საფუძველსაც ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო კომისია წარმოადგენდა. მნიშვნელოვანი და წარმატებული ნაბიჯი იყო 2010 წელს საქართველოს ხელისუფლების მიერ „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცება, რამაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამინებს საშუალება მისცა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ესარგებლათ უფასო სამედიცინო მომსახურებით. მეორე მხრივ არანაირი პროგრესი არ შეიმჩნეოდა სამშვიდობო პროცესის პოლიტიკურ ასპექტში. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყოველი ახალი რაუნდი ხელშესახები შედეგების გარეშე სრულებოდა. შედეგად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩენების მზადების პროცეში საქართველოში კონფლიქტების დარეგულირების პროცესი უძრაობას განიცდიდა.

სამშვიდობო პოლიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში

2012 წლის ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა დაასრულა. ქვეყნას სათავეში პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა. გაჩნდა ახალი შესაძლებლობები კონფლიქტების დარგეულირების კუთხითაც. ახალმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკაში შეიტანა როგორც ცვლილებები, ისე გააგრძელა წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული პროგრამებიც. მიზნად დაისახა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩართულობის პოლიტიკა და ხელსაყრელი გარემოს შექმნა შერიგებისა და კონფლიქტის ფართომასშტაბიანი მოგვარებისთვის.

უშედეგო ჟენევის მოლპარაკებებისა და ქვეყანაში არსებული დაძაბული გარემოს ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ პირველ წარმატებას 2016 წლის 10 მარტს მიაღია, როდესაც გაფორმდა ქართულ-აფხაზურ-ოსური სამმხრივი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა პატიმრების უპრეცენდენტო გაცვლა გალის რიონსა და სოფელ ერგნეთთან. შეიქმნა წარმოდგენა, რომ აღნიშნული ფაქტი გახდებოდა დიალოგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, თუმცა რეალურად ბოლო აღმოჩნდა, რადგან 2016 წლის 31 მარტს კოალიცია დაიშლა და პარტიებმა ინდივიდუალურად დაიწყეს მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. შესაბამისად კოალიცის ოთხი წლის სამშვიდობო პოლიტიკა მასშტაბური შედეგების გარეშე დასრულდა.

საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომვალისკენ“, რომელიც 2018 წელს იქნა მიღებული. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი მშვიდობა იყო, რისთვისაც საერთაშორისო მხადრაჭერით ახორციელებდა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას. ინიციატივის მიზანს ასევე წარმოადგენდა ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მხცოვრებთათვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, ხელშესახები სარგებლის მიღება  და შიდა და საგარეო ბაზრებზე წვდომა. ამასთანავე, მთავრობის ინიციატივა მიზნად ისახავდა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობებს შორის კავშირების, ურთიერთობების, მიმოსვლისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას სამშვიდობო პროცესის  გააქტიურებისთვის.

სამშვიდობო ინიციატივაში შეთავაზებული იყო მოქნილი და პრაგმატული ინსტრუმენტები, რაც შესაძლებელს ხდიდა მომხდარიყო საკითხების დეპოლიტიზაცია კონკრეტული ჰუმანიტარული ამოცანების შესრულებისთვის. ინიციატივა ღია იყო დიალოგისა და თანამშრომლბისთივს და ქმნიდა სივრცეს ყველა დაინტერესებული აქტორის კონსტრუქციული მონაწილეობისთვის.

ამგვარად, ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პოლიტიკის ანალიზისას ნათლად იკვეთება მთელი რიგი დაკარგული და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. მიუხედავად არაერთი მცდელობისა და შეთავაზებისა, მხარეებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და ქმედებებზე, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირებისა და მოგვარებისაკენ იქნებოდა მიმართული. ყოველივე ამის საფუძველს კი კონფლიქტის მიზეზებსა და მათი მოგვარების გზებზე მხარეების განსახვავებული ხედვები და მოსაზრებები წარმოადგენდა. შედეგად, ცეცხლის შეწყვეტის დღიდან მოყოლებული მოლაპარაკებების პროცესი არაერთხელ დაიძაბა და შევიდა ჩიხში. მართალია, 2004-2006 წლებში თბილისსა და სოხუმში მთავრობების ცვლილებამ გააჩინა გარკვეული მოლოდინები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მოგვარების თვალსაზრისით, მაგრამ რიგი განცხადებებისა და მცდელობების მიუხედავად, ხელშესახები შედეგები კვლავაც არ მიღწეულა.

ქართულ-აფხაზურ ურთიერთობები და სამშვიდობო დიალოგი ფუნდამენტურად შეცვალა 2008 წლის აგვისტოს ომმა, რომელიც თან სდევდა თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების დაძაბვას. ომის შემდგომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რის საფუძველზეც კიდევ უფრო მეტად შემცირდა საქართველოს მოქმედების არეალი, ქართულ-აფხაზურმა ურთიერთობებმა კი კრიზისულ სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლა. მხარეებს შორის არსებული დაძაბული ვითარება არ შეცვლილა 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდგომაც. ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებული პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკის მიუხედავად, ვითარება კვლავაც უცვლელი დარჩა.

მსგავსი სტატიები

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია აფხაზეთის თვითიზოლაციის უარყოფით ტენდენციასა და მის მავნე შედეგებზე წერს.