მოდერნიზაციის პრობლემები და კონფლიქტის გადაწყვეტა აფხაზეთსა და საქართველოს შორის

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

Abkhazia-Inform– სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შარშანდელმა გამწვავებამ, რომელმაც სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში გეოპოლიტიკური სიტუაციის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია, კვლავ აქტუალური გახადა არაღიარებული და ნახევრად აღიარებული სახელმწიფოების საკითხი პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია, ეს ქვეყნები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების თვალში დაშლილი სსრკ-ის უკანონო შთამომავლები არიან, არსებობდნენ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ჩამოყალიბებული სტატუს-კვოს პირობებში. და ჩანდა, რომ მსგავსი ვითარება შეიძლებოდა კიდევ მრავალი ათწლეული გაგრძელებულიყო. ასე მიაჩნდათ არა მხოლოდ საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც კონფლიქტების დარეგულირების მრავალწლიან პროცესში მონაწილეობდნენ, არამედ, თავად ამ ქვეყნებსაც, რომლებიც მიჩვეული იყვნენ ცხოვრებას შეჩერებული საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსისა და აქედან მომდინარე ყველა შემდგომი შედეგის პირობებში. დიდი ხნის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების არარსებობა ხანგრძლივი მშვიდობის ილუზიას ქმნიდა, რაც ხელს აძლევდა როგორც არაღიარებულ სახელმწიფოებს, ისე მსხვილ საერთაშორისო მოთამაშეებს, რომელთა ყურადღებაც გადატანილი იყო უფრო აქტუალური საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაზე.

ბუნებრივია, ყველა გადაუჭრელ კონფლიქტს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ერთმანეთისგან განმასხვავებელი მრავალი ნიშანი აქვს, მაგრამ გარედან ისე ჩანს, განსაკუთრებით წამყვანი ქვეყნების უმეტესობის თვალსაზრისით, რომ ისინი პრაქტიკულად იდენტურია. ინდივიდუალური კონტურების ასეთი წაშლა დიდწილად განპირობებულია ამ კონფლიქტების საერთაშორისო ყურადღების პერიფერიაზე გადასვლით, რაც, ერთი მხრივ, დაკავშირებული იყო შედარებით სტაბილურობასთან, მეორე მხრივ – მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მალე გადაწყვეტის იმედის დაკარგვასთან. ამიტომ, განსაკუთრებით კავკასიაში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, მიზანშეწონილად ჩანს არსებული ვითარების გაანალიზება და მოვლენების შესაძლო განვითარების მოდელების მოფიქრება „დავიწყებული“ კონფლიქტების ზონაში, კერძოდ, საქართველო-აფხაზეთის.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, როგორც ცნობილია, პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი იყო, რომლის გადაწყვეტითაც დაკავებული იყვნენ ყველაზე მაღალ საერთაშორისო დონეზე – გაეროს ეგიდით, რუსეთის შუამავლობითა და დამკვირვებლების სახით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის მონაწილეობით. კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაცია წელიწადში ოთხჯერ დეტალურად იყო აღწერილი გაეროს გენერალური მდივნის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში, რომლის შედეგადაც იღებდნენ წელიწადში ორ რეზოლუციასა და გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ორ განცხადებას. აფხაზეთსა და საქართველოს მოლაპარაკებებში კონფლიქტის მხარეების სტატუსი ჰქონდათ, რომლის ფარგლებშიც მათ ხელი მოაწერეს მრავალ დოკუმენტს, მათ შორის ისეთს, რომელმაც ხელი შეუწყო ცეცხლის შეწყვეტას, დევნილების დაბრუნებასა და მრავალი ჰუმანიტარული პრობლემის გადაწყვეტას. სოხუმში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი ფუნქციონირებდა, მუშაობდა ათობით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ისეთი ამოცანების გადაწყვეტაში, როგორებიც არის განაღმვა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი აუცილებლობის ნივთებით უზრუნველყოფა, სკოლების, საავადმყოფოების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაცია, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშემწყობი პროექტების განხორციელება და ა.შ. ამ დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა დსთ-ის მკაცრი სანქციების პირობებში, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო კავშირებს ზღუდავდა, ასევე, ხელს უშლიდა მოქალაქეების გადაადგილებას.

ბუნებრივია, აფხაზეთის ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებთან, რომლებიც კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობდნენ, უღრუბლო არ შეიძლება ეწოდოს. მთავარი პრობლემა, რომელიც ყველა დანარჩენს წარმოშობდა, იყო მათი სურვილი, ყველა პროექტი განეხორციელებინათ საქართველოს სანქციით, რათა ეჩვენებინათ მისი იურისდიქციის გავრცელება აფხაზეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, კონფლიქტის დასრულების პირველ წლებში, საერთაშორისო საზოგადოების პირველადი ჰუმანიტარული ძალისხმევა, როგორც წესი, მიმართული იყო გალის რაიონში დაბრუნებული ქართველი დევნილებისთვის დახმარების აღმოჩენაზე. ეს ქმნიდა არათანაბარი დამოკიდებულების შთაბეჭდილებას აფხაზეთის სხვა მცხოვრებლების მიმართ, მათ შორის მათ მიმართ, ვინც საომარი მოქმედებების შედეგად იძულებით დატოვა საკუთარი ძველი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. თუმცა, სამშვიდობო პროცესის მონაწილეებთან მოლაპარაკებებისა და დისკუსიის დროს ეს პრობლემები მოგვარდა და აფხაზეთმა მთლიანობაში მნიშვნელოვანი დახმარების მიღება დაიწყო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აფხაზეთში სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტის რეალიზაციისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიიღეს. თუმცა, აფხაზეთის და, შესაბამისად, მისი პასპორტის არაღიარებული სტატუსი, ყოველთვის არსებითად უზღუდავდა ქვეყნის მცხოვრებლებს შესაძლებლობას, დაკავებულიყვნენ ბიზნესით, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო, სახელოვნებო და სხვა ჰუმანიტარულ პროექტებში.

2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა აფხაზეთის მდგომარეობა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, სავაჭრო-ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა კავშირების განვითარების შესაძლებლობა რუსეთთან – ტრადიციულად აფხაზეთის მთავარ პარტნიორთან, მიუხედავად მისი სახელმწიფო და სამართლებრივი სტატუსისა. ასევე, რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის აღდგენის მასშტაბური პროექტების დაფინანსება. ეს მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, რომელიც ქმნის აფხაზეთის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება აფხაზეთისა და მთიანი ყარაბაღის პოზიციებში, რომელიც, ფაქტობრივად, წლების გამავლობაში ჩამოყალიბებული წარმოდგენების საწინააღმდეგოდ, მარტო აღმოჩნდა ხანმოკლე, მაგრამ ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დროს.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ოფიციალური სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებამ გავლენა მოახდინა კონფლიქტის აღქმაზე ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებში. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზეთისა და საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში კონფლიქტმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, რადგან ერთ-ერთი მხარე გათავისუფლდა საგარეო ომის საფრთხის მრავალწლიანი შეგრძნებისგან, მეორე კი – სამხედრო რევანშის იმედისგან. გარდა ამისა, კონფლიქტის თემა კვლავინდებურად გამოიყენება შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში აფხაზეთშიც და საქართველოშიც, ასევე, არსებითი ადგილი უჭირავს საგარეო პოლიტიკასა და მხარეთა ოფიციალურ პროპაგანდაში, რომელიც საპირისპირო იდეოლოგიური პოზიციებიდან ხორციელდება. კონფლიქტის მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მტრის სახე, ამ დრომდე არსებით ადგილის იკავებს მხარეთა საზოგადოებრივ ცნობიერებაში, ამასთან, ქართულ პოლიტიკურ დისკურსში, მთავარი მტრული ძალის სახით წარმოდგენილია რუსეთი.

2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური ურთიერთობების შეწყვეტა, ასევე, საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობის მიღება გამოიწვია, დაანგრია იმ დროისთვის არსებული მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატები, რომლის ფარგლებშიც მხარეებს შეეძლოთ ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე დარეგულირების სხვადასხვა ასპექტის მიმართულებით. ამას მოჰყვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გაეროს უშიშროების საბჭოს მოედანზე განხილვის ფაქტობრივად შეწყვეტა, ასევე, აფხაზეთში რიგი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეწყვეტა. სრულფასოვანი მოლაპარაკებების პროცესი შეცვალა ჟენევის დისკუსიებმა, სადაც აფხაზეთსა და საქართველოს არ აქვთ კონფლიქტის მხარეების სტატუსი და, შესაბამისად, ერთობლივი დოკუმენტების ხელმოწერის უფლება. გარდა ამისა, ამ პლატფორმას არ გააჩნია მუდმივი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებების დარეგულირებასა და დანერგვას, როგორც ეს იყო მხარეთა საკოორდინაციო საბჭოში (1997-2008 წლებში). მოკლედ, მოხდა აფხაზეთში საერთაშორისო ყოფნის საგრძნობი შესუსტება და შედეგად, საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობის კლება აფხაზეთში არსებული მდგომარეობის, მისი პოზიციებისა და ინტერესების შესახებ. დიპლომატების უმეტესობა, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაკავებული იყვნენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტით, დღეისათვის უკვე აღარ მუშაობენ და ახლა იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ წასვლასთან ერთად, კონფლიქტის პრობლემა წაიშალა დასავლური ოფიციალური სტრუქტურებისა და კვლევითი ცენტრების აქტუალური მახსოვრობიდან. გამონაკლისია რამდენიმე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტი, რომელთა ძალისხმევითაც ნარჩუნდება არაფორმალური პლატფორმები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პრობლემების განსახილველად. ამასთან, ეს სამუშაო ხშირად აწყდება კრიტიკასა და გაუგებრობას, როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოში.

ამავდროულად, ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კონტაქტები, პოლიტიკური სტაგნაციისა და შექმნილი წინააღმდეგობების მიუხედავად, არა მხოლოდ არ შეწყვეტილა, არამედ ფართოვდება. პირველ რიგში, ეს არის ტრანსსასაზღვრო ბიზნესი, ასევე, საქართველოს მთავრობის პროგრამებით, აფხაზეთის მცხოვრებლების მასობრივი გამგზავრება საქართველოში სამკურნალოდ. მხარეები ენერგეტიკის საკითხებზეც აგრძელებენ თანამშრომლობას.  ეს პროცესები, ნაწილობრივ იწვევს მტრის სახის ეროზიას, მაგრამ ასეთ მდგომარეობას არ შეიძლება ეწოდოს სტაბილური, რადგან რეგულარულად ხდება მოვლენები, რომელიც კონფლიქტური რიტორიკის ზრდას იწვევს.

საერთო ჯამში, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთი და საქართველო არ არიან დაინტერესებული თანამშრომლობით და არსებული პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტით და ერთმანეთი მხოლოდ იმისთვის ახსენდებათ, რომ საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი პოზიციები, რომლებიც ჩართული იყო გარე და შიდაპოლიტიკურ კონტექსტში. ამ დისკურსის უნაყოფობა და რიტუალური ხასიათი დიდი ხანია ცხადია მისი მონაწილეებისთვის, თუმცა ისინი ჯერჯერობით არ არიან მზად იმოქმედონ ჩვეული დღის წესრიგის მიღმა. აფხაზეთის ახალი ხელისუფლება შეეცადა ახალი ტალღის შეტანას საქართველოსთან ურთიერთობებში, განაცხადა რა პრაქტიკული ხასიათის საკითხებზე დიალოგის აუცილებლობაზე, მაგრამ ამ მორცხვ მცდელობას ქართული ისტებლიშმენტისგან ფაქტობრივად არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია და მწვავე კრიტიკა გამოიწვია აფხაზური ოპოზიციის მხრიდან.

რა თქმა უნდა, ორ მეზობელ საზოგადოებას, რომლებიც 27 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთმანეთთან ნორმალური კონტაქტის გარეშე, დიდი ალბათობით, შეეძლოთ ამ მდგომარეობაში ეცხოვრათ იმავე ან მეტხანს, მათ გარშემო არსებული გეოპოლიტიკური გარემოს სტატიკურობის პირობებში.  მაგრამ ეს პირობები პირველ რიგში დამოკიდებულია მსხვილ მსოფლიო მოთამაშეებზე. და მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულმა ვითარებამ ნათლად აჩვენა, რამდენად მყიფეა ეს გრძელვადიანი „სტაბილურობა“. აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებაში მთავარი ყურადღება გამახვილდა კომუნიკაციის რეანიმაციის საკითხზე, რომელი მიმართულებით მუშაობასაც ხელს უშლიდა სომხეთ-აზერბაიჯანის დაურეგულირებელი კონფლიქტი. და ეს შემთხვევითი არ არის.

სამხრეთი კავკასია, რომელიც უძველესი დროიდან ასრულებდა ხიდის როლს წინა აზიასა და ევროპას შორის, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს ამ დამაკავშირებელ ფუნქციას. ის სტრატეგიული კომუნიკაციის ობიექტები, რომლებიც ფუნქციონირებს, კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ინფრასტრუქტურა, მუდმივად ომის საფრთხის წინაშე დგას. სომხეთი და აფხაზეთი რეალურად ჩიხებად გადაიქცნენ. საქართველოს ეკონომიკა (პირველ რიგში, მისი დასავლეთო ნაწილი) ასევე ნეგატიურ გავლენას განიცდის ტრანსკავკასიური კავშირის არარსებობის გამო. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთში კომუნიკაციების განბლოკვის პერსპექტივა აქტუალურ დღის წესრიგში დააყენებს აფხაზეთის გავლით საქართველოსა და შემდეგ სომხეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში კომუნიკაციების მთელი დიაპაზონის განბლოკვის საკითხს. ამით, ალბათ, დაინტერესებული არიან რეგიონის ისეთი გავლენიანი მოთამაშეები, როგორებიც არიან რუსეთი და თურქეთი, რომლებსაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გავლენის საკმარისი ბერკეტები აქვთ იმისათვის, რომ სცადონ ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის კომუნიკაციის ქსელის ნორმალურ მუშაობას. სატრანსპორტო და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აქტივიზაცია სამხრეთ კავკასიაში სხვა მსოფლიო მოთამაშეების ინტერესებშიც იქნებოდა, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობით.

სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ სიტუაციასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა ამ პროცესებში აფხაზეთისა და საქართველოს როლზე: უფრო ზუსტად, ამ ძალთა განლაგებაში ისინი თავიანთი ინტერესების რეალიზებას შეეცდებიან თუ მოწინავე სახელმწიფოების დიდი პოლიტიკის ობიექტების როლს შეასრულებენ? ბუნებრივია, საქართველოს შეუდარებლად მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ნაწილობრივ აღიარებულ აფხაზეთს, რომელიც არსებითად რუსეთის პროტექტორატია. თუმცა, აფხაზეთს უყურო უბრალოდ ისე, როგორც მოსკოვის ნების შემსრულებელს, არასწორი იქნებოდა. ცნობილია, რომ საქართველოსა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების პროპაგანდისტულ დისკურსში აფხაზეთს არ ენიჭება დამოუკიდებელი მნიშვნელობა, ის წარმოდგენილია როგორც „ოკუპირებული ტერიტორია“, „მოსკოვის მარიონეტი“. მაგრამ თბილისშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც, ამავდროულად, შესანიშნავად ესმით, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შესაძლებლობებში არსებული განსხვავების მიუხედავად, მათი ურთიერთობები მაინც სახელმწიფოთაშორის ხასიათს ატარებს. ამაზე მეტყველებს აფხაზეთის საკმაოდ დამოუკიდებელი პოზიცია რუსეთ-აფხაზეთის სახელშეკრულებო ბაზების ფორმირების პროცესში და რიგ სხვა საკითხებში და მოსკოვი პატივს სცემს თავისი პარტნიორის ინტერესებს. ამიტომ აფხაზეთს შეუძლია იმოქმედოს, როგორც შესაძლო მოლაპარაკებების სუბიექტმა რეგიონული თანამშრომლობის რიგ პრაქტიკულ საკითხებზე, როგორიცაა სატრანსპორტო კავშირების რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთი ამ საკითხში არ გამოვიდეს ულტიმატუმით და შეძლოს მოქნილობის გამოვლენა, რომელზეც არის დამოკიდებული, რამდენად გაითვალისწინებენ სხვა მონაწილეები მის ინტერესებს და შეეცდებიან მათ ინტეგრირებას სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის საერთო კონტექსტში. ამ მხრივ სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის შემთხვევა საკმაოდ თვალსაჩინო მაგალითია – ისინი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ მოლაპარაკებების წარმოებას ძალის პოზიციიდან, მაგრამ ცნობილი გარემოებების ზეწოლის ქვეშ, დათანხმდნენ ისეთ დათმობებს, რომელზე მინიშნებასაც ადრე ერევანი და სტეპანაკერტი ვერ გაბედავდნენ. საქმე სულაც არ არის ისე, რომ რუსეთს შეუძლია „დათმოს“ აფხაზეთი და საქართველოს სამხედრო რევანში დაუშვას, ასეთი რამ ნაკლებად მოსალოდნელია მოსკოვის სტრატეგიული ინტერესებისა და მისი პრესტიჟის გათვალისწინებითაც. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსხვილი მსოფლიო მოთამაშეები, რომელთა ურთიერთობებიც არასოდეს არის სტატიკური და მრავალ გლობალურ ფაქტორზეა დამოკიდებული, მოითმენენ ამჟამინდელ სტატუს-კვოს სამხრეთ კავკასიაში მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ მოსკოვისა და თბილისის შეთანხმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი მონიშნულ იქნა, როგორც სატრანსპორტო დერეფნები რუკაზე გარკვეული კოორდინატებით, რომელშიც შვეიცარიულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს კონტროლი საქონლის მოძრაობაზე. ამ დრომდე ეს მექანიზმი არ მოქმედებს, მაგრამ დე იურედ ის არსებობს. თანაც, მის მუშაობას, პირველ რიგში, ხელს უშლის არა აფხაზეთის ყრუ უკმაყოფილება, არამედ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ზოგადი კლიმატის გაუარესება და ორმხრივი სანქციების პაკეტი, რომელმაც რუსეთი ფაქტობრივად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გარეთ დატოვა. სწრაფი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის გავლენით გლობალური ცვლილებები ხდება ეკონომიკაში, პოლიტიკასა და სოციალურ მოწყობაში. ქვეყნები, რომლებსაც გადარჩენა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება სურთ, უნდა ქმნიდნენ მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ყოვლისმომცველი მოდერნიზაციისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ წამყვან მოთამაშეებს, არამედ პატარა სახელმწიფოებსაც, ისეთებს, როგორებიც საქართველო და აფხაზეთია. მუდმივი კრიზისები, რომელსაც ეს ქვეყნები განიცდიან, სინამდვილეში დაკავშირებულია მათი არსებობის ამჟამინდელი მოდელის შეუთავსებლობასთან მოდერნიზაციის ინტერესებთან, რაც განსაკუთრებით აქტუალურია მრავალწლიან იზოლაციაში მოქცეული აფხაზეთისთვის, რომლის მოქალაქეებსაც შეზღუდული აქვთ წვდომა თანამედროვე განათლებაზე და იდეებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გაცვლაში მონაწილეობაც არ შეუძლიათ. გლობალიზაციის პირობებშიც, არც 200 ათას, არც 3 მილიონს და 30 მილიონს მოსახლესაც კი არ შეუძლია, მსოფლიო ტრენდებზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება იქონიოს  თავისი ინტერესების შესაბამისად მათ შესაცვლელად. შენ ან მონაწილეობ მსოფლიო პროცესში, ან მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში რჩები. პატარა საზოგადოებების პრობლემა არის მათი ბუნებრივი შიში მსოფლიოში მიმდინარე გიგანტური გარდაქმნების წინაშე, რომელიც გარდუვალად მიდის ცხოვრების ჩვეული რიტმისა და ქცევის სტერეოტიპების ცვლილებებისაკენ. არის, რა თქმა უნდა, მაგალითები, როდესაც მსხვილი სახელმწიფოები ხელოვნურ პირობებს ქმნიან პატარა ხალხების ტრადიციული ყოფის შესანარჩუნებლად, იღებენ რა საკუთარ თავზე ერთგვარი რეზერვაციების დაფინანსებას, როგორც ამას ადგილი აქვს პატარა ძირძველი ხალხებით კომპაქტურად დასახლებულ ქვეყნებში. მაგრამ, როგორც ჩანს, არც აფხაზეთი და არც საქართველო, რომლებიც საკმარისად განვითარებული და საზოგადოებრივ ცნობიერებაში ფესვგადგმული ეროვნული პროექტებით საზრდოობენ, ამგვარ მომავალს თავიანთთვის სასურველად არ განიხილავენ. და ამას არც გეოგრაფიული პირობები უწყობს ხელს. ამიტომ მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა თავიანთი იდენტობის შენარჩუნების უზრუნველყოფისა, მოდერნიზაციის გლობალურ პროცესში მონაწილეობის პარალელურად.

საქართველომ ბოლო წლებში ამ პროცესში ხელშესახებ წარმატებებს მიაღწია, თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, ეს ცვლილებები არ იწვევს საზოგადოების კმაყოფილებას, რომლის ერთი ნაწილი პროტესტს გამოთქვამს რეფორმების დაბალი ტემპის გამო, მეორე კი – ტრადიციული დღის წესრიგით გამოდის.

აფხაზეთში სიტუაცია გარკვეულწილად განსხვავებულია. იზოლაციის მრავალი წელი, რომელიც დაკავშირებულია ომსა და სანქციებთან, ასევე, აფხაზურ საზოგადოებაში გამჯდარი შიში მისი იდენტობისა და პოლიტიკური პრეროგატივების შენარჩუნების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ობიექტურად ხელს უწყობს სახელმწიფოს არსებობის პოსტკონფლიქტური მოდელის კონსერვაციას და საზოგადოებრივი ურთიერთობის არქაული ფორმების აღორძინებასაც კი. ბევრი პრობლემა, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობებში პერიოდულად წარმოიქმნება, სწორედ ამ შიშის შედეგია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავსი სირთულეები შეექმნებოდა აფხაზეთს სხვა სახელმწიფოებთანაც, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული რომ ყოფილიყო და მსოფლიოში დადგენილი წესებით ეთამაშა. თუმცა, ასეთი ნებაყოფლობითი უარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, აფხაზი ხალხის არსებობასთან დაკავშირებული საფრთხის შეკავების მიზნით, სინამდვილეში საკუთარ თავში გაცილებით დიდ რისკებს მოიცავს. პირველ რიგში: გაგრძელდება ქვეყნიდან მოსახლეობის ყველაზე პერსპექტიული, განათლებული, შემოქმედებითად და ეკონომიკურად აქტიური ნაწილის გადინება; აფხაზეთი არამიმზიდველი იქნება ინვესტიციებისთვის, რადგან ინვესტორი არ გარისკავს კაპიტალის ჩადებას ქვეყანაში, რომელიც თავისი გაურკვეველი წესებით ცხოვრობს; გაგრძელდება ეკონომიკური სტაგნაცია, რომელიც ქვეყანას სოციალური სფეროს ვარდნას მოუტანს (განათლების, მედიცინის, კულტურის); გაღრმავდება დემოგრაფიული პრობლემები.

უნდა ვივარაუდოთ, რომ აფხაზური ელიტა არჩევანს ქვეყნის რეფორმირების სასარგებლოდ გააკეთებს, როგორი რთული და მტკივნეულიც უნდა იყოს ის. პირველ რიგში, მოდერნიზაციის პროექტის რეალიზაციისთვის, სოციალური მოთხოვნის ჩამოყალიბება მოგვიწევს თვითონ აფხაზურ საზოგადოებაში, რითაც შეიქმნება ახალი სოციალური მოთხოვნები, რომელიც არსებობის ამჟამინდელი პარადიგმის ცვლილებისთვის არის აუცილებელი.

სხვა არსებითი წინაღობა მოდერნიზაციის პროცესის გზაზე არის აფხაზეთისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასთან სრულყოფილი და უშუალო თანამშრომლობის შესაძლებლობის არარსებობა ჰუმანიტარულ სფეროში – მეცნიერებაში, განათლებაში, კულტურაში. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება, მისდევს რა თავის კონცეფციას „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მთელ მსოფლიოში ახორციელებს დიპლომატიურ აქტიურობას, რომელიც მიმართულია მსგავსი კავშირების შეზღუდვისკენ. ეს უკმაყოფილებას აჩენს აფხაზურ საზოგადოებაში და კიდევ უფრო აღრმავებს აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებულ განხეთქილებას, რადგან ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სისტემების მშენებლობის სტანდარტებში მზარდი უფსკრული მხოლოდ შეამცირებს ორ საზოგადოებას შორის ურთიერთგაგებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრობლემების კომპლექსის გადაწყვეტის მოდელი, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთსა და საქართველოს შორის დაურეგულირებელ ურთიერთობებთან, შეიძლება დაახლოებით ასე გამოიყურებოდეს:

1. მხარეებს შორის ნდობა უნდა გაიზარდოს იმ დონეზე, რომ მათ შეძლონ საკუთარ თავზე სხვადასხვა საკითხზე ვალდებულებების აღება. ამ მიზნით, პირველ რიგში, უარი უნდა ითქვას აგრესიულ, მტრულ პროპაგანდასა და ქმედებებზე, რომელიც უკმაყოფილების აფეთქებას იწვევს ორივე საზოგადოებაში. ასეთი ქმედებების მაგალითია საქართველოს მიერ აფხაზეთის წარმომადგენლებისთვის მუდმივი დაბრკოლებების შექმნა სხვადასხვა შემოქმედებით, საგანმანათლებლო და სხვა სახის კონტაქტში, მეორე მხრივ, აფხაზეთში, გალის რაიონის მცხოვრებთა მიმართ გატარებული არაგონივრული პოლიტიკა, რომელიც სინამდვილეში იწვევს არა ინტეგრაციას, არამედ რეგიონის გაუცხოებას. მრავალი წლის განმავლობაში გასაგები გახდა, რომ ასეთ ქმედებებს ორმხრივი გაღიზიანების გარდა, არაფრისკენ მივყავართ. მაგრამ ისინი ინერციით აგრძელებენ ერთმანეთის გაჯავრებას ნებისმიერი საშუალებით.

2. იმისათვის, რომ რამეზე შეთანხმდნენ, აუცილებელია მოლაპარაკებების ისეთი ფორმატი, რომელშიც აფხაზეთი და საქართველო იქნებიან სუბიექტებად მიჩნეული მხარეები, აღჭურვილნი ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით და პასუხისმგებელნი მათ იმპლემენტაციაზე, როგორც ეს იყო 1993-დან 2008 წლამდე. ახალი საერთაშორისო ფორმატი შეიძლება ჟენევის დისკუსიების ბაზაზე ჩამოყალიბდეს, თუმცა, ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ქართული კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც თვითონ საქართველოს უზღუდავს აფხაზეთთან მოლაპარაკების წარმოების შესაძლებლობას.

3. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რეგულირებაში ყველაზე უფრო ნაყოფიერ მიმართულებად კომუნიკაციების აღდგენის სამუშაოები მოჩანს. ეს ეკონომიკურად სასარგებლოა სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოსთვის და ისეთი დიდი მოთამაშეებისთვის, როგორებიც არიან რუსეთი, თურქეთი და შესაძლოა, ევროპის ქვეყნებიც, რომლებიც დაინტერესებული არიან რეგიონში გამავალი მილსადენებით ნახშირწყალბადის უსაფრთხო მიწოდებით. ამ საკითხის განხილვა არაერთი წელია დგას სამხრეთ კავკასიის პრობლემებით დაკავებული ექსპერტული საზოგადოების დღის წესრიგში, და ალბათ, ამ ბაზაზე შეიძლება შემუშავდეს მოდელი, რომელიც მხარეთა ინტერესების შესაბამისი იქნება და შეეძლება იმუშაოს რთული პოლიტიკური კონტექსტის მიუხედავად.

4. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების შესაძლო მოდელის პრეცედენტად შეიძლება განვიხილოთ სერბეთსა და კოსოვოს შორის მიღწეული შეთანხმებები, რომლებიც ტრანსპორტსა და ენერგეტიკას ეხება.

5. უნდა გვესმოდეს, რომ დარეგულირების არცერთი მოდელის რეალიზება არ იქნება შესაძლებელი რეგიონში რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გაუთვალისწინებლად, რომელიც, როგორც მსხვილი სამხედრო სახელმწიფო და რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკა, ახლო მომავალში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ცენტრალურ ევროპაში.

აფხაზეთს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს, როგორც ჩანს, მოუწევთ უახლოეს წლებში უფრო პრაგმატული საგარეო და საშინაო პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს ჩაერთონ გლობალიზაციის პროცესში და დარჩნენ საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტებად.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.