“ნდობის აღდგენის საკითხებზე მსჯელობამ საჯარო სივრცეში უნდა გადაინაცვლოს”. ახალი პლატფორმა საქართველოში

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის

“სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის” – ასე ჰქვია პლატფორმას, რომელიც საქართველოში მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა და სათემო ჯგუფებმა შექმნეს.

პლატფორმის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მისი მიზანი საქართველოში სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, ასევე სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდაა.

JAMnews-მა პლატფორმის ხელმომწერ ექსპერტებს ჰკითხა, რატომ გადაწყდა ამ პლატფორმის შექმნა ახლა? ხომ არ არის ეს იმით გამოწვეული, რომ ამ კუთხით სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა?

ვანო აბრამაშვილი, კავკასიური სახლის მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი:

“პლატფორმის შექმნის დროს რაიმე, კონკრეტული და სიმბოლური დატვირთვა არ აქვს. საკოორდინაციო მექანიზმის არსებობაზე იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მუშაობენ მშვიდობის მშენებლობაზე, დიდი ხნის წინ დაიწყო.  უბრალოდ, ახლა გაჩნდა შესაძლებლობა. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით გადაწყდა, რომ საქართველოში არსებობდეს ისეთი პლატფორმა, რომელიც კოორდინირებულად იმუშავებს სამშვიდობო და ნდობის აღდგენის საკითხებზე.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევეწინააღმდეგოთ გაუცხოებას, რომელიც 30 წელია მიმდინარეობს. და, ამ გაგებით, ყველა დღე მნიშვნელოვანია.   

ამ პლატფორმაში იქნებიან სამუშაო ჯგუფები. ისინი შეიმუშავებენ კონკრეტულ ინიციატივებს. პლატფორმის მთავარი მიზანია სამშვიდობო იდეებსა და ნდობის აღდგენის საკითხებზე მსჯელობამ საჯარო სივრცეში გადაინაცვლოს.

ახლა ეს მსჯელობა მხოლოდ დახურულ წრეებში მიმდინარეობს. საზოგადოებრივ სივრცეში რაციონალური პოლიტიკური დისკუსია ნაკლებია. იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი საკითხი. პარტიას უჭირს მოკლევადიანი პოლიტიკური დივიდენდების მიღება, ამიტომ, საერთოდ არ ეხება ამ თემას. თემა არ ჩანს მედიაშიც, ვინაიდან ის მორგებულია პარტიულ დღის წესრიგს. აქტიურდება მხოლოდ სექტემბერში, სოხუმის დაცემის დღეს და აგვისტოში და ისიც, ემოციურ დონეზე. სულ ეს არის კონფლიქტების თემაზე მსჯელობა.

რაც წლები გადის, ურთიერთობების დინამიკა სულ უფრო ვარდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დრო რამეს უშველის, ცდება. პირიქით, ეს აუცხოებს ადამიანებს. დრო სულ უფრო ნაკლებ ინტერესს აჩენს საზოგადოებაში, მეტი გაიგონ აფხაზურ მხარეზე და პირიქით.  ჩვენ ამაში ვხედავთ ჩვენს როლს, რომ ჩვენი კავშირებით, ამის შემოტრიალება შევძლოთ. საზოგადოებაში ენერგიის გაღვიძება და პოლიტიკოსების დაინტერესება და ჩართულობა ამ საკითხში”

ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე:

“საქართველოში ბევრი ორგანიზაცია ვმუშაობთ მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ საკომუნიკაციო და საკოორდინაციო სივრცის არსებობის აუცილებლობაზე.ერთად რამის გაკეთება თუ შეიძლება, გამოჩნდება. თუ არადა, ერთმანეთის აზრის გასათვალისწინებლად და გასაგებად, ეს პლატფორმა ძალიან ღირებულია.

პლატფორმა იქნება ძალიან ეფექტური მექანიზმი რეაგირებისთვის, ერთობლივი დეკლარაციებისა და მიმართვებისთვის. ასევე, საჯარო სივრცეში თემის გასააქტიურებლად. ამის აუცილებლობას ჩვენ დიდი ხანია ვხედავთ. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და რამდენად გამოვა, განსაკუთრებით ახლა, პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეში და წინასაარჩევნო პერიოდში, როცა მშვიდობის თემით მანიპულირებაც აქტიურდება, ეს არის მნიშვნელოვანი. 

გუშინ სტატუსი მივიღეთ, რამდენად შეცვლის ეს სიტუაციას, გამოჩნდება. იმედია, რომ ევროკავშირი, რომელიც არის სამშვიდობო პროექტი, შეზღუდავს სივრცეს მშვიდობის თემით სპეკულაციებისთვის. 

რაც შეეხება სად ვართ, 30 წლის შემდეგ და ხომ არ გართულდა ახლა სიტუაცია, დიახ, ერთმანეთის ცნობის თვალსაზრისით, ჩვენ უფრო შორს ვართ. მაშინ, 90-იანი წლების დასაწყისში, კონფლიქტის ორივე მხარეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, თუ პირადად არა, ფსიქოლოგიურად მაინც. იმიტომ, რომ ყველა ერთ სივრცეში ისვენებდა, ერთ ქალაქში დადიოდა  სავაჭროდ და ერთ მუზეუმში გამოფენების სანახავად.

ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, დავშორდით ერთმანეთს თუ არა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ თანამედროვე სამყაროს შესაბამისი მეთოდების აღმოჩენასა და გამოყენებაზე ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, იმისთვის, რომ დავალაგოთ სიტუაცია, კი არ მოვაგვაროთ, დავალაგოთ.

და მივიღოთ ის რეალობა, რომელშიც ვართ. რეალობის მიღება, თვალებში შეხედვის პრობლემა ნამდვილად გვაქვს”.

ვინ არის გაერთიანებული პლატფორმაში და რა წერია დეკლარაციაში:

პლატფორმაში 35 სუბიექტია გაერთიანებული. ესენი არიან სამოქალაქო ორგანიზაციები, სათემო ჯგუფები და ექსპერტები, ვინც წლებია კონფლიქტების თემაზე მუშაობს. ხელმომწერებს შორის არის და პლატფორმის წევრია ორგანიზაცია Go Group Media-ც – ორგანიზაცია, რომელმაც დააარსა JAMnews-ი.

მიგვაჩნია, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ითხოვს განახლებას. განახლებული მიდგომა  მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოლაპარაკების კლიმატის და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაში, მათ შორის, საარსებო წყაროებზე, ხარისხიან განათლებაზე, ჯანდაცვაზე შეუფერხებელი წვდომის, თავისუფალი გადაადგილებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებაში”, – ნათქვამია პლატფორმის პირველ დეკლარაციაში.

ასევე, ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს პოლიტიკურ დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში დინამიკისა და პროგრესის ნაკლებობა:

“სამწუხაროდ, შემცირებულია კონფლიქტების მიმართ საზოგადოებრივი, მედია და საერთაშორისო ინტერესიც. კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის საკითხი სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სახელმწიფოსა და სხვა აქტორების მხრიდან მეტ ყურადღებასა და ქმედით ნაბიჯებს საჭიროებს”, – ვკითხულობთ დეკლარაციაში.

პლატფორმის ამოცანებია ხელი შეუწყოს:

  • ხელი შეუწყოს საჯარო სივრცეში მშვიდობის იდეის განმტკიცებას, რომელიც უსაფრთხო, სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია; 
  • სამშვიდობო პროცესში დემოკრატიული და ინკლუზიური მიდგომების გაძლიერებას და ამ პროცესზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას; 
  • აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგისა და თანამშრომლობის  გაღრმავებასა და ნდობის აღდგენას; 
  • კონფლიქტებით დაზარალებული ყველა ჯგუფის, მათ შორის, დევნილების, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს  მცხოვრები მოსახლეობის, ასევე, გალისა და ახალგორის რაიონების საზოგადოებების ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას; 
  • რუსეთის მხრიდან მომდინარე ანექსიურ საფრთხეებზე რეაგირებას; 
  • ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხის პრიორიტეტიზაციას და ამ პროცესში მიღებული სიკეთეების გავრცელებას კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე. 

მსგავსი სტატიები