ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და 180 ჰექტარი ფიჭვნარი რუსეთის მფლობელობაში გადადის

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთში დიდი სკანდალია – მთავრობის გადაწყვეტილებით, ცნობილ ზღვისპირა კურორტ ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკი და ასევე 180 ჰექტარი ტერიტორია, რომელიც აგარაკს გარს აკრავს, რუსეთის მფლობელობაში გადავა.

ეს მიწა ნაკრძალია – ბიჭვინთის ფიჭვებით გაშენებული რელიქტური პარკის ნაწილი.

აღნიშნულ საკითხს პარლამენტის მომავალ სესიაზე, 18 ივლისის კვირას განიხილავს.

ეს საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის ყოფილი საზაფხულო რეზიდენციაა. 1964 წლის შემოდგომაზე, ხრუშოვი სწორედ ამ აგარაკზე იმყოფერბოდა, როდესაც შეატყობინეს, რომ ფაქტობრივად სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ის აღარ იყო ცკ-ის პირველი მდივანი. 1974 წელს, საბჭოთა კავშირის კიდევ ერთი ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი აქ საფრანგეთის პრეზიდენტს, ჟორჟ პომპიდუს შეხვდა. 2017 წლის აგვისტოში აქ ვლადიმერ პუტინიც დარჩა.

ხრუშჩოვი (მარჯვნივ), მისი მეუღლე და საბჭოთა პოლიტიკოსი ანასტას მიკოიანი შვილიშვილებთან ერთად სახელმწიფო აგარაკის სანაპიროზე ბიჭვინთაში. 1962 წლის ზაფხული

ზოგადად, აფხაზეთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო. აქ ხუთი სახელმწიფო აგარაკია, მათ შორის სტალინის აგარაკიც. ყველა მათგანი აშენდა სტალინის პერიოდში, 1931 წლიდან 1949 წლამდე და თითქმის ერთნაირი განლაგების შენობებია. ყველა შენობა მოპირკეთებულია იშვიათი ჯიშის ხით. თითოეული სახელმწიფო აგარაკი აღჭურვილი იყო უსაფრთხოების უნიკალური სისტემით.

11 ივლისს, საზოგადოებისთვის მოულოდნელად, აღმოჩნდა, რომ ბიჭვინთის პარკის ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვთან 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ამ დოკუმენტის შესახებ დიდი ხანი არავინ იცოდა, თუმცა ვინაიდან შეთანხმება იურიდიული ძალის მოსაპოვებლად საპარლამენტო რატიფიკაციას საჭიროებს, ინფორმაციამ მაინც გამოჟონა.

აფხაზური პარლამენტის – სახალხო კრების ერთმა კომიტეტმა აფხაზი საზოგადოების საყოველთაო აღშფოთების მიუხედავად უკვე დაუჭირა ამ გადაწყვეტ8ილებას მხარი.

რა არის აფხაზური საზოგადოების ძირითადი პრეტენზიები

● 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის სხვა, თუმდაც მეგობარი სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება საზოგადოებამ უნდა მიიღოს და არა მთავრობამ.

● ტერიტორია ზღვასთანაა, ხოლო აკვატორიის ნაწილის სხვა ქვეყნისთვის თუნდაც იჯარით გადაცემას კონსტიტუცია კრძალავს.

● ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რუსეთის ვალდებულებას არ გადასცეს ობიექტი მესამე პირებს.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ასლან კობახიამ, რომელიც ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, განაცხადა, რომ „აფხაზეთი არ არის არავისთან ვალში“.

ექსპერტებმა მყისიერად შეახსენეს კობახიას, რომ მსგავსი რიტორიკა არ იქნება სასარგებლო აფხაზეთსთვის:

„მოსკოვს ექნება მინიმუმ სარკისებური რეაქცია. გვეტყვიან, არც ჩვენ არ გვმართებს არაფერი თქვენთვის: არც ხელფასები, არც პენსიები, არც ინფრასტრუქტურის აღდგენა, არც მოპარული და გაფლანგული სესხები. არც ტურისტების გამოშვების ვალდებულება გვაქვს, ჩვენი სოჭი გვაქვს. ჩვენ გვესმის თქვენი სურვილი, მაგრამ ვეღარ ვასრულებთ თქვენს მოთხოვნებს“. თუ ასე გვიპასუხებენ, ჩვენს სუვერენიტეტს დიდი მსუქანი წერტილი დაესმევა, რადგან რუსეთსა და საქართველოს შორის მოქცეულ, მკვდარი ეკონომიკის მქონე რესპუბლიკას წასასვლელი უბრალოდ არსად აქვს“.

ისტორიკოსმა ასტამურ ტანიამ და JAMnews-ის რედაქტორმა აფხაზეთში / გაზეთ ჩეგემსკაია პრავდას რედაქტორმა ინალ ხაშიგმა პრობლემის შესახებ ისაუბრეს გადაცემა “საუბარში”.

გადაცემაში ითქვა, რომ ამ ტერიტორიას აქვს ძალიან დიდი ისტორიული და მორალური მნიშვნელობა აფხაზეთისთვის. ამიტომ, ხელისუფლებას უნდა აეხსნა რუსეთში მყოფი პარტნიორებისთვის, რომ „დიახ, გვესმის თქვენი სურვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევასრულებთ“.

ტანია და ხაშიგი შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება თუ არ გაითვალისწინებს აფხაზი ხალხის დამოკიდებულებას ასეთი სენსიტიური საკითხების მიმართ, აფხაზეთში პოლიტიკური დესტაბილიზაცია დაიწყება. და ამის მიზეზები იქნება.

მსგავსი სტატიები

აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია აფხაზეთის თვითიზოლაციის უარყოფით ტენდენციასა და მის მავნე შედეგებზე წერს.