კრიზისი საქართველოში – როგორ იმოქმედებს ეს აფხაზეთზე? ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი.

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

როგორ იმოქმედებს საქართველოში კრიზისი აფხაზეთზე?

გადაცემის წამყვანმა ინალ ხაშიგმა აფხაზ საზოგადო მოღვაწე ასტამურ ტანიასთან ინტერვიუში საქართველოში არსებული ვითარება და ამ ყველაფერზე აფხაზეთის რეაქცია განიხილა. ასტამურ ტანიამ და ინალ ხაშიგმა ისაუბრეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვალებად ვექტორზე და იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს ეს აფხაზეთზე, ასევე, რა უნდა გააკეთოს სოხუმმა ახლა.

ინტერვიუს წერილობითი ვერსია:

ინალ ხაშიგი: გამარჯობა, ეთერშია „ჩეგემსკაია პრავდა“.  დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოზე, იმ მოვლენებზე, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, იმ გაუთავებელ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც მიმდინარეობს ხელისუფლების მცდელობასთან დაკავშირებით, მიიღონ კანონი უცხოური აგენტების შესახებ.  ეს მოვლენები უკვე აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს და  დღემდე, როცა  მაისის არდადეგებიც დასრულდა ეს ყველაფერი არ ცხრება.  მე მაქვს  ვერსია,  თუ რატომ ხდება ეს. დღეს კი ამ სიტუაციაზე ჩვენს მუდმივ ექსპერტთან ასტამურ ტანიასთან  ერთად ვისაუბრებთ.

ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებით საკუთარ თავს პრობლემას უქმნის

ასტამურ, გამარჯობა. დავიწყებ ამ ვერსიით, ზოგადად, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა მოულოდნელად პრობლემები შეუქმნას თავის თავს?  უბრალოდ ვიტყვი, როგორი პოლიტიკური ვითარება იყო საქართველოში ამ კანონის მიღებამდე?  დასუსტებული  ოპოზიცია. ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდამ  ასევე დიდი გავლენა მოახდინა ძალაუფლების გაძლიერებაზე. თუნდაც საქართველოს ნაკრების მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში.  ალბათ გახსოვთ, როდესაც  ჩვენი გუნდი  გახდა ჩემპიონი, როგორ მოახერხა ხელისუფლებამ მთელი ამ ამბის  საკუთარ თავზე მიწერა.  საქართველოშიც ასეა.  საპარლამენტო არჩევნებია  ოქტომბერში.

ყველა ექსპერტი ამბობდა, რომ ეს იქნება  უპირობო გამარჯვება, „ქართული ოცნების“ უპირობო გამარჯვება. და მოულოდნელად, ბიძინა ივანიშვილი  ამ კანონის მიღებით  საკუთარ თავს პრობლემას უქმნის. არა მხოლოდ ოპოზიცია აღუდგა წინ, არამედ ხალხის უზარმაზარი რაოდენობა.

ეს არის არა მარტო სამოქალაქო სექტორი, არამედ სტუდენტები, ახალგაზრდები და ა.შ. ასობით ათასი ადამიანი გამოდის ქუჩაში და ეს მართლაც დიდი პრობლემაა ხელისუფლებისთვის.  მე ვფიქრობ, რომ  რომ ასეთი რისკის გასაწევად ძალიან სერიოზული მოტივაცია უნდა გქონდეს.  ეს მოტივაცია დავინახე, მაგალითად, იმაში, რომ ეს მხოლოდ კანონის მიღებას არ ჰგავს, ამას ზოგადად მოჰყვება ერთგვარი კურსის შებრუნება დასავლეთიდან რუსეთისკენ.

შესაძლოა, არსებობს იდეა კონფედერაციის შესახებ და რუსეთს შეუძლია წვლილი შეიტანოს ასეთი კონფედერაციის შექმნაში ერთგულების სანაცვლოდ

იმისთვის, რომ შეცვალო  ვექტორი, თუნდაც იმის საჩვენებლად, რომ ამ ვექტორს ცვლი, საჭიროა რაიმე სახის მოტივაცია  და მეჩვენება, რომ ეს მოტივაცია ეხება აფხაზეთს. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთს მაინც, სავსებით შესაძლებელია სამხრეთ ოსეთსაც. შესაძლოა, რომ არსებობდეს იდეა კონფედერაციის შესახებ და  პრინციპში, რუსეთს შეუძლია რაიმე სახის წვლილი შეიტანოს ასეთი კონფედერაციის შექმნაში საქართველოს მხრიდან ასეთი ერთგულების სანაცვლოდ.  საქართველო კი  ამის სანაცვლოდ იღებს ვალდებულებას იყოს ნეიტრალური ქვეყანა,  ნატოში გაწევრიანების შემდგომი გეგმების გარეშე და  აფხაზეთი საქართველოსთან კონფედერაციულ ურთიერთობებში შედის.

ზოგადად ბევრი თანმხლები ფაქტორია. ჩემთვის ერთ-ერთი  ნიშანი ასევე არის, ის, რომ  მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს, წითელ მოედანზე  არც აფხაზეთის პრეზიდენტი იყო მიწვეული საპატიო სტუმრად და არც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, თუმცა იქ უცხოელი სტუმრების ვიწრო წრე იყო. მაგრამ ამ უცხოელ სტუმრებს შორის იყვნენ  ქვეყნების პრეზიდენტები, პრინციპში, შორს მყოფნი მეორე მსოფლიო ომისგან. ლაოსის პრეზიდენტი, გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი და ა.შ.  ჩვენი პრეზიდენტი და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი იქ არ იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ  ადრე  მიწვეულები იყვნენ ხოლმე. მაინტერესებს თქვენი აზრი,  უკავშირდება ეს აფხაზეთს თუ არა?

ასტამურ ტანია: პირველი, რაც მინდა ვთქვა, ძალიან კარგია რომ, თქვენ, ასევე ლაშა ზუხბამ, ახრა ბჟანია შემოგიერთდათ შემდეგ, თქვენ შექმენით საინფორმაციო დისკურსი, რაც საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ დავფიქრდეთ ჩვენს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და  იმაზე, თუ როგორ შეიძლება მათ გავლენა მოახდინონ ჩვენზე, არამედ, შესაძლოა, დავიწყოთ ამ საკითხების ექსპერტული, საჯარო განხილვები.

ლოგიკა, რომ რუსეთი მზად არის გადასცეს აფხაზეთი საქართველოს, არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი სუბიექტია

თქვენ მიეცით ამის შესაძლებლობა, რადგან შეიძლება ბევრი ღელავდა მიმდინარე მოვლების გამო, მაგრამ საჯაროდ არ საუბრობდნენ. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ასეთი დისკუსიის დასაწყისი და მიუკერძოებელი, არაემოციური განხილვა იმისა, რაც ხდება საქართველოში და რუსეთში და ზოგადად მთელ ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ლოგიკა არის  შენს ნათქვამში. მაგრამ, ჩემი აზრით, აქ არის მნიშვნელოვანიგანშტოებები.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე, გამოდის,  რომ რუსეთი მზად არის გადასცეს აფხაზეთი ან უბიძგოს საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობისკენ. ეს ლოგიკა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი სუბიექტია. ჩვენ თვითონ ყოველთვის ვამბობთ, რომ აფხაზეთი არა ოკუპირებული ტერიტორია, არამედ დამოუკიდებელი სუბიექტია. ეს არის ჩვენი მთავარი განსხვავება. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ქართულ მხარესთან და მათთან, ვინც ახლა მხარს უჭერს ამ საკითხს.

ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი გამოცდილება, როცა ცდილობდნენ ჩვენთვის ხელების გადაგრეხას და საქართველოსთან ავტონომიის სტატუსით შეერთებას. სანქციები დაწესდა ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ გვახსოვს, რომ ამას არაფერი მოჰყოლია, რადგან აფხაზეთი მტკიცედ იდგა, იცავდა საკუთარ პოზიციებს და არ გადალახა წითელი ხაზები, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მოჰყვებოდა.

რუსეთის მონაწილეობის გარეშე საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების პროცესი შეუძლებელია

ასეთი გამოცდილება გვაქვს. მაგრამ  აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. უნდა გვესმოდეს, რომ გეოპოლიტიკურად აფხაზეთი, რა თქმა უნდა, ასეთი სუბტროპიკული ჩიხია, თუ ის არ მიდის საქართველოში და შემდეგ სამხრეთ კავკასიაში. ანუ ერთგვარი ბოტანიკური ბაღი, რომელიც ძალიან კარგია, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეიძლება.  

რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის გარკვეული საფრთხის შემცველია, მაგრამ ასევე შეიცავს შესაძლებლობას, რადგან შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი  სუბიექტურობა, რა თქმა უნდა, რუსეთის მონაწილეობის გარეშე საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების პროცესი შეუძლებელია. ყველას ესმის ეს. ვფიქრობ, თბილისშიც  ესმით ეს. გასულმა წლებმა აჩვენა, რომ აზრი არ აქვს თავის ქვიშაში დამალვას.  მაგრამ ჩვენ  უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ჩვენ ასევე გვჭირდება კონფლიქტის გრძელვადიანი დარეგულირება. გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვიყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო პროექტის  სუბიექტი.

მეჩვენება, რომ ივანიშვილი ძალაუფლების გახანგრძლივების პრობლემას წყვეტს

ახლა ის დროა, როცა, როგორც საექსპერტო, ისე პოლიტიკურ დონეზე უნდა განვავითაროთ პოზიცია, იმის მიხედვით, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, რათა არ გავხდეთ ვაჭრობის ობიექტი.  და ეს დისკურსი, ხელს უწყობს ამ პროცესს. ახლა, რაც შეეხება თავად  კანონს აგენტების შესახებ, რომლის მიღებასაც აპირებენ საქართველოში. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს რაიმე მკაფიო იდეოლოგიური მრწამსი ჰქონდეს.

მეჩვენება, რომ ის ძალის შენარჩუნებისა და გახანგრძლივების საკმაოდ მარტივ პრობლემას წყვეტს და  საქართველოს შემდგომი ევროინტეგრაცია არანაირად არ უწყობს ხელს ამ გეგმებს. არა მგონია, საქართველოს ხელისუფლება კმაყოფილი  იყოს, რომ საქართველოს მისცეს  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ახლა უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობა მოსახლეობის კონსერვატიულ ფენებს და ცდილობს პოლიტიკური სივრცის გასუფთავებას ლიბერალებისგან.

მე ვფიქრობ, რომ თბილისი გააგრძელებს ლავირებას მოსკოვსა და დასავლეთს შორის

ლიბერალური შეხედულებების,  დასავლური შეხედულებების, მოდერნისტული შეხედულებების მქონე ადამიანებისგან. და ამით გაახანგრძლივებენ  თავიანთ ყოფნას ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული იდეოლოგიური საფუძველი.

მაგრამ ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ თბილისი გააგრძელებს ლავირებას მოსკოვსა და დასავლეთს შორის, არსად არ მოიჭრის გზას და შეეცდება ამით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. იმიტომ, რომ ახლა, ჩემი აზრით, სამხრეთ კავკასიაში ისეთი ვითარებაა, რომ მთავარ მოთამაშეებს,  რუსეთს,  დასავლეთს არ სურდა ამ რეგიონშიც დაპირისპირების  ახალი ხაზის გაყვანა, რადგან ძალიან ბევრი ძალაა ჩართული და ყურადღება გადატანილია.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს რეგიონი განიხილება, როგორც პერიფერია, სადაც თავიდან უნდა  აიცილონ  ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეიარაღებული კონფლიქტები, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოვლენებს, საქართველოშიც, თავისი შიდა ლოგიკა აქვს. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლება, რასაც ვუყურებ,  დაუპირისპირდა ახალგაზრდა თაობას. და თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ ეს არის, მინიმუმ, პოლიტიკურად მცდარი ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ფაქტობრივად იმ მიზნებს, რისთვისაც მუშაობს „ქართული ოცნება“,  ხელისუფლების გრძელვადიანად  შენარჩუნება.

ინალ ხაშიგი: მაგრამ, ალბათ ძალიან რთულია იყო  სრულიად ნეიტრალური საქართველო. როცა ახლა სამყარო ასე შავ-თეთრი გახდა და ყველას მოეთხოვება გადაწყვიტოს თეთრია თუ შავი და ა.შ. და მეორე მხრივ, ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ის, რომ ევროკავშირი გახდა საქართველოს ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსი. ხოლო ევროპარლამენტის  ზოგიერთმა წევრმა და  სხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ძალიან მკაცრად გააკრიტიკეს  და მოითხოვეს სხვადასხვა სახის სანქციების შემოღება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ მთელი საქართველოს წინააღმდეგ. უვიზო რეჟიმის გაუქმება და ა.შ რითაც ქართველები რამდენიმე წელია სარგებლობენ.

ეს არის  საქართველოს გასვლა იმ დასავლური  ვექტორიდან, რომელიც 30 წელია ვითარდებოდა

ეს ვექტორი,  როგორც ჩანს, იზრდება. მით უმეტეს, თუ ამ  კანონს მიიღებენ. ასევე  თავად “ქართული ოცნების” ლიდერები აკეთებენ  მკაცრ განცხადებებს. ასევე,  ვთქვათ, პრემიერ-მინისტრ კობახიძის უარი ვაშინგტონში ვიზიტზე. ეს არ უმატებთ მათ ქულებს.  ეს არის  საქართველოს გასვლა იმ დასავლური  ვექტორიდან, რომელიც, ზოგადად, 30 წელია ვითარდებოდა. აშკარაა.

ბუნებრივია, იქნება გარკვეული  რეაქცია ევროკავშირიდან,  შეერთებული შტატებიდან. ზოგადად ვფიქრობ, რომ  ივანიშვილს კარგად არ წარმოედგინა, საქართველო როგორც ევროკავშირის წევრი,როგორც ადამიანმა, რომელმაც თავისი კაპიტალი  90-იან  წლებში რუსეთში დააგროვა, სადაც  სხვადასხვა სახის საეჭვო გარიგებებით იყო ეს შესაძლებელი. ევროკავშირის პირობებში ის ნამდვილად ვერ შეძლებდა ამ ფულის გამომუშავებას. მასთან მენტალურად უფრო ახლოს არის  სხვა ვექტორი.

არა ევროპული, რომელსაც თავისი წესები აქვს. ამიტომ, ვფიქრობ ღირებულებების  ეს  სისტემა მისთვის რთულია. მისთვის მისაღებია სხვა ღირებულებები. ეს ვექტორი გასაგებია. მაგრამ იმისათვის, რომ  უბრალოდ  გაწყვიტოს ქსელები, მას ალბათ, ნებისმიერ შემთხვევაში, სურს სანაცვლოდ რაღაც მისცეს  თავის მოქალაქეებს.

ჩვენ დიდი ხანია აღარ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, როგორც აფხაზეთის განვითარების ერთგვარ ფორმაზე

30 წელი აჟიოტაჟი, 30 წელი გარკვეული საინფორმაციო ფონი, 30 წელი, როცა არ გყავდა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც არ იყო ორიენტირებული დასავლეთზე, ამის ფონზე ასე შემოტრიალება, იმ „სტაფილოს“ გარეშე, რომელიც უნდა აჩვენო შენს საზოგადოებას, საშიშია არა მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“. მაგრამ აქ, მეორე მხრივ, ვაწყდებით იმ ფაქტს, რომ ჩვენი ხელისუფლებაც, ზოგადად, ამ მხრივ ერთგვარად უნებისყოფოა.  თქვენ საუბრობდით 90-იანების წინააღმდეგობაზე და ვშიშობ, იმ განწყობით, რომელიც ახლა ჩვენს მთავრობაშია,  ჩვენ რომ ამ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ,  ვერ იქნებოდა ასეთი წინააღმდეგობა.

ალბათ სასწრაფოდ აგვიხსნიდნენ, რომ ეს ჩვენთვის აუცილებელია  და სხვა გზა არ გვაქვს.  ასევე, იდეოლოგიურად, ვფიქრობ, ჩვენ დიდი ხანია აღარ ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, როგორც აფხაზეთის განვითარების ერთგვარ ფორმაზე, აფხაზური ეთნოსის შენარჩუნებაზე და ა.შ. და ჩვენმა დამოუკიდებლობამ დაკარგა ერთგვარი საკრალურობა ერთის მხრივ.

მეორე მხრივ, ჩვენი ლიდერების გამოსვლებში პრაქტიკულად არ გვესმის აფხაზური ინტერესების შესახებ.  მთელი რიგი თანმხლები ფაქტორები, რაც ზოგადად მიუთითებს იმაზე, რომ ეს გეგმა, რაც არ უნდა ფანტასტიკურად ჟღერდეს, თუმცა ახლა პრაქტიკულად აღარ დარჩა ისეთი ფანტასტიკური პროექტები, რომლებიც შემდგომში ვერ განხორციელდება.   

ისინი სავსებით რეალურია და  როგორც არ უნდა ვთქვათ, რომ სუვერენული სახელმწიფო ვართ, როგორც არ უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს კონსტიტუცია, კონსტიტუციაში გვაქვს  მუხლი,  სადაც წერია, რომ შეუძლებელია თუნდაც კონსტიტუციის  ცვლილებისას, შეუძლებელია შეიცვალოს,  რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა.

არის კანონში სისხლის სამართლის მუხლები, სადაც ნებისმიერი აგიტაცია არსებული სისტემის შესაცვლელად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიდის და ა.შ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც რეალობაში, სადაც სუვერენიტეტი სულ უფრო და უფრო ნაკლებია,  როგორც ჩვენი ერთ-ერთი პრეზიდენტი ამბობს, სუვერენიტეტი უნდა გავაზიაროთ.  სად არის ამ გაზიარების  საზღვარი უცნობია. ამიტომ, ზოგადად, არ გამოვრიცხავ, რომ არსებობდეს ისეთი გეგმა, რომელსაც, შესაძლოა, ჩვენი ლიდერები არ იცნობენ. ალბათ,  ჩვენ თვითონ დავთმეთ და შეიძლება მიმდინარეობდეს  რაიმე სახის პირდაპირი  კონსულტაციები საქართველოსა და რუსეთს შორის.

ბევრი ვარიანტია, მაგრამ მე ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ რეაქციას აფხაზური მხრიდან. ეს მოვლენები უკვე ორი თვეა გრძელდება. მე ვერ ვხედავ, რომ ეს საკითხები განიხილება ჩვენს ელიტაში, ჩვენს მთავრობაში, რაიმე სახის ზომები,  არ ვიცი, რაიმე სახის დისკუსია,  დამცავი მექანიზმები.  

ზოგადად ყველაფერი საკმაოდ მშვიდად მიდის. ლაშა ზუხბაზე  და ახრა ბჟანიაზე  იყო საინფორმაციო შეტევა, რადგან თქვეს  რომ არ  არის კარგი ჩვენთვის ეს კანონი. საზიანო იქნება აფხაზეთისთვისაც. რას გვაძლევს, ვთქვათ, „ქართული ოცნება“ ?  ის ლოიალობა, როგორც ახლაა „ქართული ოცნება“ რუსეთის მიმართ, ჩვენთვის პლუსია თუ მინუსი?

ასტამურ ტანია: ინალ, რასაც ამბობ, აშკარაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რა  რთულია ჩვენი მდგომარეობა.  საერთოდ არ მინდა უარვყო შენი ვერსია, რადგან რეალურად რა აღარ მომხდარა ჩვენს თვალწინ ბოლო 30 წლის განმავლობაში. და, ალბათ, სისულელე იქნებოდა არ განიხილო სხვადასხვა ვარიანტები. ეს არის ასეთი მძაფრი რეაქცია ხელისუფლების მომხრე ძალების მხრიდან. ისე, ესეც გასაგებია.

ჯერ ერთი,  შიდა პოლიტიკური კონკურენციაა. მეორე,  ჩვენს საზოგადოებას ნამდვილად არ სურს ჩვეული სტატუს-კვოს დატოვება.  რაშიც  ბოლომდე ვერ  ვეთანხმები ბჟანიას, სტატუს-კვოს დრო დასრულდა. ახლა ჩვენ უნდა ვეძიოთ ჩვენი ადგილი და როლი ცვალებად სტატუს-კვოში. უნდა განვაცხადოთ  ჩვენი ინტერესების შესახებ. რა თქმა უნდა, აქ თქვენ მართალი ხართ  ჩვენი ხელისუფლების რეაქციაზე. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი  ხელისუფლება საზოგადოების პროექციაა.

ვიმედოვნებ, რომ დაიწყება სოციალური პროცესები, რომლებიც გავლენას მოახდენს როგორც ხელისუფლების ხარისხზე, ასევე მის რეაქციაზე იმაზე, რაც ხდება გარშემო. თუ ცოცხალი საზოგადოება ვართ, თუმცა უნდა  უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი შორეული დაგეგმვის ჰორიზონტები არ გვაქვს, რადგან პატარა საზოგადოება ვართ.

ჩვენი პარლამენტი სულ უფრო მეტად წარმოაჩენს თავს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა

მაგრამ ამ მცირე ჰორიზონტებშიც კი შეიძლება ძალიან  მძაფრი მოვლენები  მოხდეს. ამიტომ, ამას დროულად უნდა ვუპასუხოთ. ვფიქრობ, ამიტომაც არის კონცენტრირებული ჩვენი საექსპერტო საზოგადოება და არა მთავრობა, სხვათა შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს არის ის, რაც უნდა იყოს. დაიწყეთ დისკუსია ამ საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ აქ ხელისუფლებისა და პარლამენტის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართული. ჩვენი პარლამენტი სულ უფრო მეტად წარმოაჩენს თავს, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, რაც ამ გადაცემაშიც არაერთხელ ვთქვით, რომ დროთა განმავლობაში პარლამენტი უფრო დამოუკიდებლად იქცევა.

უნდა დავიწყოთ დისკუსია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვავითაროთ ჩვენი მიდგომა. ქართული ოცნების რეაქცია და მისი ქცევა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ  საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, ეს ნიშნავდა ამ პოლიტიკური სისტემის დემონტაჟს, რომელსაც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.  მაგრამ ეს ასევე არ ხდება სპონტანურად, ისინი  არ არსებობენ ვაკუუმში. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ასევე აქვთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს არის, პირველ რიგში, პოლიტიკური სპექტრის  კონსერვატიული მემარჯვენე ფენები. ისინი საკმაოდ გავლენიანები არიან საქართველოში.

ბუნებრივია, საქართველოს აქვს რუსეთთან დაკავშირებული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები. რუსეთში არის ქართული დიასპორა. და ჩვენ რეალურად ვხედავთ კონკურენციას ორ ვექტორს შორის. არ მგონია, რომ საქართველომ გრძელვადიან პერსპექტივაში ორ სკამზე ჯდომის მცდელობაზე უარი თქვას.

ეს გაგრძელდება. ასე რომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვჭირდება საჯარო პოლიტიკა ამ სფეროში. ეს მხოლოდ ხელისუფლებას არ ეხება, რადგან, სამწუხაროდ, ხელისუფლების ოპონენტები საჯარო შეფასებებს არ აკეთებენ. უნდა იყოს საჯარო შეფასებები, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყო.  შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძოთ და გარშემო სხვა რეალობა დაგვხვდეს.

ამიტომ, ვფიქრობ, ეს კითხვა არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთელ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ეხება. მათ  უნდა განიხილონ ეს საკითხები დახურულ სხდომაზე და შეხვედრებზე და  უნდა  გადავიდნენ ამ საკითხების საჯარო განხილვაზე.

ინალ ხაშიგი: მინდა, კიდევ ერთ ასპექტზე დავფიქრდეთ. 30 წელია საქართველო დასავლეთისკენ მიიწევს. 30 წელია, დასავლეთის დღის წესრიგი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ  თბილისის პოზიციიდან გამომდინარე ყალიბდებოდა. და ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდით ამას. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ,  საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ოკუპაციის შესახებ და ბრიუსელმა მხარი დაუჭირა. ყველა ეს სანქციები, რაც აფხაზეთს საქართველომ დაუწესა, პარალელურად მოქმედებს ევროკავშირის მხრიდან.  ეკონომიკური ურთიერთობები არ გვაქვს, გადაადგილებაში  შეზღუდული ვართ. 

ევროკავშირთან ჩვენი პოლიტიკა ძალიან მოქნილი უნდა იყოს

საქართველოს გავლით თუ არ კეთდება, ე.ი. ჩვენთვის უბრალოდ შეუძლებელია ამის სხვაგვარად გაკეთება. მაგრამ ახლა ევროკავშირსა და თბილისს შორის ურთიერთობები უარესდება, თუმცა ჩვენ ისევ არ გვაქვს შემუშავებული  არანაირი სტრატეგია, არ არსებობს ტაქტიკა, როგორ მოვიქცეთ ამ სიტუაციაში.  ბოლო წლებში ჩვენ ზოგადად ძალიან დავშორდით ევროკავშირს. გავწყვიტეთ ის პატარა ძაფებიც, რომლებიც გვაკავშირებდა.

მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი როცა ჩამოდის, ხან უშვებენ, ხან არა და როცა უშვებენ, საერთოდ არ ხვდებიან.  ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მას საერთოდ არ შეხვდა. განაცხადა, რომ  ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი ჰქონდა. სრულიად იგნორირება.

მაგრამ ახლა, მეჩვენება, რომ ევროკავშირთან  ჩვენი პოლიტიკა ამ მხრივ ძალიან მოქნილი უნდა იყოს. და ჩვენ არ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, იქ აღიარებაზე. მაგრამ ადრე თუ გვიან, ოდესღაც ამის იმედი გვაქვს, რომ გვაღიარებენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რაღაცის შეცვლის მომენტალური შესაძლებლობები არსებობს. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგალითად, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ დაძაბულობა, რომელიც ბრიუსელსა და თბილისს შორის შეიქმნა?  ახლა  თუ 17 მაისს საქართველომ მიიღო კანონი უცხოური აგენტების შესახებ, როცა აფხაზეთში , რომელსაც ევროკავშირი საქართველოს წაქეზებით უწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიას, ათი წელია ეს კანონი  დევს და არ მიიღეს. ეს ალბათ გავლენას მოახდენს.

როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ვინმესთან, ჩვენ უნდა დავრჩეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და მივყვეთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს

ასტამურ ტანია: მე უკვე ვთქვი, რომ ზოგადად ჩვენი რეგიონი პერიფერიულია და არათუ ბრიუსელში,  მოსკოვშიც კი არ იღვიძებენ  ყოველდღე იმაზე ფიქრით,  როგორ არიან იქ აფხაზები.  რატომაც  არ მიიღება ეს კანონი ჩვენს ქვეყანაში, ვფიქრობ, ეს ხდება, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის ჩვენს ხელშია. იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავაკოპიროთ გამოცდილება, რომელიც საზიანო გავლენას მოახდენს ჩვენი საზოგადოების  მთლიანობაზე.

ეს არის ის, რაც  უნდა გავიგოთ. როგორი ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს ვინმესთან, ჩვენ უნდა დავრჩეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და გვქონდეს და მივყვეთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ამით არის გამოწვეული, თუ რატომ არ მივიღეთ ეს კანონი ამდენ ხანს. რაც შეეხება ბრიუსელის პოზიციას, არ მგონია, რომ რაიმე სანქციები, როგორიცაა უვიზო რეჟიმის გაუქმება, დაწესდეს თავად საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ იმუშავებს ევროპის ინტერესების სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე, სავარაუდოდ, რაიმე სახის სანქციები იქნება გამოყენებული.

რაც შეგვეხება ჩვენ , ჩვენთვის სურათი გამძაფრდა, მაგრამ რეალურად ცოტა რამ შეიცვალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში მონოპოლია არცერთ მოთამაშეს აღარ აქვს. ეს ნიშნავს, რომ აქ ურთიერთობების  დარეგულირება  ძალთა გარკვეული ბალანსის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. მთავარია, რომ ძალთა ამ ბალანსში ჩვენი ინტერესები არ დაიკარგოს და გათვალისწინებული იყოს.

ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან  ურთიერთობაზე

რასაც  ვხედავთ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ფორმატი არაეფექტურია,  რადგან იქ მთავარი აკლია, არ არსებობენ კონფლიქტის მხარეები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება თავად, რომ ხელი მოაწერონ და განახორციელონ შეთანხმებები. ეს არის ამ ფორმატის მთავარი ნაკლი. მაგრამ თუ ავიღებთ იმ მონაკვეთს, რომელიც იქ არის წარმოდგენილი, გარე მოთამაშეები არიან რუსეთი, ევროკავშირი, აშშ და გაერო. ეს  საკმაოდ ადეკვატურია.

ამიტომ, მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე უნდა ვიმსჯელოთ ჟენევის პლატფორმის საკონსულტაციო ფორმატიდან მოლაპარაკებების ფორმატში  გადატანის საკითხზე. ეს დაგვეხმარება შევიდეთ ურთიერთობების  სხვადასხვა ფორმებში სხვადასხვა აქტორებთან, როგორც ქართულ მხარესთან, ასევე რუსულ მხარესთან და სხვა გარე მონაწილეებთან. ჩვენ არ უნდა  ჩავიკეტოთ გარე სამყაროსგან, რადგან გარე სამყარო მაინც მოვა ჩვენამდე და მან არ უნდა მოგვისწროს მძინარეებს. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ ისეთი მოთამაშე, რომელიც პოლიტიკურ  კლიმატს განსაზღვრავს  პლანეტარული მასშტაბით. ეს უნდა გავიგოთ.

ამიტომ, ჩვენ არ უნდა ვთქვათ უარი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნებთან  ურთიერთობაზე. უფრო მეტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს კონტაქტები საკუთარი ხაზის პოპულარიზაციისთვის. ვთქვათ, როგორც 90-იან წლებში,  2000-იანი წლების დასაწყისში. მაშინ  ძალიან ფართო ფორმატი გვქონდა.

გენერალური მდივნის მეგობრების საერთაშორისო ჯგუფი მონაწილეობდა, ჩვენ მათთან გვქონდა უთანხმოება, რუსულ  მხარესთანაც გვქონდა  უთანხმოება. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვიყენეთ ეს პლატფორმა საკუთარი ინტერესების გასაძლიერებლად და არსებული პრობლემების გადასაჭრელად. უამრავი პრობლემა გვაქვს, რაც  დაკავშირებულია ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სხვადასხვა სახის საქონლის მიწოდებასთან, მედიკამენტებთან, სოციალურ სერვისებთან და გალის რაიონის მოსახლეობის მდგომარეობასთან.

პრობლემების დიდი კომპლექსი გვაქვს. ჩვენ გადავწყვიტეთ ისინი ამ პლატფორმის გამოყენებით. მაგალითად, ჩვენი სამშობიარო სახლის პირველი ძირითადი რემონტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. ან კონსერვაცია, მაგალითად, რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი ობიექტები.  ასევე  ამ გზით გაკეთდა .   ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი და მოვაგვაროთ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი პრობლემები. აქ თვითიზოლაცია კარგს ვერაფერს მოგვიტანს.

ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთის მოკავშირე ვართ. ახლა, თუ ჩვენ იზოლირებას გადავწყვეტთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა გადავცეთ დელეგირება რუსეთს,  მაგრამ ეს ეწინააღმდეგება მის საკუთარ პოზიციას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროცესის აქტიური მონაწილე. და ამის დრო, ვფიქრობ, უკვე დადგა.

ინალ ხაშიგი: მაინც პროგნოზი,  როგორ გადაწყდება ეს ყველაფერი?

იქნება თუ არა შეტაკებები, ამას  აქ ვერავინ იტყვის

ასტამურ ტანია: საქართველოს ხელისუფლების შესახებ  პროგნოზებს ვერ  გავაკეთებ, რადგან კრიზისი მწვავე ფაზაშია. აქ ნებისმიერმა სუბიექტურმა ფაქტორმა შეიძლება იმუშაოს,  იფეთქოს. აქ პროგნოზირება უმადური საქმეა. მე ვფიქრობ, რომ იქ,  შიგნით, რაღაც ძალამ უნდა სცადოს  სიტუაციის განმუხტვა, რადგან ეს გზა ძალიან სახიფათო შედეგებით არის სავსე.  ვფიქრობ, ხელისუფლება დაჟინებით ეცდება გაატაროს თავისი  ხაზი, შესაძლოა,  კანონის მიღება დააჩქაროს, მაგრამ რეალურად ეს გადაწყვეტილება მათ პოზიციას არ გააძლიერებს.

იმიტომ, რომ საინფორმაციო სივრცეში, ახალგაზრდების ასეთ აღქმაში, რომლებიც ამ მოვლენებამდე ძირითადად აპოლიტიკურები იყვნენ. ეს არის ის, რაც  ასევე უნდა გავითვალისწინოთ. ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ამ დრომდე  საკმაოდ აპოლიტიკური იყო. ახლა, ფაქტობრივად, ხელისუფლება ამ ახალგაზრდების მობილიზებას გრძელვადიან პერსპექტივაში ოპოზიციის რიგებში ახორციელებს. ეს არის ის, რაც მოხდება. იქნება თუ არა შეტაკებები, ამას  აქ ვერავინ იტყვის.

ინალ ხაშიგი: ჩვენ  აქ დავასრულებთ და დავაკვირდებით  ვითარებას. იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლებაც, ჩვენი პოლიტიკური წრეებიც მონიტორინგს გაუწევენ ამ ვითარებას და ექნებათ საკუთარი გეგმა ზოგადად რა ხდება.

მსგავსი სტატიები