საქართველოში აფხაზეთში ქართველების გენოციდის აღიარების კამპანია დაიწყო. საზოგადოების ნაწილი წინააღმდეგია 

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

“თავისუფლების ინსტიტუტი”, ჟურნალი “ტაბულა”, ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველო”, “ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება” და “აფხაზთა კრება” აგრძელებს კამპანიას “იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის”, რომლის მიზანია 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, რუსეთის მიერ ქართველის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გენოციდად შეფასდეს.

“აფხაზეთში მომხდარი დანაშაულების ხასიათი და მასშტაბი არა მხოლოდ ეთნიკურ წმენდას, არამედ გენოციდს უტოლდება” – წერია ამავე მოთხოვნით შექმნილი პეტიციის ტექსტში.

კამპანიის ორგანიზატორები პარალელს ავლებენ ბუჩაში, მარიუპოლსა და გოსტომელში მომხდარს შორის. იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე ევროპული ქვეყნის პარლამენტმა უკრაინაში მომხდარი ოფიციალურად აღიარა უკრაინელი ხალხის გენოციდად, აუცილებელია დღის წესრიგში აფხაზეთის საკითხიც დადგეს, ფიქრობენ კამპანიის ორგანიზატორები.

მათი აზრით, უკრაინაში მომხდარმა ომმა და დასავლეთის მიერ პუტინის რუსეთის ბოროტების იმპერიად შეფასებამ “გახსნა შესაძლებლობა საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანიის დასაწყებად”. 

პეტიციის ტექსტში არ არის ნახსენები აფხაზური მხარე. ნათქვამია, რომ გენოციდში რუსეთთან ერთად დამნაშავეა ასევე “მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფ დაჯგუფებები”.

“მოვითხოვთ რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი დაჯგუფებების მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების ქართველთა გენოციდად აღიარებას, როგორც ქართული სახელმწიფოს, ასევე მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ” – წერია ტექსტში. 

გენოციდის აღიარების იდეის მომხრეებს ორგანიზატორები 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავზე, რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან სპეციალურ აქციაზე იწვევენ:

“ვთქვათ, რომ ოკუპანტმა აფხაზეთში ქართველების და კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. რუსეთმა გენოციდი მოაწყო”. 

პარტიამ ფეისბუკზე შექმნა ოფიციალური გვერდი, სადაც აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ საარქივო მასალას, ასევე დევნილების ისტორიებს აზიარებს. 

აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით კამპანია “ევროპულმა საქართველომ” მაისში წამოიწყო. მაშინ ამ პარტიის ინიციატივით თბილისსა და რეგიონებში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”. გამოფენა აფხაზეთში ქართველთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს აღწერდა.

აღნიშნული წამოწყება ქართულმა საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო და იგი დისკუსიის საგნი გახდა. გენოციდის აღიარების იდეას მომხრეებთან ერთად ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა.

გენოციდის აღიარების მომხრეთა არგუმენტები

კამპანიის ორგანიზატორები და მათი მომხრეები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ომმა ამოაყირავა საერთაშორისო კონიუნქტურა და საქართველომ უნდა გამოიყენოს არსებული მდგომარეობა.

მათი აზრით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მათ შორის სკეპტიკოსებისთვისაც, რომლებსაც აქამდე არ სჯეროდათ რუსეთის ბოროტების მასშტაბი, უკრაინის ომის შემდეგ სრულიად ცხადი გახდა, რომ რეგიონში ყველა კონფლიქტის უკან რუსეთი დგას.

“აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ისევე, როგორც ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში) პრორუსი სეპარატისტები კი არა, რუსეთის ფედერაცია გვებრძოდა, გვკლავდა და მიწა-წყალს გვართმევდა,” – ამბობს ოთო კახიძე, “ევროპული საქართველოს” წევრი და კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი.

აფხაზეთის ომის დროს მომხდარი საერთაშოერისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც ქართველთა ეთნიკური წმენდა [აფხაზეთი 1992-1993 წლებში 300 ათასმა ქართველმა დატოვა, მათი უმრავლესობა დღემდე ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში_JAMnews] თუმცა, კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ “ეს არ ყოფილა მხოლოდ ეთნიკური წმენდა, იყო მეტი, უარესი და საზარელი, რასაც გენოციდი ჰქვია”.

“შემოტრიალებული საერთაშორისო კონიუნქტურის პირობებში ჩვენ გვაქვს შანსი, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. გენოციდს – გენოციდი, ეთნიკურ წმენდას – ეთნიკური წმენდა, მტერს – მტერი, პრორუს სეპარატისტს – რუსეთის ჯარისკაცი,” – ამბობს კახიძე.

გენოციდის იდეის მომხრეები არ იზიარებენ მოწინააღმდეგეთა არგუმენტს იმის შესახებ, რომ ეს კამპანია „აფხაზებთან შერიგების პროცესს“ შეუშლის ხელს. არანაირი შერიგების პროცესი არ არსებობს და ვერ იარსებებს მანამდე, სანამ რუსეთი, როგორც ფაქტორი, პროცესს არ გამოეთიშება, ფიქრობენ ისინი.

“რას ნიშნავს შერიგება და რაში უნდა გამოიხატოს? ალბათ პირველ რიგში იმაში, რომ ქართველები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, არა? 250 ათასი ადამიანია, სულ მცირე, საკუთარ სახლში დასაბრუნებელი მარტო აფხაზეთში. ამის გადაწყვეტა არც აფხაზების ხელშია და არც ქართველების. ეს ვერ გადაწყდება მანამდე, სანამ რუსეთი როგორც ფაქტორი პროცესს არ გამოეთიშება,” – ამბობს კამპანიის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საინფორმაციო-ანალიტიკური ვებ-გვერდის, “ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

მისი თქმით, რუსეთის ფაქტორის გამოთიშვის შემდეგ “საქართველო იქნება თავისუფალი რესპუბლიკა და ჩვენ შევძლებთ რომ ქართველები საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ”.

“და შევძლებთ, რომ ყველა მოქალაქე იყოს თანასწორი საქართველოს კანონმდებლობის წინაშე და დაცული, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა, თუ სექსუალური იდენტობისა, ყველას ჰქონდეს ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება – ესაა ჩვენი ეროვნული ამოცანა, ამ ამოცანისკენ ვისწრაფვით ჩვენ, ვინც გენოციდის აღიარების კამპანია დავიწყეთ.” – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი.

რა არგუმენტები აქვთ მოწინააღმდეგეებს

1992-1993 წლების აფხაზეთის ომზე საუბარი მხოლოდ ქართველების გენოციდის პერსპექტივით და ამ კონფლიქტის ეთნო-პოლიტიკური შინაარსის, ასევე აფხაზი ხალხის დანაკარგის გამორიცხვა, ისტორიის არასწორი ინტერპრეტაციაა, ფიქრობენ იდეის მოწინააღმდეგეები.

“თითქმის ყველა აფხაზურ ოჯახში ნახავთ გარდაცვლილ ადამიანს ომის დროს. აფხაზები მიყვებოდნენ, რომ ოჯახში მასობრივად არის სამი გარდაცვლილი ადამიანის – მამის, ბიძის და ბაბუის ფოტო პატივისცემის და გლოვის ნიშნად. იმ პირობებში როცა აფხაზურ საზოგადოებას და რეგიონს ჩვენს საჯარო სივრცეში ხილვადობა დაკარგული აქვს, მათი წილი გლოვის და ტკივილის უგულებელყოფა, ამ ხალხის ისტორიიდან და დღევანდელობიდან ამოშლის კიდევ ერთი მცდელობაა”, – წერს ფეისბუკზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის (EMC) ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამთა მიქელაძე.

მისი აზრით, მსგავსი კამპანიები აფხაზ ხალთან გაუცხოებას კიდევ უფრო აღრმავებს.

“ჩვენი სახელმწიფო შეთანხმებულია, რომ დეოკუპაციის პოლიტიკის პარალელურად, გამყოფი ხაზის იქით მცხოვრები საზოგადოებების ნდობის შენება უნდა და ეს პირველ რიგში ორმხრივი შეცდომების აღიარებითა და ორივე საზოგადოების ტრაგედიების თანაგანცდით იწყება”, – მიიჩნევს მიქელაძე.

მისი თქმით, თავად დევნილები განსხვავებულად უყურებენ პროცესს და მათში “ყველაზე მაღალია სამშვიდობო პოლიტიკისა და გამყოფი ხაზის იქით მცხოვრებ საზოგადოებებთან დიალოგის სურვილი, ინტერესი და მზადყოფნა”.

ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ ცხარე კამათი, რომელიც მიდის სოციალურ ქსელებში აფხაზეთის და 90-იანი წლების კონფლიქტების თემაზე, “რაღაც გაგებით კარგია, დიდი ხანია ეს თემა პოლიტიკურ და აკადემიურ “მივიწყებას” მიეცა და დისკუსია სხვადასხვა პერსპექტივის რეპრეზენტაციის შესაძლებლობას იძლევა”.

“მაგალითად, აფხაზეთში ამგვარი დისკუსიები ამ პერიოდის ისტორიაზე არ არის და ბევრი საზღვარი და ტაბუ არსებობს,” – ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, ამ დისკუსიებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი წარმოაჩინა და მთავარი არის ის, რომ “სახელმწიფოს, პოლიტიკურ და აკადემიურ ელიტებს ძალიან ცოტა აქვს ნამუშევარი წარსულის კრიტიკული გადააზრების და საზოგადოებრივი და პოლიტიკური თანხმობის შენებისთვის ამ საკითხებზე”.

“შიდა სამუშაოების და ტრანსფორმაციების გარეშე კი განწირულები ვართ დავრჩეთ მოჯადოებულ წრეში, რუსეთის დანგრევის ესქატოლოგიური რწმენის იმედად.” – აცხადებს მიქელაძე.

მსგავსი სტატიები