რა გავლენას მოახდენს უკრაინის ომი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე?

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” (“რონდელის ფონდი”) ვებ-გვერდზე. სტატიის სათაური, ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის “რონდელის ფონდს”. გამოქვეყნების თარიღი: მარტი, 2022 წელი.

უკრაინის ომის გავლენა აფხაზეთსა და ცხინვალზე

2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა
ხელი მოაწერა ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების დოკუმენტს (Lenta, 2022), რასაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებმა მხარი ოფიციალურად დაუჭირეს. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ დნრ და ლნრ ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა, პრეზიდენტ პუტინის 21 თებერვლის გადაწყვეტილებას კი „მოსალოდნელი, საფუძვლიანი და გამართლებული“ ნაბიჯი უწოდა (RIA Novosti, 2022). რუსეთის ნაბიჯს მიესალმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც, რომლის განცხადებით, გადაწყვეტილება არის „სამართლიანი, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ადეკვატური“ და შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს (TASS, 2022). რამდენიმე დღეში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების დოკუმენტს მოაწერა ხელი (Ekho Kavkaza, 2022).

დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება თავისთავად აღსანიშნავი გეოპოლიტიკური ნაბიჯია რუსეთის მხრიდან, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. თუმცა, აღიარებიდან რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ მოსკოვს ეს ნაბიჯი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასაწყებად, ერთგვარ პლაცდარმად, სჭირდებოდა. შესაბამისად, დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებას თან მოჰყვა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, რაც სოხუმისა და ცხინვალის პერსპექტივით უფრო მეტს ცვლის, ვიდრე მხოლოდ დონბასის რეგიონების აღიარება. რადგანაც სოხუმისა და ცხინვალის შიდა და საგარეო პოლიტიკური სპეციფიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, სტატიაში ორივე ცალ-ცალკე იქნება განხილული.

დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარება თავისთავად აღსანიშნავი გეოპოლიტიკური ნაბიჯია რუსეთის მხრიდან, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს. თუმცა, აღიარებიდან რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ მოსკოვს ეს ნაბიჯი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასაწყებად, ერთგვარ პლაცდარმად, სჭირდებოდა. შესაბამისად, დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებას თან მოჰყვა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში, რაც სოხუმისა და ცხინვალის პერსპექტივით უფრო მეტს ცვლის, ვიდრე მხოლოდ დონბასის რეგიონების აღიარება. რადგანაც სოხუმისა და ცხინვალის შიდა და საგარეო პოლიტიკური სპეციფიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, სტატიაში ორივე ცალ-ცალკე იქნება განხილული.

აფხაზეთი

აფხაზეთში 12 მარტს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა (Apsnypress,
2022), თუმცა წინასაარჩევნო ციებ-ცხელება რეგიონში უკრაინის ომმა გადაფარა. როგორც აფხაზი პოლიტიკური მიმომხილველები წერდნენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე (Chania, 2022), აფხაზეთის მოსახლეობა იმდენად ჩაერთო უკრაინის ომის ამბებში, რომ ადგილობრივი არჩევნები ახლა მხოლოდ „საკუთრივ კანდიდატებსა და მათ გარემოცვას აინტერესებს“. საერთაშორისო სოციალური ქსელების აფხაზური სეგმენტი ყველაზე აქტიურად სწორედ ამ თემას განიხილავს (Sharia, 2022), პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები კი ყველაზე ხშირად ამ ომზე ლაპარაკობენ.

ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვების არ არსებობის გამო რთულია
იმაზე დანამდვილებით ლაპარაკი, რამდენად დიდი აქვს უკრაინაში რუსეთის
სამხედრო შეჭრას მხარდაჭერა სოხუმში, თუმცა ნათელია, რომ დამოკიდებულებები ერთგვაროვანი არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით, არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკა იძულებულია მოსკოვს, როგორც ერთადერთ პარტნიორს საერთაშორისო არენაზე, მხარი დაუჭიროს. ამ თვალსაზრისით, სოხუმს სხვა გამოსავალი არ აქვს – არჩევანი შეზღუდულია. ამ პოზიციას პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილიც უჭერს მხარს – მორალური გადმოსახედიდან რთულად დასაცავი პოზიცია ხშირად იმითაც მართლდება, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველების მხარეს უკრაინელთა რაზმიც იბრძოდა (Abkhazskoe Narodnoe Dvizhenie, 2022). ხელისუფლების ორგანიზებით სოხუმში 11 მარტს რუსეთის მხარდამჭერი
მიტინგიც გაიმართა, სადაც სიტყვით რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია
გამოვიდა (Apsny Today, 2022).

აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკრაინის შეჭრას კრიტიკოსებიც ჰყავს,
როგორც მოსახლეობაში, ისე პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებში, რომლებიც
პოლიტიკური წნეხის გამო ხშირად ამ აზრის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.
ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც ღიად გამოთქვა უარყოფითი პოზიცია რუსეთის უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ მიმართ, რუსეთში მოღვაწე აფხაზი ისტორიკოსი იური ანჩაბაძე გამოდგა – მან კრემლის წამოწყებულ ომს „დამღუპველი და დესტრუქციული უწოდა“ (Anchabadze, 2022). ანჩაბაძემ ასევე მოუწოდა აფხაზურ მხარეს, არ გაათანაბრონ აფხაზეთისა და დონბასის შემთხვევები, რადგან ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას აბსოლუტურად განსხვავებული ისტორია აქვს.

სოხუმში რუსეთის საომარ ქმედებებზე სხვადასხვა მოსაზრება
არსებობს, მაგრამ ერთი რამ დე ფაქტო რესპუბლიკისთვის ნათელია – უკრაინის
ომი ოკუპირებული აფხაზეთის მომავალზე აუცილებლად მოახდენს გავლენას.
რეგიონი პირდაპირ არის მიბმული რუსეთის ფედერაციაში არსებულ სოციალურეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, რომელთა დრამატული ცვლილება მასზე აუცილებლად აისახება. ერთ-ერთი ასეთი პირდაპირი უარყოფითი გავლენა ბოლო დღეებში საწვავზე სწრაფად გაზრდილი ფასებია, რასაც აფხაზეთში საზოგადოების ნაწილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებსაც უკავშირებს (Gogoryan, 2022). საწვავის ფასის ზრდას სოხუმის ცენტრში მცირე მიტინგიც მოჰყვა (Sputnik Abkhazia, 2022). თუმცა, ცხადია, რომ საწვავის ფასი მხოლოდ ერთ-ერთი მცირე საკითხთაგანია, რაზეც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რეაგირება მოუწევს.

პირველ რიგში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს დონეცკისა და
ლუჰანსკის დე ფაქტო რესპუბლიკების რუსეთის მიერ აღიარების მნიშვნელობა
საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რამდენიმე დღეში თავადაც მოაწერა რეგიონების აღიარების დოკუმენტს ხელი და მოსკოვს გადაწყვეტილებაც მოუწონა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენად უწყობს ხელს ეს ფაქტი თავად სოხუმის მიერ საერთაშორისო აღიარების მოპოვების საგარეო პოლიტიკას. აფხაზეთში ხშირად ამბობენ, რომ აფხაზი ერის ისტორიული განვითარება და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ყველა სხვა შემთხვევისგან განსხვავებულია და ის საერთაშორისო არენაზე განცალკევებულ მოვლენად უნდა განიხილებოდეს. ამ მოსაზრებაზე სოხუმში მაშინაც აპელირებენ, როდესაც გარე აქტორები ერთმანეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევებს ადარებენ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საგარეო ასპარეზზე აფხაზი ერის შემთხვევას დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესირებული პატარა ერის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლად წარმოაჩენს, 2008 წელს რუსეთის მიერ აღიარებას კი ისტორიული სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევს
(Bagapsh, 2008).

ამ თვალსაზრისით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობა
ყოველთვის მიმართული იყო, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში აფხაზეთის
შემთხვევა აღქმულიყო დამოუკიდებლად და არა – რუსეთის ინტერესებისა და
საგარეო პოლიტიკის პრიზმაში. სწორედ ეს არის ის მნიშვნელოვანი მომენტი,
სადაც აფხაზეთის საგარეო პოლიტიკამ რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის რესპუბლიკების აღიარებით სერიოზული დარტყმა განიცადა. დონბასის რეგიონების აღიარებამ და აღიარებიდან მყისიერმა შეჭრამ უკრაინის ტერიტორიაზე მთელ მსოფლიოს, მათ შორის, რუსეთის არაერთ პარტნიორ ქვეყანას, ნათლად დაანახა, რომ კრემლის მხრიდან დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარების საკითხი მთლიანად მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო და აფხაზი ერის ინტერესების დაცვასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო
თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, დასავლეთის მხარდაჭერის გამო აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობების უდიდესმა ნაწილმა – საგარეო ასპარეზზე ყურადღება მოეპოვებინა, ხელშესახები შედეგები ვერ გამოიღო. ამ მხრივ მეტწილად წარუმატებელი გამოდგა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საგარეო პოლიტიკაც, რაც, საბოლოოდ, რუსეთმა რეგიონების რუსულ სივრცეში უფრო მეტად ინტეგრაციის პოლიტიკაზე აქცენტირებით ჩაანაცვლა – სწორედ ამის მანიშნებელი იყო სოხუმთან 2020 წელს გაფორმებული კანონმდებლობების „ჰარმონიზაციის“ დოკუმენტი (კვახაძე, 2021).

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთისთვის საერთაშორისო
ყურადღების მიპყრობა და გაეროს წევრი ქვეყნების დარწმუნება ისედაც რთული
მისია აღმოჩნდა, რუსეთის მიერ დონბასის რეგიონების აღიარება ამას კიდევ უფრო მეტად ართულებს. უკრაინაში მოსკოვის სამხედრო აგრესიამ, რომელიც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხი სრულად მოაქცია რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის რკალში. საერთაშორისო არენაზე გაძლიერდა განცდა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი – ეს უბრალოდ რუსეთის საერთაშორისო ინტერესების პარადიგმის ნაწილია და სავარაუდოა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ამ მყარად ფესვგადგმული წარმოდგენის შეცვლა კიდევ უფრო მეტად გართულდება.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი რუსეთის საერთაშორისო იმიჯია,
როგორც პოლიტიკური, ისე რეპუტაციული. დასავლეთში ყოველთვის არსებობდა
რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის უარყოფითი აღქმა, მათ შორის,
საქართველოსთან მიმართებით, თუმცა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ
ეს დამოკიდებულება საბოლოოდ განამტკიცა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის
ბორის ჯონსონის განცხადებით, 2008 წელს საქართველოში, შემდეგ კი 2014 წელს უკრაინაში განხორციელებულ ქმედებებზე დასავლეთის არასათანადო პასუხმა რუსეთის მხრიდან უფრო დიდ ძალადობამდე მიგვიყვანა (Agenda, 2022). ასეთი განცხადებების მოხშირება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე იმის ნიშანია, რომ დასავლეთში ჯერ კიდევ სკეპტიკურად მყოფმა მხარეებმაც ნათლად დაინახეს რუსეთის ნამდვილი სტრატეგიული გეგმები და ასევე ის, თუ როგორი მასშტაბის აგრესიასთან უწევდათ და უწევთ გამკლავება უკრაინასა და საქართველოს.

ამას თან ერთვის ის ფაქტიც, რომ არასოდეს, არცერთი ომი ისტორიაში, არ ყოფილა იმდენად კარგად დოკუმენტირებული, როგორც რუსეთის უკრაინაში შეჭრა. სოციალური ქსელები სავსეა ფოტოებით, ვიდეოებით, აუდიოჩანაწერებით და რუსეთის სამხედრო აგრესიისა და დანაშაულის ურიცხვი მტკიცებულებით. ამ მასალის ხილვა შეუიარაღებელი თვალითაც ყველას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რაც რუსეთის რეპუტაციას არა მხოლოდ პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების და ჟურნალისტების თვალში, არამედ უბრალო ადამიანების გადმოსახედიდანაც გამოუსწორებელ დაღს ასვამს.

ასეთ რეალობაში რუსეთის რეპუტაციული და პოლიტიკური ზიანი
ორმხრივ პირდაპირ გავლენას ახდენს აფხაზეთზეც. პირველი, აფხაზეთის
დე ფაქტო ხელისუფლებას სხვა არჩევანის არარსებობის პირობებში უწევს
ბოლომდე დაუჭიროს მხარი მოსკოვს, რომლის პოლიტიკური და რეპუტაციული
იმიჯი საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად არის შერყეული. რუსეთის
დისკრედიტაცია და საერთაშორისო იზოლაცია პირდაპირ ურტყამს აფხაზეთის,
როგორც პარტნიორი მხარის, რეპუტაციასაც. ეს იზოლაცია შეეხება ასევე იმ
აფხაზებს, რომელთათვისაც ისედაც შეზღუდული შესაძლებლობები რუსეთის მიღმა სხვა ქვეყნებში სამოგზაუროდ (განსაკუთრებით, ევროპაში) კიდევ უფრო მეტად შემცირდება. არსებობს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა საშუალებით აფხაზი სტუდენტები განათლებას საზღვარგარეთ იღებენ (Kanashvili, 2022), თუმცა რუსეთის იზოლაციის ფონზე აფხაზი სტუდენტებისთვის პერსპექტივების შემცირება ამ მიმართულებითაც არის მოსალოდნელი.

და მეორე, მიუხედავად რუსული პროპაგანდის სიმძლავრისა რეგიონში,
კრემლის აგრესიულ ქმედებებს უკრაინაში კარგად ხედავს თავად აფხაზეთის
მოსახლეობაც, რომელიც აქტიურად იყენებს ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს.
ჯერჯერობით ადრეა საუბარი იმაზე, თუ რამდენად გაუარესდება რუსეთის სახე
აფხაზების თვალში (ასევე, შესაბამისი კვლევების არ არსებობის გამო ამის
ზუსტად დადგენა მომავალშიც გაჭირდება), მაგრამ მოსკოვის არაჰუმანური აგრესია აუცილებლად იქონიებს გარკვეულ გავლენას აფხაზურ საზოგადოებაზეც.

შემდეგი საკითხი, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე მეტადაც კი ეხება აფხაზეთს, არის რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ამ სანქციებს გარდაუვალად მოჰყვება. Economist-ის შეფასებით, სანქციების ის მასშტაბი, რაც რუსეთის წინააღმდეგ გატარდა, მსოფლიოს აქამდე არასოდეს უნახავს (2022). მსოფლიო საფინანსო სისტემიდან რუსეთის გამოთიშვა, სრული ეკონომიკური იზოლაცია, კერძო ბიზნესის რუსული ბაზრიდან მასობრივი გასვლა, რუბლის გაუფასურება და სხვა მრავალი ეკონომიკური ხასიათის პრობლემა, რომელიც მოსკოვს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაატყდა თავს, ეკონომისტების შეფასებით, გაუარესების ტენდენციას შეინარჩუნებს (კაკულია, 2022). ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს საკმაოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი ელის, რაც პირდაპირ აისახება აფხაზეთზეც, რომელიც დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ დახმარებებზე.

რუსეთმა კონკრეტული გზავნილები უკვე გააჟღერა – 10 მარტს რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა, რომელიც სოხუმს სტუმრობდა, რუსულ საინფორმაციო მაუწყებელ TASS-ს განუცხადა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოსკოვის დაფინანსებაზე ნაკლებად უნდა იყვნენ დამოკიდებული (TASS, 2022). ვოლვაჩმა დააანონსა, რომ მომავალ წლებში ფინანსური დახმარება რუსეთის მხრიდან საგრძნობლად შემცირდება და რეგიონებმა ინვესტიციების მოზიდვაზე თავად უნდა იზრუნონ. ეს რუსეთის მხრიდან ერთგვარი ზეწოლაც არის, რომ სოხუმმა რუსი ინვესტორებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები მიიღოს, მათ შორის, უძრავი ქონების შეძენის ნებართვა უცხოელებისთვის, ენერგორესურსების პრივატიზაცია, ორმაგი მოქალაქეობა და სხვა პრინციპული საკითხები, რასაც აფხაზი საზოგადოება ეწინააღმდეგება (Civil Georgia, 2021).

ადგილობრივი ეკონომისტები უკვე მოუწოდებენ ხელისუფლებას ახალი რეალობის გათვალისწინებით ეკონომიკური ზომები მიიღოს (Aristava, 2022). რეგიონში რუსეთი აწარმოებს „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას“, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის. რუსეთი აფხაზეთს ასევე ეხმარება ბიუჯეტის შევსებაში, ხელფასებისა და პენსიების გაცემაში. ამ ვითარებაში ბუნდოვანი ხდება, თუ რამდენად ექნება რუსეთს იმის შესაძლებლობა ან პოლიტიკური ნება, რომ სოხუმს ისეთივე ოდენობის დახმარება
გაუწიოს, როგორც ამას უკრაინაში ომამდე აკეთებდა. სავარაუდოა, რომ რუსეთს
ამ მიმართულებით დახმარების შემცირება ჯერ კიდევ უკრაინაში ომამდე ჰქონდა გადაწყვეტილი – ომი კი ამ გადაწყვეტილების გამყარებას უწყობს ხელს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ტურიზმი – ეს სექტორიც, ძირითადად, რუს დამსვენებლებს ეყრდნობა (Ministry of Economy of Abkhazia, 2020). ნათელია, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მოსკოვს ელოდება, ამ მიმართულებითაც მოახდენს გავლენას. თუმცა, ტურიზმის შემთხვევაში რთულად პროგნოზირებადია, ეს გავლენა აფხაზეთისთვის უარყოფითი იქნება თუ დადებითი – ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს. უარყოფითი მხარე, ზოგადად, რუსი მოქალაქეების
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაა, რაც მათ საზღვარგარეთ დასვენების ფინანსურ შესაძლებლობებს შეამცირებს – ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აფხაზეთში, ძირითადად, საშუალო და დაბალი სოციალური კლასის რუსები ჩამოდიან, მათ ფინანსურ მდგომარეობას კი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მეტად შეეხება. თუმცა, უფრო დადებითი თვალსაზრისით, ეს უარყოფითი ფაქტორი შეიძლება რუსების საზღვარგარეთ გადაადგილების შეზღუდვებმა გადაწონოს. საავიაციო მიმოსვლასა და რუსებისთვის ვიზების გაცემაზე დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა აფხაზეთში რუსი ტურისტების ნაკადი პირიქით გაზარდოს და რეგიონში ის დამსვენებლებიც ჩავიდნენ, რომლებიც აქამდე სხვაგან მოგზაურობას

ამჯობინებდნენ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ რუსული ბანკებისთვის
Mastercard-ისა და Visa-ს აკრძალვის შემდეგ (Reuters, 2022) რუსი ტურისტების დიდი რაოდენობა იძულებული იქნება ისეთ ადგილას გაემგზავროს, სადაც რუსული Мирბარათებით სარგებლობა შეიძლება – აფხაზეთი კი ერთ-ერთი ასეთი რეგიონია. შესაბამისად, აფხაზეთში ტურისტული კომპანიების ნაწილი ზაფხულის სეზონზე რუსეთიდან ტურისტული ნაკადის ზრდას ელოდება (Sputnik Abkhazia, 2022b). აფხაზეთისთვის ფინანსური თვალსაზრისით რომელი ფაქტორი გადაწონის – რუსეთში გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა თუ რუსი ტურისტების შესაძლო მზარდი ნაკადი, ამის შეფასება მხოლოდ შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.

დაბოლოს, უკრაინაში დაწყებული რუსული ინტერვენციის ფონზე, რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ აფხაზეთის სამხედრო ძალების „საომარ მზადყოფნაში“ მოყვანის ბრძანება გასცა (Sputnik Abkhazia, 2022c). ამის ოფიციალურ მიზეზად „საქართველოს მხრიდან პროვოკაციების თავიდან არიდება“ დასახელდა. ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და განაცხადა, რომ აფხაზებს და ოსებს თბილისის მხრიდან „არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ“ და თბილისი კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალის გამოყენებას არ აპირებს (რადიო თავისუფლება, 2022).
მიუხედავად თბილისის ამ პოზიციისა, აფხაზეთში არსებობს გარკვეული შიში,
რომ რუსეთის სამხედრო და საერთაშორისო პოზიციების დასუსტების ფონზე
საქართველომ შესაძლოა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას
მიმართოს (Sharia, 2022). რამდენად გაიზრდება ეს შიში, თბილისის განცხადებებზე
მეტად (რის მიმართაც სოხუმში ნაკლები ნდობაა) უკრაინაში რუსეთის სამხედრო
წარმატება-წარუმატებლობაზე არის დამოკიდებული.

უსაფრთხოების განცდის შესუსტებას განაპირობებს ის ცნობებიც, რომელთა
მიხედვითაც, რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში, შესაძლოა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალები და მოხალისეებიც ჩართონ
(კვახაძე, 2022). რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გასცა თანხმობა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ახლო აღმოსავლეთიდან
მებრძოლები ჩაერთონ (RIA Novosti, 2022b). ეს გადაწყვეტილება მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო გეგმები უკრაინაში წინასწარი გეგმის მიხედვით არ
მიმდინარეობს. უკვე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალიდან უკრაინაში მეომრების გაგზავნის პროცესი დაწყებულია, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. იმის შესახებ, რომ ე.წ. აფხაზეთის შეიარაღებული ძალები რუსეთს უკრაინაში დაეხმარება, რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვლადიმერ ანუამაც განაცხადა. მსგავსი განცხადება გააკეთა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმაც (Regnum, 2022).

თუ უკრაინაში რუსული ინტერვენცია კრახით დასრულდება, ეს კიდევ უფრო მეტად გააუარესებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ განცდას აფხაზეთში, სადაც დე ფაქტო რესპუბლიკის „სუვერენიტეტის“ მთავარ გარანტორად მოსკოვის მხარდაჭერა, აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული სამხედრო დანაყოფები და ზოგადად, რუსული სამხედრო პოტენციალი მოიაზრება. უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები და შესაბამისი გეოპოლიტიკური ცვლილებები აუცილებლად მოახდენს გავლენას ქართულ-აფხაზურ დიალოგზეც, რადგანაც მხარეებს საგრძნობლად შეცვლილი საწყისი პოზიციებიდან მოუწევთ საუბარი. ამაზე დეტალურად ლაპარაკი უკვე უშუალოდ ომის დასასრულს იქნება შესაძლებელი.

ცხინვალის რეგიონი

აფხაზეთის შემთხვევაში განხილული ფაქტორები და განვითარებული მსჯელობა ნაწილობრივ ცხინვალზეც ვრცელდება, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა რეგიონზე უფრო ნაკლები იქნება. პირველ რიგში, ამის განმაპირობებელია სოხუმსა და ცხინვალს შორის არსებული მთავარი განსხვავება – აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას დამოუკიდებლობა სურს, ცხინვალს კი ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა. რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი
გუნდის მიზანი „ოსი ხალხის გაერთიანებაა“, როგორც „მთავარი ეროვნული იდეა“
(Sputnik Ossetia, 2019).

ამ თვალსაზრისით, ის გეოპოლიტიკური ძვრები, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომი გამოიწვევს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს უფრო ეკონომიკური ფორმით შეეხება, ვიდრე პოლიტიკურით. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას არ აქვს ამბიცია, რომ მსოფლიო საკუთარი დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაში დაარწმუნოს და მისი ძირითადი ორიენტირი რუსეთის სივრცეში პირდაპირი ინტეგრაციაა. ცხინვალს, აფხაზეთთან შედარებით, საგარეო პოლიტიკის გატარების გაცილებით ნაკლები რესურსი აქვს და რეგიონის საერთაშორისო
ცნობადობას, ძირითადად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი განაპირობებს და არა – ოსი ხალხის „ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“. შესაბამისად, პოლიტიკური და საგარეო პრიზმიდან ცხინვალისთვის განსაკუთრებულ ცვლილებებს არც ომის რუსეთისთვის დადებითი თუ უარყოფითი მიმდინარეობა იწვევს – ორივე შემთხვევაში ცხინვალის ვექტორი და მიზანი უცვლელი დარჩება.

იქიდან გამომდინარე, რომ ცხინვალი რუსეთზე ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე სოხუმი, უკრაინის ომიც რეგიონს ყველაზე მეტად ამ მიმართულებით შეეხება. რუსულ აგრესიასთან დაკავშირებული სანქციები და ის ეკონომიკური რეცესია, რის პროგნოზსაც სპეციალისტები აკეთებენ (Sonin, 2022), პირდაპირ შეეხება ცხინვალის რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის
მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა 10 მარტს განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ფინანსურ დოტაციებზე უნდა შემცირდეს. ამ თვალსაზრისით, მან კონკრეტული პროცენტებიც დაასახელა, რაც იმის მანიშნებელია, რომ რუსეთში რეგიონების ფინანსური დახმარების შემცირების უშუალო გეგმაა გაწერილი. თუ ამ გეგმის კორექტირება აქამდე კიდევ შეიძლებოდა, უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა სანქციებმა მისი აღსრულების შანსები კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

ცხინვალის მშპ, მიახლოებული დათვლებით, 6.1 მილიარდ რუბლს მოიცავს (51.6 მილიონ დოლარს), რუსეთის ფინანსური დახმარება კი 7.2 მილიარდ რუბლს (60.7 მილიონ დოლარს) უტოლდება (Civil Georgia, 2022). ის ფაქტი, რომ რუსეთის ფინანსური დახმარება აღემატება რეგიონის მშპ-ს, კარგად მეტყველებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის მოსკოვის დოტაციებს. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალს არც ეკონომიკის დივერსიფიცირების რესურსი გააჩნია და არც ისეთი პირდაპირი შემოსავლის წყარო, როგორიც ტურიზმია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ რუსეთის ეკონომიკურ რეცესიასთან და შემცირებულ დახმარებასთან ერთად ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ შესაძლოა ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში (OC Media, 2020), დამატებითი შიდაპოლიტიკური ძვრები და ცვლილებები გამოიწვიოს, თუმცა ცხინვალში ისეთი ძალის გამოჩენა, რომელიც საგარეო ვექტორს ერთმნიშვნელოვნად შეცვლის, ნაკლებად მოსალოდნელია.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ოკუპირებული ცხინვალისა და დონბასის ურთიერთობებს ეხება, რეგიონებს შორის არალეგალური საბანკო აქტივობებია (გუკემუხოვი, 2019). ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები 2014 წელს აღიარა და მათთან ეკონომიკური კავშირებიც დაამყარა. ცხინვალის მიერ რეგიონების აღიარების საშუალებით შეიქმნა ოფშორი, რომლითაც რუსეთი დონბასის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმს აფინანსებს, თავად დონბასი კი ევროპასა და თურქეთში წიაღისეულს ყიდის. ეს ცხინვალისთვის დამატებითი შემოსავალია, რომელსაც რეგიონი პირდაპირი ჩარევის გარეშე, საბანკო ტრანსაქციებით იღებს. რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვლადისლავ სურკოვმა, რომელიც მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქმეებს აქტიურად კურირებდა, 2018 წელს განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უკრაინის მხრიდან ბლოკადაში მოქცეული რეგიონებისთვის“ (TASS, 2018).

რა გავლენას იქონიებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დონბასსა და ცხინვალის რეგიონზე, ამას უშუალოდ ომის განვითარება გვაჩვენებს. სანამ რუსეთი დონბასის რეგიონს აკონტროლებს, დონბასსა და ცხინვალს შორის ფინანსურ აქტივობებს არაფერი ემუქრება. თუმცა, რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო პოზიციების გაუარესებამ ამ მიმართულებითაც შეიძლება უარყოფითი ძვრები გამოიწვიოს. პირველ რიგში, ეს ეხება საბანკო ტრანსაქციების შემცირებას, რაც პირდაპირ დააზარალებს ცხინვალის რეგიონს, მოვლენების რუსეთისთვის უფრო დრამატულად განვითარება კი ამ საბანკო აქტივობებს საერთოდ შეაჩერებს. შესაბამისად, ცხინვალისთვის შემოსავლის ამ კონკრეტული წყაროს ბედი პირდაპირ
იქნება მიბმული რუსეთსა და უკრაინას შორის ომის საბოლოო შედეგზე.

ძირითადი დასკვნები

  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და
    მასთან დაკავშირებული სანქციები ყველაზე მეტად ეკონომიკურად შეეხება.
    რუსეთზე დამოკიდებულ ორივე რეგიონში მოსალოდნელია სოციალურეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

  • რუსეთის სამხედრო წარუმატებლობა უკრაინაში პირდაპირ მოქმედებს
    უსაფრთხოების აღქმაზე ორივე რეგიონში. სოხუმიც და ცხინვალიც
    „სუვერენიტეტის“ მთავარ გარანტორად რუსეთს მიიჩნევენ, მოსკოვის
    დასუსტება კი მათზე პირდაპირ იმოქმედებს. ორივე რეგიონის მოსახლეობაში
    საფრთხის მოლოდინი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, თუ რუსეთი უკრაინაში
    საომრად ადგილობრივ სამხედრო ძალებსაც გაიხმობს.

  • რუსეთის მხრიდან ე.წ. დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების
    აღიარება უარყოფითად მოქმედებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის
    საერთაშორისო აღიარების შანსებზე. მოსკოვის ამ ქმედებით და
    შემდგომი სამხედრო ინტერვენციით მსოფლიოში განმტკიცდა განცდა,
    რომ არაღიარებული რეგიონები რუსეთის მეზობლებთან დაკავშირებული
    აგრესიული საგარეო პოლიტიკის ნაწილია და დამოუკიდებელ მოვლენებად არ
    უნდა განიხილებოდეს.

  • კრემლის საერთაშორისო იმიჯის შერყევა და რუსეთისთვის დაწესებული
    შეზღუდვები პირდაპირ იმოქმედებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც,
    როგორც პარტნიორ მხარეებზე. ეს შეზღუდვები, მათ შორის – გადაადგილების,
    უფრო დიდ იზოლაციაში მოაქცევს დე ფაქტო რესპუბლიკებს, რომელთა
    ძირითადი ფანჯარა გარე სამყაროსთან რუსეთის გავლით არსებობდა.

  • მოსალოდნელია, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის
    წინააღმდეგ კარგად დოკუმენტირებულმა არაჰუმანურმა დანაშაულებმა, რაც
    ომის საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს სცდება, რეგიონებში რუსეთის
    იმიჯის გაუარესება გამოიწვიოს. ამ ვარაუდის სოციოლოგიური კვლევებით
    გამყარება რთული იქნება, თუმცა სოციალურ ქსელებზე გარეგნული დაკვირვება
    გარკვეული ტენდენციის გამოვლენის საშუალებას უკვე იძლევა.

  • ნაკლებად არის მოსალოდნელი საგარეო ვექტორის მკვეთრი ცვლილება
    აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ კლასებში, რომლებიც
    იძულებული არიან რუსეთს მხარი ყველა შესაძლო შემთხვევაში დაუჭირონ.
    თუმცა, რუსეთის სამხედრო აგრესია მკვეთრად შეცვლის მსოფლიო
    გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც
    პირდაპირ გავლენას მოახდენს. რუსეთის უკრაინაში წარმატების შემთხვევაში,
    მათი პოზიციები, თუნდაც თბილისთან დიალოგში, გამყარდება, მარცხის
    შემთხვევაში კი, შესაძლოა, საპირისპირო ვითარება ვიხილოთ.

მსგავსი სტატიები