მოსაზრება: აფხაზეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

პოლიტოლოგი ასტამურ ტანია საუბრობს, რა შესაძლებლობები ჩნდება აფხაზეთისთვის რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული კრიზისის პირობებსა და ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

ასტამურ ტანია სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას თანაშემწე, ასევე, პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

– „როგორც საკუთარი თავი, ისე საზოგადოება, ფსიქოლოგიურად უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული პერიოდი საკმაოდ გაჭიანურდება. გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც უკრაინის კონტექსტში ახლახან დაიწყო, საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიული, დროებითი ინერცია ექნება.

სხვაგვარად არ შეიძლება. საომარი მოქმედებები დღესვე რომც შეჩერდეს და ყველა სანქცია მოიხსნას, აღდგენის პროცესს მაინც დიდი დრო დასჭირდება.

ჯერჯერობით, ახლო პერსპექტივა არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მოკლე დროში რუსეთი, რომელთანაც ჩვენ ყველაზე მჭიდროდ ვართ დაკავშირებული როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, დანარჩენ მსოფლოსთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის გამო უფსკრულში აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ახლა საჭიროა და დაიწყება კიდეც, ახალი კავშირების, ლოჯისტიკის, პარტნიორების ძიება. მათი დამხარებით უნდა დაძლიოს რუსეთმა ეს კრიზისი. ამას არასტანდარტული მიდგომები დასჭირდება.

– გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება, ამ სიტუაციაში სრულიად გამოუსადეგარია. მოგვიწევს სწრაფად ვუპასუხოთ ცვალებად ვითარებას მსოფლიოში. ეს ჩვენც გვეხება. ჩვენმა რუსმა პარტნიორებმა უკვე გვითხრეს, რომ აფხაზეთმა თვითკმარობაზე უნდა იზრუნოს.

სოხუმი, ფოტო: JAMnews

– რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს, რომ იმ მოდელს, რომელიც იყო ადრე, როდესაც პირდაპირ მოსკოვიდან მოდიოდა დაფინანსება ყველა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებზე, უნდა დავემშვიდობოთ.

ცხადია, აფხაზეთს გარკვეული დახმარება გაეწევა, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება ცხოვრების იმ დონის შესანარჩუნებლად, რასაც მიჩვეული ვართ. ამიტომ, ახალი საჭიროებების ძიება მოგვიწევს.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კრიზისი, გარდა პრობლემებისა, აფხაზეთს შესაძლებლობებსაც უქმნის.

– ფსიქოლოგიური პრობლემებიცაა. შეჩვეული ცხოვრებიდან ახალ რეალობაზე სწრაფად გადასვლა, რთულია. ჯერ ეს რეალობა ბოლომდე ვერც გავიაზრეთ, მაგრამ ის გარდაუვალია. აუცილებელია, ადაპაციის პერიოდი რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ და შემდეგ ვიფიქროთ, როგორ განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა. ეს კრიზისი აფხაზეთს არა მხოლოდ გამოწვევებს უქმნის, არამედ სტიმულსაც ძლევს.

რა შეიძლება იყოს ეს?

– ბუნებრივია, გარღვევა სოფლის მეურნეობაში – უნდა განვავითაროთ კომერციული სასოფლო წარმოება იმისთვის, რომ არამხოლოდ ჩვენი საჭიროებები დავაკმაყოფილოთ, არამედ ვიმუშაოთ ექსპორტზე. რუსულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ადრეც მოთხოვნადი იყო, ახლა კი, კრიზისის პირობებში, ორმაგად მოთხოვნადი გახდება.

– სავაჭრო ტრანზიტის სხვადასხვა ვარიანტები უნდა განვიხილოთ. პირველი რაც მახსენდება, თურქეთის მიმართულებაა. გარდა ამისა, უნდა გვაითვალისწინოთ, ასე თუ ისე, გარკვეული მიწოდება საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გავლით ხდება.

ვფიქრობ, ეს პროცესი ახლა კიდევ უფრო განვითარდება და თუ არ მოვაწესრიგებთ, არალეგალურ სახეს მიიღებს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა იფიქროს, როგორ გაამარტივოს ეს პროცესი და მიიღოს აქედან დივიდენდები.

საქართველოს ტერიტორიიდან შემოსულ საქონელზე ოფიციალურად გადასახადის დაწესება არაპოპულარულია, მითუმეტეს, პოპულარული დისკურსის დახმარებით გადარჩენა ახლა შეუძლებელია.

ომის შიში საქართველოში

ვფიქრობ, რუსეთში გაჩნდება საჭიროება, რომ აფხაზეთმა სატრანზიტო როლი შეასრულოს. რადგან საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა დაინგრა, რუსეთი ეძებს გამოსავალს, რომ რეგიონული თანამშრომლობის გარკვეული სქემა ჩამოაყალიბოს.

ეს შეიძლება იყოს ცენტრალური აზია, ან, სამხრეთ კავკასია. ახალი სავაჭრო კომუნიკაციებისა და ლოჯისტიკის განვითარებას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ უნდა მოვერგოთ ამ სისტემას. ამისათვის ჩვენმა მთავრობამ უნდა იმუშაოს, როგორც კრიზის-მენეჯერმა.

– ვხედავთ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტში თურქეთს თავშეკავებული პოზიცია აქვს. როგორც ჩანს, ეს ნაწილობრივ შეთანხმებულია დასავლეთთან, რადგან კომუნიკაციის ყველა არხის გაწყვეტა შეუძლებელია, საძულველ მტერთანაც კი.

გარდა ამისა, თურქეთს ყოველთვის განსაკუთრებული პოზიცია ეკავა ნატოს ალიანსში. ახლა, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში აქტუალური გახდა კომუნიკაციების საკითხი.

და ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად, სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულად ძალიან რთული ურთიერთობებისა, პრაგმატულ შეხედულებებზე დაყრდნობით ისინი ახალ საკომუნიკაციო სქემას აშენებენ.

– ბუნებრივია, რუსეთის მონაწილეობის გარეშე, სამხრეთ კავკასიაში ზოგიერთი სტრატეგიული საკომუნიკაციო საკითხი ვერ გადაწყდება. ვფიქრობ, ამ მოთამაშეებს – რუსეთს, თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის იქნება რაღაც ნაბიჯები, რომ კომუნიკაციების ქსელი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენ რა როლი გვექნება.

ახლა, ახალ – 3 + 3 ფორმატს გვთავაზობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორმულა არასაკმარისია. პროცესში სხვა მონაწილეები უნდა ჩაერთონ, მათ შორის აფხაზეთი. ძველი კლიშეები, რომელიც დაკავშირებულია აღიარებასთან, სუვერენიტეტთან და ა.შ., მნიშვნელობას კარგავენ.

– საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემა მაშინ ჩამოყალიბდება, როცა ძალთა ბალანსი ჩამოყალიბდება. ჯერჯერობით ეს შორი პერსპექტივაა. ახლა ძალიან საშიში პერიოდია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ახალი შესაძლებლობების პერიოდიცაა. როდესაც ახალი საერთაშორისო სისტემის ფორმირება დაიწყება, მასში აფხაზეთსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი.

ამისათვის, პირველ რიგში, ეკონომიკურად უნდა ვიყოთ წარმატებული. რუსეთის მხრიდან პირდაპირი ფინანსური დახმარების მნიშვნელობა შემცირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, გაიზრდება რუსული და თურქული ბიზნესის ინტერესი ჩვენდამი.

რუსული ბიზნესის – უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ სანქციების გამო, საგრძნობლად შემცირდა მისი საგარეო შესაძლებლობები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ ავაშენოთ ურთიერთობა იმ ბიზნესთან, რომელიც აფხაზეთში გადმოინაცვლებს.

– იმ შეზღუდვების გამო, რაც რუსებს ეხება, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების ხარჯზე, აფხაზეთში ტურისტების ნაკადი გაიზრდება.

– მწვავედ დადგება ენერგომომარაგების საკითხი. რუსეთისგან ენერგორესურსების დამატებით მოწოდების გარეშე, ჩვენ არ შეგვიძლია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მოხმარებულ ენერგიაზე ტარიფები გაიზრდება.

საჭირო იქნება მაინინგის საკითხის მოგვარება. დოლარის კურსის მკვეთრი ზრდის გამო (რადგან კრიპტოვალუტა მაინც დაკავშირებულია დოლარის კურსთან) და ელექტროენერგიის ფასის გათვალისწინებით (რუსეთიდან მისი იმპორტის გათვალისწინებით, ფასი იქნება რუბლებში), საჭირო გახდება მაინინგის დამოუკიდებელი პლატფორმების შექმნა.

და ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამავდროულად სახელმწიფომ ხელშესახები მოგება მიიღოს. და არა მარტო ამ პროექტში, არამედ სხვებშიც. ვინაიდან სახელმწიფოს სოციალური ტვირთი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

– ახლა აფხაზეთს ყველა სფეროში გაუჩნდება ახალი შესაძლებლობები. ბევრი ტენდენცია, მათ შორის IT ტექნოლოგიებში, ფორმირების ეტაპზეა, სადაც გზას იპოვის, იქით წავა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ფინანსური, ადამიანური, ინტელექტუალური თუ შემოქმედებითი ნაკადების ნაწილი აფხაზეთისკენ მივმართოთ.

 მთავრობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხელისუფლებისგან უნდა მოდიოდეს სწორი გზავნილები, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ცვალებად სამყაროში. მან უნდა მართოს ეს პროცესი. სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის მეტი კავშირი უნდა იყოს.

მსგავსი სტატიები