როგორ გავიგოთ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში?

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” (“რონდელის ფონდი”) ვებ-გვერდზე. სტატიის სათაური, ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის “რონდელის ფონდს”. გამოქვეყნების თარიღი: 2022 / 10 / 04.

ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში

შესავალი

2022 წლის 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. ეს აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი იყო ოკუპირებულ რეგიონში, სადაც ორი დღით ადრე სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩავიდა.  ჩვენს ბლოგში განვიხილავთ, თუ რატომ ჩავიდა ლუკაშენკო აფხაზეთში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ამ ნაბიჯს.

შეხვედრა ბიჭვინთაში

აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა შეხვედრაზე „ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და საერთაშორისო ვითარებიდან მომდინარე გამოწვევები და საფრთხეები“ განიხილეს. შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოს „დიდი ხნის ნანატრი სტუმარი“ უწოდა და მადლობის ნიშნად შეახსენა 1996 წელს დსთ-ის წევრი ქვეყნების საბჭოზე გაკეთებული განცხადება, სადაც ლუკაშენკო აფხაზეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის შემოტანის წინააღმდეგ გამოვიდა.

განსაკუთრებით საინტერესო იყო თავად ლუკაშენკოს განცხადებები, რომელმაც ისაუბრა სურვილზე, აფხაზეთსა და ბელარუსს შორის „ძალიან სერიოზული ურთიერთობები“ ჩამოყალიბდეს. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები უნდა გახდეს ბელარუსისა და აფხაზეთის ურთიერთობების ქვაკუთხედი.

ლუკაშენკომ თავის სიტყვაში საქართველო და ქართველი ლიდერებიც ახსენა. მისი თქმით, წარსულში არაერთხელ უსაუბრია საქართველოს ხელმძღვანელობასთან „აფხაზეთის პრობლემაზე“ და მათთან ლაპარაკისას „არაფერი ცუდი არ შეუმჩნევია“. ლუკაშენკომ განმარტა, რომ, შესაბამისად, ის აფხაზეთში კეთილი ნებით ჩადის და „არავისთვის ცუდის გაკეთებას არ აპირებენ“, მათ შორის, არც ქართველებისთვის.

ლუკაშენკოს განცხადებებიდან ასევე ყურადსაღები იყო პუტინთან აფხაზეთზე საუბრის ეპიზოდი. ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინი უფრო მეტად არის გათვითცნობიერებული და ჩართული აფხაზეთის ამბებში და მასთან ამ თემას ბოლო შეხვედრისას გვიან ღამემდე განიხილავდნენ. ლუკაშენკოს სიტყვებით, ის და პუტინი ერთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ „აფხაზეთი არსებობს, მას რუკიდან ვერ წაშლი და მისი მიტოვება არ შეიძლება“.

ბიჭვინთაში ლუკაშენკოს ვიზიტი დაგმეს საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის ნიშნად უწყებაში დაიბარა ბელარუსის ელჩი საქართველოში ანატოლი ლისი, რომელსაც დამატებითი განმარტები მოსთხოვა. სოხუმის დე ფაქტო რეჟიმმა საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ თბილისის რეაქცია არ აღელვებთ.

ლუკაშენკო და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ბელარუსის მიერ აღიარების საკითხი დღის წესრიგში 2008 წელს რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის ცნობის დღიდან დადგა. განსაკუთრებული ზეწოლა მოსკოვისგან ბელარუსზე 2008-2009 წლებში იყო, როდესაც ბელარუსი ახლოს იყო რეგიონების აღიარებასთან, მაგრამ საბოლოოდ თავი შეიკავა.

ლუკაშენკოს 2010 წლის განცხადების მიხედვით, მინსკი მზად იყო რეგიონების დამოუკიდებლობა ეღიარებინა, მაგრამ მოსკოვმა უარი თქვა აღიარების თანმხლები უარყოფითი შედეგები „გაეზიარებინა“ და ბელარუსს, რომელმაც დასავლეთისგან გაფრთხილება მიიღო რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით, „მხარში ამოსდგომოდა“.

ამ მოვლენების შემდეგ ბელარუსის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხი გარკვეული პერიოდით ჩრდილში მოექცა. ეს საკითხი რელევანტური კვლავ 2014 წელს გახდა, როდესაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია და ყირიმის ანექსია მოახდინა. მაშინ ლუკაშენკომ ორაზროვანი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ყირიმი, „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი „არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები“, შემდეგ კი დაამატა, რომ ყირიმი „დღეს რუსეთის ტერიტორიების ნაწილია“ და ამის აღიარებით თუ არ აღიარებით „არაფერი შეიცვლება“. საბოლოოდ, ლუკაშენკომ არც ყირიმი აღიარა რუსეთის ნაწილად და არც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები – დამოუკიდებლად.

2015 წლიდან 2022 წლამდე ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა შეინიშნებოდა, რაც ორი ქვეყნის ლიდერების ოფიციალურ ვიზიტებშიც გამოიხატა. 2015 წელს ლუკაშენკო საქართველოს პირველად ეწვია და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გაკვრით მხარიც დაუჭირა. ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო ნამყოფი – სოხუმში. 2018 წელს ლუკაშენკო თბილისს კიდევ ერთხელ ეწვია და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით უფრო ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ აფხაზეთი, „მშვენიერი, საყვარელი მხარე, გაუგებარია რად გადააქციეს“.

რამ განაპირობა ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში?

2008 წლიდან 2022 წლამდე ლუკაშენკოს პოზიცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გვაჩვენებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტისთვის საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული თუ ანექსირებული ტერიტორიების აღიარება არასასურველი ნაბიჯია, რომლის გადადგმისგანაც მან თავი რამდენიმე კრიტიკულ მომენტში შეიკავა. როგორც თავად ლუკაშენკოს აღუნიშნავს, 2010 წელს ბელარუსისა და რუსეთის პარტნიორობიდან გამომდინარე, მინსკს, წესით, „უნდა ეღიარებინა“ სოხუმი და ცხინვალი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

ლუკაშენკოსთვის პუტინთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უარყოფითი შედეგების, მათ შორის, დასავლური სანქციების, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტისა და საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეებმა მოსკოვისაგან მომავალი წნეხი გადაწონა. ამავდროულად, ლუკაშენკოსთვის მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო პოლიტიკაში შეენარჩუნებინა ერთგვარი „ნეიტრალური მოთამაშის“ სტატუსი, რომელიც აძლევდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ლავირების საშუალებას, მკვეთრი გეოპოლიტიკური ნაბიჯების გარეშე.

ვითარება კარდინალურად შეიცვალა 2020 წლის მინსკის დემონსტრაციების შემდეგ, როდესაც დასავლეთმა ბელარუსის ოპოზიციას დაუჭირა მხარი (რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს), მოსკოვი კი ლუკაშენკოსთვის ხელისუფლების ძალადობრივად შენარჩუნების ერთადერთი გარანტორი გახდა. ლუკაშენკოს ხანგრძლივ მმართველობაში ეს გარდამტეხი მომენტია, როდესაც „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ იმაზე უფრო მეტად გახდა კრემლზე დამოკიდებული და, შესაბამისად, კრემლის მიმართ ანგარიშვალდებული, ვიდრე ოდესმე.

ეს ანგარიშვალდებულება კარგად გამოჩნდა 2022 წლის თებერვალში, როდესაც ლუკაშენკომ რუსეთს საშუალება მისცა უკრაინისთვის ბელარუსის ტერიტორიიდანაც შეეტია. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს იმ წყალგამყოფ ხაზად, როდესაც ლუკაშენკო სრულიად შეერწყა პუტინის რეჟიმს და, ფაქტობრივად, ბოლომდე დაკარგა დამოუკიდებელი საერთაშორისო მოთამაშის უკანასკნელი ნიშნებიც.

გასათვალისწინებელია ასევე ე.წ. „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ ფაქტორიც, რომლის ნაწილიც აფხაზეთი ბელარუსთან და რუსეთთან ერთად უნდა გახდეს. ამასთან დაკავშირებით ამა წლის აგვისტოში ბჟანიამ განაცხადა, რომ „აფხაზეთი მზად არის სამოკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი გახდეს“. ცხადია, ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების გარეშე „სამოკავშირეო სახელმწიფო“ ტექნიკურად ვერ შეიქმნება. 

ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში სწორედ ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს. შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან, მით უფრო მცირდება ლუკაშენკოს თავისუფალი მოქმედების არეალი.

ლუკაშენკოს ვიზიტი ბიჭვინთაში, სადაც იგი სწორედ პუტინთან სოჭში პირადი შეხვედრის შემდეგ გაემგზავრა, იმ დიდი წნეხის მაჩვენებელია, რომელიც ბელარუსის პრეზიდენტს კრემლიდან აქვს. ლუკაშენკო 14 წლის განმავლობაში ამბობდა უარს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე, რაც ცალსახა ნიშანია, რომ დამოუკიდებლად მანევრირების შემთხვევაში, ის ამ ნაბიჯის გადადგმას არც არასოდეს განიხილავდა. აქედან გამომდინარე, ლუკაშენკოს ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში აშკარად ნაძალადევი იყო და ნაწილია იმ ხარკისა, რომელსაც ბელარუსის პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად უხდის რუსეთს.

მოვლენების შემდგომი განვითარება

ლუკაშენკოს ვიზიტის გეოპოლიტიკურ საფუძვლებზე უფრო მეტად ბუნდოვანია, თუ რა შედეგები მოჰყვება ამ მოვლენას. ცხადია, რომ ლუკაშენკოსთვის აფხაზეთი არ არის განცალკევებული საკითხი. ის ან გადაწყვეტს, რომ სრულად დაუჭიროს პუტინის საგარეო პოლიტიკას მხარი, ან კვლავაც თავს შეიკავებს ამ იდეისგან, გამონაკლისების გარეშე.

იმის დანამდვილებით თქმა, თუ როგორ მოიქცევა ლუკაშენკო და აღიარებს თუ არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, რთულია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე. ლუკაშენკოზე ზეწოლამ, შესაძლოა, ის შედეგი გამოიღოს, რომ იგი ბოლომდე დაჰყვეს პუტინს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ტერიტორიების ახალი განაწილება აღიაროს, აფხაზეთში ვიზიტი კი შეიძლება ამის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანი იყოს. ისიც დასაშვებია, რომ ლუკაშენკომ ბიჭვინთაში ჩასვლით უბრალოდ „ვალი მოიხადა“ და კრემლთან ურთიერთობაში გარკვეული დრო მოიგო, სანამ გეოპოლიტიკური ვითარება უფრო მეტად ნათელი გახდება.

ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია შეხვედრის საჯარო ნაწილის დროს ლუკაშენკოს წარმოთქმულ სიტყვაში გაკეთებული აქცენტები. მას არც ერთხელ არ უხსენებია სიტყვა „აღიარება“, ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მთავარი ბელარუსისა და აფხაზეთის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებია და დადებით კონტექსტში მოიხსენია საქართველო და მისი საუბრები აფხაზეთის პრობლემაზე ქართველ ლიდერებთან.

აღსანიშნავი დეტალია ასევე, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი ბიჭვინთაში გაიმართა და არა – დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქ სოხუმში, სადაც ჩასვლას უფრო მეტად ექნებოდა „ორი სახელმწიფოს ლიდერს“ შორის ოფიციალური შეხვედრის ფორმა. შესაძლოა, ქართული საზოგადოებისთვის ამ აღმაშფოთებელი ვიზიტის ფონზე ეს დეტალები ნაკლებად დამამშვიდებელია, მაგრამ დიპლომატიის ენაზე ამას თავისი მნიშვნელობა აქვთ.

დიპლომატიური ენის მხრივ ნიშანდობლივია ასევე ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე ლუკაშენკოს ვიზიტის პრეს-რელიზი. სათაურში წერია, რომ ბელარუსის პრეზიდენტი „შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ტერიტორიებს“ ეწვია და შეხვდა ასლან ბჟანიას, რომელიც როგორც სათაურში, ისე უშუალოდ ტექსტში ყოველგვარი სტატუსის გარეშეა მოხსენიებული. ეს არ ჰგავს, მაგალითად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ქმედებას, რომელმაც ჯერ კიდევ ოფიციალურ აღიარებამდე მოიხსენია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ოფიციალურ მიმართვაში „მის აღმატებულება აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად“.

როგორც ამ დეტალებიდან ჩანს, ლუკაშენკო შესაძლოა ჯერ კიდევ იტოვებდეს უკან დასახევ გზას და გარკვეულ სივრცეს ლავირებისთვის. რაზე საუბრობენ ლუკაშენკო და პუტინი დახურულ მოლაპარაკებებზე და რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გარემოებების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მინსკში ჯერჯერობით შეიძლება მიღებული არც იყოს.

ამ ვითარებაში გულუბრყვილო იქნებოდა მოლოდინი, რომ თბილისს ლუკაშენკოზე იმაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ვიდრე მოსკოვს. თუმცა, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, არის საერთაშორისო პარტნიორების აქტიურად ინფორმირება, მათთან მჭიდრო მუშაობა და უზრუნველყოფა, რომ ლუკაშენკოსთვის სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯები იმაზე უფრო მტკივნეული და უარყოფითი შედეგების მომტანი იყოს, ვიდრე ეს 2008 წლიდან მოყოლებული რომელიმე ეტაპზე იქნებოდა.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.