როგორ მუშაობენ ქართველები და აფხაზები ერთად? | ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

“ომის შემდეგ შედგა შეთანხმება, რომ ენგურჰესი დარჩებოდა პოლიტიკის გარეთ და მოემსახურებოდა მხოლოდ ელექტროენერგიის გამომუშავებას”, – ამბობს ენგურჰესის დირექტორი ლევან მებონია.

ენგურჰესი ერთადერთი ადგილია, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად მუშაობენ. ჩვენს რეგიონში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურის დირექტორი ლევან მებონია გვიყვება, თუ როგორ ხერხდება ეს ენგურჰესში, როდესაც სხვაგან ყველგან მიუღწეველ მიზნად რჩება.

ლევან მებონია ასევე საუბრობს ენგურჰესის მნიშვნელობაზე ორივე მხარისთვის, აფხაზეთის ენერგოკრიზისზე, ჰესის გარშემო არსებულ მითებსა და ჰესის მუშაობის შიდა სამზარეულოზე. ენგურჰესის პოტენციალზე საუბრისას, მებონია აღნიშნავს, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც უფრო დიდი ჰესის აშენებაა შესაძლებელი.

“ენგურჰესი გვაძლევს მაგალითს, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, როდესაც ითვალისწინებენ ერთმანეთის ინტერესებს” – ამბობს ლევან მებონია და ამატებს, რომ ომის შემდეგომ ენგურჰესის მუშაობისას არასოდეს ყოფილა რაიმე სახის უთანხმოება, მუქარა თუ კონფლიქტი ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის.

მებონია ასევე აღნიშნავს, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, “40% ეკუთვნის აფხაზურ მხარეს, 60% კი ქართულს”.

“ენგურჰესს საქართველოსთვის განუზომელი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ის აფხაზებს უფრო სჭირდებათ, რადგან ის ელექტროენერგიის გამომუშავებელი ერთადერთი წყაროა აფხაზეთში”, – მებონია ხაზს უსვამს ჰესის მნიშვნელობას სოხუმისთვის.

მებონია ასევე საუბრობს ენერგოკრიზისსა და მოხმარების ზრდაზე აფხაზეთში. “2013-14 წლიდან თითქმის ორჯერ გაიზარდა აფხაზეთის მოხმარება, რაც თითქმის თბილისის მოხმარების ტოლია”, – აღნიშნავს ენგურჰესის დირექტორი, თუმცა ამატებს, რომ ბოლო პერიოდში აფხაზური მხარე მიხვდა, რომ “ასე გაგრძელება არ შეიძლება” და დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა.

მებონია ინტერვიუში ასევე საუბრობს იმ მითებსა და არასწორ ინფორმაციაზე, რაც ენგურჰესის გარშემო ვრცელდება. მისი თქმით, ენგურჰესის სამართლებრივი კუთვნილების საკითხი საერთოდ არ განიხილება, ენგურჰესის ფუნქციონირების შეჩერება კი ორივე მხარეს შეუძლია, თუმცა არცერთს აძლევს ხელს.

დასკვნის სახით, მებონია ამბობს, რომ ენგურჰესში მრავალი წელი სამუშაოდ აჩერებს რწმენა, რომ მხარეებს შორის ნდობა აუცილებლად აღდგება და “ჩვენ ისევ დავახლოვდებით”.

მსგავსი სტატიები