ქართული იდენტობის დისკურსები აფხაზეთის საკითხის გაშუქების ფონზე

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ქართული იდენტობის დისკურსები აფხაზეთის თემაზე

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი სამხრეთ კავკასია აქტიურად ხდება იმ დიდი განმანათლებლური პროცესების ნაწილი, რომელიც წინა საუკუნეების ევროპული იდეებითაა ნასაზარდოები. განმანათლებლური იდეებისა და სულისკვეთების კავკასიაში შემოსვლას საკუთარი შეზღუდვები ახლდა თან: ეს იდეები, პეტერბურგისა და მოსკოვის გავლით, იმპერიის ცენტრალურ ქალაქებში განათლების მისაღებად წასული ახალგაზრდების საშუალებით ხვდებოდა იმპერიის სამხრეთ პერიფერიაში.

ბუნებრივია, რუსული სააზროვნო სივრცის გავლით კავკასიაში შემოსული ევროპული პარადიგმები გარკვეულწილად იცვლიდა საკუთარ ავთენტურ ბუნებას, თუმცა მრავალი სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური პროცესების ჩასახვისა და განვითარებისთვის მსგავსი, თუნდაც იმპერიის მიერ სახეცვლილი იდეები მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო .

შემთხვევითი არ არის, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება ქართულენოვანი ჟურნალ-გაზეთების აქტიური ბეჭდვა და გავრცელება. ამ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს სწორედ პეტერბურგსა და მოსკოვში განათლების მისაღებად წასული ქართველები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც „თერგდალეულებად“ , სხვაგვარად კი „სამოციანელებად“ მოიხსენიებენ. ქართულენოვანი პრესის ფურცლებზე, სხვა მრავალ საკითხზე მსჯელობასთან ერთად, აქტიურად განიხილება ფრანგი და გერმანელი მოაზროვნეების იდეები ერების (ნაციების), მათი რაობის და ისტორიული განვითარების თავისებურებათა შესახებ.

ერების შესახებ არსებული ევროპული იდეების პრესის გვერდებზე გამოჩენამ, წერა-კითხვის მცოდნეთა და გაზეთების მკითხველ-გამომწერთა რიცხვის ზრდამ, ქართული ენის რეფორმამ და ამ პროცესებთან დაკავშირებულმა სხვა არსებითმა ფაქტორებმა შექმნა და გააძლიერა ის იდენტობის ნარატივები, რომელთა საფუძველზეც შემდგომში ქართველი ერის კულტურული თუ პოლიტიკური ერთიანობის იდეა უნდა დამყარებულიყო.

ქართველი ერის დაბადების, ნაციონალური იდეების თავისებურებებისა და მის ჩამოყალიბებაში ჩართული ინდივიდებისა და ჯგუფების შესახებ არაერთი ფუნდამენტური გამოკვლევა, სტატია თუ საკვალიფიკაციო ნაშრომი არსებობს . წინამდებარე სტატია, დღემდე შესრულებული გამოკვლევებისგან განსხვავებით ცდილობს, ქართული ნაციონალიზმის გაჩენასა და განვითარებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ პროცესებში აფხაზეთის საკითხზე ფოკუსირებით მოახდინოს ორიენტირება. სტატია დაფუძნებულია ჩემ მიერ 2019 და 2021 წელს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცულ ორ საკვალიფიკაციო ნაშრომზე. საკვალიფიკაციო ნაშრომების ფარგლებშიც შევეცადე მეჩვენებინა 1890-იანი წლებიდან გაზეთ „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“ წარმოდგენილი ნაციონალური თუ სხვა ტიპის იდენტობათა დისკურსების ბუნება, ცვალებადობა და გავლენა ამავე პერიოდის აფხაზეთში მიმდინარე სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებზე.

წინმსწრები კვლევებისგან განსხვავებით, წარმოდგენილი სტატია ორიენტირებულია მკითხველს მიაწოდოს მეცხრამეტე საუკუნის ბოლო დეკადების ქართულენოვანი პრესის ანალიზის შედეგად მიღებული ნედლი რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემები და შედარებით ნაკლები ადგილი დაუთმოს მონაცემთა ინტერპრეტაციასა და პროცესების ავტორისეულ ახსნას. მიმაჩნია, რომ მსგავსი მიდგომა საკითხით დაინტერესბულ ადამიანებს დისკუსიისა და თავისუფალი ინტერპრეტაციისთვის  შედარებით დიდ სივრცეს დაუტოვებს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღმა დგას ჩემი, როგორც რიგითი მკვლევრის რწმენა, რომ არ არსებობს ობიექტური, ისტორიული რეალობები თუ მოცემულობები: წარსულის ინტერპრეტირება ისტორიით დაინტერესბული თითოეული ადამიანის ინდივიდუალური უფლებაა და მასზე მონოპოლია არ შეიძლება რომელიმე ინსტიტუტს, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ჰქონდეს.

წარმოდგენილ სტატიაში გაერთიანებულია დღემდე მომზადებული სამი გამოკვლევის ფარგლებში დამუშავებული საარქივო მასალები („ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ სრული პერიოდიკა) და ის ძირითადი მიგნებები, რაც შესრულებულ კვლევებში გამოიკვეთა .

სტატია ფოკუსირებულია აფხაზეთზე, როგორც მთავარ საკვლევ საგანზე, მისი გაშუქების თავისებურებებზე „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“ და იმ წამყვან იდენტობის ნარატივებზე, რომელთა ფარგლებშიც შემოდის და ადგილს იმკვიდრებს აფხაზური თემატიკა ქართულ სააზროვნო სივრცეში. კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კატეგორიებიდან შერჩეულია ერთი საკვანძო პროცესი − მიგრაცია, − რომელიც, როგორც ჩანს, დიდწილად განსაზღვრავდა ქართული გაზეთების მიერ ფორმირებული დისკურსის ხასიათსა და რიგ თავისებურებებს.

კვლევის დიზაინი და თეორიული ჩარჩო

მეთოდოლოგიური თვალსაზრისით სტატია ეფუძნება უკვე  შესრულებულ კვლევებში გამოყენებულ დიზაინსა და ტექნიკებს, რაშიც კომბინირებული კვლევითი სქემები მოიაზრება. კომბინირებული კვლევითი სქემები თვისებრივი და რაოდენობრივი ტექნიკების ურთიერთშეთავსებულ გამოყენებას გულისხმობს, რაც თითოეული ტექნიკის თანმდევ შეზღუდვებს აკომპენსირებს და მკვლევარს საკვლევი საკითხის მულტიპერსპექტიულ სურათს სთავაზობს. ამასთან, კვლევითი მეთოდების კომბინირება:

  • ამყარებს მიღებული შედეგების ვალიდურობას და ამარტივებს მათ გადამოწებას;
  • ერთი მეთოდით მღებული შედეგი საფუძველს უქმნის მეორე მეთოდს;
  • მეთოდების კომბინირება შედეგების წარმოდგენისა და ანალიზის დამატებით შესაძლებლობებს გვაძლევს.

კვლევის ფარგლებში გამოყენებული მეთოდოლოგიური ჩარჩო მოიცავს ოთხ ძირითად ტექნიკურ საფეხურს, რომელიც პირველ დიაგრამაზეა წარმოდგენილი (დიაგრამა 1). მონაცემთა შერჩევის თვალსაზრისით, გამოყენებული კვლევითი ტექნიკა ეფუძნება არაალბათურ მიზნობრივ შერჩევას. გასული წლების მანძილზე დამუშვდა გაზეთ „ივერიისა“ (პოპულაცია შეიცავს 5000 ელემენტს) და „ცნობის ფურცლის“ (2817 ელემენტი) პერიოდიკა, რომელთა გვერდებზეც იდენტიფიცირდა აფხაზეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის საგაზეთო კონტენტი.

ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია თანამედროვე ნაციონალიზმისა და ინდენტობის კვლევებში არსებული კონცეპტუალური ჩარჩოები (Methodological Nationalism), რომლებიც ფოკუსირებულია პრესის როლსა და დანიშნულებაზე ეროვნული იდენტობის „გამოგონებისა“ თუ კონსტრუირების პროცესში. ამდენად, ჩვენი დაკვირვების მთავარი ობიექტი გახდა ქართულენოვან პრესაში წარმოდგენილი ნაცინალური დისკურსი, ნაციონალური ნარატივი, რომელიც შემდგომში განაპირობებს ერების, როგორც სოციალური კონსტრუქციების არსებობას.

წიგნში Imagined Communities: Reflections on the Origin and Spread of Nationalism (ქართულ თარგმანში: წარმოსახვითი საზოგადოებანი: მოსაზრებანი ნაციონალიზმის წარმოშობისა და გავრცელების შესახებ, რედ. ზურაბ დავითაშვილი) ანდერსონი აყალიბებს თეორიას, რომლის ფარგლებშიც ნაციონალური იდენტობა გაგებულია როგორც წარმოსახვითი კონსტრუქცია. ამ დიდი წარმოსახვის ყოველი წევრი შეუძლებელია პირისპირ შეხვდნენ  ერთმანეთს, ამიტომ ისინი არაპირდაპირი კომუნიკაციების, მათ შორის ბეჭდური მედიის საშუალებით იგებენ ერთმანეთის შესახებ . ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პრესას, რომელიც თვითონვეა წარმოსახვის წყარო და საფუძველი. პრესის საშუალებით მისი მკითხველი საზოგადოება ერთიანდება ვრცელ კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ წარმოსახვით სივრცეში, რომელიც ერთი კონკრეტული ენით არის გადმოცემული. მსგავსი წარმოსახვითი კონსტრუქციები კვეთს სივრცით საზღვრებს და სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს პერიოდულად აწვდის ცნობებს ერთმანეთის შესახებ. ამდენად, მსგავსი მედიები (თუ მედიუმები) არა მხოლოდ ერის წევრთა ერთიანობის აღქმას, არამედ სივრცისა და საზღვრების აღქმასაც ქმნიან. სწორედ კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცისა და სხვადასხვა ტიპის საზღვრებში ყალიბდებიან და განაგრძობენ არსებობას წარმოსახვითი კოლექტიური იდენტობები, მათ შორის ერები.

ჟურნალ-გაზეთებისა თუ სხვა ტიპის ბეჭდური რესურსების გაჩენამ, მათზე ხელმისაწვდომობის ზრდამ (მზარდი ტირაჟის გათვალისწინებით), წერა-კითხვის გავრცელებამ და სხვა მრავალმა ფაქტორმა . შექმნა იმის საფუძველი, რომ იდენტობებს არ და ვერ დაევიწყებინათ ამბავი (ნარატივი) თავიანთი ვინაობის შესახებ. შესაბამისად, გაზეთი იქცა მუდმივი შეხსენების საშუალებად, რომელიც მკითხველ საზოგადოებას პერიოდულად (ყოველდღიურად, ყოველკვირეულად) ამცნობდა, რომ ისინი მოცემული ერთობის (ერის) წევრები არიან.

 შმუელ ეიზენშტადტისა და ბერნარდ გიზენის კვლევა კოლექტიური იდენტობის კონსტრუქცია (The construction of collective identity) . ორი შემთხვევის (გერმანია და იაპონია) ანალიზის საფუძველზე ცდილობს განაზოგადოს და თეორიულ საზღვრებში მოაქციოს კოლექტიური იდენტობის ფენომენი. ეიზენშტადტისა და გიზენის მიხედვით:

  • კოლექტიური იდენტობა არ არის ბუნებრივი მოცემულობა, ის სოციალური კონსტრუქციაა, რომლის შექმნაც დაკავშირებულია პოტენციურ წევრებს შორის არსებულ ინტენსიურ ან არაინტენსიურ ინტერაქციაზე. ნებისმიერი კოლექტიური იდენტობის წევრობა გულისხმობს მონაწილეობას მრავალგვარ კოლექტიურ რიტუალში (მათ შორს სამოქალაქო რიტუალებში), რაც ინდივიდების მსგავსების ხარისხს ზრდის და ერთიანობისა და სოლიდარობის შეგრძნებას აჩენს.
  • კოლექტიური იდენტობა საზღვრების სოციალური კონსტრუირების პროდუქტია. სწორედ მსგავსი საზღვრები აცალკევებს ერთმანეთისგან ჯგუფის წევრ (insiders) და არაწევრ (outsider) ინდივიდებს, რაც ურთიერთგანსაზღვრის საფუძველი ხდება.

ეიზენშტადტისა და გიზენის თეორიას განსაზღვრული როლი აკისრია წარმოდგენილ კვლევაში. ამ თეორიის ფარგლებში შესაძლოა კონცეპტუალიზდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიგრირებული ქართული ჯგუფების (მეგრელებისა და იმერლების) ადგილი და დანიშნულება საგაზეთო პუბლიკაციებში, გაზეთების მიერ ლოკალური იდენტობების შესახებ ფორმირებული ნარატივი და მისი ჩაშენება (ინტეგრირება) საერთო ეროვნულ დისკურში.

დისკურსი და თხრობა (ნარაცია) – სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დისკურსი განისაზღვრება როგორც ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ხდება ცოდნის კონსტრუირება საკვანძო საკითხის შესახებ. მიშელ ფუკოს მიხედვით, სწორედ დისკურსია იმ პრაქტიკების ერთობლიობა, რომელთა დამხარებითაც ინდივიდები კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ რეალობაში მომხდარ თუ მიმდინარე მოვლენებს . კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ფორმა, მათ შორის პრესაც, შეიცავს იმგვარ პრაქტიკათა ერთობლიობას, რომელიც კონკრეტული საკითხის (მაგალითად, ლოკალური ან ეროვნული იდენტობის) შესახებ სპეციფიკური დისკურსის ფორმირებას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად ბეჭდური პრესა იყენებს თხრობას (სტატიებს, ფელეტონებს, ახალ ამბებს, საყურადღებო სათაურებს, რეკლამებს), რომლის საშუალებითაც მკითხველი პერიოდულად იღებს რედაქციის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ გზავნილებს.

დისკურსი და დისკურში კონსტრუირებული იდენტობები – დისკურსის ფარგლებში, სოციალური აქტორები, ისევე როგორც სოციალურ-პოლიტიკური გარემოებები და იდენტობებს შორის არსებული ურთიერთობები, ხდებიან ცოდნის ობიექტები (Objects of knowledge) . საზოგადოებრივ დონეზე, თხრობითი რეპრეზენტაციისა და განსხვავებული დიალოგური კონტექსტების ფარგლებში კონსტრუირებული დისკურსული პრაქტიკები გავლენას ახდენენ ჯგუფების ქმნადობაზე (Group Making). ამასთან, დისკურსი ცდილობს ხილული გახადოს ან დამალოს ურთიერთობები სოციალურ ჯგუფებსა და კლასებს, ნაციონალურ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ პოლიტიკური უმცირესობებსა და უმრავლესობებს შორის . ამდენად, პრესა და პრესის მიერ ფორმირებული დისკურსი რელევანტურად შერჩეული ცვლადია, რომელიც იდენტობების ფორმირებისა და ჯგუფებს ქმნადობის (Group Making) პროცესზე არაპირდაპირი დაკვირვების საშუალებას გვაძლევს.

იმპერიები, მიგრაცია და ნაციონალური პრესა

იმპერიები არასდროს ერიდებოდნენ კოლონზიებული ტერიტორიების ეთნიკური თუ რელიგიური სურათის შეცვლას. ხალხთა დიდი ჯგუფების გარკვეულ ტერიტორიაზე იძულებითი დასახლების, თუ ამ ტერიტორიიდან  მათი გასახლების მიღმა, მთელი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის განმავლობაში, კონკრეტული სახელმწიფოების პრაგმატული ინტერესები იდგა.

ხალხთა დიდი ჯგუფების იძულებითი შიდა და გარე მიგრაცია მთლიანად ცვლიდა როგორც დემოგრაფიულ, ასევე სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ სურათს.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, კავკასიაში ხალხთა სხვადასხვა მასშტაბის რამდენიმე იძულებითი მიგრაცია მოხდა , რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა იმპერიული ცენტრისა (პეტერბურგის, მოსკოვის) კოლონიის ურთიეთობა, ისევე, როგორც ადგილზე მიმდინარე სხვადასხვა პროცესის ბუნება. 1877-1878 წლებში, რუსეთის იმპერიის მიერ კავაკასიაში გაჩაღებულმა მორიგმა საომარი კამპანია, რომელიც ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ იყო მიმართული, ახალი იძულებით მიგრაციის საფუძველი გახდა. მორიგმა ომმა მთელი შავიზღვისპირეთი მოიცვა და კარდინალურად შეცვალა აფხაზეთის დემოგრაფიული სურათი. 1877 წელს, სწორედ გაზეთ „ივერიის“ გვერდებზე ჩნდება რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად მიწასთან გასწორებული აფხაზეთისა და მუჰაჯირობის მსხვერპლ აფხაზთა ამბები. ორი იმპერიის მორიგი შეჯახება ქმნის იმ კონტექსტს, რომელშიც ქართულენოვანი გაზეთი აფხაზურ თემატიკას ათავსებს .

მუჰაჯირობა, როგორც დემოგრაფიული კატასტროფა, განსხვავებულად არის შეფასებული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ავტორის მიერ. საბჭოური ისტორიოგრაფია მუჰაჯირობის განხორციელებაში ოსმალეთის იმპერიას სდებს ბრალს, თუმცა ავტორები, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციამდე შეისწავლეს მუჰაჯირობის საკითხი, სრულიად სხვა ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას. 1912 წელს, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ გამოცემულ წიგნში მუჰაჯირი ემიგრაცია გამოთქმულია აზრი, რომ აფხაზთა იძულებითი გადასახლება რუსეთის იმპერიის ინტერესებში შედიოდა. უფრო მეტიც, ჭიჭინაძე აღნიშნავს:

„ამათი (აფხაზთა) დაბრუნება კი მთავრობისთვის არ იყო სანუკვარი, რადგან აფხაზეთში, მათს ადგილზედ რუსებს ასახლებდნენ და რუსის დიდკაცებს ურიგებდნენ ათასი დესტინობით, რათა იქ განმტკიცდეს მომავალში რუსი ერის ნიადაგი“ .

აფხაზეთის ტერიტორიის მოსახლეობისგან დაცლამ განსხვავებული რექცია გამოიწვია ქართულენოვან პრესაში. როგორც „ივერიის“ ასევე „ცნობის ფურცლის“ საინფორმაციო ბადე, წლიდან წლამდე, უფრო და უფრო მეტ ინტერესს გამოხატავდა აფხაზეთში მიმდინარე სხვადასხვა, მათ შორის კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პროცესების მიმართ.

„ივერიისა“ და „ცნობის ფურუცლის“ პერიოდიკაში აფხაზეთის საკითხის გაშუქების ინტენსივობამ და დროს გარკვეულ მონაკვეთებში ინტენსივობის ცვალებადობამ გამოკევთა გარკვეული ტენდენციები, პრიორიტეტული თემები, რომელსაც მეტი ადგილი ეთმებოდა აღნიშნული გაზეთების საინფორმაციო ბადეებში. უფრო მეტიც, გამოჩნდა რამდენიმე ძირითადი თემატური კატეგორია, რომელთა ფარგლებშიც მოხდა აფხაზეთის შესახებ „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული სტატიების, ახალი ამბებისა და ფელეტონების სისტემატიზება .

ადგილი მზის ქვეშ −აფხაზეთის დასახლების საკითხი, შიდა და გარე მიგრაციები და საგაზეთო დისკურსების თავისებურება

„ივერიაში“ აფხაზეთის დასახლებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ 1881 წელს იწყება, როცა ანთიმოზ ჯუღელი ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით „ნახული და გაგონილი“ . მიუხედავად იმის, რომ დროითი თვალსაზრისით, ეს პუბლიკაცია არ თავსდება საკვლევად აღებულ პერიოდში, მისი ანალიზი მნიშვნელოვანია წინარე „ივერიული“ განწყობებისა და დამოკიდებულებების გაგებისთვის. შემდგომი წლების „ივერიული“ დისკურსი აფხაზეთის შესახებ სწორედ ამ წერილში გაჟღერებული იდეების გარშემო ყალიბდება.

ჯუღელის სტატიის ანალიზმა შემდეგი სურათი მოგვცა:

  • ფაბულა − ავტორი მოგზაურის პერსპექტივიდან აღწერს აფხაზეთს და მკითხველს მოუწოდებს საკუთარი ქვეყნის კუთხეების გაცნობისკენ. „თუ ნიადაგი არ გავიცანით და დრო არ შევურჩიეთ, თესლს ნაყოფიერად ვერ გავაბნევთ და სამწუხარო ეს არის“- წერს ჯუღელი. სწორედ ამ ნიადაგის „ივერიის“ მკითხველისთვის გაცნობაა ავტორის მიზანი.

ჯუღელის მიხედვით, უკანასკნელი ომის დროს სოხუმი და მისი მიმდებარე ადგილები ოსმალებმა და აფხაზებმა მიწასთან გაასწორეს. ამის მიზეზი მათი (აფხაზებისა და ოსმალების) გაერთიანებული ძალების მარცხი იყო რუსის ჯართან. ბრძოლაში დამარცხების შემდეგ აფხაზები აიყარნენ სოხუმიდან და აფხაზეთის სხვა დასახლებებიდან და მასობრივად გადასახლდნენ ოსმალეთში. ავტორი აღნიშნავს, რომ აფხაზეთში აფხაზები აღარ არიან, თუ არ ჩავთვლით იძულებითი ემიგრაციიდან დაბრუნებულ რამდენიმე ათას აფხაზს, რომელთაც სოხუმიდან 30 კილომეტრზე ახლოს დასახლების უფლება არ აქვთ. უფრო მეტიც, იმპერიამ ისინი მტრულ ხალხად შერაცხა და სხვადასხვა უფლება შეუზღუდა. ხალხისგან დაცარიელებულ სოხუმსა და მის შემოგარენში დასახლებას იწყებენ მეგრელები. ჯუღელის მიხედვით:

„მთელის სოხუმის ვაჭრობა მართლაც და მეგრელების ხელშია, რომელთაც ისეთივე მნიშვნელობა აქვთ შავის ზღვის აღმოსავლეთის ნაპირზედ ვაჭრობაში, როგორც თბილისის ვაჭრობაში სომხებს“.

ტექსტის დანარჩენ ნაწილში საუბარია რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ აფხაზეთის მიწების დანაწილებასა და იმპერიის პოლიტიკაზე, რომელიც დაუსახლებელ ტერიტორიებზე სლავური მოდგმის ხალხების განსახლებას გულისხმობს. იმპერიის მხრიდან მსგავსი მიდგომას აკრიტიკებს ჯუღელი და მაგალითების საფუძველზე ცდილობს იმის დასაბუთებას, რომ სლავები ვერ ეგუებიან აფხაზეთის ჰავას და მალევე ხდებიან ციების (მალარიის) მსხვერპლნი. ამგვარად, ჯუღელი ასკვნის, რომ:

მხოლოდ ჭაობიან ადგილს შეჩვეულს მეგრელებს შეუძლიანთ ჯერ-ჯერობით მისი მორჯულება; მხოლოდ ამ ტან-დაბალსა და გაყვითლებულ ხალხს შეუძლიან აფხაზეთის ხაშმის ატანა; მეგრელი პატარაა, მაგრამ მარდი; ტანად სუსტია, მაგრამ ძარღვით ღონიერი; სახით ყვითელია, მაგრამ ბევრს ყვითელს მეგრელს მომატებულის ატანა შეუძლიან, ვიდრე ღაჟ-ღაჟ ლოყებიანს რუსის გლეხს და ცხრა-მთა გადაღმიდამ გადმოსულს ბოლგარს“.

ბოლოს ჯუღელი ასკვნის, რომ აფხაზეთის განსავითარებლად სწორედ მეგრელების ან აფხაზების მსგავსი ხალხია საჭირო, რომლებიც შეგუებულნი არიან ადგილობრივ გარემოს და იცნობენ იმ სოფლის მეურნეობის კულტურებს, რომელთა მოყვანაც ამ ტერიტორიაზე არის შესაძლებელი.

  • ენა − ტექსტი აღწერითი, ეთნოგრაფიული ხასიათისაა. ავტორი აფხაზეთს აღწერს როგორც ქართული სივრცის განუყოფელ ნაწილს („ჩვენი ქვეყანა“) და მკითხველს მისით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
  • ნარატორი − ანთიმოზ ჯუღელი.
  • პერსონები/პერსონაჟები − ტექსტში არ არიან მოხსენიებულნი.
  • სივრცე − საინტერესოა ჯუღელისეული სივრცის აღქმა, რომელიც აფხაზეთს საკუთარი ქვეყნის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა საკუთრივ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე) აქცენტს არ აკეთებს.

აფხაზეთის დასახლების საკითხის გარშემო დისკუსია აქტიურად გრძელდება „ივერიის“ შემდგომი წლების ნომერშიც. ძირითადი წინააღმდეგობა, რომლის გარშემოც „ივერიული“ დისკურსი ყალიბდება, პირველ ეტაპზე, ქართულ და სლავურ ჯგუფებს შორის კონკურენციაა. უკვე მეოცე საუკუნის პირველ წლებში სლავებით აფხაზეთის ტერიტორიის დასახლების საკითხი აქტუალობას კარგავს და ახალი მიწის მაძიებლები, – სომხები, -შემოდიან საგაზეთო დისკურსებში.

ჯუღელის წერილის გამოქვეყნებიდან 16 წლის შემდეგ, 1897 წელს, გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს ერთგვარ შემაჯამებელ ნარკვევს, რომელშიც განხილულია იმ პერიოდში ქართულ და რუსულენოვან პრესაში მიმდინარე აქტიური დისკუსიები აფხაზეთის განსახლების შესახებ. აღნიშნული ტექსტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „ივერიის“ პოზიცია მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ნარკვევში საუბარია, რომ:

 „შავი ზღვის ნაპირების დასახლების შესახებ აგერ რამდენიმე წელიწადია ადგილობრივსა თუ რუსეთის გაზეთებში მუდამ დიდი ლაპარაკია. მრავალი წერილი დაბეჭდილა რუსულადაც და ქართულს ჟურნალ-გაზეთებშიაც იმის შესახებ, თუ რა უფრო მოსახერხებელია: ეს მხარე რუსებით იქნას დასახლებული, რომელთაც როგორც წარსულ წელთა გამოცდილებამ ყველას ნათლად დაანახვა, ადგილობრივი ჰავა ვერ აუტანიათ და ვერც ადგილობრივს კულტურას ჰშვნეულობენ, თუ ქართველებით, რომლებიც ჰავასაც შეჩვეულნი არიან და კულტურაც შეთვისებული აქვთ” .

ნარკვევის მიხედვით, ორივე მოსაზრებას საკუთარი მომხრეები ჰყავდა. რუსების აფხაზეთში ჩასახლება მთავრობა (იმპერია) ლობირებდა, ქართულ ჯგუფებს კი „ივერია“ და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფი უცხადებდა აქტიურ მხარდაჭერას.

აფხაზეთის განსახლების რუსული პროექტის შესახებ სტატიები ქვეყნდებოდა გაზეთ „კავკაზში“. ამ პროექტის მომხრეთა არგუმენტები დიდწილად ირაციონალურ სურვილზე იდგა: უკანასკნელ ომში აფხაზეთის შესანარჩუნებლად დაღვრილი რუსული სისხლისა და დახარჯული რესურსების გამო, სლავებს მეტი უფლება ჰქონდათ აფხაზეთზე, ვიდრე სხვა ხალხებს. უფრო მეტიც, კავკასიაში იმპერიის მთავარი გაზეთი, – „კავკაზი“, – ბრალს სდებს აფხაზეთში ახლადჩასახლებულ მეგრელებსა და იმერლებს ყაჩაღობასა და გარყვნილებაში:

„მეგრელებმა და იმერლებმა სოხუმის ოლქში საუკეთესო ადგილები დაიჭირეს, დუქნები, ეს გარყვნილობისა და ყაჩაღობის თავშესაფარი ადგილები, დააშენეს და სხ” .

„ივერიის“ არგუმენტაცია გაცილებით ლოგიკურ ფაქტებზე დგას და ჯუღელის წერილს ეხმიანება, რომელიც აფხაზეთის ბუნებრივ პირობებთან სლავი ხალხების შეუთავსებლობას ემყარება. ნიშანდობლივია, რომ „ივერია“ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს მეორე რუსულ გაზეთ „სევერნი კავკაზში“ გამოქვეყნებულ მოსაზრებას. „სევერნი კავკაზი“ წერს:

„რასაკვირველია, ჩვენ იმას არ ვამბობთ, რომ მეგრელები ჩაასახლონ და ველიკოროსებსა და მალოროსებს კი, უარი უთხრან; ჩვენ მხოლოდ გვსურს, ამ ერთა შორის თანასწორ უფლების პრინციპი აღვადგინოთ; ის კი, თუ შავი ზღვის ნაპირად ვინ იქმნეს დასახლებული, სულ სხვა საკითხია: აქ ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, ვის უფრო მეტი უფლება აქვს, არამედ ის, ვინ უფრო შეიფერებს აქ დასახლებას. მაგალითად, მეგრელები კრიჭაშივე ასახლიან და ისევე შეწუხებულნი არიან უმამულობით, როგორც რუსები, სამაგიეროდ ამათ მთელი ათასი ვერსი უნდა გაიარონ, რომ აქ ჩამოსახლდნენ.“

ბუნებრივია, აფხაზეთის ტერიტორიის ქართველებით დასახლების მომხრე „ივერია“ იზიარებდა მსგავს არგუმენტებს და სპეციფიკური საგაზეთო დისკურსებითა და ნარატივით ცდილობდა დაებალანსებინა იმპერიის მიზნები. მეორე საკითხია, რამდენად პროპორციული იყო გაზეთების ძალა იმპერიის ძალასთან და რამდენად შეეძლო მას ქართული ჯგუფების აფხაზეთში დასახლება წაეხალისებინა.

ნიშანდობლივია, რომ ისეთი გაზეთიც კი, როგორიც „ივერია“ იყო, არ ერიდებოდა ლოკალური იდენტობების (მეგრელები, იმერლები) შემოყვანას საკუთარ დისკურსში. ამ კონკრეტულ ნარკვევში, ერთიან ქართულ იდენტობაზე მეტად, სწორედ ლოკალურ იდენტობებზეა ყურადღება გადატანილი, რომელთა აფხაზეთში განსახლებაც ნამდვილად არის „ივერიის“ ინტერესებში.

აფხაზეთის დაცარიელებულ მიწებზე ამ პერიოდში არა მხოლოდ სლავები, არამედ ბერძნებიც სახლდებიან. 1897 წლის „ივერიის“ ერთ-ერთი ნომერი იუწყება, რომ კიდევ 100 ბერძნული ოჯახი ჩავიდა ბათუმში, რომლებიც ადგილზე მყოფ ბერძნებს შეუერთდნენ და სოხუმის ოლქში აპირებენ დასახლებას .

საინტერესოა „ივერიაში“ ნიკოლოზ ჯანაშიას მიერ (ჰამუთ-ბეი) 1898 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ბერძენი მიგრანტების ჩამოსვლას ეხმაურება. ჯანაშიას ტექსტის ამოსავალი წერტილიც სამეგრელოში მიწის სიმცირეა, რაც იქაურ გლეხობას იძულებულს ხდის აფხაზეთში ეძიოს თავისუფალი მიწები. ჯანაშიას მიხედვით:

„ოთხმოციან წლებში, მაშნივე ზავის ჩამოგდების შემდეგ, ამ საქმისთვის რომ მოგვეკიდა ხელი და ერთის მხრივ მთავრობისთვის აგვეხსნა, რა გაჭირვებულს მდგომარეობაშია ჩვენი გლეხობა უმიწა-წყლობით და მეორეს მხრივ გლეხობისთვის მიგვეცა შეძლება აფხაზეთის გაცნობისა, მაშინ, უეჭველია, ამას მთავრობა ყურადღებას მიაქცევდა და კიდეც დაასახლებდა ამ ნაწილში ქართველობას და არა ცხრა მთის გადაღმიელ ბერძნობას.“

აქ უკვე ცალსახაა, რომ აფხაზეთში უცხო ეთნიკური ჯგუფების მიგრაცია დიდწილად ზემოქმედებდა „ივერიის“ ნაციონალურ დისკურსზე. უფრო მეტიც, სწორედ მსგავსი მიგრაციების პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ „ივერიის“ მიერ აფხაზეთის შესახებ ფორმირებული იდენტობის დისკურსი.

მორიგი ხალხთა მიგრაცია აფხაზეთში უკვე მეოცე საუკუნის პირველ წლებში ხდება, როცა ოსმალეთის იმპერიიდან დევნილი სომხები აფხაზეთში იწყებენ დასახლებას. ბუნებრივია, სომხების მიგრაცია „ივერიის“ ინტერესს მიღმა ვერ დარჩებოდა, მით უმეტეს, ეს გაზეთი არც ადრე ერიდებოდა სომხების კრიტიკას .

ოსმალეთიდან ლტოლვილი სომხების აფხაზეთში გადმოსახლების საკითხი პირველად თბილისში გამოცემული სომხური გაზეთის, „მშაკის“ , რედაქტორმა ალექსანდრე ქალანთარმა წამოჭრა. ქალანთარის მიერ დასმულ პრობლემას გამოეხმაურა საკუთრივ „მშაკი“. უფრო მეტიც, სომხურმა გაზეთმა „ივერიას“ და მის ყოფილ რედაქტორს, ილია ჭავჭავაძეს ნაციონალისტობაში დასდო ბრალი. „მშაკში“ გამოქვეყნებული წერილების შემოკლებული ვერსია „ივერიამ“ 1905 წლის 69-ე ნომერში გამოაქვეყნა .

კონტენტის თვისებრივმა ანალიზის გზით, „მშაკში“ გამოქვეყნებული წერილის ანალიზმა შემდეგი სურათი მოგვცა:

  • ფაბულა − „ივერიამ“ „მშაკის“ წერილს ფელეტონის სვეტი დაუთმო და შემდეგი შესავალი გაუკეთა:

„ამ წერილებს შემოკლებით ვბეჭდავთ ახლა „ივერიაში“, ვინაიდან ქართველმა მკითხველმა ყოველთვის უნდა იცოდეს, სხვადასხვა საერთო საქმეზე სომხები“.

ტექსტის პირველი ნაწილი ეთმობა ზოგადი კონტექსტის აღწერას: აფხაზეთის ტერიტორიის ხალხისგან დაცლის საკითხს, რუსეთის იმპერიის სურვილს, რომ ამ ადგილებში დაესახლებინათ სლავები და ამ პროექტის მარცხს (ვინაიდან სლავები ვერ შეეგუვნენ აფხაზეთის ჰავას); ასეთ ფონზე, ტექსტის ავტორს თხრობაში პირველი სომეხი მიგრანტები შემოჰყავს, რომლებიც აფხაზეთში 1896-1896 წლებში სახლდებიან, იჯარით იღებენ მიწებს და იწყებენ თუთუნის მოყვანას. რამდენიმე წელიწადში იმპერია აფხაზეთში მცხოვრები სომეხი მეთუთუნეების გასახლების მოთხოვნით გამოდის, რაც თბილისში არსებული სომხური თემისა და გაზეთ „მშაკის“ პროტესტს იწვევს.

თბილისელი სომხების დეპუტაცია მთავარმართებელთან თხოვნით მიდის, რომ აფხაზეთში მცხოვრებ სომხებს იქვე დარჩენის უფლება მისცენ. მთავარმართებელი იწყნარებს დეპუტაციის თხოვნას. სომხებს აფხაზეთში კიდევ ერთი წლით დარჩენის უფლებას რთავენ.

„მშაკში“ გამოქვეყნებული წერილი პასუხობს ქართველ ნაციონალისტთა აღელვებას და მათ ანტისომხურ განცხადებებს  სომხების აფხაზეთში დარჩენის გადაწყვეტილების გამო. სომხური გაზეთი აქტიურად აკრიტიკებს გაზეთ „ივერიას“ და მის გარშემო შეკრებილ ადამიანთა ჯგუფს („მშაკის“ მიხედვით, ნაციონალისტებს), რომლებმაც ვერ აიტანეს აფხაზეთში სომხების დარჩენა და „ასტეხეს განგაში და დაიწყეს ყვირილი, – სამშობლო იღუპებაო!“

ტექსტის ავტორი მნიშვნელოვან მინიშნებებს იძლევა „ივერიის“ მიერ ფორმირებული ნაციონალური დისკურსის შესახებ:

„დიდი ხანია ვიცნობთ ქართველ ნაციონალისტებს, ვიცნობთ ბ-ნ ველიჩკოს დროიდან. უკანასკნელ ხანებში ამბობდნენ, ვითომც ამ ნაციონალისტების გაზეთს (იგულისხმება „ივერია“. ბ.ო.), ახალ პირთა ხელში გადასულს, მისი ძველი ელფერი გამოეცვალოს, ადრინდელი მიმართულება დაეგდოს. არ ვიცით, რამდენად მართალია ეს აზრი, მაგრამ შავი ზღვის პირას მცხოვრებ მეთუთუნეების საქმეში გაზეთმა დაამტკიცა, რომ ძველი იდეალები მისთვის წმინდაა დღესაც. ვცნობთ მამებს, შვილების გაცნობაც ადვილი არის.“

საინტერესოა, რომ ავტორი პირდაპირ მიანიშნებს „ივერიის“ ძველი რედაქტორის, ილია ჭავჭავაძის, არმენოფობიულ განწყობებზე და აღნიშნავს, რომ „დღეს თ-დ ილიას მემკვიდრეები მასავით ხმას იმაღლებენ იმის გამო, რომ მეთუთუნეებს კიდევ ერთი წლის განმავლობაში შავი ზღვის პირას დარჩენის უფლება მიეცათ“.

ამ ხმის ამაღლების მიზეზად ავტორი ძველ ნაციონალისტობას მიიჩნევს:

„ამ კივილის ნამდვილი მიზეზი ისევე ძველი ნაციონალისტობაა, – უსაზღვრო და აშკარა „სიყვარული“ სომხებისადმი, – თვისება, რომელსაც ამ რამდენისამე წლის წინად იმჩნევდა ველიჩკოსთან ხელიხელჩაკიდებული „ივერია“. ველიჩკო-ჭავჭავაძის პატრიოტობა, დამყაყებულ დამჟავებული, ყოველთვის ცხარედ ეკიდებოდა ოსმალეთიდან გადმოსულ სომხების საქმეს.“

  • ენა − ტექსტი დატვირთულია ირონიული და ცინიკური მინიშნებებით.
  • ნარატორი − მთხრობელი ფსევდონიმად იყენებს ლეოს. როგორც ირკვევა, ამ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს სომეხი ისტორიკოსი და პუბლიცისტი არაქელ ბაბახანიანი.
  • პერსონები/პერსონაჟები − ილია ჭავჭავაძე, ვასილი ველეჩკო.
  • სივრცე − შავი ზღვის სანაპირო, აფხაზეთი.

აფხაზეთი „ცნობის ფურცელის“ საინფორმაციო ბადეში

“ივერიისგან“ განსხვავებით, შედარებით კომპლექსური სურათის ჩვენებაზეა ორიენტირებული „ცნობის ფურცელი“. „ცნობის ფურცელი“, 1902-1905 წლების შუალედში, სხვადასხვა პერსპექტივიდან აღწერს აფხაზეთის დასახლების მიმართულებით მიმდინარე პროცესებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გაზეთი ორიენტირებულია, მკითხველს დაანახოს იმპერიის პოლიტიკა აფხაზეთის განსახლების მიმართ და ამ პოლიტიკის ნეგატიური გავლენა ქართველების (მეტწილად მეგრელების) აფხაზეთში დასახლების პროცესზე.

1902 წლის „ცნობის ფურცლის“ ერთ-ერთ ნომერში ქვეყნდება თედო სახოკიას წერილი სათაურით „ვიზრუნოთ!“ ამ წერილის ანალიზი მნიშვნელოვანია იმ კონტექსტის გასაგებად, რომელშიც „ივერიის“ ნაციონალისტური მიდგომები“ ჩამოყალიბდა. პუბლიკაცია გვთავაზობს საინტერესო სტატისტიკურ სურათს, რომლის თანახმადაც ამ პერიოდის სოხუმის ოლქში ჯამში 107 ათასამდე მოსახლე ცხოვრობდა, საიდანაც 30.37% – აფხაზი იყო, 23.83% – მეგრელი, 4% – სომეხი, 2.90% – ბერძენი, 1.57% – რუსი, 0.81% – ესტონელი, სხვები – 0.5%-მდე.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ პერიოდში აფხაზეთში მრავლად იყო თავისუფალი მიწები, რუსული ადმინისტრაცია მეგრელებს სასტიკად უკრძალავდა იქ დასახლებას. „ცნობის ფურცელი“ წერს:

„ათვალწუნებულ იქმნენ მეგრელები, თუმცა აქაურ ადგილების დასასახლებლად საუკეთესო ელემენტს წარმოადგენდნენ. ვინ იცის, იქნება, მათი ეს ღირსებაც გახდა იმის მიზეზად, რომ ყველგან კარი გამოუხურეს. მაგრამ სავალალო ის გახლავთ, რომ საქმე დღითი-დღე მწვავდებოდა. მეგრელთ ნებას არ აძლევდნენ თავისუფალ მიწებზე დასახლებისას“ .

უკვე 1903 წელს, სახოკია აკეთებს საინტერესო შენიშვნას, რომელიც აფხაზეთში მეგრელთა ყოფას და მათ მნიშვნელობას უკავშირდება. სახოკიას მიხედვით:

„ასე წვალობდა, ასე ჯახირობდა მეგრელი, რომ ორიოდე გროში ეშოვა, ცოლ-შვილი ერჩინა. ამნაირმა მეგრელმა გზა გაუკვალა აქეთკენ აწინდელს მოქალაქეობრივს ცხოვრებას, საძირკველი ჩაუყარა ვაჭრობას, მოიშინაურა აფხაზი, დააჩვია აღება-მიცემობას, შედარებით გაუღვიძა გრძნობა პიროვნებისა და კერძო კუთვნილების პატივისცემა. და ეს პიონერები, ეს წინამორბედნი მოქალაქეობისა დღეს ყველასაგან ხელის წამოსაკრავი გამხდარან, სდევნიან როგორც კეთროვანს, ისე წარმოუდგენიათ, როგორც ხორცმეტი რამ და მის მოჭრას და თავიდან მოშორებას სცდილობენ“ .

ამდენად, რომ შევაჯამოთ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ მიერ აფხაზეთის განსახლების გარშემო ფორმირებული დისკურსები და შევადაროთ ისინი ერთმანეთს, დავინახავთ რამდენიმე ძირითად მიმართულებას. პირველი ეს არის ამბავი, თხრობა ხალხისგან დაცარიელებული ტერიტორიის (აფხაზეთის) შესახებ, რომელიც ახალი მოსახლებით უნდა დასახლდეს. ეს თანაბრად შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ფაქტობრივ, ისე ნარატიულ მოცემულობად. მეორე მიმართულებაში ერთიანდება ნარატივი იმ ახალი მოსახლეობის შესახებ, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა დასახლდეს. მესამე მიმართულება კი აერთიანებს იმპერიის პოლიტიკას, მის მიმართებას ომის შემდეგ აფხაზეთში დასახლებულ ეთნიკურ ჯგუფებთან.

ამ ძირითადი მიმართულებების მიღმა არსებული ნარატივი გარდაიქმნება წმინდად ნაციონალური იდენტობის მაკონსტრუირებელ დისკურსად. ამ დისკურსის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ ქართველ ინტელექტუალთა ჯგუფის რეაქციები, რაც თან სდევდა უცხო ეთნიკური ჯგუფების აფხაზეთის ტერიტორიაზე მიგრაციას.

სწორედ უცხო ეთნიკური ჯგუფების ამ ტერიტორიაზე მიგრაცია და ამ ყოველივეზე გაზეთების რეფლექსია შეიძლება მივიჩნიოთ აფხაზეთის ადგილის განმსაზღვრელად ქართულ ნაციონალურ დისკურსში. უცხო ჯგუფების მიმართ „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ კორესპონდენტთა დამოკიდებულება დიდწილად ზემოქმედებდა იდენტობის იმ დისკურსების მახასიათებლებზე, რასაც აღნიშნული გაზეთები აყალიბებდნენ.

ნიშანდობლივია, რომ ბერძნების, სლავებისა და სომხების აფხაზეთის დაცარიელებულ მიწებზე დასახლება „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ კორესპონდენტთა განსხვავებულ რეაქციას იწვევდა. აქ შეიძლება ვისაუბროთ ერთგვარ მზარდ, ინტენსიურ ნაციონალურ განწყობებზე, რომელიც ბერძნებთან მიმართებით შედარებით რბილია, თუმცა რუსებისა და სომხების მიმართ გაცილებით მეტი სიხისტით გამოირჩევა. ეს სიხისტე ყველაზე ხილვადია 1905 წლის „ივერიაში“, სადაც ამ გაზეთის მიერ ფორმირებული ნაციონალური დისკურსისადმი სომხური ჯგუფის დამოკიდებულება იკვეთება. სწორედ თბილისში გამოცემული სომხური და ქართული გაზეთების ნარატივების შეჯახება იძლევა მკაფიო სურათს, რომელზე დაყრდნობითაც „ივერიის“ მიერ ფორმირებულ იდენტობის დისკურსზე შეგვიძლია საუბარი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნიშნით „ცნობის ფურცელი“ შედარებით რბილია, თუმცა, ზოგადი პერსპექტივიდან, ორივე გაზეთს მსგავსი დისკურსული მახასიათებლები აქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს საგაზეთო დისკურსის კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც ლოკალური იდენტობების ერთიან ნაციონალურ ქოლგაში გაერთიანებასთან არის დაკავშირებული. როგორც „ივერიის“, ასევე „ცნობის ფურცლის“ საინფორმაციო ბადესა და ნარატივში მსგავსი ლოკალური იდენტობის ჯგუფად მეგრელები გვევლინებიან, რომლებიც, ნაბიჯ-ნაბიჯ, თბილისში ფორმირებული ერთიანი ნაციონალური დისკურსის ნაწილები ხდებიან.

ამრიგად, 1896-1905 წლების აფხაზეთი არის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების განუწყვეტელი კონკურენტული ინტერაქციის სივრცე. ამ სივრცის ათვისებაზე პრეტენზიას გამოთქვამენ რუსები, ქართველები და ნაწილობრივ სომხები, რომელთაც კონკრეტული გაზეთების რედაქციები და ინტელექტუალთა ჯგუფები უმაგრებენ ზურგს. სწორედ გაზეთები, თხრობის (ნარაციის) გზით აგებული დისკურსების საშუალებით, ქმნიან ექსკლუზიურ წარმოსახვით სივრცესა და საზოგადოებებს, რომლებშიც გაზეთის მკითხველთა დიდი უმრავლესობა ერთიანდება და განაგრძობს არსებობას.

შეჯამება

წინამდებარე სტატიაში ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, თუ როგორ ზემოქმედებდა უცხო ეთნიკური ჯგუფების აფხაზეთის ტერიტორიაზე მიგრაცია ქართული ნაციონალურ დისკურსზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორ განსაზღვრავდა კიდეც მას.

აფხაზეთისა და იქ მცხოვრები ხალხების შესახებ ფორმირებული საგაზეთო დისკურსების ბუნებისა და მათი ერთიან ნაციონალურ პროექტში ინკორპორირების პროცესის გაგებისთვის გამოყენებულმა კონტენტის თვისებრივმა ანალიზმა შემდეგი სურათი მოგვცა:

„ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ მიერ აფხაზეთის შესახებ ფორმირებული დისკურსების ბუნება დიდწილად განსაზღვრული იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე უცხო ეთნიკური ჯგუფების მიგრაციით.

მიგრაციული პროცესები, რომელიც განპირობებული იყო რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების მიდგომით კონკრეტული ეთნიკური ჯგუფებისადმი, განსაზღვრავდა აფხაზეთისადმი ქართული ნაციონალური განწყობების ბეჭდურ მედიაში ასახვის თავისებურებებს. უფრო მეტიც, სლავური ეთნიკური ჯგუფებისა და, განსაკუთრებით, სომხების მიგრაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო უმთავრესი წინაპირობა, რაც დისკურსულ ფორმას აძლევდა გაზეთ „ივერიის“ ნარატივს.

შედარებით განსხვავებულია „ცნობის ფურცლის“ რიტორიკა, რომელიც უცხო ეთნიკური ჯგუფებისადმი ნაკლებად აგრესიულია. მიუხედავად ამისა, „ივერიის“ მსგავსად, ეს გაზეთიც პერიოდულად ლობირებს აფხაზეთის ქართველებით დასახლებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებს შორის კონკურენტული ინტერაქცია ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ სივრცეში (აფხაზეთში), გაზეთების საშუალებით გარდაიქმნება საერო (საზოგადოებრივ) პრობლემად. ამის მაგალითია „ივერიისა“ და სომხური გაზეთ „მშაკის“ დაპირისპირება აფხაზეთის განსახლების საკითხის გარშემო: სომხურ-ქართული ინტერესების შეჯახებამ აფხაზეთში განსაზღვრა ერთი მხრივ „ივერიის“, ხოლო, მეორე მხრივ, „მშაკის“ დისკურსები. ბეჭდურ მედიაში ამ პროცესების ასახვა, ქართველ და სომეხ გაზეთის მკითხველებში საარსებო სივრცის სრულიად ახალ გააზრებას, ახლებურ წარმოსახვებს (Imaginaries) აყალიბებდა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ლოკალური იდენტობების როლი. მსგავს ლოკალური იდენტობად „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ ნარატივებში მეგრელები გვევლინებიან, რომლებიც აგრეთვე არიან მიგრაციული პროცესების აქტორები. უფრო მეტიც, სწორედ ამ ჯგუფის მონაწილეობით ყალიბდება „ივერიისა“ და „ცნობის ფურცლის“ უწყვეტი ნარატიული და დისკურსული ხაზი აფხაზეთის შესახებ. არც იმის თქმა იქნება გადამეტებული, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, აფხაზეთის (როგორც ტერიტორიის) ქართულ წარმოსახვით სივრცეში შემოსვლას, მეგრელთა გამოჩენაც ახლავს თავს, რომლებიც, აფხაზებისგან განსხვავებით, ქართველებად არიან აღქმულნი.

ამდენად, კონტენტის თვისებრივმა ანალიზმა (ნარატივის ანალიზმა) გვაჩვენა, რომ საკვლევად აღებულ პერიოდში, აფხაზეთში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესების ქართულ პერიოდიკაში გაშუქებას დიდწილად განიპირობებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე უცხო (outsider) და შინაური (insider) ეთნიკური ჯგუფების მიგრაცია.

დანართი

დანართი 1. „ივერიის“ გამომწერთა განაწილება ქუთაისის გუბერნიაში მდებარე დასახლებათა მიხედვით (1892 წელი).

დანართი 2. „ივერიის“ გამომწერთა რაოდენობა თბილისის გუბერნიაში მდებარე დასახლებათა მიხედვით (1892 წელი).

დანართი 3. „ცნობის ფურცლის“ გამომწერთა აბსოლუტური რაოდენობა რეგიონების მიხედვით (1904 წელი).

დანართი 4. „ცნობის ფურცლის“ გამომწერთა ოდენობა ყოველ 1000 ოჯახზე რეგიონების მიხედვით (1904 წელი).

დანართი 5. „ცნობის ფურცლის“ გამომწერთა რაოდენობა ყოველ 1000 ოჯახზე ქალაქების მიხედვით (1904 წელი).

დანართი 6. აფხაზეთის გაშუქების დინამიკა „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“ (1896-1905 წლები).

დანართი 7. აფხაზეთში მდებარე დასახლებების გაშუქების აბსოლუტური რაოდენობა „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“

დანართი 8. აფხაზეთთან დაკავშირებული სტატიების თემატური ხასიათი და თანაფარდობა „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“, პირველი ათწლეული.

დანართი 9. აფხაზეთთან დაკავშირებული სტატიების თემატური ხასიათი და თანაფარდობა „ივერიასა“ და „ცნობის ფურცელში“, მეორე ათწლეული.

მსგავსი სტატიები