ხათუნა შატიპა: უნდა გავაერთიანოთ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის ძალისხმევა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ბედით არიან შეშფოთებული და ერთი მიმართულებით ვიაროთ – ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების 

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

Abkhazia-Inform -ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუების სერიას მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებთან აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მის განვითარებაზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების შესახებ, საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს აფხაზეთისთვის, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პოლიტიკური პოზიციების დათმობის გარეშე გარე სამყაროსთან კონტაქტისთვის გზების განბლოკვა.

მანანა გურგულიას კითხვებს სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრის ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ხათუნა შატიპა პასუხობს.

– რამდენად თავისუფლად ვითარდება აფხაზეთი? თქვენი აზრით, რა ფაქტორები უშლის ხელს მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და კულტურულ განვითარებას?

ხათუნა შატიპა: თანამედროვე მსოფლიოში რთულად წარმოსადგენია აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გარესამყაროს გავლენისგან თავისუფალი განვითარება და აქ აფხაზეთიც არ არის გამონაკლისი. მაგრამ თქვენ მიერ დასმული კითხვის კონტექსტში, ამ ფაქტორებს გავყოფდი საშინაოდ და საგარეოდ, რომლებიც გავლენას ახდენს აფხაზეთის ეკონომიკაზე.

ჩემი აზრით, დღეისათვის აქტუალურია და წინა პლანზე გამოდის განვითარების შიდა ფაქტორები. ეს არის – დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, პოლიტიკური ინსტიტუტების არასრულყოფილება, სახელმწიფო მმართველობის არაეფექტურობა.  

– როგორ შეაფასებდით აფხაზეთის ეკონომიკის დღევანდელ მდგომარეობას?

– ჩვენ, ეკონომისტები, დღევანდელ ვითარებას ვახასიათებთ, როგორც კრიზისულს, ამასთან, კრიზისს ადგილი აქვს არა მხოლოდ აფხაზეთში. ამას ბევრი მიზეზი აქვს. თუკი უფრო ზუსტები ვიქნებით, მთელი ომის შემდგომი პერიოდი აფხაზეთის განვითარება ხასიათდება, როგორც კრიზისული.

– თქვენ აღნიშნეთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს აფხაზეთის ეკონომიკაზე. კულტურულ განვითარებასაც ეს ფაქტორები უშლის ხელს?

– ჩვენი მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება ცალკე განვიხილოთ ეკონომიკა, სოციალური სფერო, კულტურა, პოლიტიკა. რა თქმა უნდა, შეიძლება რომელიმე ერთი სეგმენტის ანალიზი ჩავატაროთ, გამოვყოთ ის ერთიანი სისტემიდან, მაგრამ ეს სრულ სურათს არ მოგვცემს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სოციალურ-კულტურულ მიდგომას, რომელიც, სხვათა შორის, ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 2015 წელს „2025 წლისთვის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის“ შემუშავების დროს.

სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული იყო მეცნიერთა ჯგუფი, თანაც, არა მხოლოდ ეკონომისტები. თავდაპირველად, განსაკუთრებით ეკონომისტები, გარკვეული სკეპტიციზმით უყურებდნენ სოციალურ-კულტურულ მიდგომას, მათ შორის ვიყავი მეც. მაგრამ მეცნიერების მიერ გაწეულმა ერთობლივმა დიდმა სამუშაომ შესაძლებელი გახადა ერთადერთი სწორი მიდგომის შემუშავება, რომლის არსი არის ის, რომ ეკონომიკა უნდა მუშაობდეს ადამიანისთვის. ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს ადამიანის საარსებო პირობების გაუმჯობესებას, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

როდესაც ერთ სეგმენტში კრიზისზე ვსაუბრობთ, იმავე ეკონომიკაში, ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენ სეგმენტებში ის არ არის, რადგან ისინი ურთიერთკავშირშია და ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

– ჩვენთან რატომ იგვიანებს მოდერნიზაციის პროცესი? რა უშლის ხელს იმავე სახელმწიფო მმართველობის ან ეკონომიკის მოდერნიზაციას?

– მნიშვნელოვანი, საკვანძო, მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს გვიშლის, არის პროგრამული, მიზნობრივი მართვის მეთოდის არარსებობა. როდესაც არ არის სახელმწიფო პროგრამები, არ არის დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა მიზნები და ამოცანები საშუალოვადიან პერსპექტივაში, არ არის გაწერილი, რომელი უწყება რაზეა კონკრეტულად პასუხისმგებელი, როგორია დაფინანსების მოცულობა, რთულია, შეუძლებელიც კი ეკონომიკის ეფექტიან მართვაზე საუბარი. ეს მსოფლიო პრაქტიკაა, ეს მხოლოდ აფხაზეთის ეკონომიკის, აფხაზური საზოგადოების გამოგონება არ არის.

ჩვენ შევიმუშავეთ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის მოდელი, რომელიც ორ ბლოკს მოიცავდა – ეს არის ეროვნული ეკონომიკისა და სოციალური სფეროები – და წარვუდგინეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას.

– და რა გარე ფაქტორები უშლის ხელს? რამდენად შემაფერხებელია დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი? მართალია, ჩვენთან ცოტანი არ არიან ისეთები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, აზრი არ აქვს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაურეგულირებლობაზე საუბარს.

– ჩვენ საუბარი იმით დავიწყეთ, თუ რა ფაქტორები უშლის ხელს განვითარებას. მე აღვნიშნე საშინაო ფაქტორები. საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი კი – სწორედ საგარეო ფაქტორია. საქმე ისაა, რამდენად უშლის, რა დონით უშლის ხელს?

– და რამდენად?

– 2008 წლამდე, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე დაურეგულირებლობა სერიოზულ გავლენას ახდენდა ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხზე, ისეთზე, როგორიც არის ომის საფრთხე, ეკონომიკური ბლოკადის შედეგები, საპენსიო უზრუნველყოფა, მკურნალობა, განათლება.

არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ ომის ყველა ნეგატიური შედეგი და შეზღუდვა, რომელიც კონფლიქტის დაურეგულირებლობასთან არის დაკავშირებული, გაქრა, მაგრამ ისინი უკვე აღარ არის იმდენად სახიფათო ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისთვის, მათი უსაფრთხოებისთვის, თუმცა, გარკვეულწილად, ხელს უშლის ჩვენი ეკონომიკის განვითარებას.

– ეს კონკრეტულად რაში ვლინდება?

– იმაში, რომ ჩვენ აღმოვჩნდით ძალიან რთულ, სერიოზულად პრობლემურ სასტარტო პირობებში. ადამიანური დანაკარგების გარდა, ომმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აფხაზეთის ეკონომიკას. შეიძლება მკრეხელობა იყოს ყველაფრის ციფრებში თარგმნა, რადგან ომი არის ტრაგედია ყველა ოჯახისთვის, მთელი ხალხისთვის, მაგრამ 1994 წლის სამთავრობო კომისიის შეფასებით, ომის შედეგად მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 11,3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. დღევანდელი კურსით ეს 800 მილიარდ რუბლზე მეტია. ომის შედეგად მიყენებულ ზარალს უნდა დავუმატოთ დაკარგული ან ხელიდან გაშვებული არარეალიზებული შესაძლებლობები. იმისათვის, რომ ისინი შევაფასოთ, კომპლექსური მიდგომა დაგვჭირდება. აქ მხოლოდ აფხაზი ექსპერტების კვლევა არასაკმარისია.

შედარებისთვის: აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთი სერიოზულ ფინანსურ დახმარებას გვიწევს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით. აი, რომ შევაჯამოთ გასული ათი წლის განმავლობაში გაწეული ფინანსური დახმარება, მივიღებთ, დაახლოებით, 7%-ს იმ ზარალის. აფხაზეთი არანაირ ფინანსურ ან მნიშვნელოვან დახმარებას არ იღებს სხვა ქვეყნებისგან რუსეთის გარდა, ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და რთული სასტარტო პირობები უბრალოდ არ გვაძლევს ეკონომიკაში გარღვევის მოხდენის საშუალებას.

რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებამ საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გადაგვეჭრა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი პრობლემა, იმპლუსი მისცა სამომავლო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები.

– კონფლიქტს რომ დავუბრუნდეთ, შეზღუდვების გამო, დღეს აფხაზეთისთვის საინტერესო რა საერთაშორისო პროექტები და შესაძლებლობები არ არის ხელმისაწვდომი? 

– პირველ რიგში, ეს არის სატრანზიტო პროექტები, აფხაზეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ჩვენ კი ამ პოტენციალის სრულად გამოყენების საშუალება არ გვაქვს, რადგან ქართული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც 2008 წელს მიიღეს, კრძალავს საავიაციო, სარკინიგზო, საავტომობილო და საზღვაო კავშირს აფხაზეთთან. საქართველო ძალიან აქტიურად მოქმედებს ამ მიმართულებით. ის ყველანაირ ბარიერს გვიქმნის, აფხაზეთის მიმართ იზოლაციის პოლიტიკას ატარებს.

საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა ყველა სამხრეთკავკასიური ქვეყნიდან ექსპერტების ძალისხმევის გაერთიანება რომელიმე საერთაშორისო მოედანზე, სადაც ყველა ერთად შევძლებდით შეგვეფასებინა თითოეული ქვეყნის მიერ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რა რისკებია თითოეული ქვეყნისთვის და კონკრეტული პროექტების რეალიზების შემთხვევაში, როგორი იქნება თითოეული ქვეყნის სარგებელი. ექსპერტებს აფხაზეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან შეეძლოთ ერთად შეექმნათ ასეთი ექსპერტული მოედანი, დაეთვალათ შესაძლებლობები და რისკები, დაეკონკრეტებინათ, რა პროექტებზე შეიძლება იყოს საუბარი, რომელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ მათი განხორციელებით დაინტერესებული. ეს შეიძლება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილიყო.

– ჩვენთან, გარკვეულ წრეებში გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ არანაირი მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე ან საერთოდ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე არ შეიძლება გვქონდეს.

– ამ მოსაზრებას საფუძვლიანი მიზეზები აქვს. კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – მოდი გავხსნათ ფრჩხილები. გამოდის, რომ რუსეთი – ჩვენი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დამპყრობელია. ასეთი პოზიციით ან ასეთი სტატუსით შეუძლებელია მოლაპარაკებების წარმოება, მით უფრო, მათი ინიცირება.

ამ საკითხის მეორე მხარე – საკუთარი თავის როგორ პოზიციონირებას ახდენს საქართველო? როგორ აღიარებს მსოფლიო საქართველოს? უკვე რამდენიმე წელია, პენტაგონის ბიუჯეტში ჩართულია საქართველო ასეთი ფორმულირებით – „აშშ-ის პარტნიორი რუსეთის შეკავებაში“.

კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ და საქართველოს პოზიციონირება, როგორც აშშ-ის პარტნიორის რუსეთის შეკავებაში, მისი მისწრაფება ნატოში გაწევრიანებისკენ, არანაირად არ უწყობს ხელს აფხაზეთის სურვილს, აწარმოოს მასთან მოლაპარაკებები. ასეთ პირობებში საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება – უიმედო გზაა, დამამცირებელი და თვითმკვლელობაც კი. 

დღეს ბურთი საქართველოს მხარესაა. მსოფლიო იცვლება, გეოპოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკურ ძალთა ბალანსი იცვლება. და თუკი საქართველოს მხრიდან პერსპექტივაში წამოვა რაიმე ჭკვიანური, აწონილი წინადადება, აფხაზეთი მზად უნდა იყოს მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ და ვთქვათ, რომ საერთოდ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

მაგრამ მოლაპარაკებებს უბრალოდ მოლაპარაკებებისთვისაც არ აქვს აზრი. 12 წელია ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ შედეგი არ არის. მაგრამ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა საჭიროა. იყო მოლაპარაკებებისთვის მზად – ეს არ ნიშნავს სამივლინებო თანხის გამოწერას, ბილეთის ყიდვას და ჩვენი წარმომადგენლების ჟენევაში გაგზავნას. მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა ნიშნავს ქვეყნის შიგნით კოლოსალური სამუშაოების ჩატარებას უშიშროების საბჭოსა და აფხაზეთის პარლამენტის დონეზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების მიერ შესაძლო გეოპოლიტიკურ საკითხებზე პასუხების შემუშავებისთვის.

კარგად უნდა დავფიქრდეთ, როგორ მოვიქცეთ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტის შემთხვევაში, მაგალითად, კონფლიქტის ესკალაციის ან საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში, ან, შეიძლება, საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების. ამასთან, წინა პლანზე უნდა დადგეს ეროვნული უსაფრთხოება და სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცება.

– გასაგებია, რომ არ უნდა ველოდოთ საქართველოსგან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არც მოკლევადიან, არც საშუალოვადიან და, ვშიშობ, არც გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვილაპარაკოთ რაიმე სახის კონტაქტების შესაძლებლობაზე ეკონომიკურ საკითხებზე, კონკრეტულ პროექტებზე?

– პოლიტიკურ საკითხებზე ჩვენი პოზიცია ნათელია. აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არ შეიძლება რაიმენაირი მოლაპარაკებების საგანი იყოს. სხვა სფეროში კონტაქტები კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ავკრძალოთ, მაგრამ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების პირობებში, გარკვეული კონტაქტების, ურთიერთობის აკრძალვა ფაქტობრივად შეუძლებელია. ხომ ვიცით, რომ ჩვენი მოქალაქეები სამკურნალოდ საქართველოში დადიან, იქიდან საქონელი შემოაქვთ, გალის რაიონის მცხოვრებლები იქ სოციალური დახმარებებისა და პენსიების მისაღებად დადიან…

ყოველთვის ვუბრუნდებით იმას, რომ შიგნით უნდა შევდგეთ, როგორც სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით. ჩვენ რომ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა გვქონდეს, მაშინ აფხაზეთსა და საქართველოს შორის სასაზღვრო ურთიერთობის საკითხებს, იმავე სამედიცინო თემას გვერდს ვერ ავუვლიდით.

თუკი ადრე საქართველოში სამკურნალოდ მოგზაურობის ერთეული შემთხვევები იყო, ახლა გამოაცხადეს რიცხვი – დაახლოებით 5 ათასი ადამიანი 2020 წელს. ჩვენ რომ იგივე ჯანდაცვის განვითარების პროგრამა გვქონდეს, ზუსტად გვეცოდინებოდა, რომელი ნიშა შეგიძლია დავიკავოთ და რა ვქნათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწიოთ სამკურნალოდ წასვლა. ასე კი გამოდის, რომ სახელმწიფო უშვებს ჩვენს მოქალაქეებს სამკურნალოდ საქართველოში, რადგან საზღვრის გადაკვეთის საბუთს მათ ხომ სახელმწიფო სტრუქტურა აძლევს.

ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამული მიდგომა ცალკეულპუნქტიანი პროექტების ნაცვლად, მრავალი საკითხის გადაჭრაში დაგვეხმარებოდა.

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საქონლისა და ტვირთის გადაადგილება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე და ეს ლეგალური თვალსაზრისით კონტრაბანდად ითვლება, ვინაიდან არსებობს პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის 2007 წლის შესაბამისი ბრძანებულება სასაზღვრო ვაჭრობის აკრძალვის შესახებ.

ჩვენი მიდგომა (მხედველობაში მაქვს ჩემი კოლეგების სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრიდან) იმაში მდგომარეობს, რომ არ შემოვიტანოთ საზოგადოებაში სხვადასხვა სადავო იდეები, პროექტები და წინადადებები, თავდაპირველად დავამუშაოთ ის ექსპერტულ დონეზე სამუშაო ჯგუფებში, სპეციალისტების, მეცნიერების, პარლამენტის დეპუტატების ჩართულობით და მხოლოდ ამის შემდეგ გავიტანოთ ის ფართო აუდიტორიაში, საზოგადოებაში. ჩვენს ქვეყანაში ბევრი თემა ხდება პოლიტიკური სპეკულაციის საგანი წინასაარჩევნოდ ან როცა საჭიროა მორიგი აქციის მოწყობა. სახელმწიფოებრივი საკითხები ასეთი ოპორტუნისტული მიდგომით არ წყდება.

– შეგვიძლია თუ არა, პოლიტიკური პოზიციების დათმობის გარეშე, ვიპოვოთ ეკონომიკური განვითარების გზების განბლოკვის საშუალება?

– მეჩვენება, რომ დღეს საერთაშორისო პროექტები ვირტუალური იქნება. შეგვეძლება ის წარმოვიდგინოთ, მაგრამ მათი განხორციელება შეუძლებელია. უნდა მოვიშოროთ შიდა ბლოკატორები. თუკი ამას არ გავაკეთებთ, არ აღმოვჩნდებით მზად არანაირი ერთობლივი საერთაშორისო პროექტებისთვის.

– რომელ ბლოკატორებზეა საუბარი?

– ეს ჩვენი კანონმდებლობის არასრულყოფილებაა, ჩვენი საარჩევნო სისტემის არასრულყოფილება, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის არარსებობა. ასეთ პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ღირებულ წინადადებებს მივიღებთ. და თუკი მივიღებთ, ნაკლებად მოვახერხებთ მათში ეფექტიანად, ქვეყნისთვის სასარგებლოდ მონაწილეობას.

რაც შეეხება საქართველოსთან თანამშრომლობას, ნებისმიერ ეკონომიკურ პროექტს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური შემადგენელი. დღეს ეს არარეალურია. თუკი საქართველო ისეთ ძლიერ ბლოკატორს მოხსნის, როგორიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონია, მაშინ, შეიძლება, მკვდარი წერტილიდანაც დავიძრათ.

ერთ-ერთი ჩვენი ბიზნესმენის ცოტა ხნის წინანდელმა შემთხვევამ აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მზად ერთობლივი პროექტებისთვის. ნებისმიერ ბიზნესპროექტს აქვს მისამართი, მისამართი – ეს არის ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე კი საკუთარი კანონები მოქმედებს, ადამიანები ცხოვრობენ თავიანთი ისტორიით, კულტურით, სამყაროს აღქმის თავისებურებებით. ამ ყველაფერზე გადახტომის შემდეგ, პოლიტიკური, სამართლებრივი, მორალური ასპექტების გვერდის ავლით, ცალკეული ბიზნესმენები ვერ შეძლებენ ერთობლივი ეკონომიკური პროექტის განხორციელებას. მსგავსი მცდელობა ბევრ შეკითხვას გააჩენს.

ჩვენ სამართლებრივი დოკუმენტები არ გვაქვს, რომლებიც ნათლად მოახდენდნენ იმის რეგლამენტირებას, ვისთვის და რა მიზნებით შეიძლება, ვისთვის და რატომ არ შეიძლება ქართულ-აფხაზური საზღვრის გადაკვეთა. დღეს, როგორც უკვე ვთქვი, ადამიანები საზღვარს კვეთენ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მიცემული ნებართვებით. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თავის ყოფილ თანაშემწესთან დაკავშირებულ ინციდენტზე თქვა, რომ არანაირი დოკუმენტი არ გვაქვს, სადაც ჩაწერილი იქნებოდა, რომ კერძო პირს არ შეუძლია საქართველოს ესტუმროს. ჩვენ თუ არ შევქმენით მარეგულირებელი დოკუმენტები, მაშინ ეს ჩვენი პრობლემაა.

და აქ საქმე ის არ არის, აკრძალო თუ ნება დართო, არამედ ის, რომ საბუთების გარეშე, წესების გარეშე, კანონების გარეშე, გამოდის, რომ ერთისთვის შეიძლება, მეორისთვის – არ შეიძლება, მესამე – საერთოდ საქმის კურსში არ არის, რა ხდება. სერიოზული სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე რაიმე პროექტის დაწყება არაპერსპექტიულია.

– როგორ ფიქრობთ, ვის შეუძლია მხარი დაუჭიროს აფხაზეთის განბლოკვის იდეას, მაგალითად, იმავე სატრანზიტო გადაზიდვების პროექტის რეალიზაციას?

– თუკი ისეთი პროექტი იქნება, რომლითაც დაინტერესებულია რამდენიმე ქვეყანა და თუკი რაიმე, პირობითად ზესახელმწიფოებრივი ფორმატი იქნება ექსპერტების დონეზე. მაგრამ ეს მეორე ნაბიჯია, პირველი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა გადადგას. საუბარია აფხაზეთთან სხვადასხვა ქვეყნის პირდაპირი, მათ შორის ეკონომიკური კავშირების აკრძალვების მოხსნაზე, რაც გაწერილია მათ კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

უკვე ამის შემდეგ, ყველა, ვინც დაინტერესებულია იმავე აფხაზეთის გავლით საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვების პროექტით, შეძლებდა შეემუშავებინა მოქმედებების შემდგომი ალგორითმი პროექტის განსახორციელებლად მისი ყველა მონაწილის სასარგებლოდ.

– და რომელი პროექტი შეიძლება გახდეს აფხაზეთისთვის გარღვევა, თუკი შეზღუდვები მოიხსნება?

– ახლა რთულია ლაპარაკი კონკრეტულ პროექტებზე, მაგრამ მაინც, მე მაინც ვფიქრობ, რომ სატრანზიტო პროექტები სასარგებლო იქნება არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

– საჭიროა გარკვეული დათმობები საქართველოს მხრიდან?

– ჭადრაკთან რომ გავავლოთ პარალელი, ჩვენი სვლა გავაკეთეთ, ახლა საქართველოს რიგია.

– ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯზეა საუბარია?

– ომში გამარჯვების შემდეგ, ჩვენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია მივიღეთ, რეფერენდუმი ჩავატარეთ და მივიღეთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აქტი.

– და საქართველომ არ გვაღიარა.

– მაგრამ 2008 წელს რუსეთმა გვაღიარა. ჩემს საველე კვლევით მუშაობაში არსად მინახავს, რომ ჩვენი მოსახლეობა რუსეთს ოკუპანტად და ჩვენი ტერიტორიის დამპყრობლად მიიჩნევდეს.

ჩვენ, ჯერ კიდევ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებულ სტრატეგიული კვლევების ცენტრში მუშაობისას გვქონდა წვდომა სხვადასხვა კვლევასთან. ჩვენ თვითონაც 2015 წელს ჩავატარეთ საერთო ეროვნული კვლევა. აფხაზეთის არცერთ რაიონში, რა ეროვნებისაც არ უნდა ყოფილიყვნენ რესპონდენტები, არავის არ უთქვამს, რომ ისინი აფხაზეთში რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპირების შეგრძნებით ცხოვრობენ. ჩვენ ახლაც, უკვე სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრში, სიტუაციის მონიტორინგს ვახდენთ და არავინ არ იზიარებს საქართველოს ხედვას იმის შესახებ, რომ აფხაზეთი ოკუპირებული ტერიტორიაა.

– და მაინც, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სატრანზიტო კავშირის პროექტს?

– ამით დაინტერესებულია რუსეთიც, აფხაზეთიც, სომხეთიც და საქართველოც. მაგრამ თუკი მსგავს პროექტს გაახმოვანებს ცალმხრივად ან აფხაზეთი ან საქართველო ან რუსეთი, ეს იქნება ინფორმაციის მორიგი ჩაყრა, რაც ჩვენი მოსახლეობის შეშფოთებასა და აღელვებას გამოიწვევს.

ვიმეორებ, მაგრამ მოქმედების ალგორითმი ასეთი უნდა იყოს: თავდაპირველად პროექტის იდეა ფურცელზე იწერება, განიხილება ექსპერტების დონეზე, შემდეგ განიხილება ეროვნული სახელმწიფოების დონეზე და ასე შეიძლება მივიდეთ საერთო მნიშვნელთან. ქცევის სხვა ალგორითმი მე უპერსპექტივოდ მეჩვენება.

კითხვაზე პასუხისას, რაში მდგომარეობს რუსეთის ინტერესი, ისტორიული მიდგომა გამომრჩა. ისტორია – ეს ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია. და რა დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთის ისტორიისადმი? როგორ ვუფრთხილდებით, ვაფასებთ მას? მართლა ვცემთ პატივს სახელმწიფოს ისტორიას? არ გახდა აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელო სასამართლო გარჩევის საგანი? თბილისშიც კი ვერ მოიფიქრებდნენ ასეთ რამეს. და ვინ დაიცვა ჩვენი ისტორია და ჩვენი სახელმძღვანელო? პრეზიდენტმა, მაგრამ არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინმა, როდესაც ქართველი ჟურნალისტის გამოხტომას უპასუხა. ჩვენ და მთელ მსოფლიოს შეახსენა ჩვენი ისტორია.

შეიძლება, ჩვენ ისტორიიდან გაკვეთილები ვერ გამოვიტანოთ, შეცდომები გავიმეოროთ, 2-3 სკამზე ერთდროულად ვისხდეთ? ეს სახიფათოა. მართალია, ახლა ალაპარაკდნენ მრავალვექტორულ პოლიტიკაზე. ჩემთვის რთული გასაგებია, რას იძლევა ვექტორების ჯამი პოლიტიკაში, მაგრამ გეომეტრიაში არსებობს წესი: ყველაზე მთავარი – ეს არის ვექტორის მიმართულება და თუკი ერთი წერტილიდან რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების ვექტორს გამოვიყვანთ, შეიძლება შეჯამებისას ნულოვანი შედეგი მივიღოთ. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ ასე პოლიტიკაში მოვიქცევით, მაშინ დავხარჯავთ შეზღუდულ ძალებს და შეიძლება ნულოვანი შედეგი მივიღოთ.

ამიტომ, ამ ისტორიულ ეტაპზე, თუკი რუსეთი – ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა (ჩვენ ხომ არავინ გვაიძულებდა რუსეთთან სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას), ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ და შევასრულოთ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები. ისე მოხდა, რომ უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში, რუსი და აფხაზი ხალხები კულტურულადაც და ისტორიულადაც, თუკი ვექტორის ცნებას გამოვიყენებთ, ერთი მიმართულებით მიდიან. რაში გვჭირდება სხვა ვექტორები? განა შეგვიძლია ასე გაფანტვა?

მნიშვნელოვანი მომენტი – საზოგადოების დაშლა და ერთიანობის არარსებობა. საგარეო საფრთხე, დაურეგულირებელი კონფლიქტი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფაქტორი იყო. დღეს ეს ფაქტორი ნაკლებად მუშაობს (თუმცა, მისი დაუფასებლობაც არ შეიძლება).  ჩვენთვის აუცილებელია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის ძალისხმევის გაერთიანება, რომლებიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ბედით არიან შეშფოთებული და ერთი მიმართულებით სიარული – ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების, მომავალი თაობის განათლებისა და კულტურის დონის ამაღლების.

მსგავსი სტატიები