„აფხაზეთს თუ უნდა რომ ანგარიშს უწევდნენ, კი არ უნდა განდევნოს, არამედ მოიზიდოს დასავლეთი“ – ვიდეო დისკუსია

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთი და დასავლეთი

აფხაზეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს შეზღუდოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ან თუნდაც მთლიანად უარი თქვას მათთან კონტაქტებზე. რამ გამოიწვია ეს და რას გამოიწვევს მომავალში? შეესაბამება თუ არა გარე სამყაროსგან იზოლაცია სოხუმის ინტერესებს და როგორ იმოქმედებს ეს მის განვითარების პროცესზე? და ასევე, როგორი იყო მისი ისტორიული ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან?

ამ თემებზე “ჩეგემსკაია პრავდას” აფხაზური გამოცემის ეთერში ისაუბრეს რედაქტორმა და წამყვანმა ინალ ხაშიგმა, ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის თანადირექტორმა ლიანა კვარჩელიამ და ისტორიკოსმა ასტამურ ტანიამ.

თემაზე „აფხაზეთი და დასავლეთი“ დისკუსიის სრული ვიდეო:

ლიანა კვარჩელია:

„თუ ჩვენ გვინდა ვიხილოთ აფხაზეთი, როგორც საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა ავაწყოთ ურთიერთობა გარე სამყაროსთან. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ შეგვეძლება ვისაუბროთ ფართო აღიარებაზე, რომელიც ხსნის ძალიან დიდ შესაძლებლობებს და არა მხოლოდ ეკონომიკურს. ეს იქნება გარანტი იმისა, რომ საქართველოს მოუწევს უარი თქვას პრეტენზიებზე ჩვენს ტერიტორიაზე.

რა თქმა უნდა, დღეს საერთაშორისო ვითარება შესამჩნევად გაუარესდა. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის არხების შენარჩუნება და საკმაოდ რთულია, მაგრამ ეს როგორმე უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენ შევამცირეთ ინიციატივის ხარისხი, რაც მანამდე გვქონდა. ადრე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აფიქსირებდნენ აფხაზეთის პოზიციას მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე. შეგახსენებთ, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტი მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან არ უნდა დავიწყოთ.

ამ ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ყურადღება სხვაგან გადაეტანა – მას შემდეგ საქართველო ცდილობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტი წარმოაჩინოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტად, ხოლო თავად საქართველო წარმოჩინდეს როგორც მსხვერპლი. 1992 წლის მოვლენები და საქართველოს, როგორც აგრესიის ინიციატორის როლი, თითქოს, ბუნდოვანია.

ჩვენ ჩვენს დონეზე ვცდილობდით გადმოგვეტანა ეს სიმართლე. ოფიციალურ დონეზე ჩვენი ძალა შეზღუდულია, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების, ექსპერტთა საზოგადოების დონეზე ასეთი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

და ჩვენ ვიყენებთ მას საკმაოდ სერიოზულ ინტერნეტ პლატფორმებზე – აფხაზეთის შესახებ იქ მიწოდებული ინფორმაციის წყალობით ჩამოყალიბდა ადეკვატური იდეა – როგორც რესპუბლიკა, სადაც საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, სადაც არის გარკვეული წარმატებები დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაში.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა ერთგვარი გაპრიალებული სურათი. ჩვენ იქ ვსაუბრობთ არსებულ პრობლემებზეც და ეს არის არჩეული გზისადმი ნდობის მაჩვენებელი, რადგან ჩვენ ასევე განვიხილავთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს.

შემდეგ დაიწყო პანდემია და დავპაუზდით. ამავე დროს, დაიწყო კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ყველა ამ მცდელობის დისკრედიტაციის მიზნით.

არ მესმის, რატომ ეძებს აფხაზეთი საბაბს საერთაშორისო საზოგადოებისგან თავის დასაღწევად. მესმის, რომ ეს არის პასუხი ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, რომ არ აღიაროს აფხაზეთში გაცემული რუსული პასპორტები. ვეთანხმები, რომ ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებაზე აუცილებელია რეაგირება, მაგრამ არა ამგვარად.

ჩვენი ამოცანაა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ მოლაპარაკებების მხარე და არა ფორმარულად მონაწილეები, როგორც ეს ახლა ხდება ჟენევის ფორმატში. გაუგებარია, როგორ დაეხმარება ამას აფხაზეთის უარი საერთაშორისო ასპარესზე ყოფნაზე?

რაც შეეხება პასპორტებს, უფრო მიზანშეწონილი იქნება აფხაზური პასპორტების სამგზავრო დოკუმენტად ცნობის საკითხი დაჟინებით მოთხოვნა.

ისინი წყვეტენ თავიანთ გეოპოლიტიკურ ამოცანებს ჩვენი გადაადგილების უფლების შეზღუდვით და ჩვენ კი არ უნდა დავგმოთ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება, არამედ ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, და ეს ნამდვილად არ ნიშნავს ურთიერთობის დასრულებას. ხვალ საერთაშორისო ვითარება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.

ასტამურ ტანია:

ყოველთვის ადვილია საუბარი იმ ადამიანებთან, ვისთანაც სრული გაგება გაქვს. მაგრამ, სამწუხაროდ, სამყარო გაცილებით უფრო რთულადაა მოწყობილი.

ჩვენ გვქონდა გულუბრყვილო პერიოდი, როცა ითვლებოდა, რომ წახვალ და სიმართლეს ეუბნები აფხაზეთზე – და არავინ იქნებოდა, ვინც დარჩებოდა გულგრილი.

მართლაც, იყო ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში ომის დროს გამოეხმაურა ჩვენს პრობლემებს. მათ დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ კიდევ უფრო ფართო წრის ინფორმირებაში.

თუმცა, ჩვენი პროპაგანდისტული შესაძლებლობები არც კი შეედრება ქართულ პროპაგანდისტულ შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ ჩვენ მიერ დაკავებული პლატფორმა არ დაგვეკარგა – როგორც საინფორმაციო, ისე პოლიტიკურ სივრცეში – საჭირო იყო მისი მუდმივი მხარდაჭერა და გაფართოება.

სასაცილო იყო, როდესაც ვლადისლავ არძინბას [აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი] გაეროს გენერალურ მდივანთან მიმოწერა ჰქონდა და იქიდან მოვიდა პასუხი, სადაც ეწერა: “პროფესორ არძინბას.” არ გვცნეს, ამიტომ სიტყვა „პრეზიდენტი“ არ დაწერეს.

შემდეგ ვლადისლავ გრიგორიევიჩი სხვა წერილში რიგ პრობლემებზე, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე გალის რაიონში, სადაც მაშინ გაეროს მისია იყო განთავსებული, წერილის ბოლოს წერდა: „მინდა აღვნიშნო, რომ მე აფხაზეთს ვხელმძღვანელობ არა როგორც მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, არამედ როგორც პრეზიდენტი და მომავალშიც გთხოვთ მოიძიოთ შესაბამისი ფორმა მიმართვისთვის“.

მათ, რა თქმა უნდა, არც ამის შემდეგ დაიწყეს „პრეზიდენტის“ წერა, მაგრამ მათ ქვეყნის მეთაურისთვის მიმართვის უფრო შესაფერისი ფორმა აირჩიეს: „თქვენო აღმატებულებავ“.

შემდეგ კი ყველამ დაიწყო მისთვის ამ ფორმით მიმართვა, რადგან თავად გაეროს გენერალურმა მდივანმა გამოიყენა ეს მიმართვა.

პროგრესი ჩვეულებრივ მიიღწევა მცირე ნაბიჯებით.

მახსოვს, იყვნენ ელჩები, რომლებიც საქართველოს მეგობრების ჯგუფში იყვნენ გაეროს გენერალური მდივნისგან. მათთან საუბარი ყოველთვის რთული იყო. მათ დაიწყეს სრული გაუგებრობით და მათ ნამდვილად არ მოსწონდათ იმის მოსმენა, რასაც ჩვენი პრეზიდენტი საუბრობდა.

არძინბას მოეჩვენა, რომ ისინი ბოლომდე ვერ გაიგებდნენ არსებულ პრობლემას, თუ არ გაითავისებდნენ ამ კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებს. და ის რეალურად უხსნიდა ყველაფერს.

მათ პირდაპირ თქვეს, რომ დაიღალნენ ისტორიით, მაგრამ საბოლოოდ, შეიქმნა უფრო სანდო ურთიერთობები, რამაც შესაძლებელი გახადა კონკრეტული პრობლემების გადაჭრა – როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე ჰუმანიტარული საკითხები.

კერძოდ, ასეთი კონტაქტების შედეგად სოხუმის სამშობიარო სახლი ამერიკული ფულით გარემონტდა. მრავალი წლის შემდეგ, სამშობიარო კვლავ გარემონტდა, მაგრამ უკვე რუსული ფულით.

სირაქლემას პოლიტიკა არ იძლევა ხელშესახებ ეფექტს. ასეთმა პოლიტიკამ შეიძლება მიგვიყვანოს მხოლოდ იმ ფაქტამდე, რომ თქვენ დაგავიწყდეთ ყველაფერი.

აუცილებელია ამ კედლების გარღვევა სხვადასხვა ადგილას. უნდა გავაფართოოთ ჩვენი ინფორმაციის ზონა – ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე.

საჭიროა არა ულტიმატუმის ენაზე საუბარი, არამედ არგუმენტების ენაზე.

უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზეთი არ არის ზესახელმწიფო, ეს არის პატარა რესპუბლიკა. გარდა ამისა, რაც არ უნდა ცუდად იყოს აღქმული ჩვენი ყურისთვის, როგორც სამხრეთ კავკასია, ისე აფხაზეთი – როგორც მისი განუყოფელი ნაწილი – პერიფერია დიდი სამყაროსთვის. არის უფრო მნიშვნელოვანი რეგიონები, პოლიტიკურად და ეკონომიკურად, სადაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯახებიან და თანხმდებიან. რუსეთისთვის, თურქეთისთვის და ირანისთვის ეს მნიშვნელოვანი რეგიონია, სხვებისთვის კი მეორეხარისხოვანი.

ახლა მსოფლიო გადის მთავარ მოთამაშეებს შორის ურთიერთობების რესტრუქტურიზაციის კიდევ ერთ ეტაპს. და ჩვენ უნდა გავიგოთ რა ხდება ამ ახალ რეალობაში. ჩვენ უნდა ვიყოთ აფხაზეთისთვის ხელმისაწვდომ ყველა პლატფორმაზე, ვისაუბროთ ჩვენს ინტერესებზე, შევეცადოთ ინტეგრირება სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის სატრანზიტო პროექტებში.

არავისთან კონტაქტის გარეშე, თუ მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიით ან ფეისბუქის განცხადებებით შემოვიფარგლებით, ჩვენი პრობლემები ვერ მოგვარდება. ეს არის ბევრად შრომატევადი და თანმიმდევრული სამუშაო, ზოგჯერ ამას მრავალი წელი სჭირდება ეს სამუშაო უნდა იყოს უწყვეტი, მას არ შეიძლება ჰქონდეს დასასრული.“

მსგავსი სტატიები