აფხაზეთის შესვლა საკავშირო სახელმწიფოში: „ცრუ ფანდი” თუ უალტერნატივო არჩევანი?

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთი საკავშირო სახელმწიფოში

მიუხედავად იმისა, რომ რეალური წინაპირობები არ არსებობს, აფხაზეთი აქტიურად განიხილავს შესაძლო შესვლას რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში.

რამდენად შესაძლებელია “ტექნიკურად” ეს?

საკავშირო სახელმწიფო არის რუსეთისა და ბელარუსის ზენაციონალური წარმონაქმნი, გაერთიანებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, იურიდიული, ჰუმანიტარული და სხვა სივრცეებით.

საკავშირო სახელმწიფოს წესდების თანახმად, მასში გაწევრიანება შეუძლია მხოლოდ იმ ქვეყანას, რომელიც უკვე არის გაეროს წევრი. აფხაზეთი არ არის გაეროს წევრი, ბელარუსი კი ოფიციალურად არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას.

“აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის საკითხს სოხუმის ხელისუფლება შიდა პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად იყენებს”, – დარწმუნებულია ეკონომისტი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი ახრა არისტავა.

არც ბელარუსი და არც რუსეთი სერიოზულად არ განიხილავენ აფხაზეთს საკავშირო სახელმწიფოს წევრად.

მაგრამ ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის პერსპექტივა საერთოდ არ არსებობს, რადგან მათ შორის საქმიანი პარტნიორობა უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია და გრძელდება.

ყველი და ღვინო

სოხუმის მთავარ სუპერმარკეტში ბელარუსის რძის პროდუქტებით სავსე მაცივართან ყოველთვის ხმაურია. ყველაზე პოპულარულია ყველი და კარაქი. 2014 წლიდან, როდესაც ევროპიდან ყველაზე პოპულარული საკვები პროდუქტების ექსპორტი რუსეთში და შესაბამისად, აფხაზეთში აიკრძალა, ბელარუსმა დაიწყო ამ ნიშის განვითარება სურსათის ბაზარზე.

“ლიეტუვურ პარმეზანს კიდევ მეტ-ნაკლებად კარგი გემო ჰქონდა, მაგრამ ბელარუსული პარმეზანი მანქანის საბურავს უფრო ჰგავს”, – იცინის ერთ-ერთი მყიდველი.

უფრო მეტი ვიზიტორია იმედგაცრუებული აფხაზური მაღაზიების თაროებზე წარმოდგენილი ბელარუსული პროდუქციის ხარისხით, განსაკუთრებით კი ბელარუსის ვიზიტორებს შორის.

ნატალია მიხალჩუკი:

„ჩვენ თვითონ ვცხოვრობთ ვიტებსკში და კარგად ვიცით რომელი პროდუქტების ყიდვა ღირს და რომლის – არა. ყველს, კარაქს და მსოფლიოში ყველაზე გემრიელ არაჟანს ვედროებით ვატანთ ჩვენს ახლობლებს რუსეთში, მაგრამ ასეთი მწარმოებლები აქ არ არიან. ყველაზე იაფი პროდუქტი შემოაქვთ აფხაზეთში“.

ფოტო: მარიანა კოტოვა

ბელარუსული საქონელი აფხაზეთის მაღაზიებში მანამდე გამოჩნდა, სანამ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა საუბრობდა აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების შესაძლებლობაზე. ანუ ეკონომიკური თანამშრომლობა ჯერ კიდევ არძინბას მინისტრობის დაკავებამდე დაიწყო. თუმცა, მის დროს ბელარუსის ბაზარი აფხაზური საქონლისთვის გაიხსნა. აფხაზეთში წარმოებული ღვინო, მინერალური წყალი და ხილის სოდა ბელარუსის მაღაზიებში გამოჩნდა.

ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის შესახებ ხელშეკრულებები 2023 წლის გაზაფხულზე გაფორმდა. შეთანხმებები ტურიზმის სექტორსაც შეეხო. ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის ნოემბერში, აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ბელარუსი “რესპუბლიკაში ახორციელებს მასშტაბურ პროექტს”, რომლის ღირებულებამ 50 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

„ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ჩვენ მივუახლოვდებით ჩვენი ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტებს“, – განაცხადა მაშინ ბჟანიამ.

დამაჯერებლობისთვის მან გაიხსენა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვები აფხაზეთში გამართულ შეხვედრაზე: „თუ ფიქრობთ, რომ პოლიტიკა აკონტროლებს ეკონომიკას, მაშინ ეს ღრმად მცდარი წარმოდგენაა. სინამდვილეში, ეკონომიკა მართავს პოლიტიკას“.

“არ მინდა რომელიმე გაერთიანებაში გაწევრიანება”

საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების იდეას დადებითად აღიქვამენ უფროსი თაობის აფხაზეთის მცხოვრებლები – ისინი, ვინც ახალგაზრდობა სსრკ-ში გაატარა.

ალა ლასურია პენსიონერია, ის 79 წლისაა. ის იღებს რუსულ პენსიას და თვლის, რომ ცხოვრობს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, მაგრამ, მისი აზრით, აფხაზეთის მომავალი საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაშია.

”რა, ცუდი იყო სსრკ-ში? ყველასთვის კარგი იყო. ჩვენ მეგობრულად ვცხოვრობდით, ყველასთვის ყველაფერი საკმარისი იყო. და ყველაფერი იქამდე მიდის, რომ საბჭოთა კავშირი მალე აღდგება. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება ისე, როგორც ადრე იყო, მაგრამ უკეთესი იქნება ვიდრე ახლაა. ჩვენ, მოხუცებს, აღარ გვაინტერესებს, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდებო, სირცხვილია რასაც ამბობთ. თქვენ არ გინახავთ კარგი ცხოვრება.”

ახალგაზრდებს განსხვავებული აზრი აქვთ. 19 წლის ამინა აიბა სტუდენტია. მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ისევე როგორც ბევრ ახალგაზრდას აფხაზეთში, მაგრამ გოგონა არ არის დარწმუნებული, რომ მის თაობას მეტი პერსპექტივა აქვს საკავშირო სახელმწიფოში:

„მამაჩემი და ორივე ბიძა იბრძოდნენ აფხაზეთის ომში და ამბობენ, რომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სახლს იცავდნენ. მაგრამ ომის შემდეგ მიხვდნენ, რომ მთავარი აფხაზეთის სახელმწიფოს შექმნა იყო. მხოლოდ ამ სტატუსში შეგვიძლია გადარჩენა, როგორც ეთნიკური ჯგუფს.

მე არ მინდა რომელიმე გაერთიანებაში გაწევრიანება, ჩვენ უნდა ვიყოთ დამოუკიდებლები.”

“არ გვაქვს ალტერნატივა”

მაგრამ ისინი, ვინც დღეს მართავენ აფხაზეთს, ესმით, რომ პროცესები გაცილებით რთულია და საერთაშორისო კონტექსტი კარნახობს მათ თავის პირობებს.

ასლან ბჟანიამ ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის უპირველესი პრიორიტეტი ბელარუსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის დამყარებაა და გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება საგარეო პოლიტიკური ვითარება.

„აფხაზეთი პატარა რესპუბლიკაა. ერთი მხრივ, გვაქვს იმპერია, რომელიც იცავს მის გეოპოლიტიკურ როლს, მეორე მხრივ, ქვეყანა, რომელთანაც გადაუჭრელი კონფლიქტი გვაქვს (საქართველო – JAMnews). ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, გარდა რუსეთთან და მის მოკავშირეებთან ურთიერთობების დამყარების და განმტკიცებისა.“ – განაცხადა ბჟანიამ.

მსგავსი სტატიები