აფხაზმა ომის ვეტერანმა თბილისში აქციის მონაწილეებს სოლიდარობა საჯაროდ გამოუცხადა

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზი ვეტერანის სოლიდარობა თბილისის მომიტინგეებს

აფხაზეთის ომის ვეტერანი და უმაღლესი სამხედრო ჯილდოს მფლობელი ლაშა ზუხბა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თბილისში მიმდინარე „უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს უჭერს მხარს. ამის გამო ის დაგმო აფხაზეთის ხელისუფლების ვეტერანმა პარტიამ „ამცახარამ“, ოპოზიციამ კი პირიქით, „ამცახარას“ „შერჩევითი მიდგომის“ გამო უსაყვედურა.

„ჩემი და ჩემი თანამოაზრე ადამიანების სახელით სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას. გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ ჩვენი პროტესტის მიმართ – უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტი ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

იმედია თქვენი ძალისხმევა არ იქნება უშედეგო და კანონი არ მიიღება. გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს მიზნის მიღწევაში“, – წერს ლაშა ზუხბა ფეისბუქზე.

სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში ამ პოსტმა მწვავე დისკუსია გამოიწვია. ძირითადად, ლაშა ზუხბა დაგმეს ქართული პროტესტის მხარდაჭერისთვის, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მას იცავდა და ვეტერანის სამხედრო ღვაწლზე იყო ორიენტირებული.

პროსამთავრობო ვეტერანმა პარტიამ „ამცახარამ“ მოუწოდა თავის კოლეგებს და ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, მორალური შეფასება მისცენ ლაშა ზუხბას სიტყვებს და ადანაშაულებენ მას აფხაზეთში მსგავსი საპროტესტო აქციების მომზადებაში:

„როგორ შეიძლება აფხაზეთის მოქალაქემ და აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანმა სოლიდარობა გამოუცხადოს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, რომელმაც 2008 წლის ომი წამოიწყო? უკიდურესი ნაციონალიზმის იდეოლოგიის მომხრეებს, რომლებიც უარყოფენ თვით აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის იდეას და დამოუკიდებლობას.

მეორეც: მოქალაქე ზუხბა თავისი სახელით და თავისი თანამოაზრეების სახელით მადლობას უხდის ქართველ ნაციონალისტებს ბიჭვნთის შეთანხმების საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის.

მესამე: მოქალაქე ზუხბა აანონსებს მომავალ პროტესტს აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპროტესტო აქციები თბილისში და მომავალი საპროტესტო აქციები აფხაზეთში კოორდინირებულია ერთი ცენტრიდან? და ბოლოს, შეკითხვა პირადად მოქალაქე ზუხბას: ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები?“

თავის მხრივ, უკვე ოპოზიციურმა ვეტერანთა ორგანიზაცია “არუამ” განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ლაშა ზუხბას განცხადებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გაკვირვებულია ამცახარის ბრალდებებით და მათ ორმაგი სტანდარტების გამოვლინებად მიიჩნევს.

„არუა“ საქართველოსთან დაკავშირებული თემების ჩამონათვალს აქვეყნებს, რაზეც „ამცახარას“ არავითარი რეაქცია არ ჰქონია:

  • აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის ფარული მოგზაურობა საქართველოს ტერიტორიაზე;
  • საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების აკრძალვის მოხსნა;
  • საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ჩამოსვლა აფხაზეთში და ა.შ.

მსგავსი სტატიები