ზაურ შალაშაა: ვისთანაც არ უნდა ვაწარმოებდეთ მოლაპარაკებებს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები პირველ რიგში უნდა იდგეს

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

Abkhazia-Inform-ვაგრძელებთ ინტერვიუების სერიას მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებთან აფხაზეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, მის განვითარებაზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების შესახებ, საერთაშორისო პროექტებზე, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს აფხაზეთისთვის, ასევე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს პოლიტიკური პოზიციების დათმობის გარეშე გარე სამყაროსთან კონტაქტისთვის გზების განბლოკვა.

მანანა გურგულიას კითხვებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ზაურ შალაშაა პასუხობს. 

– რამდენად თავისუფლად ვითარდება აფხაზეთი? რატომ იგვიანებს მოდერნიზაციის პროცესები სხვადასხვა სფეროში?

– აფხაზეთმა მისი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ მიიღო მეტი შესაძლებლობა თავისუფალი განვითარებისთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად და კულტურულად. თუმცა, არის სფეროები, სადაც ჩვენს სახელმწიფოს არ შეუძლია სრული მოცულობით შეასრულოს თავისი ფუნქციები. კერძოდ, ეს შეეხება ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას – ქვეყნის დაცვას. ეს გამოწვეულია ჩვენივე შეზღუდული რესურსებით – როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკური. 

2009 წლის 15 სექტემბერს, რუსეთმა და აფხაზეთმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებას, რესპუბლიკის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და კონტროლის უზრუნველყოფას და საზღვაო ზონაში ურთიერთქმედებას. ამ დოკუმენტის შესაბამისად, რუსეთს მიცემული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ბაზების მშენებლობის, გამოყენებისა და სრულყოფის შესაძლებლობა, ასევე, ერთობლივი სამხედრო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს. ამ შეთანხმების გაფორმებით, აფხაზეთის ხელისუფლება შეგნებულად წავიდა საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვაზე, მაგრამ ეს მოხდა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ის გარემოება, რომ აფხაზეთი მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა, ხელს უშლის მის ჩართვას მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში. ანუ არ არის კაპიტალის, რესურსების, ხალხის თავისუფალი მოძრაობა და ა.შ. წინააღმდეგობები შეინიშნება პოლიტიკური თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება ტექნოლოგიურ განვითარებას, აფხაზეთს არ აქვს საკუთარი საწარმოები, რომელსაც შეეძლებოდა თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობის წარმოება, ამიტომ იძულებულია მისი იმპორტი განახორციელოს სხვა ქვეყნებიდან.

ამავდროულად, გვაქვს საკმაოდ მსხვილი საწარმო გადამამუშავებელ მრეწველობაში, კონკრეტულად, ღვინის მრეწველობაში, ისეთი, როგორიცაა შპს „აფხაზეთის ღვინო და წყლები“, რომელშიც 2000 წელს მოდერნიზდა მთელი წარმოების ციკლი და დამონტაჟდა ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობა. კომპანიის „აფხაზეთის ღვინო და წყლები“ ხელმძღვანელობა სწორად მოიქცა, როდესაც მოიწვია სპეციალისტ-კონსულტანტები იტალიიდან და ასწავლა ჩვენს სპეციალისტებს. დღეს, ეს წარმოება წარმატებით ვითარდება და კონკურენტუნარიანია არა მხოლოდ რუსეთის ბაზარზე. ინოვაციურ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ კომპანიები „ა-მობაილი“ და „აკვაფონი“, რომლებიც მობილური კავშირის ოპერატორები არიან. თუმცა, შპს „აფხაზეთის ღვინო და წყლებისგან“ განსხვავებით, ისინი რუსული კომპანიების, „მეგაფონისა“ და „ბილაინის“ შვილობილი კომპანიებია. თუკი თავდაპირველად მობილური კავშირის ოპერატორები ადგილობრივი კადრების დეფიციტს განიცდიდნენ და რუს სპეციალისტებს იწვევდნენ, ეტაპობრივად სიტუაცია გამოსწორდა. დღეს ამ კომპანიების თანამშრომელთა 95% ადგილობრივი კადრია, იქ ბევრი კვალიფიციური IT-სპეციალისტია.

– რა შეზღუდვებსა და რომელ სფეროებში აწყდება აფხაზეთი ნაწილობრივი აღიარების გამო?

– ეროვნული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში – იქნება ეს სამრეწველო ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ბანკები და სხვა. ჩვენ, თავის დროზე, 2015 წელს, აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ბაზაზე შევიმუშავეთ „2025 წლამდე აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია“, რომელიც 2016 წელს მიიღეს. იქ მოცემული იყო ეროვნული ეკონომიკის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის დარგების SWAT ანალიზი. და ჩვენ ყველგან აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის ეროვნული ეკონომიკის ყველა სფეროს განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა არის საქართველოსთან დაურეგულირებელი კონფლიქტი. როგორც კი რომელიმე ორგანიზაცია ან ფირმა, იქნება ეს რუსეთიდან, დასავლური ქვეყნებიდან, აზიიდან ან ლათინური ამერიკიდან, დაინტერესდება აფხაზეთით და იწყებს მოლაპარაკებებს ჩვენს ხელისუფლებასთან ერთობლივი წარმოების ან ინვესტიციების ჩადების შესახებ, ის მაშინვე ხვდება სანქცირებულთა სიაში, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ქართული კანონმდებლობის დამრღვევი. სერიოზული პრობლემები ჩნდება ფინანსების მოძრაობასთან, ფულად გზავნილებთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები ბანკების მუშაობას აკონტროლებენ. პრობლემები ჩნდება სამუშაო ძალის გადაადგილებასთან დაკავშირებითაც. მაგრამ აქ შედარებით მარტივად არის საქმე, რადგან ჩვენთან სამუშაოდ ჩამოდის მუშახელი შუა აზიის რესპუბლიკებიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან. არიან ბალტიისპირელებიც. მიგრაციის სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს აფხაზეთში 10 ათასი ადამიანი მუშაობდა შუა აზიის ქვეყნებიდან. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ ადამიანები, რომლებიც დაკავებული იყვნენ არაკვალიფიციური შრომით, არამედ მშენებლობის, ენერგეტიკის და სხვა სფეროების სპეციალისტები.

აშშ და დასავლური ქვეყნების უმეტესობა, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს და ეწინააღმდეგებიან რუსეთს, ასევე ხელს უშლიან აფხაზეთს. აფხაზეთის რეალური დამცველი, მისი სამხედრო უსაფრთხოების გარანტი, სტრატეგიული პარტნიორი არის რუსეთი. შეუფასებელია ის ფინანსური დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უწევს აფხაზეთს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

–  განვითარების თვალსაზრისით აფხაზეთისთვის საინტერესო რომელი პროექტები და შესაძლებლობები არ არის ხელმისაწვდომი იმ შეზღუდვების გამო, რომელიც დაკავშირებულია კონფლიქტის მოუგვარებლობასთან?

– ბოლო დროს ჩვენთან ხშირად ამოტივტივდება ხოლმე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და მათ მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მიღებული გრანტების თემა. ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება მინდა გამოვთქვა. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, აფხაზეთის პირველმა პრეზიდენტმა სოროსის ფონდს რესპუბლიკაში ფილიალის გახსნის საშუალება მისცა. ამ ფილიალს ხელმძღვანელობდნენ ქვეყანაში ძალიან ცნობილი, პატივსაცემი ადამიანები. დაფინანსდა ბევრი საინტერესო და აფხაზეთისთვის საჭირო პროექტი, მათ შორის, საგანმანათლებლო, გამოიცა უამრავი წიგნი.

ადგილი ჰქონდა შერეული დელეგაციების ვიზიტებს საზღვარგარეთ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როგორც ოფიციალური პირები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამ დელეგაციების შემადგენლობები თანხმდებოდა ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთან.

პრეზიდენტს საჭიროდ მიაჩნდა, რომ აფხაზეთი, თუნდაც პირადი სახით, წარმოედგინათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ოფიციალურ პირებს. მე თვითონ, პარლამენტის დეპუტატის რანგში, ორჯერ ვიმოგზაურე ავსტრიაში, ვიყავი გერმანიაშიც. შეხვედრებში ქართული მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე ოფიციალური პირები. ეს შეხვედრები საშუალებას გვაძლევდა, უკეთესად გაგვეგო, რას ფიქრობდა ქართული მხარე, მათთვისაც გაგვეცნო ჩვენი ხედვა, ჩვენი ინტერესები და შიში. ერთხელ კითხვა დამისვეს, როგორ შემეძლო მონაწილეობა სამშვიდობო პროექტებსა და შეხვედრებში, თუკი თვითონ ვომობდი, რაზეც ვუპასუხე: „ეს აფხაზეთი კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ საქართველო შემოვიდა ჯარებით აფხაზეთში და ომი გააჩაღა. მე საკუთარ მიწას, საკუთარ სახლს და საკუთარ ოჯახს ვიცავდი“.

ამ შეხვედრების ორგანიზატორები იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი ხომ ასე თუ ისე დაკავშირებული არიან ოფიციალურ ხელისუფლებასთან, ამზადებენ ანალიტიკურ ანგარიშებს, ცნობებს. და აი, ასე ვცდილობდით გამოგვეყენებინა ეს შესაძლებლობა, რათა აფხაზეთის ხედვა მიგვეტანა სხვა ქვეყნებამდე.

განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ აფხაზური მხრიდან ყველა მონაწილე – როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე ოფიციალური პირები – ერთ ხედვას მისდევდნენ და იცავდნენ აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო-პოლიტიკურ კურსს.

ასეთი შემთხვევა მახსენდება: ქართულ დელეგაციაში დამატებით ჩართული იყო ერთი ადამიანი, ე.წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი. ეს იყო ცნობილი ექიმი, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, ნაპოლეონ მესხი. როგორც ცნობილია, აფხაზეთში ე.წ. ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებთან რაიმე სახის შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობის წინააღმდეგი იყვნენ. ჩვენც დავაფიქსირეთ პროტესტი. მაგრამ საბოლოოდ, ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, მეორე დღეს გავაგრძელეთ მუშაობა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ის ქართველ მონაწილეებს უფრო ეკამათებოდა, ძალიან გულახდილად და გულწრფელად საუბრობდა სამხედრო კონფლიქტზე. მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ 1991 წელს არჩეული აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ქართულმა ნაწილმა არ გამოხატა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია 1992 წლის აგვისტოში, რკინიგზის დაცვის საფარქვეშ საქართველოს სახელმწიფოს ჯარების აფხაზეთში შეყვანის წინააღმდეგ.

ბოლო პერიოდში ვხედავ, ბევრი შიშობს, რომ დასავლური ფონდები ასე უბრალოდ არაფერს აფინანსებენ, რომ მიდის „ტვინების დამუშავება“, განსაკუთრებით ახალგაზრდების. შემიძლია გავუგო ადამიანებს და გავიგო მათი შიში. მაგრამ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც აქ პასუხისმგებლები არიან ასეთი შეხვედრების ორგანიზებაზე. ჩვენს ახალგაზრდებზე – ბავშვებზე, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უფროსებს, რომლებმაც უნდა გააკონტროლონ ეს პროცესი, მისი ფორმატი და შინაარსი. სხვათა შორის, პროექტებს არა მხოლოდ ახალგაზრდების მონაწილეობით ვახორციელებთ. გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს საინტერესო და სასარგებლო პროექტებს მცირე ბიზნესის სფეროში, სოფლის მეურნეობის სფეროში. ვიცნობ მათ, ვინც დღეს დაკავებულია ამ პროექტებით. სოფლის მცხოვრებლებს აძლევენ გარკვეული კონკრეტული საქმის დაწყების შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაზრდის საშუალებას საკუთარი მოხმარებისთვის და გასაყიდად. არის პროექტები, როდესაც სოფლის მოსახლეობას ეხმარებიან თესლით, აღჭურვილობის შეძენაში – მინიტრაქტორების და მსგავსის.

მაგრამ ჩვენ ასევე დაინტერესებულები ვართ სხვადასხვა საზღვარგარეთულ ფირმებთან თანამშრომლობით, ინვესტიციების მოზიდვით ქვეყნის ეკონომიკაში. საინვესტიციო საქმიანობის შესახებ ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, სახელმწიფო დაცვასა და მხარდაჭერას ინვესტიციების მოცულობისა და მათი ვადის მიხედვით. ეს ხდება აფხაზეთის საინვესტიციო სააგენტოს საშუალებით, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსთან არის შექმნილი. სამწუხაროდ, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, საგარეო ინვესტიციის პროცესი ჩვენს ეკონომიკაში ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს.

– როგორ შეიძლება შეფასდეს აფხაზეთის დანაკარგები ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო?

– პირველ რიგში, შეზღუდვების გამო მიღებული დანაკარგების შესაფასებლად, საჭიროა ითქვას, რა ზიანი მიაყენა აფხაზეთს საბრძოლო მოქმედებებმა. 1994 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც დათვლის საერთაშორისო სტანდარტებსა და მეთოდიკას იყენებდა. მისი შეფასებით, 1994 წლის ფასებით, ზარალი შეადგენდა 14.3 მილიარდ ამერიკულ დოლარს. წარმოიდგინეთ, რამდენად გაიზარდა ეს რიცხვი დღეს. ყველა სფეროს მიხედვით იყო დათვლილი, რა ზარალი მიადგა აფხაზეთის ეკონომიკას. ეს რიცხვი მოცემულია ოლეგ ბაგრატის ძე შამბას 2004 წელს გამოცემულ წიგნში „აფხაზეთის გარდამავალი ეკონომიკის საფუძვლები“.

სამწუხაროდ, დღეს აფხაზეთში ნაკლებად იხსენებენ ამას. მიმაჩნია, რომ ჩვენს პარლამენტს საქართველოსთან სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა დაეყენებინა აფხაზეთისთვის ომის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხი. ეს საკითხი უნდა დავაყენოთ საქართველოს ხელისუფლების წინაშეც და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშეც.

რაც შეეხება გაშვებულ შესაძლებლობებს, მისი შეფასება რთულია, მაგრამ ომი უარყოფითად აისახა აფხაზეთის ცხოვრების ყველა სფეროზე. მაგრამ საქართველოს მხრიდან დაწესებული ყველა შეზღუდვა, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით, ხელს უშლის აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებას. ჩვენ რომ გვქონდეს კაპიტალის, ტექნოლოგიების, სამუშაო ძალის შეუფერხებელი მოძრაობის შესაძლებლობა, უფრო სწრაფად შევძლებდით აღდგენას. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზიც არსებობს, რომელიც ხელს უშლის აფხაზეთის წარმატებულ განვითარებას, მაგრამ პირველ რიგში, ეს არის დაურეგულირებელი კონფლიქტი.

– რამდენად მნიშვნელოვანია დაბლოკილი კომუნიკაციების გამო სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვის მიყენებული ზარალი?

– აქ, ერთმნიშვნელოვნად, აფხაზეთი თვითონაც ნახულობს ზარალს იმის გამო, რომ დაბლოკილი გვაქვს სატრანსპორტო კომუნიკაციები და სხვა სახელმწიფოებიც ზარალდებიან. საუბარია საქართველოსა და სომხეთზე. ტვირთბრუნვა შეიძლება უფრო შორსაც წასულიყო. და ეს არის საკმაოდ დიდი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის.

ეს საკითხი ჯერ კიდევ 2000-იანი წლების ბოლოს განიხილებოდა. მერე ყველაფერი გაჩერდა. სატრანსპორტო კომუნიკაციის განბლოკვა, თანაც არა მხოლოდ სარკინიგზო კავშირის, არამედ საავიაციო და საზღვაო, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნებოდა აფხაზეთისთვის.

– არსებობს მოსაზრება, რომ დაუშვებელია ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება მის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ან თუნდაც საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებამდე. აახლოებს თუ არა ასეთი პოზიცია რეალურად აფხაზეთის აღიარებას?

– საუბარი საჭიროა, მაგრამ, ამავდროულად, ყველა დონეზე, წინა პლანზე უნდა დადგეს ეროვნული უსაფრთხოების, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების, ჩვენი შვილების მომავლის საკითხები. მიჭირს თქმა, რა არის პირველადი და რა არის მეორეხარისხოვანი. მაგრამ საქართველოს რომ ეღიარებინა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, აფხაზეთის ფართომასშტაბიანი საერთაშორისო აღიარების პროცესი საგრძნობლად დაჩქარდებოდა, მივიღებდით წვდომას საგარეო ბაზრებზე.

პირველი – ეს არის აღიარება, მეორე – გვინდა ეს თუ არა, იმავე ენგურჰესის ერთობლივი ექსპლუატაცია გვაიძულებს კონტაქტი გვქონდეს ქართულ მხარესთან, რითაც ამავდროულად უზრუნველვყოფთ ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

მიმაჩნია, რომ ყველა სფეროში, სადაც ეს შესაძლებელი და სასარგებლოა, კონტაქტები აუცილებელია. მაგრამ უნდა შემუშავდეს ერთობლივი ეროვნული ხედვა, რათა საზოგადოებასა და სახელმწიფოს ერთიანი ხედვა ჰქონდეს შესაძლო საგარეო კავშირებზე, თანაც, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც. ყველა ქვეყანაში საგარეო პოლიტიკა და საგარეო ვაჭრობა სტრატეგიული საკითხებია. ისინი არასოდეს არ არის რომელიმე კერძო პირის ან საჯარო ორგანიზაციის წყალობაზე დამოკიდებული. სახელმწიფომ უნდა მართოს და გააკონტროლოს მთელი პროცესი.

განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვისთანაც არ უნდა ვაწარმოებდეთ მოლაპარაკებებს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები პირველ რიგში უნდა იდგეს.

– შეგვიძლია თუ არა პოლიტიკური პოზიციების დათმობის გარეშე ვიპოვოთ საშუალება ეკონომიკური განვითარების გზების გასახსნელად?

– ჩვენ ვერ დავიკვეხნით, რომ ბევრი მოკავშირე გვყავს, ერთადერთი, ვისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, რუსეთის ფედერაცია და ის ქვეყნებია, რომლებმაც აფხაზეთი აღიარეს. საქართველოსთან კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების გარეშე შესაძლებელია თურქეთთან ეკონომიკური კავშირების დამყარება დიასპორის ჩართულობით და არა მარტო აფხაზური, არამედ ჩერქეზულის. ამ მხრივ დიდ პროგრესს შეიძლება მივაღწიოთ, იმიტომ რომ აფაზეთის ეკონომიკაში ინვესტირების სურვილს გამოთქვამენ არა მხოლოდ თურქეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები, არამედ ჩერქეზულიც.

არის სირიასთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივაც, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ლათინოამერიკული ქვეყნებიც – ნიკარაგუა, ვენესუელა, კუბა და ბოლივია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძალიან შორს არიან აფხაზეთიდან. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრები, მაქსიმ გვინჯია და ვიაჩესლავ ჩირიკბა, არაერთხელ უსვამდნენ ხაზს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიურად უნდა იმუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ვფიქრობ, რომ ჩვენი საგარეო-პოლიტიკური უწყება დაკავებულია ამ საკითხებით, მაგრამ ყველაფერზე საჯაროდ არ საუბრობს საქართველოს მხრიდან წინააღმდეგობის შიშით.

ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი შიში საგარეო კონტაქტებთან დაკავშირებით უკავშირდება იმას, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ე.წ. ყოფილი ლტოლვილები, რომლებიც ცხოვრობენ იმავე რუსეთში და აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, ინტერესდებიან აფხაზეთში ინვესტიციების ჩადებით ან პირდაპირ ან ცრუმაგიერი პირების მეშვეობით. ისინი, ვინც გულგრილი არ არიან ჩვენი ქვეყნის პრობლემების მიმართ, ვისაც ეს გულით აწუხებს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხები აწუხებს, ხაზს უსვამენ ამ საკითხში სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობას.

მაგრამ ჩვენთან ცოტანი არ არიან ისეთები, ვისაც ეშინია იმის, რომ კორუმპირებულ ხელისუფლებას, სხვადასხვა სქემის გამოყენებით, შეუძლია აფხაზეთის მოქალაქეობა მისცეს სხვა ეროვნების ადამიანებს, მათ შორის ქართველებს, რითაც გაუმარტივებს მათ საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის ან დაბრუნების შესაძლებლობას. ჩვენ ყველანი სხვადასხვა სასამართლო პროცესის მოწმეები ვართ.

მიმაჩნია, რომ ხელისუფლება უშუალოდ უნდა იყოს პასუხისმგებელი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მექანიზმები ხელისუფლების საქმიანობის ეფექტიანი კონტროლისთვის.

შეიძლება დავსვათ კითხვა: დააზარალებს თუ არა ჩვენს სახელმწიფოს აფხაზი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი პროექტები, რომლებიც შეთანხმებული იქნება ხელისუფლებასთან? აი, ერთ-ერთ აფხაზ ბიზნესმენთან დაკავშირებულმა ცოტა ხნის წინანდელმა ინციდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ასეთი კონტაქტებისთვის მზად არ არიან. ძალიან ცოტა დრო გავიდა იმისათვის, რომ ომისგან მიყენებული ჭრილობები მოშუშებულიყო. ჩვენთან ადამიანები გაიყვნენ: ისინი, რომლებსაც ბიზნესის განვითარება სურთ, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ გახსნას სარკინიგზო, საავიაციო და საზღვაო კავშირები; საზოგადოების მეორე ნაწილს არანაირად არ შეუძლია მსგავსი რამის დაშვება.

ჩვენ დიდი ადამიანური დანაკარგები განვიცადეთ ომის დროს, ასევე, მის შემდეგაც ცალკეული დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმების შედეგად, რომელიც მხოლოდ 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარებისა და საზღვრების რუსი მესაზღვრეების მიერ კონტროლზე აყვანის შემდეგ შეწყდა.

საქართველომ, რომელმაც ომი გააჩაღა, პირველმა უნდა გადადგას გარკვეული ნაბიჯები: აანაზღაუროს ომისგან მიყენებული ზარალი, გააუქმოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, მოინანიოს აფხაზი ხალხის წინაშე. თბილისის ოფიციალურმა ხელისუფლებამ სწორი დასკვნები უნდა გააკეთოს, თუკი ურთიერთობების დალაგებას გეგმავენ. მაშინ ჩვენი საზოგადოებაც მომწიფდება, შეაფასებს და ის ნეგატივი, რომელიც წლების განმავლობაში გროვდებოდა, შეიძლება ეტაპობრივად უკან წავიდეს.

– რომელი ეკონომიკური, ენერგეტიკული ან სატრანსპორტო პროექტი შეიძლება იყოს გარღვევა აფხაზეთისთვის, თუკი შეზღუდვები მოიხსნება?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზეთში გარღვევა შეიძლება იყოს მხოლოდ ის პროექტები, რომლებსაც განახორციელებენ ეროვნული მეწარმეები, მათ შორის უცხოელ ინვესტორებთან ერთად, როდესაც საქმე ეხება კონკურენტუნარიანი საქონლისა და მომსახურების წარმოებას ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ საფუძველზე. უბრალოდ სასტუმროების აშენებას თანამედროვე აღჭურვილობის გარეშე, აზრი არ აქვს. ასეთი პროექტი არ შეიძლება გარღვევა იყოს. ჩვენთან გარღვევაა, როგორც უკვე აღვნიშნე, ისეთი მსხვილი წარმოებები, როგორიც არის „აფხაზეთის ღვინო და წყლები“, „სოხუმის ლუდსახარში“, კომპანიები „ა-მობაილი“ და „აკვაფონი“, ასევე, საშუალო საწარმოები, რომლებიც სხვადასხვა სახის ტკბილ უალკოჰოლო სასმელებს, მინერალურ წყლებს უშვებენ… კარგი პერსპექტივები აქვთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებლებს, რომელზეც დიდი მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია აფხაზეთიდან ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ასევე თავად მეწარმეების სწორი მარკეტინგული კამპანიის შემთხვევაში, ძალიან მოთხოვნადი იქნება.

სუფთა წყალი – მოთხოვნადი საქონელია. როდესაც ამ საკითხის აქტიური რეკლამირება დაიწყო 2014-2015 წლებში, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა მას. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ომამდე ისრაელური კომპანია აწარმოებდა მოლაპარაკებებს აფხაზეთის ხელისუფლებასთან სუფთა წყლის ისრაელისთვის მიწოდების საკითხზე. დღეს სუფთა წყალი ესაჭიროება არაბულ ქვეყნებს, ყირიმს. ჩვენი წყლის ხარისხი მდინარეებში ბზიფი, კოდორი და გუმისთა, უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ბრენდი და წყლის ექსპორტის შესაძლებლობა სარკინიგზო და საზღვაო გზით. ჩვენი წყალი კონკურენტუნარიანია და მას ღირსეული ადგილის დაკავება შეუძლია მსოფლიო ბაზარზე.

– და რას ფიქრობთ ენერგეტიკულ ან სატრანსპორტო პროექტებზე?

– ენერგეტიკული პროექტები შეიძლება განხორციელდეს. ჩვენთან, მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიული ენერგიის წყაროების პროექტების შემუშავებაზე, მზადდება გათვლები. ჩვენი რესპუბლიკის ენერგეტიკის სფერო ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, ენერგეტიკული მეურნეობა მაქსიმალურად გაცვეთილია. მისი აღდგენა კოლოსალურ სახსრებს მოითხოვს, რომელიც აფხაზეთს უბრალოდ არ აქვს. აფხაზეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ეკოლოგიის ინსტიტუტი დაკავებულია ჰიბრიდული დანადგარების პროექტით, რომლებიც აერთიანებს მზის ელემენტებსა და ქარის გენერატორებს. საკუთარი პროექტები აქვს სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტსაც.

ბევრი ჰიდრორესურსი გვაქვს და მცირე ჰესების აშენებაც შეიძლება ასევე გარღვევა აღმოჩნდეს.

ჩვენ ასევე გვაქვს პროექტი, რომელიც მართლა ხორციელდება. ეს არის სოხუმის ჰესის აღდგენა. მაგრამ ასეთი პროექტების განხორციელება შესაძლებელია აღმოსავლეთ და დასავლეთ აფხაზეთშიც. როგორც იცით, ჩვენთან ბევრი კამათია კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებით. მაინინგი აკრძალულია 2022 წლის 31 მარტამდე, მაგრამ თუკი მცირე ჰიდროსადგურებს ავაშენებთ ცალკეულ რაიონებში, სადაც ახლოს არ ცხოვრობენ ადამიანები, მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შეიძლება გამოყენებული იყოს იმავე მაინინგის მიზნებისთვის. ეს კი არის მოსახლეობის დასაქმება, სარგებლის მიღება და დამატებითი შემოსავლები ხაზინაში. ჩვენთან ამის ორგანიზება დიდი სახსრების დაუხარჯავად შეიძლება. ასეთ პროექტებში საზოგადოებისთვის რისკები ფაქტობრივად არ არის. მასში სახსრების ჩადება შეეძლებათ იმავე ადგილობრივ მცხოვრებლებს. ეს ასევე შეიძლება იყოს ერთობლივი წარმოება საჯარო და კერძო პარტნიორობის სახით.

დღეს, შესაძლებელია მცირე ენერგეტიკაში ინვესტიციების ჩადება საქართველოს მხრიდან შეზღუდვების მოუხსნელად. ის პირები, რომლებიც სახსრებს ჩადებენ ახალ საქმეში, იქნებიან ესენი ადგილობრივი მცხოვრებლები თუ უცხოელები, ყოველთვის რისკავენ ნაწილობრივ, ამიტომ აქ მნიშვნელოვანია გაითვალოს ყველა შესაძლო რისკი.

რუს ინვესტორებს დღეს იმდენად არ ადარდებთ კრიმინალებისგან მათი ინვესტიციების უსაფრთხოება, რამდენადაც ის, შეძლებენ თუ არა რეალური მოგების მიღებას და პროდუქციის ექსპორტს აფხაზეთიდან.

ჩვენ გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საინვესტიციო სააგენტო და პრეზიდენტთან არსებული საბჭო, რომელიც განსაზღვრავს აფხაზეთის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მეც შევდივარ ამ საბჭოში. ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც განვიხილავთ – ეს არის „აფხაზეთის განვითარების კორპორაციის“ შექმნა. ასე რომ, ინვესტორები გამოთქვამენ სურვილს, რომ მათი ინვესტიციების დაცვის სტატუსი პრეზიდენტის ან მთავრობის დონეზე გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის ეკონომიკის რეალური სექტორის მხარდასაჭერად 2016-2019 წლებში წამყვანმა რუსულმა კომერციულმა ბანკებმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხარდაჭერით 1.2 მილიარდი რუბლი გამოყვეს აგრარული ინდუსტრიული კომპლექსისა და ტურისტული ინდუსტრიის დარგში პროექტების შეღავათიანი დაკრედიტებისთვის. დაფინანსდა შვიდი პროექტი, თუმცა, სამწუხაროდ, პროექტების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.

რამდენადაც ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საინვესტიციო სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ინვესტორების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაა, დღეს ერთ-ერთი ვარიანტის სახით განიხილება მისი სტატუსის გაზრდა მთავრობასთან ან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სააგენტოს დონეზე.

– რომ დავუბრუნდეთ სატრანსპორტო პროექტებს, როგორი შეიძლება ყოფილიყო მისი ფორმატი?

– ჩვენმა პარლამენტმა უკვე ისაუბრა აფხაზეთის გავლით მიმოსვლის შესახებ. ის მხარს უჭერს ასეთ პროექტს. ხელი უნდა მოეწეროს შეთანხმებას მიმოსვლის შესახებ. ვფიქრობ, რომ ამ შეთანხმებას შეიძლება ხელი მოეწეროს არა პრეზიდენტების, არამედ აფხაზეთში, სომხეთსა და საქართველოში ამ სფეროს კურატორი მინისტრების დონეზე. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებული მოქმედების მაგალითი.

ამ პროექტს პირდაპირი კავშირი არ აქვს კონფლიქტის დარეგულირებასთან. ის იძლევა საქონლის შეუფერხებლად გადაზიდვის შესაძლებლობას ჩვენი ტერიტორიის გავლით, დანაკარგებისა და რისკების გარეშე.

აფხაზეთი დაინტერესებულია მსოფლიოსთან საზღვაო და საავიაციო კავშირითაც. სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასაც. მაგრამ საქართველო ყველანაირად ხელს უშლის აფხაზეთის მიერ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ICAO-ს კოდის, აეროპორტის ინდექსის მიღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებისთვის.

– საქართველოში ბევრია, ვინც ფიქრობს, რომ მათ არ სჭირდებათ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პროექტი.

– ლაპარაკი იმაზე, რომ ეს არ გვჭირდება – შეცდომაა, იმიტომ რომ, ნებისმიერი ქვეყანა დაინტერესებული უნდა იყოს ტვირთის ნაკადების შეუფერხებელი მოძრაობით. დიდი მნიშვნელობა აქვს მანძილსაც. გარდა ამისა, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნა საშუალებას მისცემს, საქონელი საქართველოს გავლით გადაადგილდეს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ ირანის მიმართულებითაც.

– და რა შეიძლება იყოს რუსეთის ან სხვა რეგიონული მოთამაშეების ინტერესი ამ მხრივ?

– რუსეთისთვის აფხაზეთის გავლით მოძრაობის აღდგენის პროექტი, უდავოდ სასარგებლოა. ეს ამცირებს საქონლის მიწოდების მარშრუტს სომხეთში და კიდევ უფრო შორს, მაგალითად, ირანში. ეკონომიკური დანახარჯები მცირდება.

ჩვენ არ შევხებივართ საქართველოდან აფხაზეთში საქონლის მიწოდების საკითხს, უფრო ზუსტად, კონტრაბანდის საკითხს. 

2012-2013 წლებში კვლევა ჩატარდა აფხაზი, ქართველი და დასავლელი ექსპერტების მონაწილეობით. კვლევამ აჩვენა, რომ აფხაზეთის საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 4% საქართველოზე მოდიოდა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი სახეობისა და სამომხმარებლო საქონლისთვის კი – 25-დან 40%-მდე. და ეს იმ საქონლის გაუთვალისწინებლად, რომელიც გადადიოდა სასაზღვრო მდინარე ენგურზე. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა საქართველოსთან ვაჭრობის აკრძალვის შესახებ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანების მიუხედავად.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ თავის დროზე მდინარე ენგურზე საბაჟო პოსტი იყო და საბაჟო გადასახადი ირიცხებოდა.

სხვათა შორის, როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტი „ენგური“ სრულფასოვანი საბაჟო პუნქტის სახით ფუნქციონირებდეს?

– ამასთან დაკავშირებით უკვე გამოვთქვი ჩემი აზრი. ვიცნობ სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ფაქტობრივად ყველა ხელმძღვანელის მოსაზრებას. მიმაჩნია, რომ საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო პოსტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, საკუთარ ტერიტორიაზე სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გაძლიერებას ნიშნავს. სახელმწიფომ შემოსავალი უნდა მიიღოს საბაჟო გადასახადის სახით შემოტანილ და გატანილ პროდუქციაზე. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თხილეულის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში გადის, იქიდან ჩვენთან შემოდის სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, საკვები პროდუქტები, ავეჯი და ა.შ.

აფხაზეთში საქონლის უკონტროლო შემოტანა გაცილებით მეტ ზიანს აყენებს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ, ისე სასურსათო უსაფრთხოებას. არადა, ჩვენ გვყავს გალის საბაჟო სამმართველო, საკარანტინო ინსპექცია, სხვა სამსახურები, რომლებიც დისლოცირებული არიან ამ რაიონში. სახელმწიფო მათ შენახვაზე საკმაოდ დიდ ფინანსებსა და სხვა სახსრებს ხარჯავს, ბიუჯეტში კი მათი მხრიდან არაფერი შემოდის.

ჩვენს საუბარს რომ დავუბრუნდეთ, მსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ გარემოებაზე. ჩვენთან მოსახლეობის გამოკითხვა ტარდება სხვადასხვა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხზე, აი საქართველოსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მხრივ კი საქმე გაცილებით ცუდად არის.

როგორც უკვე ვამბობდი, ვიღაცამ შეიძლება მხარი დაუჭიროს გარკვეულ ეკონომიკურ პროექტებს საკუთარი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სხვები ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების შეტაკებები რომ არ იყოს, ასევე, საზოგადოებისა და ხელისუფლების, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იმუშაონ ჩვენს მოქალაქეებთან სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით, სხვადასხვა რეგიონში, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტთან, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებთან, რათა შეისწავლონ ხალხის აზრი, ახსნან მათი ზრახვები და ქმედებები.

რა უშლის ხელს მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას ხელისუფლების დაკვეთით (ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს) იმავე საქართველოს მიმართ დამოკიდებულების საკითხზე და შედეგების მთავრობისა და პარლამენტისთვის წარდგენას – აი, ასე ფიქრობს ჩვენი საზოგადოება მთლიანობაში, კონკრეტულად ამა თუ იმ რეგიონში. ასეთი გამოკითხვა უნდა მოიცავდეს გაცილებით დიდი რაოდენობით ადამიანებს, ვიდრე ე.წ. წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით ჩართული 500-1000 ადამიანია.

თვითონ ხელისუფლებას შეუძლია ასეთი რამის ინიცირება და რეალიზაცია. რაც მთავარია, არის სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება – სოფლების, დასახლებების, ქალაქებისა და რაიონების ადმინისტრაციები. არ მინდა ახლანდელი ვითარების საბჭოთა პერიოდთან შედარება, მაგრამ მაშინ მეტი იყო ურთიერთობა, მეტი ადგილობრივი შეხვედრა მაღალჩინოსნებთან, პოლიტიკოსებთან, მეცნიერებთან, მწერლებთან, კულტურის მოღვაწეებთან, ამ დროს უკვე 20 წელზე მეტია, რაც ერთი პარტია თავის მხარდამჭერებს აგროვებს, მეორე – თავისას. საზოგადოებაში განხეთქილებამ სახიფათო მასშტაბებს მიაღწია, თუმცა, სამწუხაროდ, ცოტა რამ კეთდება განხეთქილების დასაძლევად და ქვეყნის განვითარების ძირითადი იდეის, კონცეფციის, სტრატეგიის ირგვლივ ხალხის რეალური გაერთიანებისთვის.

მსგავსი სტატიები

რონდელის ფონდის ბლოგი ხსნის, თუ რამ განაპირობა სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის სასიკეთო ცვლილება.