საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუცია – რა შეიცვალა წინა წლებთან შედარებით?

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

გაეროს რეზოლუცია დევნილთა შესახებ

ავტორი: ნინო მაჭარაშვილი

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის” (“რონდელის ფონდი”) ვებ-გვერდზე. სტატიის ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია უცვლელად. ყველა უფლება ეკუთვნის „რონდელის ფონდს”. გამოქვეყნების თარიღი: ივლისი, 2024 წელი.

2024 წლის 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნიუ-იორკში, 78-ე სესიის ფარგლებში, კიდევ ერთხელ უყარა კენჭი საქართველოსა და მსოფლიოს 63 ქვეყნის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას – „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ რეზოლუციას 2008 წლიდან (2008 წლიდან აფხაზეთთან, 2009 წლიდან კი დამატებით ცხინვალის რეგიონთან მიმართებით) დღემდე ყოველწლიურად უყრიან კენჭს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება გენერალურმა ასამბლეამ წელს ხმების რეკორდული რაოდენობით – 103 ხმით კიდევ ერთხელ დაადასტურა (იხ. სურათი 1).  მართალია, რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი არ შეცვლილა (9 მოწინააღმდეგე), თუმცა (სამით) გაიზარდა მხარდამჭერთა რაოდენობა. პირველად, რეზოლუციის მიღებიდან მე-16 წელს, მას სომხეთმა, არგენტინამ და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ დაუჭირეს მხარი. საქართველოში განსაკუთრებული დადებითი გამოხმაურება სომხეთის პოზიციის ცვლილებას მოჰყვა.

ამ ბლოგში მოკლედ გაგაცნობთ იმ პოლიტიკურ ფაქტორებს, რამაც სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან რეზოლუციისთვის მხარდაჭერა განაპირობა.

სომხეთი

სომხეთის პოზიცია რეზოლუციასთან მიმართებით რამდენჯერმე შეიცვალა.

  • 2019 წლამდე სომხეთი ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას. როგორც სომხეთის სათვისტომო განმარტავდა, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულიყო „არაქართულ ნაბიჯად“ და სომხეთი არასოდეს ყოფილა დევნილებისა და ლტოლვილების სახლში დაბრუნების წინააღმდეგი. სომხეთს უბრალოდ აშფოთებდა რეზოლუციის მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით, გაეროს გენერალური ასამბლეა ითხოვს არა მარტო დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერას, არამედ სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) სივრცეში არსებული კონფლიქტების მიკერძოებული ინტერპრეტაციის შესახებ მხარდაჭერის მიღებასაც. სომხეთს მიაჩნდა, რომ დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის ირიბად მხარს დაუჭერდა არცახის (მთიანი ყარაბაღის) კონფლიქტის აზერბაიჯანულ ინტერპრეტაციასაც და, შესაბამისად, გზას გაუხსნიდა აზერბაიჯანელი დევნილების არცახში (მთიან ყარაბაღში) დაბრუნებას.

გარდა ამ გაცხადებული არგუმენტისა, სომხეთის პოზიციას მნიშვნელოვნად განაპირობებდა ის პრორუსული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელი პირები წლების განმავლობაში ატარებდნენ. რუსეთი, ცხადია, დღემდე რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა შორის რჩება და ამ სიაში მასთან ერთად პრორუსულად განწყობილი სხვა სახელმწიფოებიც (მაგალითად, ბელარუსი) არიან.

  • 2019 წელს სომხეთმა შეცვალა პოლიტიკა და დაიწყო ხმის მიცემისაგან თავის შეკავება, რასაც 2023 წლის ჩათვლით აკეთებდა. პოლიტიკის ცვლილება დროში ემთხვევა სომხეთის პრემიერ-მინისტრად პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსის – ნიკოლ ფაშინიანის არჩევას, რომელმაც სომხეთის ტრადიციული პრორუსული პოლიტიკა, ყარაბაღის კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან და უკრაინის ომთან ერთად, ეტაპობრივად მულტივექტორული პოლიტიკისკენ შეცვალა. მეტიც, დღესდღეობით ერევანი ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილს. ფაშინიანის პოლიტიკამ აჩვენა, რომ წინა შემთხვევებში რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა მე-8 პუნქტზე მეტად რუსეთისათვის თავის მოსაწონებლად იყო.
  • 2024 წელს, როგორც უკვე აღინიშნა, სომხეთმა კიდევ ერთხელ შეცვალა პოზიცია და ამჯერად დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციას პირველად დაუჭირა მხარი. ეს ყველაფერი 2020 წლის ყარაბაღის ომისა და უფრო მეტად კი 2023 წელს აზერბაიჯანის მიერ რეგიონის დარჩენილი ნაწილის დაკავების დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ. სამხედრო ოპერაციების შედეგად, ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა. ახლა კი, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, აზერბაიჯანელი დევნილების სახლში დაბრუნება სექტემბრიდან დაიწყება. შესაბამისად, აღარ არსებობს ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, სომხეთი ეწინააღმდეგებოდა რეზოლუციას. მეტიც, შესაძლოა მას მსგავსი რეზოლუციის ინიციირება თავადაც კი მოუხდეს ეთნიკური სომხების სახლში (მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე) დასაბრუნებლად.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დათბა. 2024 წლის იანვარში ნიკოლ ფაშინიანის თბილისში ოფიციალური ვიზიტისას სახელმწიფოების ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე.

არგენტინა

სომხეთისაგან განსხვავებით, არგენტინა კენჭისყრებში მონაწილეობას მუდმივად იღებდა, თუმცა ხმის მიცემისგან თავს იკავებდა. მანაც, სომხეთის მსგავსად, 2024 წელს პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას. როგორც დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი გაეროში, განმარტავს, არგენტინისგან მხარდაჭერის მიღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ლათინურ ამერიკაში წარმატებული ვიზიტის დამსახურებაა. მართლაც, დარჩიაშვილი არგენტინაში სტუმრობისას რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა. რეგიონში არსებული მწვავე უსაფრთხოების გარემოს გამო არგენტინის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაც კი აღუთქვეს. თუმცა, რეალურად, ბუენოს-აირესის პოზიციის საქართველოს სასარგებლოდ ცვლილება დარჩიაშვილის ვიზიტს კი არა, არგენტინაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება.

2023 წლის ნოემბერში არგენტინის პრეზიდენტი რადიკალი მემარჯვენე პროფესორი ხავიერ მილეი გახდა. ის ჯერ კიდევ პოლიტიკური კამპანიის დროს აშკარად გამოირჩეოდა „კომუნისტური რეჟიმების“, მათ შორის ჩინეთისა და რუსეთის ფედერაციის კრიტიკით. მილეის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ არგენტინის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი დასავლეთისკენ მიმართა. მილეიმ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და პრეზიდენტად არჩევიდან მალევე უარი განაცხადა არგენტინის ბრიკსში გაწევრიანებაზე (რაც თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო). რეზოლუციის მხარდაჭერაც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეიძლება აღვიქვათ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა წინა წლებში ან საერთოდ არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, ან თავს იკავებდა ხმის მიცემისგან. წელს მან პოლიტიკა შეცვალა და მხარი დაუჭირა დევნილების დაბრუნების შესახებ რეზოლუციას.

არგენტინისგან განსხვავებით, ბაქრაძეს არაფერი უთქვამს სამხრეთ აფრიკის პოზიციების ცვლილებაზე და მართლაც, არ არსებობს რაიმე ისეთი გამოკვეთილი, მყარი არგუმენტი, რითაც შესაძლოა პრეტორიის მხარდაჭერა აიხსნას.

საგარეო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო აფრიკის ქვეყნებთანაც თანამშრომლობს, 2022 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დაახლოებისთვის, კერძოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. მან ერთ-ერთ წამყვან ანალიტიკურ ცენტრში შავი ზღვის უსაფრთხოებაზე მოხსენებაც კი წაიკითხა. მეტიც, ამავე წლის ოქტომბერში საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდიც კი გაიმართა. თუმცა, რთულია იმის თქმა, რომ ორი წლის თავზე – 2024 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან რეზოლუციისათვის მხარდაჭერა 2022 წლის მოვლენებმა განაპირობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამხრეთ აფრიკა ბრიკსის წევრი და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოა.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოფიციალური პირები უკრაინაში რუსეთის შეჭრას ისე არ უყურებდნენ, როგორც მისი დასავლელი კოლეგები. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ კოალიციაში გაწევრიანებაზე და თავი შეიკავა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ყველა რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რომელიც გმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში. უფრო მეტიც, 2023 წლის მაისში აშშ-ის ელჩმა რუბენ ბრიგეტმა პრეტორია მოსკოვისათვის იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა, რამაც აშშ-სამხრეთ აფრიკის ურთიერთობებს გრძელვადიანი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება გამოძიების შედეგად ვერ დამტკიცდა, უკრაინის ომის გამო ამ ორ სახელმწიფოს შორის განხეთქილება ისევ რჩება.

სწორედ ამ მოვლენების შემდეგ სამხრეთ აფრიკამ სცადა შეეცვალა წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ის რუსეთს უჭერდა მხარს და 2023 წლის ივლისში უხელმძღვანელა შვიდი აფრიკული სახელმწიფოს სამშვიდობო დელეგაციას უკრაინასა და რუსეთში. დელეგაცია წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სირილ რამაფოსას განცხადებით, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ნებისმიერმა ომის შემდგომმა დასახლებამ უნდა დაიცვას ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, ცხადი გახდა, რომ პრეტორიამ პოზიციები გარკვეულწილად შეცვალა.

აქედან გამომდინარე, რეზოლუციისათვის მხარდაჭერა შესაძლოა იყოს სამხრეთ აფრიკის მცდელობა, აჩვენოს დასავლელ ლიდერებს, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სულაც არ არის პრორუსულად განწყობილი და აღადგინოს მათთან ის ურთიერთობები, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჰქონდა.

*  *  *

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დევნილებისა და ლტოლვილების დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა მხოლოდ მისასალმებელია, თუმცა, როგორც ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან ჩანს სომხეთის, არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პოზიციის ცვლილება უფრო მეტად მათი პოლიტიკური კურსის, კონკრეტულად კი, რუსეთთან მათი ურთიერთობის ცვლილებამ (სომხეთი, არგენტინა) ან ცვლილების ილუზიის შექმნამ (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) განაპირობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გამოხმაურება მხოლოდ რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდას არ გამოუწვევია. საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა ჩინეთის პოზიციას, რომელმაც ამჯერადაც თავი შეიკავა რეზოლუციისათვის ხმის მიცემისგან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ჩინეთს ადრინდელი პოზიციის შენარჩუნებისათვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში „თავშეკავება მხარდაჭერის ტოლფასია“. ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთის ამ ქმედებამ კიდევ უფრო მეტად გაამყარა ეჭვი, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებამ გააჩინა და რომლის მიხედვითაც, ჩინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.

გაეროს რეზოლუცია დევნილთა შესახებ

მსგავსი სტატიები

მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.