“საქართველო აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, კრემლი მათთვის კონფედერაციას შექმნის” – მოსაზრება აფხაზეთიდან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აღიარებს თუ არა საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას?

როგორც ჩანს, მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნას აპირებს, ოღონდ სანამ ამას გააკეთებენ, მათ ჯერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოუწევთ. მთელ პროექტს, სავარაუდოდ, ზედამხედველობას გაუწევს კრემლი, რომელიც შემდეგ ან მოიპოვებს კონტროლს ამ ახალ ტერიტორიულ ერთეულზე, ან გააერთიანებს მას რუსეთისა და ბელარუსის მიერ შექმნილ საკავშირო სახელმწიფოში.

მთელი ეს პერსპექტივა გაზეთ “ჩეგემსკაია პრავდას“ მთავარი რედაქტორის, ინალ ხაშიგის აზრით, ლოგიკურად არის აგებული რეალური პოლიტიკური პროგრამიდან, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს წარადგინა.

კერძოდ, ამ განცხადებაში ნათქვამია: “თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღდგება, საჭირო იქნება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფო სტრუქტურა ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს“.

განცხადებაში სწორედ ეს მიზანია დასახელებული, როგორც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ცდილობს.

სხვა მიზნები მოიცავს:

• გამოაცხადონ ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობა“ (დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი) “და მისი ყველა სატელიტი პარტია და მემკვიდრე“ კონსტიტუციის მიღმა.

• მიიღონ კანონი ოჯახური ფასეულობების გასაძლიერებლად, რომლის პროექტი მკაცრად გააკრიტიკეს ადგილობრივმა და დასავლელმა უფლებადამცველებმა ლგბტ თემის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევის გამო.

ძველი ფორმულირება, ახალი შინაარსი

“ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე “ტერიტორიული მთლიანობა“ ვერ აღდგება.

ეს საკმაოდ უცნაური განცხადებაა, რადგან საქართველოს მოქმედი ძირითადი კანონი ითვალისწინებს აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს. ანუ არსებული საკანონმდებლო ბაზა სრულად შეესაბამება “ტერიტორიული მთლიანობის“ პრინციპს.

ასე რომ, ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობთ, და ეს სხვა რამეა – კონფედერაცია, რომლის შექმნაც შეუძლებელია ურთიერთაღიარების გარეშე: თავიდან საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონფედერაციის პროექტის განხორციელება. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

თუმცა, სიტყვა “კონფედერაცია“ იშვიათად ისმის “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების საარჩევნო გამოსვლებში იმიტომ, რომ მისი გაშიფვრისას ირკვევა, რომ ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარეშე შეუძლებელია, ქართველ ხალხს კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოეწონოს ეს ტერმინი. ამიტომ ისინი იყენებენ “ძველ კარგ“ ტერმინს – “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“. მაგრამ ამ ნაცნობი ფორმულირების უკან სრულიად განსხვავებული შინაარსი იმალება.

ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ “ოცნების“ ეს დაპირებები უბრალოდ ბლეფია, რადგან არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პარტიის რეიტინგი მკვეთრად დაეცა და ახლა ერთადერთი კოზირი, რაც მათ დარჩათ არის ამომრჩევლის დარწმუნება, რომ აფხაზეთის დაბრუნება ახლოსაა, და ეს მხოლოდ “ქართული ოცნების” პირობებშია შესაძლებელი.

მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს მართლა ბლეფია. იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავპირდეთ ქართველებს აფხაზეთის დაბრუნებას, არ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების დაჟინებით მოთხოვნა.

უფრო მეტიც: თუ გავითვალისწინებთ თბილისის ამჟამინდელ შემობრუნებას მოსკოვისკენ, ამომრჩეველმა შეიძლება დაიჯეროს კიდეც ამ დაპირებების.

და თუ ეს ბლეფი არ არის და რეალურ გეგმაზეა საუბარი, მაშინ თბილისსა და მოსკოვს, და შესაძლოა, სოხუმს შორისაც, არის რაღაც კულისებს მიღმა საუბრები.

ანუ ის, რაზეც გაზაფხულზე დავწერე: იკვეთება ძალიან რეალური კონტურები.

კრემლის დაპირება

კერძოდ, “ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი მოტივი რისკზე წავიდნენ და საგარეო ორიენტაციის ვექტორი ევროპულიდან, ასე ვთქვათ, “პრორუსულზე“ გადაიყვანონ. ასეთი მოტივი, ჩემი აზრით, შეიძლება იყოს მხოლოდ მოსკოვის დაპირება, რომ ხელს შეუწყობს “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“ კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის გზით.

დარწმუნებული ვარ, რომ სათანადოდ წარდგენის შემთხვევაში, მსგავს მოდელს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ხალისით მიიღებს.

ხოლო კრემლისთვის, რომელიც თავის ირგვლივ ერთგვარ უსაფრთხოების ზონას აშენებს, ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველო ბოლომდე მიიბას და ის ნეიტრალურ ტერიტორიად აქციოს, საიდანაც რუსეთს არანაირი საფრთხე არ დაემუქრება.

და, მაქსიმუმ, მომავალში, ეს კონფედერაცია ჩაერთვება რაიმე სახის საკავშირო ასოციაციაში.

მსგავსი სტატიები

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობისთვის აფხაზეთში სკანდალია რუსული
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან საზღვაო ბაზას შეუძლია უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც ექვემდებარება უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.