“რუსეთთან ასეთი შეთანხმება არღვევს აფხაზი მეწარმეების უფლებებს” – ეკონომისტის მოსაზრება

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმება

25 სექტემბერს აფხაზეთის პარლამენტი სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ რუსეთ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავს.

აფხაზი ეკონომისტი ახრა არისტავა მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება არ არის დაბალანსებული და არ ასახავს აფხაზური მხარის ინტერესებს.

“სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაცია, აფხაზეთის რუსული რუბლის ემისიის ზონაში შეყვანის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, პირდაპირ ლახავს აფხაზეთის საბანკო საზოგადოების ინტერესებს, და ასევე – ადგილობრივი მეწარმეების ინტერესებს, რომლებსაც არ ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები და უფლებები რუსულ ბანკებთან და მეწარმეებთან რუსულ რუბლზე წვდომის კუთხით, რაც შექმნის არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობებს.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ რუსული ბანკების 90%-ზე მეტი უარს ამბობს აფხაზი მეწარმეებისთვის სესხის გაცემაზე. სავსებით აშკარაა, რომ გამარჯვებულები იქნებიან რუსი მეწარმეები, რომლებზეც ბანკები ბევრად უფრო მეტ სესხს გასცემენ.

ასეთ ვითარებაში აფხაზურმა მხარემ, ადგილობრივი საბანკო საზოგადოების და ბიზნესის დასაცავად, დაჟინებით უნდა მოითხოვოს აფხაზეთის ეკონომიკის რუსული რუბლით გაჯერება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული რუბლის ერთობლივი გამოყენების შესახებ შეთანხმების შესაბამისად. ეს უნდა მოხდეს 2009 წელს ხელშეკრულების გაფორმების დროს განხორციელებული სქემის მიხედვით, როდესაც აფხაზეთის საბანკო სისტემას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის 10 წლით 2%-იანი სესხი გადაეცა.

რა თქმა უნდა, ჩვენი რესპუბლიკის ინტერესების დაცვა ადვილი საქმე არ არის. მაგრამ აუცილებელია. უფრო მეტიც, ეს სესხი აფხაზურმა მხარემ 2019 წელს დროულად დაფარა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზეთი კეთილსინდისიერი და სანდო პარტნიორია.

ამჟამად აფხაზეთში საკრედიტო რესურსების დეფიციტი აღემატება 20 მილიარდ რუბლს [215 მილიონ დოლარზე მეტი] და სწორედ ორმხრივი ინტერესების დასაბალანსებლად, აუცილებელია ჩვენი საბანკო სისტემის ათი წლით დაბალპროცენტიანი სესხით უზრუნველყოფის საკითხი. განაკვეთი, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას როგორც რუსეთის და რუსეთის მოქალაქეებისთვის, ასევე აფხაზი მეწარმეებისთვის.

და მხოლოდ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ შეგვიძლია გავაგრძელოთ „სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება.

მტკიცება, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ ბრძოლას, კრიტიკას ვერ უძლებს. იმიტომ, რომ აფხაზი მეწარმეები, რომლებმაც რუსული ბანკებიდან სესხი აიღეს, მუშაობენ ლეგალურად, კანონიერად და გამჭვირვალედ – წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხს საერთოდ ვეღარ მიიღებდნენ.

არც ერთ შეთანხმებას არ ძალუძს ებრძოლოს ჩრდილოვან ეკონომიკას, რომლის წილმა აფხაზეთის ეკონომიკაში, ბოლო წლებში, რეფორმების არარსებობის გამო, 60%-ს გადააჭარბა.

როგორც ვიცი, პარლამენტის წევრები სწორედ იმ კანონპროექტებს განიხილავენ, რომლებიც ეკონომიკის ჩრდილიდან გამოყვანას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მიღებულ იქნა კანონი “ვალუტის კონტროლისა და ვალუტის რეგულირების შესახებ“; შემდეგი არის კანონი „ბრუნვის გადასახადის შესახებ“ და რიგი სხვა კანონპროექტები.

ახლა მთავარია მივიღოთ ისეთი კანონები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის და ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. ხოლო შეთანხმება “სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ“ უნდა გადაიდოს მანამ, სანამ არ გადაწყდება აფხაზეთის ეკონომიკის რუსული რუბლით უზრუნველყოფის ზემოაღნიშნული საკითხი.

მსგავსი სტატიები

მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.