აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნაზე საუბარი არ მიდის | ინტერვიუ სერგეი შამბასთან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ინტერვიუ სერგეი შამბასთან

აფხაზეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ პირველი ინტერვიუ რუსულ საინფორმაციო გამოცემას “რია ნოვოსტის” მისცა. ჩვენ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

სერგეი მირონოვიჩ, რა არის აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანა დღეს? რა ადგილი უჭირავს აქ რუსეთთან თანამშრომლობას?

საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე დგას ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, მუშაობა რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოებაზე, ურთიერთობების განვითარება ქვეყნებთან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ახალი დიპლომატიური კონტაქტების დამყარება, საგარეო პოლიტიკის გამოწვევებსა და საფრთხეებზე რეაგირება. ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებს დღეს სერიოზული რყევები ახასიათებს და ამას თანმიმდევრულად და მოზომილად უნდა ვუპასუხოთ.

რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, ჩვენს ქვეყნებს ურთიერთობის დიდი ისტორია აქვთ. დღეს რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა. ჩვენ გვაქვს სერიოზული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მოიცავს ფუნდამენტურ დოკუმენტებს: 2008 წლის 17 სექტემბრის “მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება” აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის და “ხელშეკრულება აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ”, 2014 წლის 24 ნოემბრით დათარიღებული.

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში, საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს შორის, აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთსასარგებლო მოკავშირეობრივი ურთიერთობების განმტკიცება და განვითარება პირველ ადგილზეა წარმოდგენილი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს ამ რთულ პერიოდში. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთმა მხარი დაუჭირა თავისი სტრატეგიული მოკავშირის გადაწყვეტილებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების საკითხზე, ჩვენ ვაღიარეთ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, შემდეგ კი მათ მიღება რუსეთის ფარგლებში, ისევე როგორც ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონების. ჩვენი მოქალაქეები რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მხარდამხარ იბრძვიან.

სამწუხაროდ, ჩვენს მოხალისეებს შორის არის გარდაცვლილები. ასევე, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის ახალ რეგიონებს. ჩვენ, ჩვენი მოკავშირის მსგავსად, მხარს ვუჭერთ მრავალპოლარული, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებული იქნება სუვერენულ თანასწორობასა და მცირე ხალხებისა და ერების უფლებების პატივისცემაზე. ზოგადად, რუსეთი განსაკუთრებული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში.

როგორ აფასებთ რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობას ყველა დასახული ამოცანის, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით? როდის გაიხსნება რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში?

ჩვენ მრავალმხრივი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ავაგეთ. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება უსაფრთხოებაა. თქვენ იცით, რომ რესპუბლიკაში მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის სასაზღვრო ჯარი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აფხაზეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ვალდებულების დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს.

ზოგადად, როგორც ზემოთ ვთქვი, საერთაშორისო ურთიერთობებს სერიოზული ტურბულენტურობა ახასიათებს და ამის გათვალისწინებით, აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, აქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე არ არის საუბარი.

რა პერსპექტივები აქვს ჟენევის დისკუსიებს ამიერკავკასიის მიმართულებით, აპირებთ თუ არა აფხაზური დელეგაციის მხრიდან რაიმე კორექტირების შეტანას? მანამდე საუბარი იყო მოლაპარაკებების სხვა ქალაქში გადატანაზე. უკვე ცნობილია, სად? როდის და სად გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი?

ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დღეს ეს ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც აფხაზეთის რესპუბლიკას თავისი პოზიციების დაცვის შესაძლებლობა აქვს, ისევე როგორც, ეს ერთადერთი საკომუნიკაციო არხია საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის. სამუშაოები ორ ჯგუფად მიმდინარეობს: უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებები. ამ დროისთვის 61 ტური გაიმართა.

აფხაზური მხარის მთავარი მოთხოვნა ჟენევაში აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაა, რაზეც საქართველო უარს ამბობს. ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდი 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. რაც შეეხება მოლაპარაკებების შესაძლო ახალ ადგილს, ამაზე საუბარი ნაადრევია.

რაც შეეხება საქართველოს, შეიცვლება თუ არა რამე თბილისთან დიალოგის პროცესში? მრავალი წელია პირდაპირი კონტაქტები არ ყოფილა, მაგრამ იყო განზრახვა განახლებულიყო გალის შეხვედრები (ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი – IPRM). არის ამის საჭიროება?

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. საქართველომ უნდა აღიაროს არსებული რეალობა: აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მათ უნდა გააუქმონ კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.

ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ ტერმინის გამოყენებას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის შესაძლო განახლებას ქალაქ გალში, შემიძლია ვთქვა, რომ ის 2018 წლიდან უმოქმედო ქართველი მონაწილეების არაკონსტრუქციული პოზიციის გამოა.

8 აგვისტოს საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის მორიგი წლისთავია. რა პერსპექტივები აქვს საქართველოსთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას? შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, შეიძლება თუ არა თბილისის მიდგომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ შეიცვალოს არჩევნების შემდეგ?

მე უკვე გითხარით საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივების შესახებ. საქართველოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად დესტრუქციულია.

რაც შეეხება საქართველოს არჩევნებს, ვხედავთ, როგორ გამოიყენება აფხაზეთის თემა ჩვენი მეზობლების შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით იმას, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოსადმი მიმართვებს და მის რეაქციას „მეორე ფრონტის“ გახსნის მოწოდებებზე. ჩვენ არასოდეს ვკარგავთ ყურადღებას. ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

როგორ დალაგდება ურთიერთობები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აფხაზეთში? თქვენმა წინამორბედმა მათთან ძალიან მკაცრი დიალოგი გამართა. არსებობს თუ არა თანამშრომლობის დალაგების გეგმა?

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა შემდეგი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა, ყურადღებით დააკვირდება მათ მიერ გამოგზავნილ პროექტებს. არასამთავრობო ორგანიზაციები და “გაეროს” სააგენტოები არ შეიძლება ჩაერთონ ისეთ საქმიანობაში, რომელსაც რაიმე სახის პოლიტიკური ელფერი დაკრავს ან ჩვენს შიდა საქმეებში ერევა.

გვახსოვს, რამხელა დახმარება გაგვიწიეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ომის შემდგომ პერიოდში, როცა აფხაზეთი ბლოკადაში იყო. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ არის სასარგებლო ჰუმანიტარული პროექტები და ამ ორგანიზაციებში ჩვენი მოქალაქეები მუშაობენ. შესაბამისად, შერჩევითად ვიმუშავებთ.

ინტერვიუ სერგეი შამბასთან

მსგავსი სტატიები

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობისთვის აფხაზეთში სკანდალია რუსული
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზა რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება, რადგან საზღვაო ბაზას შეუძლია უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც ექვემდებარება უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.